Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
Law of Georgia on Defence Planning | |
---|---|
Document number | 2956 |
Document issuer | Parliament of Georgia |
Date of issuing | 28/04/2006 |
Document type | Law of Georgia |
Source and date of publishing | LHG, 16, 16/05/2006 |
Expiration Date | 12/10/2023 |
Registration code | 120.300.000.05.001.002.229 |
Consolidated publications |
Consolidated versions (27/09/2013 - 31/10/2018)
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ორგანიზებას, მისი დაგეგმვის არსსა და როლს თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში. თავდაცვის დაგეგმვა, როგორც თავდაცვის პოლიტიკის ნაწილი, მოიცავს რიგ ღონისძიებებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ხელს უწყობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომში – ნატო) საქართველოს ინტეგრაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას.
2. თავდაცვის დაგეგმვა მოიცავს ძალთა, შეიარაღების, რესურსების, ლოგისტიკის, მართვისა და კონტროლის დაგეგმვას, აგრეთვე კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში თავდაცვის დაგეგმვას მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის.
3. თავდაცვის დაგეგმვის რევიზია და, შესაბამისად, თავდაცვის დაგეგმვის შესახებ დოკუმენტების გადახედვა შესაძლებელი იქნება ნატოში საქართველოს გაწევრიანების, ეროვნული უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ან ეროვნული უსაფრთხოების გარემოს შეცვლის ნიშნების გაჩენის შემთხვევაში.
მუხლი 2. კანონის სამართლებრივი საფუძვლები
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები – ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები – ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აქტები, რომლებსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 4. თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება
1. სახელმწიფო დონეზე თავდაცვის დაგეგმვის ორგანიზება განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“.
2. თავდაცვის დაგეგმვა ხორციელდება თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებისა და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში წინასწარი მოქმედებების დაგეგმვა გულისხმობს სამხედრო მოვლენების ან ბუნებრივი (ტექნოგენური) კატასტროფების დროს ვითარების მოულოდნელ განვითარებაზე ადეკვატური მოქმედებების დაგეგმვასა და განხორციელების უნარს. კრიზისული და საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში მოქმედებების დაგეგმვის პრინციპები არ იცვლება.
მუხლი 6. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია;
ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი;
გ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია.
მუხლი 7. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტები
თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებია:
ა) თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელო;
ბ) სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამები;
გ) წლიური პროგრამები;
დ) ოპერატიული გეგმები, კონცეფციები, დოქტრინები, დებულებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივები;
ე) თავდაცვის დაგეგმვის დებულება.
მუხლი 8. სახელმწიფო დაწესებულებების როლი თავდაცვის დაგეგმვის პროცესში
1. თავდაცვის დაგეგმვის პროცესში წამყვანი ადგილი უკავია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
2. სახელმწიფო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეხმარებიან თავდაცვის დაგეგმვის პროცესის ფორმირებასა და განხორციელებაში.
მუხლი 9. თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული დონე
1. ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების, ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის, მდგრადი განვითარების, ქვეყნის, საზოგადოებისა და პიროვნების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავდება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარების ხედვას წარმოადგენს. მასში ნათლად არის მითითებული პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში არსებული მოთხოვნილებები, მიზნები და მათი მიღწევის გზები. „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ მრავალწლიანი პერიოდისათვის მიმოიხილავს არსებულ სტრატეგიულ გარემოს და კონკრეტულად ადგენს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ საფუძველზე ხორციელდება შეიარაღებულ ძალებში ოპერატიული გეგმების შემუშავება და ამ დოკუმენტთან დაკავშირებული დაგეგმვის სხვა სფეროების (მატერიალურ-ტექნიკური, ინფორმაციული და უწყებათაშორისი კოორდინაციის) ორგანიზება. „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს“ საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად ხდება მისი ანალიზი.
3. თავდაცვის სფეროში „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული შეიმუშავებს „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის განსაზღვრავს ეროვნულ სამხედრო მიზნებსა და შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს, მათი განხორციელების ზოგად გზებს, სტრუქტურასა და სამომავლო ხედვას. ამასთანავე, ეს სტრატეგია ადგენს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შეიარაღებული ძალების მიერ მათ წინაშე დასმული ამოცანების ეფექტიანად შესასრულებლად. ყოველწლიურად ხდება აღნიშნული სტრატეგიის შედარება არსებულ ან/და მოსალოდნელ მდგომარეობასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა. „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 10. თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონე
1. უწყებრივ დონეზე თავდაცვის დაგეგმვის განხორციელების დეტალები და პროცედურები (პასუხისმგებელი რგოლები და ვადები) განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის დებულებით“, რომელსაც გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე“ დაყრდნობითა და „საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ დასკვნების გათვალისწინებით ადგენს „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“, რომელიც მრავალწლიანი პერიოდისათვის ასახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიარაღებულ ძალებში სახელმწიფოს თავდაცვისათვის დადგენილ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული „თავდაცვის დაგეგმვის სახელმძღვანელოზე“ დაყრდნობით მრავალწლიანი პერიოდისათვის შეიმუშავებს „სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“, რომლებიც მოიცავს ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელთა მიზანია შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია, აღჭურვა, წვრთნა, მათი ქვედანაყოფების შენარჩუნება, ლოგისტიკური უზრუნველყოფა, რეზერვის ინფრასტრუქტურის შენახვა და გაუმჯობესება, აგრეთვე ნატოსთან თანამშრომლობის გეგმების განხორციელების უზრუნველყოფა. „სამხედრო განვითარების ძირითად პროგრამებს“ გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. თავდაცვის დაგეგმვის ბოლო ეტაპსა და „სამხედრო განვითარების ძირითადი პროგრამების“ წლიურ საფეხურებს წარმოადგენს „წლიური პროგრამების“ შედგენა. მათი განხილვისა და შეჯამების შედეგად ფორმირდება თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტში. „წლიური პროგრამების“ შიდაუწყებრივი განხილვის შემდეგ განისაზღვრება არსებული პროგრამების და მათი დაფინანსების პრიორიტეტულობა. თავდაცვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, სამხედრო სფეროში დადგენილი პრიორიტეტული მიმართულებები და თავდაცვის მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოფის მოთხოვნილებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების მიზნობრივი ხარჯვა ხორციელდება წლიური ბიუჯეტის პროგრამების შესაბამისად.
5. ოპერატიული გეგმების, კონცეფციების, დოქტრინების, დებულებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივების შემუშავება ხდება ამ მუხლში აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებით.
მუხლი 11. თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლი
თავდაცვის დაგეგმვის საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 28 აპრილი.
№2956-Iს
Document comments