„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება

„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 34-53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 25/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016822
34-53
26/09/2024
ვებგვერდი, 02/05/2025
480610000.03.030.016822
„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას

შორის

მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის

შესახებ 


საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“), იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის საგზაო მოძრაობის შესახებ რეგულაციები და საგზაო ნიშნები შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის და საგზაო ნიშნების და ნიშნების შესახებ 1968 წლის 8 ნოემბერს ქ. ვენაში მიღებულ კონვენციასთან და რომ მათი მართვის მოწმობების სახეები და მათი აღების პირობები შედარებადია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების და საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

მხარეები ორმხრივად აღიარებენ მოქმედ მართვის მოწმობებს (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა), რომლებიც გაცემულია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში გამოსაყენებლად. მხარეები ასევე თანხმდებიან, მიანიჭონ მართვის მოწმობის მფლობელებს მათი გადაცვლის უფლება, იმ პირობით, რომ მათ გააჩნიათ  ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ორივე მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 2

ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელს უფლება აქვს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით მართოს მისი მართვის მოწმობის კატეგორიით ნებადართული სატრანსპორტო საშუალება, აღნიშნული ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 3

იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელს მიენიჭა ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ მხარის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და მას სურს მართოს სატრანსპორტო საშუალება მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში გაწერილ ვადაზე უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოები  მის მართვის მოწმობას (გარდა დროებითი, გამოსაცდელი და სხვა მსგავსი ტიპის მართვის მოწმობებისა) გადაცვლიან მეორე მხარის შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობაში, წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში მოცემული ეკვივალენტობის ცხრილის შესაბამისად.

 

მუხლი 4

მე-3 მუხლში აღნიშნული მართვის მოწმობების გადაცვლა ხორციელდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

გადაცვლის განმახორციელებელი მხარის კომპეტენტური ორგანოები მოითხოვენ სამედიცინო მოწმობას, რომელიც დაადასტურებს, რომ მართვის მოწმობის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისაღებია მართვის მოწმობაში მითითებულ კატეგორიის ან კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) ან სატრანსპორტო საშუალებათა კომბინაციის სამართავად.

 

მუხლი 5

1. ნებისმიერი მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ცვლის მართვის მოწმობას, შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი მართვის მოწმობის ოფიციალური თარგმანი ინგლისურ ენაზე. მართვის მოწმობის მოქმედების ვადის შემოწმების მიზნით, მართვის მოწმობის გაცვლის განმახორციელებელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი შესაბამისი ინფორმაცია მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსგან, ელექტრონული ფოსტის მისამართის  ან დიპლომატიური არხების გამოყენებით.

2. თუ ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოწმობა დაკარგულია ან მისი კატეგორია (კატეგორიები) ან სატრანსპორტო საშუალების ტიპი ვერ განისაზღვრა, ის შეიძლება შეიცვალოს მეორე მხარის მოწმობით, თუ წარდგენილ იქნება გამცემი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (უფლებამოსილების დამადასტურებელი წერილი) ან მტკიცებულება.

3. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემების დამუშავება ნებადართულია მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისთვის.

მუხლი 6

წინამდებარე შეთანხმება არ ათავისუფლებს მართვის მოწმობის გაცვლის მსურველ პირს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ფორმალობების დაცვის ვალდებულებისაგან, მათ შორის, განცხადების, ჯანმრთელობის ცნობის, შესაბამისი მხარის ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარდგენისა და კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.

მუხლი 7

მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ უარი განაცხადონ მართვის მოწმობის გადაცვლაზე, თუ არსებობს მათი სახელმწიფოების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები/მოთხოვნები, მათ შორის, ისეთი ვითარება, როდესაც პირს მართვის უფლება შეუჩერდა ან როდესაც მას ჩამოერთვა მართვის მოწმობა.

 

მუხლი 8

მართვის მოწმობის გადაცვლისას, გაცვლის განმახორციელებელი მხარის კომპეტენტური ორგანო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს. გადაცვლილი მართვის მოწმობა უბრუნდება კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც იგი გასცა, ამ შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული საკონტაქტო ორგანოს მეშვეობით. ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე განიხილონ გაცვლილი მართვის მოწმობის განადგურების შესაძლებლობა, მათი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9

1. მხარეთა კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე, არიან შემდეგი:

საქართველოს მთავრობისთვის:

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

მისამართი:  თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ, რუსთავი;

ტელ.: +995 (032) 2 41 91 91;

ელ. ფოსტა: chancellary@sa.gov.ge ;

ვებ-გვერდი: https://sa.gov.ge/.

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობისთვის:

ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტრო (MIT)/საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების დირექტორატი (საკანონმდებლო საკითხები და ხელშემკვრელ მხარეთა შორის მეკავშირე უწყება) და რეგიონების ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის რეგიონული ერთეულების სამსახური (გადაცვლის პროცედურები)

ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის სამინისტროს/საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების დირექტორატის (ეროვნული საკონტაქტო ორგანო) მისამართი: 2 Anastaseos st & Tsigante st, 156 69 Papagou, Attica

ტელ: +30 210 6508482, 8492, 8883, 8168;

ელ. ფოსტა: dok@yme.gov.gr;

ვებ-გვერდი: https://www.yme.gr/

2. მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხების მეშვეობით აცნობებენ კომპეტენტურ ორგანოებთან ან მათ საკონტაქტო დეტალებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

მუხლი 10

მხარეები დიპლომატიური არხებით გაცვლიან მართვის მოწმობების ნიმუშებს. მიმოქცევაში მყოფი ორივე მხარის მართვის მოწმობების ყველა მოდელის სია მოცემულია წინამდებარე შეთანხმების დანართ 2-ში. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს მართვის მოწმობის მოდელში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 11

წინამდებარე შეთანხმების მოქმედების სფერო არ მოიცავს მართვის მოწმობებს, რომლებიც გაცემულია ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლის მიზნით, გარდა თავად მხარე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი სახელმწიფოებისა.

მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმებაში ცვლილებები შესაძლებელია შევიდეს ორივე მხარის წერილობითი თანხმობით. ასეთი ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 13

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მეგობრულად, დიპლომატიური არხების მეშვეობით მხარეებს შორის ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე.

 

მუხლი 14

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო შეტყობინების თარიღიდან, რომლითაც, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მხარეები ერთმანეთს წერილობით აცნობებენ მისი ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შესახებ.

2. წინამდებარე შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ნებისმიერ დროს, დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას წყვეტს ამგვარი შეტყობინების მიღების დღიდან სამი (3) თვის შემდეგ.

შესრულებულია ათენში, 2024 წლის 26 სექტემბერს, 2 (ორ) დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრი

ქრისტოს სტაიკურასი

საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი