დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018454 |
|
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დადგინდეს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) შესარჩევი კონკურსის (შემდგომ – შესარჩევი კონკურსი) ჩატარების პირობებს.
მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის კანდიდატის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობის დადგენა და საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა.
მუხლი 3. რეგულირების სფერო ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა (შემდგომ – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) საქმიანობას დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.
მუხლი 4. დირექტორობის კანდიდატი დირექტორობის კანდიდატი არის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენილი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე.
თავი II. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა
მუხლი 5. რეგისტრაცია 1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატი რეგისტრირდება ელექტრონულად. რეგისტრაციისას დირექტორობის კანდიდატი უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა კომისიამ დირექტორობის კანდიდატად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადებს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში მართვის სისტემა აქვეყნებს მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობის შესახებ. მართვის სისტემის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.
მუხლი 6. დირექტორობის კანდიდატების შერჩევის ეტაპები 1. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატი გადის ორ ეტაპს: ტესტირებას და გასაუბრებას. 2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს მართვის სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. 3. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).
მუხლი 7. ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა 1. დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტირებასთან (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 2. ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა. 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადების მართვის სისტემისათვის დაუყოვნებლივ მიწოდებას. 4. მართვის სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.
მუხლი 8. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა 1. ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას. 2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები. 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. 4. საპრეტენზიო კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და ადგენს ოქმებს. მდივანი ასრულებს მხოლოდ სამდივნოს ფუნქციას, არ იღებს კომისიის მიერ საკითხების განხილვაში მონაწილეობას და არ გააჩნია ხმის უფლება. 5. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს, გარდა მდივნისა, აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე საპრეტენზიო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის ფორმით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 9. საპრეტენზიო კომისია: ა) განიხილავს და აფასებს ნამუშევრის პასუხის შინაარსსა და სისწორეს მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის კანდიდატისაგან; ბ) აფასებს ტესტური დავალების ან/და ტესტური დავალების პასუხ(ებ)ის სისწორეს, მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის კანდიდატისაგან; გ) განიხილავს პროცედურულ დარღვევასთან და ტესტირების პროცესში წარმოშობილ ტექნიკური გაუმართაობის გამო პრეტენზიებს; დ) უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც აუცილებელია საკითხის განხილვა/გადაწყვეტისათვის. 10. საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს: ა) თუ ის ზოგადი ხასიათისაა; ბ) საპრეტენზიო განაცხადი წარდგენილია დადგენილი ვადის დარღვევით. 11. საპრეტენზიო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) დირექტორობის კანდიდატისათვის ქულის ცვლილების შესახებ; ბ) დირექტორობის კანდიდატისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ; გ) დირექტორობის კანდიდატის მიმართ პროცედურული დარღვევის დადასტურებისას – დამატებით გამოცდაზე გაშვების თაობაზე.
მუხლი 9. დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევა და შედეგების გასაჩივრება 1. დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. 2. გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 3. გასაუბრების შედეგების საფუძველზე კომისია: ა) დირექტორობის კანდიდატს, მის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას მითითებულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს/საბჭოებს წარუდგენს ასარჩევად; ბ) დირექტორობის კანდიდატს, მის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას მითითებულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს/საბჭოებს არ წარუდგენს ასარჩევად. 4. შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცებამდე სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს: ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. 6. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. 7. დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას. 8. დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს; ბ) ფოტოსურათს; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას; ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ; ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს. 9. სამეურვეო საბჭო დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. 10. დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე. 11. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა. 13. სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
მუხლი 10. დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგი ამ წესის შესაბამისად, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.
თავი III. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების წარდგენის თავისებურება 1. ამ წესით გათვალისწინებულ მართვის სისტემის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია/კომისიები, რომლის/რომელთა შემადგენლობის 50% უნდა განისაზღვროს სამინისტროს თანამშრომლებით, ხოლო 50% – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებით. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარსადგენი დირექტორობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, გასაუბრება ტარდება ქალაქ ბათუმში. ობიექტური გარემოების არსებობისას, გასაუბრების ადგილის შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გასაუბრების განრიგი ქვეყნდება სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
თავი IV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 13. გარდამავალი დებულებები ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი. |
დოკუმენტის კომენტარები