დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040230000.22.027.014411 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.22.027.014.411
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №73
2010 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანადართული „დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები”.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა _ საქართველოს ეროვნულმა არქივმა (თ. იაშვილი) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა (ნ. ბერუაშვილი) ორგანიზება გაუწიონ ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვა-ლისწინებული წესისა და კრიტერიუმების დანერგვას.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები
1. კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციას ახდენს საქართველოს ეროვნული არქივის მუდმივმოქმედი სააკრედიტაციო კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. აკრედიტაციის მისაღებად კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს ეროვნული არქივის სააკრედიტაციო კომისიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობა;
გ) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის პერსონალზე/ფიზიკურ პირზე გაცემული სერტიფიკატი და მათი მფლობელების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები;
დ) სერტიფიცირებული პერსონალის/ფიზიკური პირის დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ვ) აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ზ) თავისი საბანკო რეკვიზიტები და იურიდიული მისამართი.
3. აკრედიტაციის მისაღებად კერძო სამართლის იურიდიულ პირს დასაქმებული უნდა ჰყავდეს ერთი ფიზიკური პირი მაინც, რომელსაც აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
4. აკრედიტაციის მაძიებელი კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირებისათვის დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების სწავლებას, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას და შესაბამის სერტიფიცირებას, საქართველოს ეროვნულ არქივთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი.
5. ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან შეთანხმებით, სასწავლო კურსის გავლის გარეშე, დაიშვება სასერტიფიკატო გამოცდაზე.
6. აკრედიტაციის საფასური შეადგენს 1000 ლარს, რომელიც არის ერთჯერადი გადასახდელი. აკრედიტაციის საფასური კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა უნდა გადაიხადოს საქართველოს ეროვნული არქივის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. აკრედიტებულ პირს უფლება აქვს მოახდინოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური გაერთიანებების და იურიდიული პირების, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
8. დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისას აკრედიტებულმა პირმა უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით, რომლის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ არქივს უფლება აქვს გამოვლენილი დარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით შეუჩეროს ან ჩამოართვას აკრედიტაცია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები