აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13-რს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 03/09/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 09/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010190030.51.060.016039
13-რს
03/09/2026
ვებგვერდი, 04/09/2026
010190030.51.060.016039
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

რეგლამენტი

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 25.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე“.

3. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომებს. საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს;

ე) ბრძანებით განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროს, აძლევს მას ცალკეულ დავალებას;“.

4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

1.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას იგი ბრძანებით ავალებს თავის მოადგილეს.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.“.

5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი

1. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით უმაღლესი საბჭოს წევრთაგან ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.

 2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ:

ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) ფრაქციას ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის დასახელების შესახებ წერილობით განცხადებას წარუდგენენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც საკითხი რეგლამენტით დადგენილი წესით შეაქვს უმაღლესი საბჭოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილმა კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, მისი წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან ახალი კანდიდატი ერთი კვირის ვადაში და იმართება ხელახალი კენჭისყრა. ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ორჯერ.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წერილობით მიმართოს უმაღლეს საბჭოს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

2. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას  რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების მიერ ინიციირების საფუძველზე იღებს უმაღლესი საბჭო უახლოეს პლენარულ სხდომაზე  სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის, გადაყენების, უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ირჩევს უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.“.

8. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით იქმნება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.“.

9. მე-19 მუხლის პირველის პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

10. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატს, რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს.“.

11. 58-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში მოწვევის აქტი არ გამოიცა, უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

12. 61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს პლენარულ სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე  ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს პლენარული სხდომა.“.

13. 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვარგარეთის ქვეყნებში უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ დელეგაციებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი მოადგილე ან უმაღლესი საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2026 წლის 9 სექტემბერს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია

 

 

3 სექტემბერი 2026 წ.

ქ. თბილისი

N13-რს