დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 160 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/08/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 01/09/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.544 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №160
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს კანონის თანახმად „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა არ გაიცემა, მაგრამ საპროექტო დოკუმენტაციისათვის ძალაშია I, II და III სტადიებით დადგენილი მოთხოვნები.“;
ბ) დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებია:
ა) მაგისტრალური ნავთობსადენი და გაზსადენი;
ბ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზების ჯამური მოცულობა აღემატება 1000 კუბ.მ-ს;
გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, რკინიგზა და მათზე განთავსებული ხიდი, გზაგამტარი, გვირაბი, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზისა და მათი ტერიტორიის საინჟინრო დაცვის ნაგებობა;
დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ. და მეტი) და ქვესადგური (110 კვ. და მეტი);
ე) ჰიდროელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი) და თბოელექტროსადგური (10 მგვტ და მეტი), ქარის ელექტროსადგური (2 მგვტ და მეტი), გეოთერმული ელექტროსადგური (1 მგვტ და მეტი) და მზის დანადგარი (2 მგვტ);
ვ) მეტროპოლიტენი;
ზ) 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ანძა, კოშკი და სხვა სივრცითი კონსტრუქცია;
თ) 100 000 კუბ. მ და მეტი მოცულობის წყალსაცავი;
ი) რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და მაგისტრალური წყალსადენი;
კ) სამელიორაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობები და მაგისტრალური არხები);
ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი წარმადობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;
მ) აეროპორტი და საზღვაო პორტი;
ნ) 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი, ბერმა და ჯებირი, აგრეთვე პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი და ტალღმკვეთი;
ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები (სამთო, ქიმიური, მეტალურგიული, ნავთობგადამმუშავებელი, აფეთქებასაფრთხიანი), გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები (აალებადი, მჟანგავი, წვადი, ფეთქებადი, ტოქსიკური, რადიოაქტიური);
პ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები;
ჟ) მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური და ტექნოგენური პროცესების უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გამიზნული 10 მ-ზე მეტი სიმაღლისა და 50 მ-ზე მეტი სიგრძის ნაგებობები;
რ) 10-ზე მეტსართულიანი შენობები, აგრეთვე 20 000 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის შენობა-ნაგებობები;
ს) სპორტული დანიშნულების 10 000-ზე მეტადგილიანი ღია შენობა-ნაგებობები;
ტ) საჰაერო-საბაგირო გზა და ფუნიკულიორი;
უ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი და/ან სხვა საკომუნიკაციო საკაბელო მაგისტრალები;
ფ) შახტების მიწისქვეშა ნაგებობები, კარიერები;
ქ) დახურული აკვაპარკები, საცურაო აუზები 3500 კუბ.მ-ზე მეტი მოცულობის;
ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერების საცავები, ნაგავსაყრელები;
ყ) 7 მ-ზე მეტი სიმაღლის ან/და 3.5 მ-ზე მეტი სიგრძის ფერმის ან კონსოლის მქონე სივრცითი კონსტრუქციის ატრაქციონი, რომელიც მდებარეობს საზოგადოებრივ ადგილებში ან/და განკუთვნილია კომერციული გამოყენებისათვის.“;
გ) დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის (მმართველობის) სათანადო სამსახური.
4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება იმ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მშენებლობის ნებართვის გაცემა სამივე სტადიით დელეგირებულია ამ ქალაქის თვითმმართველობის (მმართველობის) შესაბამის სამსახურზე.“;
დ) დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები ხორციელდება ორი მიმართულებით:
ა) საველე-საკვლევი და წინასწარი კამერული სამუშაოები;
ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევა.“;
ე) დადგენილების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“;
ვ) დადგენილების მე-15 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის მაძიებელი განცხადებას (მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში გადახდის ქვითართან ერთად) და თანდართულ დოკუმენტებს ამ დადგენილების მიხედვით სამ ეგზემპლარად წარუდგენს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შემთხვევაში დამატებით წარუდგენს სიმტკიცესთან მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის კიდევ ერთ ეგზემპლარს.
4. ნებართვის მაძიებლის მიერ ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტს ნებართვის გამცემი გადასცემს ექსპერტებს/საექსპერტო ორგანიზაციებს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის“ შესაბამისად. ექსპერტიზა იმართება სულ ბევრი 30 დღეში. აღნიშნულ ვადაში უნდა გაიცეს საექსპერტო დასკვნა პროექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების თაობაზე.
5. უარყოფითი საექსპერტო დასკვნის გამო, რომელშიც ფიქსირდება შენიშვნები და პროექტის გასწორების მიზნით შესატანი ცვლილებები, ნებართვის გაუცემლობის შემთხვევაში პროექტში შესაბამისი შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის შემდეგ განმცხადებელს ნებართვის მისაღებად შეუძლია მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს იმ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების გასავლელად, რომელზეც უნდა დადასტურდეს პროექტში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების სისწორე და შემდგომ, საჭიროების მიხედვით, გაიაროს მომდევნო სტადია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაბამისად გაიცემა მშენებლობის ნებართვა.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები