„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1861/1-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.103257
1861/1-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 17/09/2026
280060000.05.001.103257
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12 ქვეპუნქტი:

„ჰ12) მიუღებელი სარგებელი − დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულებისთვის) მის მიერ მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის შესაბამის საპენსიო შენატანთან ერთად გადასახდელი, ამ კანონის 374 მუხლით გათვალისწინებული თანხა, რომელიც ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების სახით აისახება.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი (კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია სათანადო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.“.

3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დავების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ კანონის VI2 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე და განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;“;

ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;“;

ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების თაობაზე. საპენსიო ფონდის დებულებით განისაზღვრება ის უფლებამოსილი პირები, რომლებიც საპენსიო ფონდის სახელით გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს და გასცემენ სააღსრულებო ფურცლებს.“.

5. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გენერალური დირექტორი:

ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა საპენსიო ფონდის დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ახორციელებს საპენსიო ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელით დებს ხელშეკრულებებსა და გარიგებებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს;

გ) აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს;

დ) შეიმუშავებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს;

ე) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს სათანადო გადაწყვეტილებებს;

ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ზ) ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 342 მუხლი:

„მუხლი 342. საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემა

1. თუ ამ კანონის 32-ე−341 მუხლების საფუძველზე საპენსიო აქტივების გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ პენსიის მიმღებმა/მისმა მემკვიდრემ საპენსიო აქტივები/პენსია ზედმეტობით მიიღო, დამსაქმებლის ან საპენსიო ფონდის მიერ პენსიის მიმღებისთვის/მისი მემკვიდრისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, საპენსიო ფონდს მოსთხოვოს მის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია ამ კანონის 32-ე−341 მუხლების საფუძველზე.“.

7. 371 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 და VI2 თავები:

„თავი VI1. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების წესები

მუხლი 37 2. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა) არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2. საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტს.

3. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის ან/და მისი დარღვევის იდენტიფიცირება ხდება და საპენსიო ფონდი შემოწმებას ახორციელებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

4. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება:

ა) ჯარიმა;

ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი − ამ კანონითა და საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დამსაქმებლის მიმართ ჯარიმის გამოყენება მას არ ათავისუფლებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვისგან/გადახდისგან და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი სრულად საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.

მუხლი 37 3. ჯარიმა

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. თუ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოფს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

3. საპენსიო შენატანის (შენატანების) განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა:

ა) დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც იგი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით დროულად და ჯეროვნად განახორციელებს საპენსიო შენატანს (შენატანებს);

ბ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის − ამ კანონის 372 მუხლის შესაბამისად ინფორმაციების შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა, რომელიც გულისხმობს ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობას არაუმეტეს 1 ლარისა;

გ) 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის − შემთხვევა, როდესაც დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით 1 საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა 1 ლარს არ აღემატება.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. დამსაქმებელს ჯარიმა შეიძლება დაეკისროს საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

მუხლი 37 4. მონაწილის მიუღებელი სარგებელი

1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება და მონაწილის მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტული პუნქტის ოდენობით. მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.

2. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა წყდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით.

3. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება ამ სარგებლის დარიცხვის შესახებ საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებით.

4. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამსაქმებლის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან სათანადო რეჟიმის დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში.

5. დამსაქმებელს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

6. მონაწილის მიუღებელი სარგებელი ირიცხება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 37 5. მონიტორინგის განხორციელება

1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოსავლენად მის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს მონიტორინგი.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს (მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს) მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია გაითვალისწინოს ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი პირი ვალდებულია შეასრულოს საპენსიო ფონდის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

4. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის მისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

5. თუ დამსაქმებლის შემოწმების/მონიტორინგის განხორციელებისას საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება, რომ ეს  ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციას, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ შესწავლილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით.

6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შეადგინოს და გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თავის მიერ დადგენილი/დამტკიცებული ფორმით.

7. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. ასეთ შემთხვევებში საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და პროცედურებს ამტკიცებს საპენსიო ფონდი.

8. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების (მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების) მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტობით განხორციელების ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის დაკისრებისა და აღსრულების წესებსა და პროცედურებს. აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საპენსიო ფონდი ადგენს/ამტკიცებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს. 

მუხლი 37 6. გადაწყვეტილების აღსრულება

1. ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსრულებისას  დამსაქმებლის მიერ გადახდილი თანხები მიიმართება შემდეგი რიგითობით: 

ა) საპენსიო შენატანი;

ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი;

გ) ჯარიმა.

2. საპენსიო შენატანის არასრულად განხორციელების შემთხვევაში მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაირიცხება დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, საპენსიო შენატანი და მონაწილის მიუღებელი სარგებელი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

4. ჯარიმის დაკისრების შესახებ საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს მისი მიღებიდან 2 წლის ვადაში.

მუხლი 37 7. ინფორმაციის/დოკუმენტის გაცნობა

1. საპენსიო ფონდის მიერ მიღებული/გამოცემული, ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს ეგზავნება/წარედგინება ელექტრონული სისტემისა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ ინფორმაცია დამსაქმებელს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვაგვარი ელექტრონული შეტყობინების სახით, თუ ელექტრონულ სისტემაში ან/და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ აქვს დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, იგი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოპოვებას.

3. საპენსიო ფონდის მიერ გაგზავნილი/წარდგენილი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მხოლოდ ადრესატის მიერ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში გაცნობისთანავე (ნახვისთანავე), ხოლო ამ ინფორმაციის/ დოკუმენტის რამდენიმე ფორმით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში მისი ჩაბარების თარიღად პირველად გაცნობის თარიღი ითვლება.

4. თუ ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში განთავსებულ გადაწყვეტილებას/ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას/დოკუმენტს ადრესატი არ გაეცნო განთავსებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს მის საჯაროდ გავრცელებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. საჯაროდ განთავსებული გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

თავი VI2. საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური

მუხლი 37 8. საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური

1. დავების განხილვის სამსახური არის საპენსიო ფონდის დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე და ამ მუხლით გათვალისწინებულ დავებს (საჩივრებს) უსასყიდლოდ, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის,  თანასწორობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით განიხილავს.

2. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ  ის დავები, რომლებიც გამომდინარეობს:

ა) ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან;

ბ) ამ კანონის 32-ე−341 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მონაწილის/გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის თაობაზე;

გ) ამ კანონის 373 და 374 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან.

3. საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურში დავის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე ამ სამსახურისთვის მიმართვამდე სადავო საკითხის გადასაწყვეტად პირდაპირ სასამართლოს მიმართოს.

4. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოსაკვლევად ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ამ საქმისთვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით.

6. ამ თავით გათვალისწინებული დავების განხილვის სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა, მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესები და პროცედურები (მათ შორის, საჩივრის განხილვის პროცედურები), აგრეთვე საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) წესები განისაზღვრება ამ კანონითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამასთანავე, დავების განხილვის სამსახურის დებულებით შეიძლება განისაზღვროს მონაწილეთა სხვა პრეტენზიების განხილვის წესები და პროცედურები.

მუხლი 37 9. განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა)

1. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე განიხილოს მის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი.

2. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი ვადით დამსაქმებელთან დადოს განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებით განსაზღვრული საპენსიო შენატანის  განხორციელებისა და მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდის თაობაზე.

3. დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ფარგლების გარეთ (ზემოთ) განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადების უფლებამოსილება აქვს მმართველობით საბჭოს. 

4. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთი და იმავე საპენსიო შენატანის/სარგებლის ოდენობაზე შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ. ამ პერიოდში შესაბამისი აქტის აღსრულება შეჩერებულია.

5. დამსაქმებლის მიერ განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მუხლი 37 10. საჩივრის წარდგენის ვადა და ფორმა

1. დავების განხილვის სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარდგენილ, მხოლოდ ამ კანონის 378 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე. ამ თავით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

2. საჩივარი დავების განხილვის სამსახურს შეიძლება წარედგინოს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენა არ გამორიცხავს დავების განხილვის სამსახურის უფლებამოსილებას, განმცხადებელს მოსთხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა. საჩივრის ფორმა და მისი წარდგენის წესი, აგრეთვე სხვა წარსადგენი დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება დავების განხილვის სამსახურის დებულებით.

3. ამ კანონის 374 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის წარდგენა დასაშვებია, თუ:

ა) ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო ან საჩივრის წარმდგენისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით);

ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც საჩივრის წარმდგენმა საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შესახებ ინფორმაციის დროულად წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

5. დავების განხილვის სამსახურში საჩივრის წარდგენა აჩერებს სადავო აქტის/გადაწყვეტილების აღსრულებას.

მუხლი 37 11. საჩივრის წარმოებაში მიღება

1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს წარმოებაში მიიღებს, თუ საჩივარი და მისთვის დართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს ამ თავითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. დავების განხილვის სამსახური საჩივართან დაკავშირებით ხარვეზს დაადგენს:

ა) თუ საჩივარში მითითებული არ არის საჩივრის წარმდგენის სახელი/სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო მონაცემი;

ბ) თუ საჩივარში მითითებული არ არის საჩივრის წარმდგენის საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირის ფაქტობრივი მისამართი);

გ) თუ საჩივრიდან ვერ ირკვევა მოთხოვნის შინაარსი და ვერ ხდება სამართლებრივი საფუძვლების იდენტიფიცირება;

დ) თუ საჩივარს არ ერთვის სადავო გადაწყვეტილება;

ე) თუ საჩივარი ხელმოწერილი არ არის ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული არ არის;

ვ) თუ საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა ან წარმომადგენელმა წარადგინა და მას არ ერთვის სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოჩენისას დავების განხილვის სამსახური საჩივრის წარმდგენს ელექტრონულ შეტყობინებას უგზავნის და ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს საჩივრის ჩაბარებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას. საჩივრის წარმდგენის დასაბუთებული თხოვნით ეს ვადა შეიძლება ერთჯერადად, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს.

4. თუ ხარვეზი არსებითად არ უშლის ხელს საქმის გარემოებების გამოკვლევას, დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საჩივარი წარმოებაში მიიღოს, მიუხედავად ხარვეზის არსებობისა.

მუხლი 37 12. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან მისი წარმოების შეწყვეტა

1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს არ განიხილავს:

ა) თუ საჩივარში დასმული საკითხი სცილდება დავების განხილვის სამსახურის კომპეტენციას;

ბ) თუ საჩივარი განმეორებით წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

გ) თუ გავიდა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის საფუძვლები;

დ) თუ საჩივრის წარმდგენმა დავების განხილვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შესაბამისი ხარვეზი;

ე) თუ არსებობს იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე დავების განხილვის სამსახურის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. დავების განხილვის სამსახური საჩივრის განხილვას შეწყვეტს:

ა) თუ საჩივრის წარმდგენმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საქმის განხილვაზე);

ბ) თუ დავის საგანი არ არსებობს;

გ) თუ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან საჩივრის წარმდგენი იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უფლებამონაცვლეობას არ უშვებს;

დ) თუ არსებობს ამ თავით გათვალისწინებული შეთანხმება განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

მუხლი 37 13. საჩივრის განხილვა

1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და ეს ვადა დამატებით არაუმეტეს 3 თვით გააგრძელოს. დავების განხილვის სამსახური აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ატყობინებს შესაბამის მხარეს.

2. დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. შესაბამის მხარეს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ვიდეოკონფერენცია).

3. საჩივრის წარმდგენისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

4. დავების განხილვის სამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ეს უარი ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვადის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი საჩივრის წარმდგენისთვის ჩაბარებიდან.

5. საჩივრის წარმდგენთან დავების განხილვის სამსახურის კომუნიკაციის წესი დგინდება ამ თავითა და დავების განხილვის სამსახურის დებულებით.

მუხლი 37 14. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება

1. დავების განხილვის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, მისი განუხილველად დატოვების, საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ.

2. დავების განხილვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს დავების განხილვის სამსახურის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების სახით.

3. დავების განხილვის სამსახურის შუალედური გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს დავების განხილვის სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

მუხლი 37 15. გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება

1. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის წარმდგენს  ეგზავნება ელექტრონულად ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო  ამგვარად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში − ფოსტით. საჩივრის წარმდგენის წერილობითი მოთხოვნით ეს გადაწყვეტილება მას შეიძლება გადაეცეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

2. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გაცნობის დღიდან. თუ ამ გადაწყვეტილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან ფოსტით ზედიზედ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაში საჩივრის წარმდგენი ვერ გაეცნო მას, გადაწყვეტილება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება მისი აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

3. საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს საერთო სასამართლოში.

4. დავების განხილვის სამსახურის ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.“.

მუხლი 2

1. 2026 წლის 24 ივნისიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს საპენსიო ფონდში (შემდგომ − საპენსიო ფონდი) წარდგენილი საჩივრები განსახილველად გადაეცეს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურს. დავების განხილვის სამსახური საჩივრებს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

2. 2026 წლის 24 ივნისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საპენსიო ფონდში წარდგენილი საჩივრების განხილვა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებულია. დავების განხილვის სამსახურს უფლება აქვს, 2026 წლის 31 დეკემბრამდე ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 3713 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების გათვალისწინებით განაახლოს წარმოება.

3. 2026 წლის 24 ივნისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის საფუძველზე დაკისრებულ  ჯარიმებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდში წარდგენილ საჩივრებზე საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება შეჩერებულია შესაბამისი საჩივრების წარდგენის დღიდან დავების განხილვის სამსახურის სათანადო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 376 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს საპენსიო ფონდის მიერ 2025 წლის 15 ივნისის შემდეგ მიღებულ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებებზე.

5. მონაწილის მიუღებელი სარგებელი დაეკისრება დამსაქმებელს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ შესაბამის საანგარიშო პერიოდში მის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განსახორციელებლად ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის გამოვლენის დღისთვის მოქმედი წესით.

6. საპენსიო ფონდმა არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

7. 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილი/ჩადენილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელს მონაწილის მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა და მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის VI1 თავისა და 379 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტები და მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის VI1 თავი ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული კანონის 379 მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1861/1-VIმს-XIმპ