დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 29/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.167.016011 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/09/2010 - 27/04/2012)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2010 წლის 14 სექტემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს თანდართული დებულება.
2. ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 7 ოქტომბრის №23 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გოზალიშვილი
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება
მუხლი 1
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის წესს და უფლებამოსილებას.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.
მუხლი 2
1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული (შემდგომში –რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული, საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებათა შესაბამისად, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 3
1. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) შესაბამის ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვისა და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობასა და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნებისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვას და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;
ტ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხას;
უ) თანამშრომლობს სსიპ – სოციალური სააგენტოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მუშაკებთან;
ფ) გარდაცვალების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ოქმს პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ;
ქ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით, წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ) პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების, მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 4
1. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, შტამპი და ბლანკი.
2.ბეჭედი ინახება რწმუნებულთან და გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. დოკუმენტების აღრიცხვისათვის გამოიყენება შტამპი და ბლანკი.
მუხლი 5
1. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. იგი წელიწადში ერთხელ 15 იანვრამდე, გამგებელს აბარებს ანგარიშს სამოქმედო ტერიტორიაზე გაწეული მუშაობის შესახებ.
2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულო ახორციელებს კონტროლს რწმუნებულის საქმიანობაზე, ისმენს და აფასებს მის ანგარიშს.
მუხლი 6
რწმუნებული ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ცალკეულ დავალებებს და იმ ფუნქციებს, რომელიც არ რეგულირდება ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 7
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები