საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 31/03/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.014436
  • Word
259
31/03/2010
სსმ, 33, 31/03/2010
040030000.22.033.014436
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.014.436

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №259

2010 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი არეგულირებს ცალკეულ შემთხვევებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) თანამშრომელთა მიერ სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს.

2. ეს წესი შემუშავებულია შემოსვლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობას.

    მუხლი 2. სპეციალურ საშუალებათა სახეები

1. სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოიყენება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები, გარდა ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “გ“, “დ“, “ვ“ და “ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა.

2. სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:

ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება;

ბ) რეზინის ხელკეტი;

გ) სპეციალური საღებავი;

დ) სასამსახურო ძაღლი და ცხენები;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება;

ვ) ელექტროშოკური მოწყობილობა.

    მუხლი 3. სპეციალურ საშუალებათა შენახვა და ტარება

1. სამსახურის თანამშრომლებისათვის სპეციალური საშუალებების აუცილებლობას განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

2. სპეციალური საშუალებების შენახვას უზრუნველყოფს სამსახური, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საშუალება განპირობებულია სამსახურის კონკრეტულ თანამშრომელზე, მაშინ აღნიშნული საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

3. შესაბამისი სპეციალური საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, აღნიშნული საშუალებების ტარებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს/სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი.

    მუხლი 4. სპეციალური საშუალებების გამოყენება

1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამსახურის თანამშრომელს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) უფლება აქვს, სპეციალური საშუალებები გამოიყენოს აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ სხვა საშუალებები არაეფექტური იქნება მიზნის მისაღწევად.

2. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს მას საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და უფლებამოსილი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.

3. სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშების მქონე პირთა მიმართ აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უფლებამოსილ პირებს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და უფლებამოსილ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.

    მუხლი 5. სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგები

სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკუროროს, აგრეთვე აღნიშნული პირის ოჯახის წევრს (თუ ეს შესაძლებელია).