,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 01/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014794
  • Word
125
30/06/2010
სსმ, 77, 01/07/2010
170040000.22.027.014794
,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.014.794

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №125

2010 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2010წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სანოტარო ბიუროს უნდა ჰქონდეს ფირნიში (აბრა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოს გამოსახულებით. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული, კაპიტალური და მისი ფართობი შეადგენდეს არანაკლებ 25 მ2-ს. სანოტარო ბიურო უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა ჯეროვან მომსახურებას, სანოტარო დოკუმენტების შენახვას და დაცვას, სანოტარო მოქმედებათა საიდუმლოების დაცვას, ნოტარიუსის სამუშაო ადგილის გამოყოფას მოქალაქეთა მისაღებისაგან. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიურო აღჭურვოს სანოტარო მოქმედებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, სატელეფონო და ინტერნეტკავშირი, ვებკამერა, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა ტექნიკური საშაუალებები).“.

2. 21-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც (გარდა ამ ინსტრუქციის 59-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე. დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა;

ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა, ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი, ამ შემთხვევაში თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.“.

3. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისას ნოტარიუსის მიერ შესრულებულ სანოტარო მოქმედებას უნდა დაერთოს დოკუმენტის (სანოტარო აქტის) დედნის ელექტრონული ასლი (დასკანერებული რედაქცია). ამ წესით უნდა შესრულდეს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);

ბ) საქორწინო ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

გ) რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

დ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

ე) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ვ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ზ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება);

თ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ი) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

კ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ლ) სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

მ) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ნ) სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადების დამოწმება (ცვლილება/გაუქმება);

ო) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

პ) სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ჟ) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს, ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისთვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

რ) სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ს) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ტ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

უ) სამკვიდროს მმართველის დანიშვნა (ცვლილება/გაუქმება);

ფ) დავალების ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება).“.

4. 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ბინა აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში – საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლეობის შესახებ.“.

5. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. დასაშვებია დოკუმენტის დედანთან ასლის შესაბამისობის დამოწმება იმ შემთხვევაშიც, თუ დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან და იგი არ არის აკინძული, ან ყველა გვერდი არ არის დანომრილი და ხელმოწერილი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ფორმულარში მიუთითოს ეს გარემოებები.“.

6. 78-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არ დაიშვება ერთი და იმავე მამკვიდრებლის სამემკვიდრეო საქმის წარმოება რამდენიმე სანოტარო ბიუროში, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ იმავე მამკვიდრებლის სამკვიდროსთან დაკავშირებული განცხადებები წარდგენილია სხვადასხვა ნოტარიუსთან, სამემკვიდრეო საქმისწარმოება უნდა გაერთიანდეს და უნდა გადაეცეს იმ ნოტარიუსს, რომელმაც ყველაზე ადრე მიიღო განცხადება. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიღებული განცხადების და სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მასთან წარდგენილი სხვა დოკუმენტების ელექტრონული ასლების გადაგზავნა იმ ნოტარიუსთან, რომელიც უფლებამოსილია აწარმოოს სამკვიდრო საქმე.“.

7. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსს, რომელთანაც დაწყებულია სამემკვიდრეო საქმის წარმოება, შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, სამემკვიდრეო საქმის წარმოების გაგრძელების უფლება აქვს ნებისმიერ ნოტარიუსს, ვისაც მიმართავს დაინტერესებული პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მანამდე წარმოებულ სამემკვიდრეო საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ადეიშვილი