თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 31/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 31/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
363
31/05/2010
სსმ, 61, 31/05/2010
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №363

2010 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების თანდართული წესი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

ეს წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების გამოყენებისა და დაცვის წესს.

    მუხლი 2

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა.

2. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.

    მუხლი 3 

ქალაქ თბილისის სიმბოლოების დადგენისა და მათი გამოყენების წესი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი II. თვითმმართველი ერთეულის გერბის გამოყენების სფერო და წესი

    მუხლი 4

1. თვითმმართველი ერთეულის გერბი თავსდება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს), თანაბარ სიმაღლეზე:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ფასადებზე;

ბ) დარბაზებში, სადაც ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხდომები;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებზე, აგრეთვე სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით თვითმმართველი ერთეულის გერბი შესაძლებელია განთავსდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში.

3. თვითმმართველი ერთეულის გერბი გამოისახება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბლანკებზე და შტამპებზე.

    მუხლი 5

1. მცირე სახელმწიფო გერბისა და თვითმმართველი ერთეულის გერბის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის გერბი ზომით აღემატებოდეს მცირე სახელმწიფო გერბს ან/და განთავსდეს მასზე მაღლა.

2. მცირე სახელმწიფო გერბისა და თვითმმართველი ერთეულის გერბის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის გერბი ყოველთვის განთავსდება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (მარჯვენა მხარეს დამკვირვებლის პოზიციიდან).

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გამოცემულ ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბის მარცხნივ (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს, ზედა კუთხეში); საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის ცენტრში გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

4. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახვა ერთ ფირნიშზე შესაბამისი დაწესებულების დასახელებასთან ერთად.

5. დაუშვებელია დაზიანებული გერბის გამოყენება.

    მუხლი 6

1. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის გერბი ზუსტად იმეორებდეს სახელმწიფო გერბს ან სახელმწიფო გერბი იყოს მისი საფუძველი.

2. თვითმმართველი ერთეულის გერბი, მისი ზომების მიუხედავად, ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გერბის ორიგინალს.

თავი III. თვითმმართველი ერთეულის დროშის გამოყენების სფერო და წესი

    მუხლი 7

თვითმმართველი ერთეულის დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართება:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (მერია/გამგეობა) ორგანოების შენობების თავზე - მუდმივად; შენობებზე, სადაც ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხდომები – სხდომის მიმდინარეობის პერიოდში;

 ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (მერია/გამგეობა) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების თავზე;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საზეიმო ღონისძიებების დროს.

    მუხლი 8

1. ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებზე თვითმმართველი ერთეულის დროშა ყოველთვის აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშის მარცხენა მხარეს (დამკვირვებლის პოზიციიდან მარჯვენა მხარეს).

2. საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს თვითმმართველი ერთეულის დროშაზე დიდი ზომისა და უნდა აღიმართოს უფრო მაღლა.

    მუხლი 9

1. თვითმმართველი ერთეულის დროშა და მისი გამოსახულება, ზომის მიუხედავად, ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ორიგინალს.

2. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის დაზიანებული, გაუფერულებული და სხვაგვარად შელახული დროშის გამოყენება.

თავი IV. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების შენახვა და დაცვა

    მუხლი 10

თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის ორიგინალი ინახება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას.

    მუხლი 11

თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დაცვას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები.