დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 25/02/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300050000.18.011.014248 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/02/2010 - 07/02/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.18.011.014.248
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №18/01
2010 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
დანართი №1
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი მიზანად ისახავს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხების დადგენას.
2. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია სანქციის სახით გამოიყენოს ფულადი ჯარიმები ამ წესით დადგენილი პირობებით.
3. ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 551 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი დარღვევის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.
5. ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის სანქციის ოდენობა
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის და საბროკერო კომპანიის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, პირი შეიძლება დაჯარიმდეს:
ა) 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობისათვის;
ბ) 300 (სამასი) ლარის ოდენობით თითოეული ფაქტისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმაში არსებული ინფორმაციის ცვლილებისას, ახალი ფორმის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარუდგენლობისათვის;
გ) 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისათვის, იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენისთვის;
დ) 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისათვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად დაგვიანებით წარდგენისათვის;
ე) 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისთვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენისათვის;
ვ) 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტისათვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენისათვის დარღვევის თითოეული ფაქტისთვის;
ზ) 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისთვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესისა და ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენისათვის;
თ) 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისთვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებით ინფორმაციაზე მცდარი მონაცემების წარდგენის გამოვლენისთვის;
ი) 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისთვის, შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენისთვის;
კ) 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტისათვის, მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისთვის;
ლ) 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობისთვის.
მუხლი 3. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდის რეგისტრატორს ან საბროკერო კომპანიას ათავისუფლებს უკვე დაკისრებული და არგადახდილი ფულადი ჯარიმისაგან, ასევე ახალი ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და გადახდისაგან, თუ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს ან საბროკერო კომპანიას გაუუქმდა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ან საბროკერო კომპანია გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას.
3. ამ წესის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა და საბროკერო კომპანიის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები