„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1879/1-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.103262
1879/1-VIმს-XIმპ
13/10/2026
ვებგვერდი, 16/10/2026
070000000.05.001.103262
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-5–61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

61. აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსსა და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“;

ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:

„62. იმ აღსრულების პოლიციელს, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელეა, აგრეთვე აღმასრულებელსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.

2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი.“.

3. III1 თავი ამოღებულ იქნეს.

4. 1418 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14​18. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში

1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტს, რომელიც მას მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მომსახურების გაწევაზე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III3 თავი:

„თავი III3

აღსრულების პოლიცია

მუხლი 1420. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი

1. აღსრულების პოლიცია ფუნქციონირებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახით.

2. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით გათვალისწინებული პრინციპებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

3. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებლისთვის დახმარების გაწევა სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში განხორციელების, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და აუცილებლობის შემთხვევაში პირის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად;

ბ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს და ამ პირების ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა;

დ) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობების, მათი მიმდებარე ტერიტორიებისა და მატერიალური რესურსების დაცვა;

ე) აღსრულების ეროვნული ბიუროს და სააღსრულებო ბიუროების შენობებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა;

ვ) ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი, აგრეთვე აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის – აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სხვა სამართლებრივი აქტები.

მუხლი 14​21. აღსრულების პოლიციელი

1. აღსრულების პოლიციელი (გარდა აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილისა) არის პროფესიული საჯარო მოხელე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

2. თუ ამ კანონით, აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აღსრულების პოლიციელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებულ კონკურსთან, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის გაფორმებასთან, აგრეთვე თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმები.

3. აღსრულების პოლიციელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. აღსრულების პოლიციელის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები, განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს აცვია სამსახურებრივი ფორმა, რომლითაც მას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის სამსახურებრივი მოწმობა.

5. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხი წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

6. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივ ფორმაზე (ტანსაცმელზე) დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი დგინდება აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

8. აღსრულების პოლიციელს ეკრძალება:

ა) სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნა;

ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა;

გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა. სამსახურებრივი ავტომანქანის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ჩაითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად (ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ);

დ) გაფიცვა და მასში მონაწილეობა;

ე) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა;

ვ) საჯარო მოსამსახურის სტატუსთან შეუთავსებელი სხვა საქმიანობის განხორციელება.

9. აღსრულების პოლიციელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. პირს, რომელიც აღსრულების პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს.

10. აღსრულების პოლიციელის უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით.

მუხლი 1422. აღსრულების პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

3. აღსრულების პოლიციელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა ამ ბრძანების ან განკარგულების უკანონობის შესახებ, და კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. აღსრულების პოლიციელს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4. აღსრულების პოლიციელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ან პროკურორს. აღსრულების პოლიციელისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს კანონით დადგენილი წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

5. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

მუხლი 1423. აღსრულების პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და პირადი უსაფრთხოების დასაცავად, თუ იგი ფიზიკური იძულების (ძალის) გამოყენების გარეშე ვერ უზრუნველყოფს კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულებას.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს შემდეგი სპეციალური საშუალებები:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება;

ბ) სპეციალური ხელკეტი და ელექტროშოკური მოწყობილობა – იმ პირის მიმართ, რომელიც თავს ესხმის.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი საშუალების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების, სააღსრულებო მოქმედების განხორციელებაში მონაწილე პირებისა და თავის დასაცავად ისეთი ხელყოფისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, აგრეთვე საშიში ცხოველის თავდასხმისას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის ნიშნის მისაცემად.

5. აღსრულების პოლიციელი სპეციალურ საშუალებას იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.

6. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს იმ აღსრულების პოლიციელს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.

7. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია შესაბამისი პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან როდესაც შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − ამ სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.

9. დაუშვებელია, აღსრულების პოლიციელმა ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალება ან/და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულია ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ან შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს აღსრულების პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს სხვა პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

11. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.

მუხლი 1424. აღსრულების პოლიციაში მიღების წესი. აღსრულების პოლიციაში მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

1. აღსრულების პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების/ფუნქციების შესრულება.

2. აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება.

3. აღსრულების პოლიციაში კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

4. აღსრულების პოლიციაში მისაღები პირი (კანდიდატი) გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია კანდიდატის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენა).

5. პირი აღსრულების პოლიციაში შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.

6. აღსრულების პოლიციაში თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი;

ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი − ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) აღსრულების პოლიციელი − დაწინაურების შემთხვევაში.

7. აღსრულების პოლიციელად არ მიიღება:

ა) განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;

ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს/მშვილებელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს/ნაშვილებს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს/მშვილებელს;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

თ) პირი, რომელმაც აღსრულების პოლიციაში მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტს (გარდა პირის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა);

ი) პირი, რომელმაც ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო;

კ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა:

კ.ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო და მისი გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

კ.ბ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფის ან დარღვევის გამო, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციელისა და აღსრულების პოლიციის/აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ.

მუხლი 1425. აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა

1. აღსრულების პოლიციელისთვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 60 წელი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – 65 წელი.

2. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული აღსრულების პოლიციელი უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეულ აღსრულების პოლიციელს სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამედიცინო დასკვნის ან/და მისი ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით, მისივე თანხმობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის წარდგინებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება სამსახურის ვადა გაუგრძელდეს 5 წლამდე ვადით. ეს არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელის სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.

4. აღსრულების პოლიციელი სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელი – აღსრულების პოლიციელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია პირი თანამდებობაზე დანიშნოს გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა.

6. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

7. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში პირი სამსახურიდან თავისუფლდება.

8. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება პირის თანამდებობაზე დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შემცვლელად ან დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.

9. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მისთვის დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობის შესრულების დაკისრება.

10. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება პირის მიერ დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო. პირს გამოსაცდელი ვადა შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

მუხლი 1426. კონკურსი. აღსრულების პოლიციაში მიღებისას პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტები

1. კონკურსის გამოცხადების საფუძველია აღსრულების ეროვნული ბიუროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობის არსებობა.

2. კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. საკონკურსო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა პირის აღსრულების პოლიციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, აღსრულების პოლიციაში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრული, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა.

მუხლი 1427. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღების (თანამდებობაზე დანიშვნის) გაფორმება. აღსრულების პოლიციელის ფიცი

1. აღსრულების პოლიციელის სამსახურში მიღება (თანამდებობაზე დანიშვნა) ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულების პოლიციელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ აღსრულების პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის თანახმად, გამორიცხავს თანამდებობაზე მის დანიშვნას.

3. აღსრულების პოლიციაში პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები!“.

მუხლი 1428. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

1. აღსრულების პოლიციელის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. აღსრულების პოლიციელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ან აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებით დაზღვევა.

3. აღსრულების პოლიციელი იღებს:

ა) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ:

ბ.ა) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს. აღსრულების პოლიციელს ეს წოდებრივი სარგო არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში;

ბ.ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის აღსრულების პოლიციელს ნამსახურებ წლებში ჩაეთვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებაში/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა).

4. აღსრულების პოლიციელს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი. აღსრულების პოლიციელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, აღსრულების პოლიციელის სურვილის შესაბამისად, მისთვის სახელფასო დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

5. აღსრულების პოლიციელს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო.

6. აღსრულების პოლიციელი საკლასო დანამატს არ იღებს.

7. აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

8. აღსრულების პოლიციელს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.

9. აღსრულების პოლიციელთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტის შემცირება არ შეიძლება იყოს აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას აღსრულების პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.

12. აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

13. აღსრულების პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სამსახურებრივ ავტომანქანას (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას) ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.

14. აღსრულების პოლიციელსა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში აღსრულების პოლიციელისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

მუხლი 1429. აღსრულების პოლიციელის შვებულება

1. აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:

ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;

ბ) ანაზღაურებისგარეშე;

გ) სასწავლო;

დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. აღსრულების პოლიციელს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.

3. აღსრულების პოლიციელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.

4. თანამდებობაზე ახალდანიშნული აღსრულების პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.

5. აღსრულების პოლიციელის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

6. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს.

7. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, აღსრულების პოლიციაში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

8. პროფესიული განვითარების მიზნით აღსრულების პოლიციელს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ აღსრულების პოლიციელს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება.

9. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10. აღსრულების პოლიციელების შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

11. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია აღსრულების პოლიციელის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ აღსრულების პოლიციელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები.

მუხლი 1430. აღსრულების პოლიციელის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

1. აღსრულების პოლიციელს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

3. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

4. აღსრულების პოლიციელს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა აღსრულების ეროვნული ბიუროს ბიუჯეტიდან, აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

5. აღსრულების პოლიციელს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები ამ გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებით ბავშვის მოვლის გამო შეიძლება ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით განსაზღვრული შვებულებით.

მუხლი 1431. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პოლიციელის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლებამოსილია:

ა) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა აღსრულების პოლიციელს/აღსრულების პოლიციელებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს სხვა აღსრულების პოლიციელს და ის გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2. აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანხმობით.

3. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

4. აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.

მუხლი 1432. აღსრულების პოლიციელის წახალისება

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის აღსრულების პოლიციელის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სიგელით დაჯილდოება;

ე) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება;

ზ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

თ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ი) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 1433 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების შემთხვევაში);

კ) დაწინაურება.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის აღსრულების პოლიციელი შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.

3. აღსრულების პოლიციელი დაწინაურდება შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ მის თანამდებობაზე უფრო მაღალი თანამდებობა წამყვანი/მენეჯერული თანამდებობაა და თვისებრივად განსხვავებული სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებს.

4. აღსრულების პოლიციელის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.

5. წახალისებული აღსრულების პოლიციელი ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.

6. აღსრულების პოლიციელის წახალისებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესით.

მუხლი 1433. აღსრულების პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი.

2. დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია აღსრულების პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ;

დ) უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი პირის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა;

ე) ეთიკის ნორმების დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:

ა) დისციპლინური გადაცდომის შედეგად შეილახა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი აღსრულების პოლიციელის რეპუტაცია, რაც გამორიცხავს მის მიერ მომავალში სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა აღსრულების პოლიციასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს რეპუტაციას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა;

დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე აღსრულების პოლიციელმა ახალი დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა.

4. დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება;

ე) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით;

ვ) უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა;

ზ) სამსახურიდან გათავისუფლება.

5. აღსრულების პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.

მუხლი 1434. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და გამოყენების წესი

1. დისციპლინური წარმოება ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

3. დაუშვებელია აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება მისი დროებითი შრომისუუნარობის ან შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 1 წელზე მეტია გასული.

4. აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ამ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გარემოებები, აღსრულების პოლიციელის პიროვნება და დამსახურება.

5. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

6. სასამართლოს მიერ შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა გამორიცხავს აღსრულების პოლიციელისთვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

7. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის აღსრულების პოლიციელისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

8. აღსრულების პოლიციელი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში.

9. აღსრულების პოლიციელს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას, თუ მას ახალი დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია და თავი გამოიჩინა, როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ, აგრეთვე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

მუხლი 1435. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

1. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს აღსრულების პოლიციელის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან და აღსრულების ეროვნული ბიუროს გათავისუფლებას აღსრულების პოლიციელის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისგან.

2. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება:

ა) აღსრულების პოლიციელის შვებულებაში ყოფნის დროს;

ბ) აღსრულების პოლიციელის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენის დროს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) აღსრულების პოლიციელის დროებითი შრომისუუნარობის დროს;

დ) ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით აღსრულების პოლიციელის სამსახურისგან ჩამოშორების დროს;

ე) აღსრულების პოლიციელის კადრების განკარგულებაში აყვანის დროს;

ვ) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი ვალდებულია არ დაუშვას სამუშაოზე აღსრულების პოლიციელი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფება. ამ საფუძვლით სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისთვის ხელფასი არ ეძლევა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია დისციპლინური წარმოების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო/წოდებრივი სარგო და დანამატები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების პოლიციელს სამსახურებრივ უფლებამოსილებას შეუჩერებს (თანამდებობიდან დროებით გადააყენებს) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული აღსრულების პოლიციელი გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ აღსრულების პოლიციელს უნაზღაურდება განაცდური თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი.

მუხლი 1436. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა

1. აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სამსახურიდან გათავისუფლება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) გარდაცვალება.

2. აღსრულების პოლიციელი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან:

ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;

ბ) სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;

გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო;

დ) აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის გაუქმების ან შტატების შემცირების გამო;

ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;

ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;

ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;

კ) პირადი განცხადების საფუძველზე;

ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;

მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;

ნ) სამსახურებრივი (თანამდებობრივი) შეუთავსებლობის გამო;

ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

3. აღსრულების პოლიციელი, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან ითვლება სამსახურიდან გათავისუფლებულად.

4. თანამდებობიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.

5. კადრების განკარგულებაში აყვანილ აღსრულების პოლიციელს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

6. კადრების განკარგულებაში აყვანილი აღსრულების პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.

7. სამსახურიდან გათავისუფლებული აღსრულების პოლიციელი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები).

მუხლი 1437. აღსრულების პოლიციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლა

აღსრულების პოლიციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2026 წლის 1 ნოემბრამდე დაამტკიცოს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის დებულება;

ბ) აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურების წესი;

გ) აღსრულების პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პროფესიული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ დაინიშნონ აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე. აღსრულების პოლიციის სამმართველოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა მათი თანხმობით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობა განახორციელონ აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის, მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 ოქტომბერი 2026 წ.

N1879/1-VIმს-XIმპ