დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 649 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 28/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.08.002.004 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №649
2007 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის № 424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის № 424 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., № 95, მუხ. 1261) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“;
ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.“;
გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. სასაზღვრო პოლიციაში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურებიდან, ან სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის, სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას (დანიშვნისას) ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მოთხოვნებით.“;
დ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასაზღვრო პოლიციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დრო.“;
ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ატესტაცია, კონკურსი
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. სასაზღვრო პოლიციაში გარკვეული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი.
3. ატესტაციის და კონკურსის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ვ) მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;
ზ) მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამხედრო წოდების მქონე პირებს, ასევე „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარი სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სპეციალური წოდება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
თ) მე-13 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდების განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნისას, კაპრალებისა და სერჟანტების სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მიენიჭება „სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება. მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.“;
ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სამსახურის ვადა ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად
ოფიცერთა შემადგენლობისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტიდან – ლეიტენანტამდე – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტიდან – უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
დ) კაპიტნიდან (კაპიტან ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) – პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკისათვის (პირველი რანგის კაპიტნისათვის) სამსახურის ვადა დაწესებული არ არის.“;
კ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოხელე ჩამოაშოროს სამსახურს დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ხელფასი დანამატებთან ერთად.“;
ლ) 21-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„5. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.“;
მ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით.“;
ნ) 29-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.“;
ო) 30-ე მუხლის სათაური და 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი
1. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მოსამსახურეთათვის დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა:
„ა) სასაზღვრო პოლიციის კაპრალი (საზღვაო კაპრალი) – მასტერ სერჟანტი (მასტერ მიჩმანი) – 50 წელი;
ბ) სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი – სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი – 50 წელი;
გ) სასაზღვრო პოლიციის მაიორი – სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი – 55 წელი.“;
პ) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი სპეციალური წოდების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს აქვს დადებითი სამედიცინო დასკვნა, მისივე თანხმობით და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ნებართვით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზემოთ 5 წლამდე.“;
ჟ) 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ასაკის გამო – ამ წესის 30-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები