დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 480 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024875 |
|
| მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − გაზომვის საშუალებების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი). |
| მუხლი 2 |
სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). |
| მუხლი 4 |
1. სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს საქართველოს ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებების შესაბამისობა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები გაზომვის საშუალებების შესაბამისობაში მოსაყვანად.
2. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები. |
| მუხლი 5 |
1. სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.
2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. 4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს მიიჩნევა, რომ ასევე აკმაყოფილებს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც დასტურდება ამავე ქვეყნებში შესაბამისობის შეფასებისთვის დადგენილი წესით, მათ შორის, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. |
| მუხლი 7 |
1. დადგენილება, გარდა დადგენილების მე-3, მე-4 მუხლებისა და ამ მუხლისა, ამოქმედდეს 2028 წლის 1 დეკემბრიდან.
2. დადგენილების მე-3, მე-4 მუხლები და ეს მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. დადგენილების მე-4 მუხლი ძალაშია 2028 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. |
|
ტექნიკური რეგლამენტი − გაზომვის საშუალებების შესახებ
|
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების დაპროექტებისა და წარმოების მოთხოვნებს საზოგადოებრივი ინტერესის, მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, წესრიგისა და გარემოს დაცვის, გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესების და სამართლიანი ვაჭრობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შემდეგ გაზომვის საშუალებებზე: ა) წყლის ხარჯმზომები; ბ) გაზის (აირის) მრიცხველები; გ) ელექტროენერგიის მრიცხველები; დ) თერმული ენერგიის მრიცხველები; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისათვის (სისტემებისათვის), რომლებიც გამოიყენება სითხეებისათვის წყლის გარდა; ვ) ავტომატური აწონის საშუალებები (ავტომატური სასწორები); ზ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომები (მატერიალური საზომები); თ) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირის ანალიზატორები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გაზომვის საშუალება – ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი მოწყობილობა ან სისტემა გაზომვის ფუნქციით; ბ) შემადგენელი ნაწილი – ნებისმიერი მატერიალური მოწყობილობა, რომელიც ასეთად მოხსენიებულია გაზომვის საშუალებების სპეციფიკურ დანართებში, რომელიც ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და ქმნის გაზომვის საშუალებას სხვა შემადგენელ ნაწილებთან ერთად, რომლებთანაც ის არის თავსებადი ან გაზომვის საშუალებასთან ერთად, რომელთანაც ის არის თავსებადი; გ) ნოტიფიცირებული ორგანო – კანონმდებლობით უფლებამოსილი ან შესაბამისი ფორმით აკრედიტირებული ორგანო, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ (ან სხვა ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირთან გააჩნია სპეციფიკური შეთანხმება) მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს პროდუქტის ევროკავშირის ჰარმონიზებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მისი ბაზარზე განთავსებამდე. ნოტიფიცირებული ორგანოების ჩამონათვალს აქვეყნებს ევროკომისია; დ) ნორმატიული დოკუმენტი – საკანონმდებლო მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ტექნიკური სპეციფიკაციების შემცველი დოკუმენტი; ე) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – გაზომვის საშუალების ნებისმიერი მიწოდება დისტრიბუციისათვის ან მოხმარებისათვის კომერციული აქტივობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ; ვ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, გაზომვის საშუალების ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ზ) ბაზრიდან გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია გაზომვის საშუალების დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის; თ) ბაზრიდან ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია გაზომვის საშუალების დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ; ი) მწარმოებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს გაზომვის საშუალებას და საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ახდენს მის რეალიზებას; კ) ავტორიზებული წარმომადგენელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მწარმოებლის მიერ წერილობით ავტორიზებულია მწარმოებლის მიერ, მისი სახელით ან/და სავაჭრო ნიშნით განახორციელოს სათანადო ფუნქციები; ლ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განათავსებს სხვა ქვეყანაში წამოებულ გაზომვის საშუალებას; მ) დისტრიბუტორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი მიწოდების ჯაჭვში (გარდა მწარმოებლისა და იმპორტიორისა), რომელიც უზრუნველყოფს გაზომვის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობას; ნ) ეკონომიკური ოპერატორი – მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი; ო) ტექნიკური სპეციფიკაცია − დოკუმენტი, რომელი შეიცავს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გაზომვის საშუალება. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები. მუხლი 3. გავრცელება შემადგენელ ნაწილებზე 1. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართები ადგენს ძირითად მოთხოვნებს შემადგენელი ნაწილებისადმი, ეს რეგლამენტი ასეთ შემადგენელ ნაწილებზე ვრცელდება აუცილებელი ცვლილებების გათვალისწინებით. 2. შესაბამისობის დადგენის მიზნით შემადგენელი ნაწილები და გაზომვის საშუალებები შეიძლება, შეფასდეს დამოუკიდებლად და ცალ-ცალკე. მუხლი 4. ძირითადი მოთხოვნები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-9 პუნქტში ან გაზომვის საშუალების შესაბამის სპეციფიკურ დანართებში მითითებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. მუხლი 5. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებები ბაზარზე განთავსებისას უნდა აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. გაზომვის საშუალებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, არ დაიშვება ბაზარზე. 3. გაზომვის საშუალებამ უნდა დააკმაყოფილოს ექსპლუატაციაში გაშვების მარეგულირებელი ისეთი დებულებები, რომლებიც განპირობებულია ადგილობრივი კლიმატური პირობებით. ასეთ შემთხვევაში, უნდა აირჩეს I დანართის პირველი ცხრილიდან ტემპერატურის შესაბამისი ზედა და ქვედა ზღვრები და შესაძლებელია დადგინდეს ტენიანობის პირობები (კონდენსირებადი ან არა-კონდენსირებადი), ასევე გამოყენების მიზნობრივი ადგილმდებარეობა – დახურული ან ღია სივრცე. 4. თუ გაზომვის საშუალებისათვის სხვადასხვა სიზუსტის კლასებია განსაზღვრული: ა) გაზომვის საშუალებების სპეციფიკურ დანართებში, სათაურის „ექსპლუატაციაში გაშვება“ ქვეშ, შეიძლება მითითებული იყოს სიზუსტის კლასები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული სპეციფიკური დანიშნულებებისთვის; ბ) ყველა სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განსაზღვრული კლასების ფარგლებში, დადგინდეს სიზუსტის კლასები სპეციფიკური დანიშნულებებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სიზუსტის კლასის გამოყენების დაშვების პირობით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის შესაძლებელია უფრო უკეთესი სიზუსტის კლასის გაზომვის საშუალების გამოყენება, თუკი მფლობელი ასე გადაწყვეტს. 6. ბაზრობებზე, გამოფენებზე ან მსგავს ღონისძიებებზე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ისეთი გაზომვის საშუალებები, რომელიც არ არის ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი, იმ პირობით, რომ ვიზუალური ნიშანი მკაფიოდ უჩვენებს მათ შეუსაბამობას და ბაზარზე ხელმისაწვდომობის და/ან ექსპლუატაციაში გაშვების შეუძლებლობას, სანამ ისინი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი. მუხლი 6. მწარმოებლის ვალდებულებები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისას მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი დაპროექტებული და წარმოებულია ამ რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილი ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად. 2. მწარმოებელმა უნდა შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვლისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა ან უზრუნველყოს, რომ პროცედურა განხორციელებულ იქნა. თუ შესაბამისობის შეფასების პროცედურით დადასტურებულია გაზომვის საშუალებების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის სათანადო მოთხოვნებთან, მწარმოებელმა უნდა შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, დაიტანოს ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება ასეთის საჭიროების შემთხვევაში. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაზომვის საშუალებების ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის დეკლარაცია მწარმოებელმა უნდა შეინახოს გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 4. მწარმოებელი ვალდებულია, სერიული წარმოებისას დანერგოს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა გაზომვის საშუალება აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მწარმოებელმა უნდა გაითვალისწინოს გაზომვის საშუალებების პროექტის ან მახასიათებლების ცვლილებები, ასევე იმ სტანდარტების ან სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ცვლილებები, რომელთა გათვალისწინებითაც შედგა შესაბამისობის დეკლარაცია. 5. საჭიროების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გაზომვის საშუალებების რისკებთან მიმართებით, მწარმოებელმა უნდა განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების ნიმუშების გამოცდა, გამოკვლევა და შეუსაბამო გაზომვის საშუალებების ამოღება, ასეთ შემთხვევაში, მწარმოებელი ვალდებულია აწარმოოს საჩივრებისა და ამოღებული გაზომვის საშუალებების რეესტრი. ამგვარი შეუსაბამობის შესახებ უნდა ეცნობოს დისტრიბუტორებს. 6. მწარმოებელი ვალდებულია, იდენტიფიცირების მიზნით, გაზომვის საშუალებებზე უზურნველყოს შესაბამისი ტიპის, პარტიის ან სერიული ნომრების ან სხვა ელემენტების დატანა, რაც იძლევა მათი იდენტიფიკაციის საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება გაზომვის საშუალებების ზომის ან თავისებურების გამო, მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჭირო ინფორმაცია მოცემული იყოს თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად. 7. მწარმოებელი ვალდებულია, გაზომვის საშუალებაზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად. მისამართი უნდა შეიცავდეს ერთ საკონტაქტო მისამართს, რომელზეც შესაძლებელი იქნება მწარმოებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. 8. მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ ბაზარზე განთავსებულ გაზომვის საშუალებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ამ რეგლამენტის I დანართის 9.3 პუნქტის შესაბამისად ქართულ ენაზე. ამგვარი ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ისევე როგორც ნებისმიერი ეტიკეტი უნდა იყოს ცხადი, მკაფიო და გასაგები. 9. მწარმოებელი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს საფუძვიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული გაზომვის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან ბაზრიდან გამოთხოვა. გარდა ამისა, თუ გაზომვის საშუალება წარმოადგენს რისკს, მწარმოებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, სააგენტოს, კერძოდ შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 10. მწარმოებელი ვალდებულია, სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შევსებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. მწარმოებელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან ყველა იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც გატარებულ იქნა მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 7. ავტორიზებული წარმომადგენელი 1. მწარმოებელს შეუძლია, წერილობითი მანდატის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი, გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებებისა. 2. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები. უფლებამოსილება ავტორიზებულ წარმომადგენელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, განახორციელოს არანაკლებ შემდეგი ფუნქციები: ა) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში; ბ) სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს, გაზომვის საშუალების შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია; გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს სააგენტოსთან, გაზომვის საშუალებებით წარმოქმნილი რისკების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილი წარმომადგენლის მანდატის ფარგლებში. მუხლი 8. იმპორტიორის ვალდებულებები 1. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისი გაზომვის საშუალებები. 2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე და/ან ექსპლუატაციაში გაშვებამდე იმპორტიორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების სათანადო პროცედურა. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებლის მიერ შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, გაზომვის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება და თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი და საჭირო დოკუმენტაცია და რომ მწარმოებელმა დააკმაყოფილა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 3. თუ იმპორტიორი მიიჩნევს ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის I დანართით ან გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია გაზომვის საშუალება არ განათავსოს ბაზარზე, სანამ გაზომვის საშუალება არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 4. იმპორტიორმა გაზომვის საშუალებაზე უნდა დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, რომელზეც შესაძლებელი იქნება მასთან დაკავშირება, ხოლო თუ აღნიშნული შეუძლებელია, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაში და მის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის I დანართის 9.2 პუნქტის შესაბამისად. საკონტაქტო ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 5. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გაზომვის საშუალებას თან ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ამ რეგლამენტის I დანართის 9.3 პუნქტის შესაბამისად ქართულ ენაზე. 6. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ გაზომვის საშუალების მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის მის შესაბამისობას ამ რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებთან. 7. საჭიროების შემთხვევაში, იმპორტიორმა, გაზომვის საშუალებების ფუნქციონირებასთან მიმართებით, უნდა განახორციელოს ბაზარზე ხელმისაწვდომი გაზომვის საშუალებების ნიმუშების გამოცდა, საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, ასევე შეუსაბამო და ამოღებული გაზომვის საშუალებების რეესტრი და ამგვარი მონიტორინგის შესახებ აცნობოს დისტრიბუტორებს. 8. იმპორტიორი, რომელიც მიიჩნევს, ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული გაზომვის საშუალების შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს გაზომვის საშუალების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია შეუსაბამობისა და გატარებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 9. იმპორტიორი ვალდებულია, გაზომვის საშუალებების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად და უზრუნველყოს, მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაცია მიაწოდოს ამ ორგანოს. 10. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ქართულ ენაზე ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია გაზომვის საშუალების ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად. იმპორტიორი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 9. დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. გაზომვის საშუალების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას და/ან ექსპლუატაციაში გაშვებისას დისტრიბუტორი ვალდებულია სათანადო დაიცვას ამ რეგლამენტის მოთხოვნები. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე დისტრიბუტორი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გაზომვის საშუალებაზე დატანილია ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება, თანახლავს – შესაბამისობის დეკლარაცია, ამ რეგლამენტის I დანართის 9.3 პუნქტის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაციისა და ინსტრუქციების სახით, ქართულ ენაზე და რომ მწარმოებლის და იმპორტიორის მიერ შესრულებულია ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 3. თუ დისტრიბუტორი თვლის ან გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ რეგლამენტის I დანართის და გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს გაზომვის საშუალება ბაზარზე, სანამ იგი არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში. ამასთანავე, თუ გაზომვის საშუალება წარმოადგენს რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. 4. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ ყოფნის პერიოდში, გაზომვის საშუალებების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები საფრთხეს არ შეუქმნის გაზომვის საშუალებების ამ რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას. 5. დისტრიბუტორი, რომელიც თვლის ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული გაზომვის საშუალება არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა, გაზომვის საშუალებების შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება რისკის შემცველია, დისტრიბუტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია შეუსაბამობისა და განხორციელებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ზომების შესახებ. 6. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით ქართულ ენაზე მიაწოდოს ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია გაზომვის საშუალების შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ იქნა მათ მიერ ბაზარზე განთავსებული გაზომვის საშუალებებისგან წარმოშობილი რისკების თავიდან ასარიდებლად. მუხლი 10. იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებზე მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელების შემთხვევები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, იმპორტიორი ან დისტრიბუტორი უნდა ჩაითვალოს მწარმოებლად და მასზე უნდა გავრცელდეს მე-6 მუხლით განსაზღვრული მწარმოებლის ვალდებულებები, როდესაც იგი გაზომვის საშუალებას ბაზარზე განათავსებს თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან განახორციელებს ბაზარზე უკვე განთავსებული გაზომვის საშუალების იმგვარ გადაკეთებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მუხლი 11. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიცირება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებებისათვის ეკონომიკურმა ოპერატორებმა, მოთხოვნის შემთხვევაში, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მას მიაწოდა გაზომვის საშუალებები; ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა გაზომვის საშუალებები. 2. ეკონომიკურ ოპერატორი ვალდებულია, უზურნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის წარდგენა 10 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მიაწოდეს ან მის მიერ მიწოდებულ იქნა გაზომვის საშუალებები. მუხლი 12. გაზომვის საშუალებების შესაბამისობის პრეზუმფცია 1. გაზომვის საშუალება, რომელიც შესაბამისობაშია სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესრულების მიზნებისთვის გამოქვეყნებულ სტანდარტებთან ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალების შესაბამის სპეციფიურ დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები. 2. გაზომვის საშუალებები, რომლებიც შესაბამისაობაშია იმ ნორმატიული დოკუმენტების ნაწილებთან, რომელთა ჩამონათვალიც გამოქვეყნებულია, უნდა ჩაითვალოს ამ რეგლამენტის I დანართში და გაზომვის საშუალების შესაბამის სპეციფიკურ დანართებში მოცემულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისად, რომლებიც ნორმატიული დოკუმენტების ამ ნაწილებით არის დაფარული. 3. მწარმოებელს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალების შესაბამისი სპეციფიური დანართებით დადგენილ ძირითად მოთხოვნებს. გარდა ამისა, შესაბამისობის პრეზუმფციით სარგებლობისათვის მწარმოებელმა სწორად უნდა გამოიყენოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ სტანდარტებში ან ნორმატიულ დოკუმენტებში ხსენებული გადაწყვეტილებები. 4. ივარაუდება მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ხსენებულ სათანადო ტესტებთან შესაბამისობა, თუ შესაბამისი ტესტირების პროგრამა შესრულებულია ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში ხსენებული დოკუმენტების თანახმად და თუ ტესტირების შედეგები უზრუნველყოფს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობას. მუხლი 13. შესაბამისობის შეფასების პროცედურები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება, მიღწეულ იქნეს მწარმოებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შეფასების ერთ-ერთი პროცედურის გამოყენებით. 2. შესაბამისობის შეფასების პროცედურების თაობაზე ჩანაწერები და კორესპონდენცია უნდა იქნეს შედგენილი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე. მუხლი 14. ტექნიკური დოკუმენტაცია 1. გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია გარკვევით უნდა ასახავდეს მის დაპროექტებას, წარმოებას და ექსპლუატაციას, საშუალებას უნდა იძლეოდეს შეფასდეს გაზომვის საშუალების შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. 2. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისად დეტალური შემდეგ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად: ა) მეტროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა; ბ) წარმოებული გაზომვის საშუალების მეტროლოგიური ფუნქციონირების აღწარმოება, იმ შემთხვევაში, როდესაც გაზომვის საშუალება სათანადოდ დარეგულირებულია შესაბამისი განკუთვნილი საშუალებების გამოყენებით; გ) გაზომვის საშუალების მთლიანობა. 3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას იმ მოცულობით, რაც საჭიროა შეფასებისთვის და ტიპის და/ან გაზომვის საშუალების იდენტიფიცირებისთვის: ა) გაზომვის საშუალების ზოგადი აღწერა; ბ) კომპონენტების, შემადგენელი ნაწილების, სქემების და ა.შ. კონცეპტუალური პროექტები და წარმოების ნახაზები და გეგმები; გ) საწარმოო პროცედურები თანმიმდევრული წარმოების უზრუნველსაყოფად; დ) საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული მოწყობილობების აღწერა ნახაზებით, დიაგრამებით, ლოგიკური ბლოკ სქემით და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი ინფორმაციით, რომელიც აღწერს მათ მახასიათებლებსა და ფუნქციონირებას; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების უკეთ გასაგებად აუცილებელი აღწერები და განმარტებები, გაზომვის საშუალების ფუნქციონირების ჩათვლით; ვ) ამ რეგლამენტის მე-12 მუხლის შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული, სტანდარტების და/ან ნორმატიული დოკუმენტების ნუსხა; ზ) ძირითადი მოთხოვნების შესრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების აღწერები, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ რეგლამენტის მე-12 მუხლში მითითებული სტანდარტები და/ან ნორმატიული დოკუმენტები არ არის გამოყენებული, გამოყენებული სხვა სათანადო ტექნიკური სპეციფიკაციების ნუსხის ჩათვლით; თ) საპროექტო გათვლების, გამოცდების შედეგები და ა. შ.; ი) საჭიროების შემთხვევაში, სათანადო გამოცდის შედეგები, იმის საჩვენებლად, რომ ტიპი და/ან გაზომვის საშუალება შესაბამისობაშია:
კ) ტიპის (ნიმუშის) გამოცდის სერტიფიკატები ან პროექტის გამოცდის სერტიფიკატები, იმ გაზომვის საშუალებებთან მიმართებით, რომლებიც შედგება პროექტში მითითებული ნაწილების იდენტური ნაწილებისგან. 4. მწარმოებელმა უნდა დააზუსტოს, თუ სად იქნა დატანილი დამღები და ნიშანდებები. 5. საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელმა უნდა მიუთითოს ინტერფეისებისა და შემადგენელი ნაწილების თავსებადობის პირობების თაობაზე. მუხლი 15. შესაბამისობის დეკლარაცია 1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ შესრულებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართით და გაზომვის საშუალებების შესაბამისი სპეციფიკური დანართებით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები. 2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ამ რეგლამენტის XI დანართით გათვალისწინებული ფორმა, უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისი მოდულებით დადგენილ ელემენტებს და უნდა ექვემდებარებოდეს მუდმივ განახლებას. შესაბამისობის დეკლარაცია შედგენილი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე. 3. თუ გაზომვის საშუალებაზე ვრცელდება რამდენიმე ნორმატიული აქტი, ამ შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისობის დეკლარაცია ყველა ამ აქტის გათვალისწინებით. დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შესაბამისი აქტების იდენტიფიცირებას, მათი გამოქვეყნების მითითებების ჩათვლით. 4. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენით, მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას გაზომვის საშუალების შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან. მუხლი 16. ნიშანდება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გაზომვის საშუალებების მოცემულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობა დგინდება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის განსაზღვრულ გაზომვის საშუალებებზე მეტროლოგიური ნიშანდების დატანით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად. მეტროლოგიურ ნიშანდებასთან ერთად გაზომვის საშუალებაზე დაიტანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიშანდება ასეთის არსებობის შემთხვევაში ან CE ნიშანდება. მუხლი 17. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უნდა შედგებოდეს „M“ დიდი ასოსგან და მისი დატანის წლის ბოლო 2 ციფრისგან, რომლებიც ჩასმული უნდა იყოს მართკუთხედში. მუხლი 18. ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანის წესები და პირობები 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება გაზომვის საშუალებაზე ან მის ეტიკეტზე (შილდიკზე) დატანილ უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს შეფუთვაზე ან გაზომვის საშუალების თანმხლებ დოკუმენტაციაზე. 2. როდესაც გაზომვის საშუალება შედგება მოწყობილობათა ნაკრებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ შემადგენელ ნაწილებს, ოპერირებენ ერთად, მაშინ ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანა უნდა მოხდეს გაზომვის საშუალების ძირითად მოწყობილობაზე. 3. ნიშანდება და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილ უნდა იქნეს გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე. 4. ნიშანდების და დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდების დატანა გაზომვის საშუალებაზე შეიძლება მოხდეს მისი დამზადების პროცესში, თუ ეს დასაბუთებულია. 5. დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება უწყვეტად უნდა მოსდევდეს ნიშანდებას. 6. ნიშანდებას და დამატებით მეტროლოგიურ ნიშანდებას უწყვეტად უნდა მოჰყვებოდეს ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ი, რომლებიც ჩართული იყვნენ წარმოების კონტროლის ეტაპზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართის შესაბამისად. საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილ უნდა იქნეს უშუალოდ ამ ორგანოს მიერ ან მისი ინსტრუქციით, მწარმოებლის ან ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ. საიდენტიფიკაციო ნომერს/ნომრებს შესაძლოა, მოსდევდეს სხვა ნიშანი, რომელიც მიუთითებს სპეციალურ რისკს ან გამოყენებას. მუხლი 19. საწარმოს აკრედიტებული შიდა სტრუქტურა 1. იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ წესის დანართ II-ის მოდული A2-ით და მოდული C2-ით გათვალისწინებულ საკითხზე აკრედიტებული სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისობის შეფასებას, იურიდიული პირი, ახორციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სტრუქტურული ერთეულის საშუალებით (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული), რომელზეც გაიცემა აკრედიტაცია. 3. საწარმოს აკრედიტებული შიდა სტრუქტურული ერთეული უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა გააჩნდეს აკრედიტაცია შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) აკრედიტებული ორგანო და მისი პერსონალი უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი იურიდიული პირის შემადგენლობაში და ფლობდეს ანგარიშგების მეთოდის, რომელიც ადასტურებს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს წინაშე; გ) არ მონაწილეობს შესაფასებელი გაზომვის საშუალების დაპროექტების, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, ოპერირებისა და მოვლა-მომსახურების პროცესში. ამასთან, არ არის ჩართული ისეთ საქმიანობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი საქმიანობის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელებას; დ) შესაბამისობის შეფასებას ახორცილებს მხოლოდ იმ იურიდიული პირისთვის, რომლის სტრუქტურულ ერთეულსაც ის წარმოადგენს. მუხლი 20. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს ვალდებულებები 1. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან/და ნოტიფიცრებული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების პროცედურების შესაბამისად. 2. შესაბამისობის შეფასებება უნდა განხორციელდეს თანაზომიერად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე. შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ ან/და ნოტიფიცრებულმა ორგანომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს საწარმოს ზომა, სექტორი, რომელშიც ის ოპერირებს და მისი სტრუქტურა, განსახილველი საშუალების ტექნოლოგიური სირთულის დონე და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათი. ზემოაღნიშნულის განხორციელებისას ორგანო ვალდებულია დაიცვას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობისათვის მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი. 3. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან ნოტიფიცირებული ორგანო აღმოაჩენს, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის ან სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების შესარულებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნები არ არის დაკმაყოფილებული მწარმოებლის მიერ, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და არ უნდა გასცეს სერტიფიკატი. 4. თუ შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან ნოტიფიცრებული ორგანო, სერტიფიკატის გაცემის შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში აღმოაჩენს, რომ გაზომვის საშუალება აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების გატარება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი. 5. თუ მწარმოებლის მიერ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სერტიფიკატი. მუხლი 21. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები 1. სააგენტო ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროცესში ხელმძღვანელობს ამავე ტექნიკური რეგლამენტითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის პროცედურებით. 2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტით დაფარული გაზომვის საშუალება შეიცავს რისკს ადამიანის ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები და ამის შესახებ აცნობოს სათანადო შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს/პირს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს სააგენტოსთან. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, გაატაროს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა ყველა შესაბამისი გაზომვის საშუალების მიმართ, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე. მუხლი 22. შესაბამისობაში მყოფი გაზომვის საშუალებები, რომლებიც წარმოადგენს რისკს 1. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გატარებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდება, რომ გაზომვის საშუალება არის ამ რეგლამენტის შესაბამისი და მიუხედავად ამისა, წარმოადგენს რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის იგი ვალდებულია, მოსთხოვოს შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ყველა სათანადო ღონისძიების გატარება, რომ გაზომვის საშუალება ბაზარზე განთავსებისას აღარ წარმოადგენდეს რისკს, ან ამოიღებულ იქნეს ბაზრიდან ან მოხდეს მისი გამოითხოვა გონივრულ ვადაში, რისკის თანაზომიერად. 2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მაკორექტირებელი ღონისძიება განხორციელებული იყოს ყველა შესაბამის გაზომვის საშუალებასთან მიმართებით, რომელიც მან ხელმისაწვდომი გახადა ბაზარზე. მუხლი 23. დოკუმენტური შეუსაბამობა 1. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს არსებული შეუსაბამობების დასრულება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში: ა) ნიშანდება ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის დარღვევით; ბ) ნიშანდება ან დამატებითი მეტროლოგიური ნიშანდება არ არის დატანილი; გ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან/და ნოტიფიცირებული ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლის დარღვევით ან საერთოდ არ არის დატანილი; დ) გაზომვის საშუალებას არ ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია; ე) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ არის შედგენილი; ვ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულია; ზ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტში ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ არის, მცდარია ან არასრულია; თ) მე-6 მუხლით ან მე-8 მუხლით დადგენილი ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული მოთხოვნა არ არის შესრულებული. 2. თუ პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ იქნა გამოსწორებული აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, განახორცილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები