LAW OF GEORGIA ON SHARING TELECOMMUNICATION INFRASTRUCTURE AND PHYSICAL INFRASTRUCTURE APPLICABLE FOR TELECOMMUNICATION PURPOSES

LAW OF GEORGIA ON SHARING TELECOMMUNICATION INFRASTRUCTURE AND PHYSICAL INFRASTRUCTURE APPLICABLE FOR TELECOMMUNICATION PURPOSES
Document number 2988-XIმს-Xმპ
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 31/05/2023
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 13/06/2023
Registration code 450140000.05.001.020898
2988-XIმს-Xმპ
31/05/2023
Website, 13/06/2023
450140000.05.001.020898
LAW OF GEORGIA ON SHARING TELECOMMUNICATION INFRASTRUCTURE AND PHYSICAL INFRASTRUCTURE APPLICABLE FOR TELECOMMUNICATION PURPOSES
Parliament of Georgia
 

საქართველოს კანონი

 
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებით.

2. ეს კანონი ემყარება კონკურენციის, ღიაობის, ხელმისაწვდომობის, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის, ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებს.   

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ:

ა) ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე;

ბ) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებზე;     

გ) შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ელექტრონულ საკომუნიკაციო უწყებრივ ქსელებსა და ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებზე, აგრეთვე თავდაცვის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან/და სამოქალაქო უსაფრთხოების ფუნქციების შემსრულებელი და ამოცანების განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასა და შენობების შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე,  გარდა იმ შემთხვევისა/იმ ფარგლებისა, როდესაც/რომლებშიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, დაწესებულებები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ავტორიზებულ პირებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლებას მისცემენ;

ბ) სამხედრო დანიშნულების შენობებსა და სხვა შენობებზე, რომლებიც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოიყენება;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობების სამშენებლო სამუშაოების ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე.

3. საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალს, რომლებზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტორიზებული პირი − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირი;

ბ) ახალაშენებული შენობა − მრავალფუნქციური შენობა ან/და მრავალბინიანი შენობა, რომელზედაც სანებართვო განაცხადი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნა წარდგენილი;

გ) ინფრასტრუქტურის ოპერატორი − ავტორიზებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს:

გ.ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან განაწილება;

გ.ბ) ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა ან განაწილება;

გ.გ) გარე განათების მომსახურება;

გ.დ) თბომომარაგება;

გ.ე) წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემების მართვა და ოპერირება;

გ.ვ) სატრანსპორტო მომსახურება, მათ შორის, სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურო და სააეროპორტო მომსახურებები;

დ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ინფრასტრუქტურის ოპერატორის ქსელის (მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის) ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ქსელის აქტიური ელემენტი არ არის და განკუთვნილია ქსელის სხვა ელემენტების განსათავსებლად. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტებია: მილები, ანძები, არხები, სათვალთვალო ჭები, საკანალიზაციო ლიუკები, კაბინები, შენობები და შენობებში შესასვლელები, მათ შორის, თანალოკაციის ადგილები, ანტენების მოწყობილობები, კოშკები და ბოძები. ამ კანონის მიზნებისთვის კაბელები, მათ შორის, გაუნათებელი ოპტიკური ძარღვი, აგრეთვე ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებიც სასმელი წყლის მისაწოდებლად გამოიყენება, ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არის;

ე) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები − სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთ ან ერთზე მეტ ელემენტს მოიცავს;

ვ) საჯარო დაწესებულება − სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია;

ზ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება;

თ) შენობის დაშვების წერტილი – ფიზიკური წერტილი, რომელიც მდებარეობს შენობის შიგნით ან მის გარეთ, ხელმისაწვდომია ავტორიზებული პირისთვის და სადაც შესაძლებელია შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან მიერთება;

ი) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრატორი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

კ) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 4. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

1. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება შესთავაზოს ავტორიზებულ პირს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად.

2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება სხვა ავტორიზებულ პირს შესთავაზოს.

3. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის გონივრული წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით. ამ მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტის ელემენტები, მათ შორის, ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელზედაც მოთხოვნილია დაშვება, აგრეთვე დაშვების პირობები, ვადა და ფასი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4. ავტორიზებული პირი ვალდებულია სხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორს გადაუხადოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან/და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების საფასური.

5. ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია.

6. ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე.

7. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს მხოლოდ შემდეგი ობიექტური, გამჭვირვალე და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე:

ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ პარამეტრებთან (სტანდარტებთან) შეუსაბამობა, რომელზედაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად დაშვებაა მოთხოვნილი;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად საჭირო სივრცის უკმარისობა, მათ შორის, ამ სივრცის ინფრასტრუქტურის ოპერატორის საჭიროებებისთვის გამოყენების აუცილებლობა, რაც დასაბუთებული უნდა იყოს;

გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მავნე ზეგავლენისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა;

დ) ნებისმიერი ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება;

ე) იმის რისკი, რომ დაგეგმილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს აღნიშნულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე სხვა მომსახურებების მიწოდებას;

ვ) საბითუმო ფიზიკური ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაშვების რეალური ალტერნატიული საშუალებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ დაშვება შეთავაზებული იქნება სამართლიანი და გონივრული პირობებით.

8. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირთან დადოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება ან წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 2 თვის ვადაში.

9. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება კონკრეტულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან ან/და შესაბამისი მიზნით არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები.

10. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან კონკრეტულ პირობებსა და დებულებებზე, მათ შორის, დაშვების ფასზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დავის გადაწყვეტის მოთხოვნით კომისიას მიმართონ.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მხარეებისთვის (პირებისთვის) დაშვების ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, შესაძლო გავლენა ბიზნესზე და განხორციელებული ინვესტიციის გონივრული უკუგება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვების ფასის დადგენისას კომისია ხელმძღვანელობს იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც იგი შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს.

13. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ სათანადო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში.

14. ამ მუხლით დადგენილმა მოთხოვნებმა არ უნდა შელახოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ან მესამე პირის საკუთრების უფლება.

მუხლი 5. ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

1. ავტორიზებულ პირს აქვს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება, ხოლო ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას საკუთარი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობისა და შესაბამისი მარშრუტის შესახებ;

ბ) ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტიპისა და ამჟამინდელი დანიშნულების შესახებ;  

გ) ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების პროცედურების შესახებ;

დ) ტექნიკური ინსტრუქციების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ;

ე) საკონტაქტო პირის შესახებ.

2. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს ან სრულად არ მიაწოდოს მას ინფორმაცია:

ა) ქსელების მთლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად;

გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

დ) ისეთი ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელზედაც მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განთავსება ტექნიკურად შეუძლებელია.   

3. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ვალდებულია უზრუნველყოს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია ინფრასტრუქტურის ოპერატორი.

4.  თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომი არ არის, ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების განსათავსებლად გათვალისწინებული ადგილი. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ავტორიზებული პირის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

5. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკმაყოფილოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტების ადგილზე შესწავლასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებთან დაშვებასაც ითხოვს ავტორიზებული პირი. აღნიშნული ელემენტების ადგილზე შესწავლის უფლება უნდა გაიცეს ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 1 თვის ვადაში, თანასწორი, არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების დაცვით.

6. მხარეთა შორის ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, კომისიას მიმართოს.

7. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია

1. პირი, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, ვალდებულია  დააკმაყოფილოს  ავტორიზებული პირის ნებისმიერი გონივრული მოთხოვნა, რათა ავტორიზებული პირისთვის მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ქსელის ელემენტების განსათავსებლად მათ გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად განახორციელონ კოორდინაცია, იმ პირობით, რომ:

ა) ეს არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, მათ შორის, დამატებით არ შეაფერხებს დაგეგმილი საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას;

ბ) ხელი არ შეეშლება საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციას;

გ) ავტორიზებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს მშენებლობის ნებართვის მისაღებად პროექტის წარდგენამდე უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვისა, წარუდგენს საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის შესახებ მოთხოვნას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაცია ვერ განხორციელდა, მხარეებს უფლება აქვთ, კომისიას მიმართონ.

3. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის მიწოდება

1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ავტორიზებულ პირს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია იმ სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების განზრახვის შესახებ, რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან გაფართოება. 

2. ავტორიზებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საპროექტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში შესაბამისი პროექტის წარდგენამდე 1 თვით ადრე. ავტორიზებული პირები შესაძლებელია ცალ-ცალკე ან ერთად ჩაერთონ დაგეგმილ სამუშაოებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან გაფართოების მიზნით.

3. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე შეთანხმების მისაღწევად ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებს, რომლებზედაც მშენებლობის ნებართვა/თანხმობა უკვე გაიცა, ამ ნებართვის/თანხმობის გაცემის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა ან აღნიშნული ნებართვის/თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია შესაბამის საჯარო დაწესებულებას პირველად მომდევნო 6 თვის ვადაში წარედგინება, მოიცავს:

ა) სამშენებლო სამუშაოების ადგილმდებარეობისა და ტიპის შესახებ ინფორმაციას;

ბ) აღნიშნული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელის ელემენტების შესახებ ინფორმაციას;

გ) სამშენებლო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას;

დ) საკონტაქტო ინფორმაციას.

4. ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს ადგილი, სადაც იგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ელემენტების განთავსებას აპირებს.

5. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

6. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, სრულად არ მიაწოდოს ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უზრუნველყოს: 

ა) ქსელების მთლიანობა და უსაფრთხოება; 

ბ) სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა;

გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვა.

7. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს მხოლოდ ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით საყოველთაო ხელმისაწვდომობას;

ბ) თუ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით.

მუხლი 8. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა

1. ახალაშენებული შენობა აღჭურვილი უნდა იყოს შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ბოლო მომხმარებლის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის დასრულების წერტილებითა და შენობის დაშვების წერტილით.

2. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების ტექნიკური სპეციფიკაციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 9. შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება

1. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით გაიყვანოს თავისი ქსელი შენობის დაშვების წერტილამდე.

2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნა სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით.

4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადგენად კომისიას მიმართოს. კომისია ვალდებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება დავის გადასაწყვეტად. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

5. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში ავტორიზებულ პირს უფლება აქვს,  გაიყვანოს თავისი ქსელი აბონენტამდე და ამ ქსელის დასრულების წერტილად აბონენტთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს აბონენტის საცხოვრებელი ადგილი, იმ პირობით, რომ მესამე მხარის კერძო საკუთრებაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდება.

მუხლი 10.  ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიური გამოყენების (ექსკლუზიურად დაკავების) აკრძალვა

1. აკრძალულია ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავება. აკრძალულია ისეთი ხელშეკრულების დადება ან/და ისეთი დებულების ან პირობის დადგენა/დაწესება, რომელიც ითვალისწინებს ავტორიზებული პირების ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა პირების მიერ ცალ-ცალკე ან ერთად ფიზიკური ინფრასტრუქტურის ექსკლუზიურად დაკავებას. ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, დებულება ან პირობა ბათილია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი აკრძალვა არ ზღუდავს განსაზღვრულ პირებს, სათანადო დასაბუთებით ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაიკავონ სივრცე საკუთარი სარგებლობისთვის მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში.

მუხლი 11. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. ავტორიზებული პირი, რომელსაც ინფრასტრუქტურის ოპერატორი ან შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი კონფიდენციალურ ინფორმაციას მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, ვალდებულია:

ა)  ეს ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ის იქნა მიწოდებული, მისი ხელმისაწვდომობა არ შეუზღუდოს იმ პირებს, რომლებისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია მითითებული მიზნის მისაღწევად, და დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა; 

ბ) არ გადასცეს ეს ინფორმაცია ნებისმიერ სხვა პირს ან არ დაუშვას მისი სხვა პირის მიერ (გარდა სხვა ავტორიზებული პირისა) გამოყენება.

2. ამ მუხლის არცერთი პირობა არ ახდენს გავლენას პირის ნებისმიერ სხვა უფლებაზე, რომელიც მას შესაძლებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 12. უფლებამოსილი ორგანოს (კომისიის) მიერ დავის განხილვა

1. ავტორიზებულ პირსა და ინფრასტრუქტურის ოპერატორს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს კომისია. ამასთანავე, თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი ავტორიზებული პირი არ არის, კომისია დავას განიხილავს შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გასამართავად კომისია დავასთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკუთარ მოსაზრებას კომისიას სათანადო მასალების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს.

3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადაა საჭირო, შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანო ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ამის შესახებ კომისიას აცნობებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღნიშნული ორგანოს მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის საერთო ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

4. შესაბამისი დარგის მარეგულირებელი ორგანოს ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად საკუთარი მოსაზრების წარდგენამდე კომისიის მიერ დავის განსახილველად ამ კანონით დადგენილი ვადის დინება ჩერდება. 

5. თუ დავის მხარე არის ინფრასტრუქტურის ოპერატორი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებად სფეროში, რომელშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია ან/და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატარიფო რეგულირებას ექვემდებარება, კომისიის გადაწყვეტილება არ უნდა იწვევდეს აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი ორგანოს/სათანადო უფლებამოსილების მქონე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი/დასადგენი ტარიფის ან მომსახურების საფასურის გაზრდას.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დავის წარმოშობის შემთხვევაში მოქმედებს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

7. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 13. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

1. ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

2. ინფრასტრუქტურის ოპერატორისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს და მას განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

4. დამრღვევის მიერ კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, დარღვევის გაგრძელების ან მისი წერილობით გაფრთხილებიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 0,2 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 3000 ლარისა და არაუმეტეს 30000 ლარისა.

5. დამრღვევის მიერ დარღვევის გაგრძელების ან/და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან − ჯარიმის დაკისრებიდან − 1 კალენდარული წლის განმავლობაში ყოველი ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

6.  ჯარიმა გადაიხდება ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისთვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

7. დამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.  

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან.

მუხლი 14. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა

1. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს კომისია.

2. ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა ეფუძნება ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლის პრინციპებს და ხელმისაწვდომია ამ კანონით განსაზღვრული პირებისთვის ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების ვალდებულების შესრულებისა და აღნიშნული ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველსაყოფად.

3. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისა და მისი ადმინისტრირების წესებს ადგენს კომისია.  

4. ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე განთავსებული უნდა იყოს მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღებასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია. ამასთანავე, ეს პლატფორმა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მისაღებად განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემასთან დაკავშირებული წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:

ა) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა და ამ პლატფორმის ადმინისტრირების წესის დადგენა;

ბ) ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება;

გ) ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება;

დ) ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს:

ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება, რომლებზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება;

ბ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება.

3. პირი, რომელსაც კანონის ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე აქვს ამ კანონით განსაზღვრულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ავტორიზებული პირის დაშვების უფლებამოსილება, ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ავტორიზებული პირის დაშვება არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან/და მისით სარგებლობის/მისი გამოყენების უფლება ექსკლუზიურად არის გაცემული ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი, მე-2, მე-4−მე-9 და მე-11−მე-14 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი, მე-2, მე-4−მე-9 და მე-11−მე-14 მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2988-XIმს-Xმპ