დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 14/05/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 21/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.014636 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.014.636
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №2
2010 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილებით დამტკიცებულ ,,კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესში (სსმ III, 09.11.2009, №138, მუხლი 1594) შევიდეს შემდეგი რედაქციის ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე – ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა“;
ბ) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული სიხშირით;“;
გ) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძო ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატვრული ფილმები, მისი თვის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატვრული ფილმების არანაკლებ 30%-ის ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არა უმეტეს 5 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატვრული ფილმი მაინც;“;
ე) მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც მაუწყებლობს ,,ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებით განსაზღვრულ ყველა სამაუწყებლო ზონაში, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად თვის სამაუწყებლო ბადეში მხატვრული ფილმების ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული პროცენტული გაანგარიშებით განთავსება უზრუნველყონ 2010 წლის 1 ივლისიდან, ხოლო ყველა სხვა მაუწყებელმა – 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები