დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3926-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040170280.05.001.102207 |
|
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ
|
თავი I. ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ამ კანონით დგინდება საკრედიტო რისკების ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის (შემდგომ − სეკიურიტიზაცია) ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები, სეკიურიტიზაციის ცნება და სეკიურიტიზაციის მხარეთა მიმართ მოთხოვნები. 2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − საქართველოში დაფუძნებულ ინიციატორზე) და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 3. ამ კანონის 21-ე, 23-ე და 24-ე მუხლებისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება იმავე ნორმებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) დაფუძნების ადგილის მიუხედავად. 4. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული არ არის. 5. არავის არ აქვს უფლება, თავის სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში გამოიყენოს ტერმინი „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის ამავე კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სეკიურიტიზაცია − გარიგება (გარიგებათა ერთობლიობა), რომელიც ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი სქემით ან მათი კომბინაციით: ა.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; ა.ბ) ხორციელდება საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის ტრანშირება (მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა სქემაში სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული) ისე, რომ სქემის ფარგლებში გადახდები დამოკიდებულია საბაზისო აქტივების ღირებულებაზე ან/და შემოსავლიანობაზე და ტრანშების სუბორდინაცია განსაზღვრავს სქემაში ზარალის განაწილებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც საბაზისო აქტივების შეძენით ან სხვაგვარად (მათ შორის, დერივატივის დადებით) იღებს საბაზისო აქტივებთან დაკავშირებულ საკრედიტო რისკს და ამ რისკის შეძენის დასაფინანსებლად უშვებს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებს, რომელთა ღირებულება ან/და შემოსავლიანობა აღნიშნულ რისკზეა დამოკიდებული; გ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირისთვის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეთავაზება; დ) კერძო შეთავაზება − სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ისეთი შეთავაზება, რომელიც არ არის საჯარო შეთავაზება; ე) საქართველოში დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული − სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულად მიიჩნევა აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდი, რომელსაც მართავს აქტივების მმართველი კომპანია; ვ) საქართველოში დაფუძნებული ინიციატორი − ინიციატორი, რომლის რეგისტრაციის ან მართვის ადგილი საქართველოშია; ზ) აქტივების მმართველი კომპანია − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია; თ) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი; ი) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო; კ) რესეკიურიტიზაცია − სეკიურიტიზაცია, რომლის საბაზისო აქტივებიდან ერთი მაინც არის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი; ლ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი; მ) ინიციატორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: მ.ა) თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა იურიდიული პირის ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით მონაწილეობდა თავდაპირველ შეთანხმებაში; მ.ბ) საკუთარი სახსრებით ყიდულობს მესამე პირის მოთხოვნებს და ახორციელებს მათ სეკიურიტიზაციას; ნ) თავდაპირველი შეთანხმება − შეთანხმება, რომლის საფუძველზედაც არსებული/პოტენციური მოვალის მიმართ წარმოიშობა არსებული/პოტენციური მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; ო) თავდაპირველი კრედიტორი − იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც თავად ან მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი იურიდიული პირის ან ორგანიზაციული წარმონაქმნის მეშვეობით დადო თავდაპირველი შეთანხმება; პ) ინვესტორი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის მეშვეობით; ჟ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი − ინსტრუმენტი (მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, სხვა ფინანსური ინსტრუმენტი, სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეული (პაი), სეკიურიტიზაციის კომპანიის წილი, სასესხო ვალდებულება), რომელსაც უშვებს ან/და იყენებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან ინიციატორი და რომლის მეშვეობითაც ინვესტორს უჭირავს სეკიურიტიზაციის რისკის პოზიცია. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი ხელშეკრულებაა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვებაზე აღნიშნული ხელშეკრულების დადებაზე მითითებად ჩაითვლება; რ) ინსტიტუციური ინვესტორი − ინვესტორი, რომელიც არის ერთ-ერთი შემდეგი პირი: რ.ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი; რ.ბ) „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული მიკრობანკი; რ.გ) „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; რ.დ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია; რ.ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ან რეგისტრირებული/ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი; რ.ვ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საბროკერო კომპანია; რ.ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; რ.თ) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის სახელით მოქმედი პირი; ს) სადამფუძნებლო დოკუმენტი − სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება ან სეკიურიტიზაციის ფონდის წესები; ტ) საბაზისო აქტივი − მოთხოვნა (მათ შორის, სამომავლო მოთხოვნა), რომელთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის სეკიურიტიზაციაც ხორციელდება; უ) კონტროლი − მშობელ საწარმოსა და შვილობილ საწარმოს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის მსგავსი ურთიერთობა. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ მიიჩნევა; ფ) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის კავშირი: ფ.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს ხმის უფლების 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით ფლობას; ფ.ბ) კონტროლის მეშვეობით; ფ.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით; ქ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად; ღ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები; ყ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი; შ) ტრანში − საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული, ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული საკრედიტო რისკის სეგმენტი, რომელში არსებული პოზიციაც შეიცავს უფრო მეტი ან ნაკლები საკრედიტო დანაკარგის რისკს სხვა სეგმენტში არსებულ იმავე სიდიდის პოზიციასთან შედარებით, პოზიციის მფლობელისთვის მესამე პირის მიერ პირდაპირ მინიჭებული საკრედიტო დაცვის გაუთვალისწინებლად; ჩ) გადახდისუუნარობა − მდგომარეობა, როდესაც: ჩ.ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივები (ვადიანობის მიუხედავად) ვეღარ ფარავს მისი მთლიანი ვალდებულებების (მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების) ჯამს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება აქტივებთან შედარებით ვალდებულებების მეტობა; ჩ.ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ან სეკიურიტიზაციის განყოფილება ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა; ც) პირი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ფონდი), რომელიც არ არის იურიდიული პირი; ძ) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. თავი II. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული მუხლი 3. ზოგადი დებულებები 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული შეიძლება დაფუძნდეს სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის ფორმით. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად. 3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებს. რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შემთხვევაში: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებიდან შეიძლება დაკმაყოფილდეს (მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ) მხოლოდ ამ განყოფილებასთან დაკავშირებული ინვესტორთა და კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა; ბ) აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთზე მეტ განყოფილებას უკავშირდება, უნდა გაიმიჯნოს და, შესაბამისად, ამ განყოფილებებს ცალ-ცალკე უნდა მიეკუთვნოს; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანისას, თუ გადასაწყვეტი საკითხი ეხება ექსკლუზიურად რომელიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებს/ვალდებულებებს, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ამ განყოფილების წილის/პაის მფლობელს (სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), აგრეთვე დამატებით − აღნიშნული განყოფილების კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს. 4. თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები ფასიანი ქაღალდებია, მათი შეთავაზება შეიძლება განხორციელდეს როგორც კერძო შეთავაზების, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზება დაუშვებელია. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება სხვა საქმიანობა, გარდა სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საქმიანობისა (მათ შორის, საბაზისო აქტივების შეძენა ან/და მათთან დაკავშირებული რისკების სხვაგვარად აღება, საბაზისო აქტივების მართვა და ადმინისტრირება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვება) და დამხმარე საქმიანობისა (მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ადმინისტრირების ან მხარდაჭერის მიზნით მომსახურების შეძენა). მუხლი 4. სეკიურიტიზაციის კომპანია 1. სეკიურიტიზაციის კომპანია იქმნება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ფორმით. 2. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა განსაზღვრავდეს ამ კომპანიის მიზანს და შეიცავდეს სეკიურიტიზაციის აღწერას (მათ შორის, რისკის აღებასა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს), აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − სეკიურიტიზაციის კომპანიისთვის გადაცემული საბაზისო აქტივების ადმინისტრირების წესებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სეკიურიტიზაციის კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის თანახმად, სადამფუძნებლო დოკუმენტში გარკვეული სახის ან სხვა ნებისმიერი ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება მიღებულია ხმათა შესაბამისი უმრავლესობით ან/და თუ ამ ცვლილებას დამატებით ეთანხმება რომელიმე კრედიტორი ან კრედიტორთა ჯგუფი. 4. სეკიურიტიზაციის კომპანიას უფლება აქვს, დანიშნოს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველ კომპანიას ენიჭება სეკიურიტიზაციის კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 5. სეკიურიტიზაციის კომპანიის რეორგანიზაცია აკრძალულია. მუხლი 5. სეკიურიტიზაციის ფონდი 1. სეკიურიტიზაციის ფონდი იქმნება სახელშეკრულებო სქემის სახით, რომელსაც მართავს და წარმოადგენს აქტივების მმართველი კომპანია. 2. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სეკიურიტიზაციის ფონდზე. 3. სეკიურიტიზაციის ფონდი ფუძნდება აქტივების მმართველი კომპანიის მიერ სეკიურიტიზაციის ფონდის წესების დამტკიცების საფუძველზე. სეკიურიტიზაციის ფონდის წესები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელწოდებას, მიზანსა და ხანგრძლივობას (შეზღუდული ან შეუზღუდავი); ბ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო ინფორმაციას; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის ადმინისტრირებისა და მართვის წესებს; დ) შესაბამის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის ფონდის განყოფილებების დაფუძნების შესაძლებლობას; ე) გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხდება ან შეიძლება მოხდეს სეკიურიტიზაციის ფონდის ან მისი განყოფილების ლიკვიდაცია; ვ) აქტივების მმართველი კომპანიის უფლებებისა და მოვალეობების აღწერას, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში − ინვესტორთა უფლებებისა და მოვალეობების აღწერას; ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას; თ) რისკების მიღებისა და სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვების წესებს; ი) სეკიურიტიზაციის ფონდის წესებში ცვლილების შეტანის პირობებსა და პროცედურას. 4. იგულისხმება, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების შეძენით ინვესტორი ავტომატურად ეთანხმება სეკიურიტიზაციის ფონდის წესებს. 5. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) ფლობა დასტურდება სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულის (პაის) მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ეს ერთეული (პაი), ამ რეესტრში დაცული მონაცემების შესაბამისად, ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული. სეკიურიტიზაციის ფონდის ერთეულების რეესტრის წარმოებისა და ფლობის მარეგულირებელ დამატებით წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომ − ეროვნული ბანკი). მუხლი 6. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია 1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მოქმედებდეს დამოუკიდებლად და მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი ინვესტორების სასარგებლოდ. აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის კუთვნილი აქტივები საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. 2. აქტივების მმართველი კომპანიისთვის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და ამ კანონის შესაბამისად, იმ პირობით, რომ სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში იგი სხვა აქტივების მმართველი კომპანიით ჩანაცვლდება; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან მის ინვესტორებს. თავი III. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინება. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია მუხლი 7. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკისთვის შეტყობინება 1. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ავტორიზებული არ არის და არც სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ საქმიანობის დაწყებამდე ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შეტყობინება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 2. თუ სეკიურიტიზაციას ახორციელებს ინიციატორი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშე, იგი ვალდებულია ამის თაობაზე წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. ინიციატორს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. მას არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებასა და განსახორციელებელი სეკიურიტიზაციის შინაარსს ეროვნული ბანკი იკვლევს მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტსა და ამ კანონის მე-19, 21-ე, 24-ე და 26-ე მუხლებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. 4. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, მან ავტორიზაცია უნდა მოიპოვოს. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვები ზღვრის გადაჭარბება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ბრალით არ არის გამოწვეული და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, რომელიც ავტორიზებული არ არის, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის ინვესტორის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის საფუძველზე. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება არ აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი აღნიშნული თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისების ან დაგირავების შედეგად გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს ან შეიძლება გადააჭარბოს ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გასხვისებისთვის ან დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორის) წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ სეკიურიტიზაციის ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არ აქვს. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი, რომლითაც განისაზღვრება მოთხოვნები ამ მუხლის შესაბამისად წარსადგენი შეტყობინებისა და ინფორმაციის მიმართ. მუხლი 8. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია 1. ამ კანონის საფუძველზე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული სავალდებულო ავტორიზაციას ექვემდებარება, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ახორციელებს საჯარო შეთავაზებას; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ჰყავს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სავალდებულო ავტორიზაციას არ ექვემდებარება, შესაძლებელია ავტორიზაცია ნებაყოფლობით მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან. 3. ავტორიზაციის მოსაპოვებლად განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი; ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; გ) ინფორმაცია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მომსახურე კომერციული ბანკისა და იმ აქტივების (ლიკვიდური აქტივების ან/და ფასიანი ქაღალდების) შესახებ, რომლებიც ამ კომერციულ ბანკში შეინახება; დ) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების (ფასიანი ქაღალდების) საჯარო შეთავაზების განაცხადი; ე) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ კარგ რეპუტაციას; ვ) თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის შესახებ ინფორმაცია; ზ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი არის სეკიურიტიზაციის კომპანია, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ასეთ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს სეკიურიტიზაციის კომპანიასა და აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება. 5. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ორგანიზაციული მოწყობა და რესურსები, რათა მან შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა და ეროვნულმა ბანკმა შეძლოს მისი ზედამხედველობა. 6. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანია უნდა იყოს ლიცენზირებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდური აქტივები და ფასიანი ქაღალდები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში უნდა იქნეს შენახული. 8. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, გარდა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზებისა, განახორციელოს სხვა/დამატებითი სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების კერძო შეთავაზება. 9. ეროვნული ბანკი სამართლებრივი აქტით ადგენს დამატებით მოთხოვნებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის საქმიანობის, აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ. მუხლი 9. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობაა 5 000 ლარი. 2. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის შესაბამისად. 4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 5. ავტორიზაციის მოსაკრებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. 6. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ავტორიზაციის მოსაკრებელი არ ბრუნდება. მუხლი 10. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციაზე უარის თქმა 1. ეროვნული ბანკი არ დააკმაყოფილებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) ავტორიზაციის შესახებ განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არსებობს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი; გ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, სეკიურიტიზაციის კომპანიასა ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირსა თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედებაც ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, შეიძლება შეაფერხოს ეროვნული ბანკის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად შესრულება; დ) არსებობს ავტორიზაციის შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძველი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის თაობაზე ან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. მუხლი 11. ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ცვლილება 1. ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ წინასწარ უნდა შეატყობინოს ეროვნულ ბანკს ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება ეხება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის პირობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ ეროვნული ბანკი შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ ეროვნული ბანკი წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. 3. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის ან მმართველი ორგანოს წევრის ცვლილება, აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების მმართველი კომპანიის ან სადამფუძნებლო დოკუმენტის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. 4. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. მუხლი 12. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი 1. ეროვნული ბანკი ვალდებულია შექმნას და აწარმოოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და ეროვნული ბანკის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს, მის თითოეულ განყოფილებას სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა მიენიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. 3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების რეესტრში უნდა აღინიშნოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი თითოეული განყოფილების (ასეთი განყოფილების არსებობის შემთხვევაში) საიდენტიფიკაციო მონაცემები, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სტატუსი (ავტორიზებული, არაავტორიზებული), ხოლო ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შემთხვევაში − აგრეთვე ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთი კომპანიის არსებობის შემთხვევაში) და მის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მის განყოფილებასთან დაკავშირებული რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაცია არ უნდა იქნეს განხილული ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ გამოშვებული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების ხარისხის შეფასებად ან დასტურად. თავი IV. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია მუხლი 13. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყება, ლიკვიდაციის მომწესრიგებელი ზოგადი დებულებები 1. ამ თავით წესრიგდება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2. ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის (გარდა რამდენიმე განყოფილებისგან შემდგარი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა) გადახდისუუნარობა; ბ) სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში − მისი დაშლის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის დებულებათა გათვალისწინებით; გ) სეკიურიტიზაციის ფონდის შემთხვევაში − პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით. 3. დასაშვებია ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი სხვა განყოფილების ლიკვიდაციის გარეშე, განცალკევებულად ლიკვიდაცია. სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციის დაწყების საფუძვლებია: ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების გადახდისუუნარობა; ბ) სეკიურიტიზაციის განყოფილების წილის/პაის მფლობელების ან სხვა უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ ეს გათვალისწინებულია სადამფუძნებლო დოკუმენტით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს შესაბამისი კრედიტორის მიმართვის საფუძველზე. გადახდისუუნარობის საფუძვლით სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების მიზნებისთვის გაითვალისწინება უშუალოდ ამ განყოფილების აქტივები და ვალდებულებები. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის/ სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციას იწყებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი აქტივების მმართველი კომპანიის მიმართვის საფუძველზე. 6. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან, იმ სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია, − სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული პირი. სეკიურიტიზაციის კომპანიის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი სარგებლობს იმავე უფლებებით და ეკისრება იგივე მოვალეობები, რომლებიც აქვთ მმართველი ორგანოს წევრებს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. 7. თუ ლიკვიდაციის პროცესში ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ლიკვიდატორი თავის მიერ დანიშნული ლიკვიდატორით ჩაანაცვლოს. 8. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების საფუძველია გადახდისუუნარობა ან, სეკიურიტიზაციის კომპანიის შემთხვევაში, − სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. 9. ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ ლიკვიდატორზე გადადის ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან დაკავშირებით სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი აქტივების მმართველი კომპანიის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება. 10. ლიკვიდაციის დაწყებისთანავე წყდება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება. 11. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. 12. „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები არ ვრცელდება ავტორიზებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე (მათ შორის, მის განყოფილებაზე). ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით ადგენს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელ დამატებით წესებს. 13. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე ან მის განყოფილებაზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 14. ამ კანონის მე-14−მე-17 მუხლებით დადგენილი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება აგრეთვე ავტორიზებული სეკიურიტიზაციის განყოფილების განცალკევებულად ლიკვიდაციაზე. 15. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებისა) მოქმედება არ ვრცელდება არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის წარმოებაზე. არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაცია და გადახდისუუნარობა ამ კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების გათვალისწინებით წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონებით. მუხლი 14. ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებისა და ლიკვიდატორის ეროვნული ბანკის მიერ დანიშვნის შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, რომელიც ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ეს განცხადება პირველად გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში მეორედ უნდა გამოქვეყნდეს. კრედიტორებმა ლიკვიდატორს ამ განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით. 3. ლიკვიდატორი უფლებამოსილია განახორციელოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციისთვის, მისი აქტივების განკარგვისა და ინვესტორთა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ქმედებები. ლიკვიდატორი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა მოქმედებდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ინვესტორთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. 4. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებების გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები არ იცვლება. 5. ქონების შემძენის (მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების) საკუთრებაში გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება. 6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდაციის დაწყებამდე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სახელით განხორციელებული შემდეგი ქმედებები და მოითხოვოს მათი ბათილობა: ა) ქმედება, რომლის მიზანია სალიკვიდაციო მასის შემცირება, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ქონების ან მისი ნაწილის განკარგვა ან გადამალვა ლიკვიდაციისას კრედიტორებისთვის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის; ბ) ქონების უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გადაცემა, რაც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყებამდე განხორციელდა და რისი შედეგიცაა სალიკვიდაციო მასის მოცულობის/ღირებულების შემცირება; გ) ქმედება, რომელიც კრედიტორს ისეთ უპირატესობას ანიჭებს, რომელიც მას ამ ქმედების გარეშე არ ექნებოდა, მათ შორის, ისეთი კრედიტორული მოთხოვნის შესრულება, რომლის შესრულების ვადაც არ დამდგარა, კრედიტორული მოთხოვნის უზრუნველყოფა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ძირითადი სავალო ხელშეკრულების დადებისას გათვალისწინებული იყო. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი განხორციელდა ლიკვიდაციის დაწყებამდე 1 წლის განმავლობაში, ხოლო თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან ან მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული პირია − 2 წლის განმავლობაში. ქმედება, რომელიც სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ კრედიტორებისთვის ზიანის მისაყენებლად განახორციელა, შეიძლება სადავო გახდეს, თუ იგი ლიკვიდაციის დაწყებამდე 3 წლის განმავლობაში განხორციელდა. მუხლი 15. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა 1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ლიკვიდაციის დაწყებიდან 1 წლის ვადაში. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ლიკვიდაციისთვის დადგენილი ვადა ლიკვიდატორის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს ერთჯერადად, არაუმეტეს დამატებით 1 წლისა, თუ ეს ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად და ინვესტორთა ინტერესების დასაცავად აუცილებელია. მუხლი 16. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება 1. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივები კრედიტორებსა და სხვა პირებზე გაანაწილოს ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ამასთანავე, იმ პირებს შორის ურთიერთობაში, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად აქტივების განაწილების სპეციალური წესი, აქტივების განაწილებისას უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ დებულებებს. 2. თითოეული უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის საგნიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა ან მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ვერ დაკმაყოფილდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისი ოდენობის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება) დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, აგრეთვე სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის დაწყების შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებები; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები (მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნები). 3. თუ არსებული აქტივები ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად, ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებული აქტივები წინა რიგის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისია და ამით წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი აქტივები განაწილდება წილის/პაის მფლობელებზე მათი წილის/პაის პროპორციულად. 5. იმ კრედიტორისთვის განკუთვნილ თანხას, რომლის არსებობის თაობაზედაც ლიკვიდატორისთვის ცნობილია და რომელმაც დადგენილ ვადაში არ წარადგინა დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავისი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლის მითითებით, ლიკვიდატორი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსებს. ამ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე−441-ე მუხლების დებულებები. მუხლი 17. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშების წარდგენა 1. ლიკვიდატორი ვალდებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში. 2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების მიღების შემდეგ გამოსცემს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. სეკიურიტიზაციის კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ეროვნული ბანკი სეკიურიტიზაციის კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. თავი V. სეკიურიტიზებული რისკები მუხლი 18. საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა 1. საბაზისო აქტივებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე საბაზისო აქტივების გასხვისებით (ტრადიციული სეკიურიტიზაცია); ბ) საკრედიტო დერივატივის დადებით, გარანტიის გაცემით ან სხვაგვარად, ისე, რომ საბაზისო აქტივები ინიციატორის საკუთრებაში დარჩეს (სინთეტიკური სეკიურიტიზაცია). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სეკიურიტიზაცია შეიძლება განხორციელდეს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მონაწილეობის გარეშეც, საკრედიტო რისკის ინვესტორისთვის (ინვესტორებისთვის) უშუალოდ გადაცემით. 3. ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სეკიურიტიზაცია არ ჩაითვლება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობად. 4. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, შეიძინოს ან ამ კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის პირობების დაცვით მესამე პირს დაუთმოს არსებული ან სამომავლო მოთხოვნა ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის ფარგლებში ან უწყვეტად. 5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, არსებული მოთხოვნის (მათ შორის, წარმოშობილი, მაგრამ ვადამოუსვლელი მოთხოვნის) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 6. სამომავლო მოთხოვნა, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის წარმოშობილი არ არის, მაგრამ შეიძლება მომავალში წარმოიშვას, ასევე დათმობილი უნდა იქნეს, თუ მისი წარმოშობის ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა მომენტში შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება. 7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სამომავლო მოთხოვნის დათმობა პირობითია და დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, თუმცა, როდესაც მოთხოვნა წარმოიშობა, მისი დათმობა ხელშეკრულების მხარეთა შორის და მესამე პირის მიმართ ძალაში შედის მოთხოვნის დათმობის თაობაზე მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ეს წესი მოქმედებს აგრეთვე მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების დადებასა და მოთხოვნის წარმოშობას შორის პერიოდში ინიციატორის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში. 8. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. ეს ხელშეკრულება ან მასზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დამოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ფორმის მიმართ დამატებითი მოთხოვნების დაწესება დაუშვებელია. 9. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ხელშეკრულების მხარე (მხარეები) არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა (მოქმედებდნენ) ან კრედიტორთა ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით განზრახ ანიჭებდა (ანიჭებდნენ) უპირატესობას, ამ კანონის შესაბამისად დადებული საბაზისო აქტივის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არის ნამდვილი და საბოლოო და აღსრულებადი როგორც მხარეთა მიერ, ისე მესამე პირის მიმართ, ამასთანავე: ა) ხელშეკრულების მხარეს ან სხვა პირს არ შეუძლია ცალმხრივად რაიმე მიზეზით მის მიმართ შეცილება, მისი გაბათილება, შეწყვეტა, მოშლა, ხელშეკრულებიდან გასვლა ან მასში ცვლილების შეტანა. ასევე არ შეიძლება ეს ხელშეკრულება სადავო გახადოს ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის ლიკვიდატორმა, დროებითმა ადმინისტრატორმა, სპეციალურმა მმართველმა, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა მმართველმა/ზედამხედველმა ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერმა სხვა პირმა; ბ) ინიციატორის/თავდაპირველი კრედიტორის კრედიტორებს არ აქვთ უფლება გადაცემულ საბაზისო აქტივებზე. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად მოქმედებად ჩაითვლება, მათ შორის, ხელშეკრულების დადება იძულებით, მოტყუებით, მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 11. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის დათმობილი მოთხოვნა ხდება მისი საკუთრება მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, მიუხედავად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში), რომელიც ითვალისწინებს სამომავლოდ ინიციატორისთვის აღნიშნული მოთხოვნის ხელახლა დათმობას. ასეთი ვალდებულების არსებობის გამო მოთხოვნის დათმობის თაობაზე ხელშეკრულების მოჩვენებით ან თვალთმაქცურ ხელშეკრულებად მიჩნევა დაუშვებელია. 12. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობის ნამდვილობისთვის მოვალის წინასწარი თანხმობა არ მოითხოვება, თუ მოვალესა და ინიციატორს/თავდაპირველ კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 269-ე და 295-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მოთხოვნის დათმობასთან ერთად სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულზე გადადის მოთხოვნის როგორც სანივთო, ისე ვალდებულებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებები, გარანტიები და სხვა უფლებები. მუხლი 19. რესეკიურიტიზაციის განხორციელების აკრძალვა 1. სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივი არ შეიძლება იყოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებია, თუ ეს საჭიროა ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევისთვის: ა) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის მიზნისთვის; ბ) კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის გასაგრძელებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ლიკვიდაცია; გ) ინვესტორთა ინტერესების დასაცავად, როდესაც სეკიურიტიზაციის საბაზისო აქტივები უმოქმედო მოთხოვნებია. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი შემთხვევები, როდესაც რესეკიურიტიზაციის განხორციელება დასაშვებად ჩაითვლება. მუხლი 20. რისკების მართვა 1. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, თანხების შეგროვების ან ამოღების ან საბაზისო აქტივების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადოს ინიციატორთან ან სხვა პირთან. ინიციატორის ან სხვა პირის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა არ საჭიროებს რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ სპეციალურ ლიცენზიას ან ნებართვას. 2. თუ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების გამწევ პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებული ან ამოღებული ფულადი სახსრები საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან ისე გამიჯნოს, რომ შესაძლებელი იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრების მკაფიოდ იდენტიფიცირება. მომსახურების გამწევი პირი ვალდებულია აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დეტალური ჩანაწერები აწარმოოს. 3. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საბაზისო აქტივების გასხვისება, გარდა სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ეს პირობები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე საბაზისო აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და მათი გასხვისების პირობებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გამწევი პირის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, რომელიც მომსახურების გაწევის ფარგლებში შეგროვებულ ან ამოღებულ ფულად სახსრებს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან მიჯნავს, სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს უფლება აქვს, მოითხოვოს ამ ფულადი სახსრების მისთვის გადაცემა, რასაც სადავოდ ვერ გახდის ლიკვიდატორი, დროებითი ადმინისტრატორი, სპეციალური მმართველი, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მმართველი/ზედამხედველი ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი სხვა პირი. აღნიშნული სახსრების მიმართ აღსრულების ღონისძიებების მომსახურების გამწევი პირის მიმართ არსებული ნებისმიერი სხვა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენება დაუშვებელია. 5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება საკუთარი აქტივების ნებისმიერი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ინვესტორთა ინტერესებს ემსახურება ან კონკრეტული სეკიურიტიზაციის არსიდან გამომდინარეობს. მუხლი 21. რისკების შენარჩუნება 1. ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი მუდმივად უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 2. თუ ინიციატორი და თავდაპირველი კრედიტორი არ არიან შეთანხმებული იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა ფლობდეს სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სეკიურიტიზაციის მატერიალურ, წმინდა ეკონომიკურ ინტერესს არანაკლებ 5%-ის ოდენობით უნდა ფლობდეს ინიციატორი. 3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შემცირება, განეიტრალება, ჰეჯირება, აგრეთვე ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს შორის განაწილება, გარდა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 4. ამ მუხლის მიზნებისთვის სუბიექტი ინიციატორად არ ჩაითვლება, თუ მისი დაფუძნებისა და საქმიანობის ერთადერთი მიზანი მოთხოვნების სეკიურიტიზაციაა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიას სამართლებრივი აქტით ადგენს ეროვნული ბანკი. თავი VI. ინვესტორის, კრედიტორისა და სხვა პირთა უფლება-მოვალეობები მუხლი 22. ინვესტორი, კრედიტორი და სხვა პირები 1. ინვესტორისა და კრედიტორის მოთხოვნების უფლებები ვრცელდება მხოლოდ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებზე, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ეს უფლებები სეკიურიტიზაციის განყოფილებას უკავშირდება ან სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა, ისინი ვრცელდება მხოლოდ ამ განყოფილების აქტივებზე. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) უფლება აქვს, გამოუშვას სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები (მათ შორის, ტრანშირების მეშვეობით), რომელთა ღირებულება ან შემოსავლიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ სეკიურიტიზაციის განყოფილებასთან (განყოფილებებთან), აქტივებთან ან რისკებთან ან რომელთა დაფარვა დამოკიდებულია სხვა ინსტრუმენტების, გარკვეული კატეგორიის მოთხოვნების, აქციების, წილების ან ერთეულების დაფარვაზე, თუ ეს გათვალისწინებულია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით ან სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით. 3. ნებისმიერი განსხვავებული პირობის მიუხედავად, თუ სეკიურიტიზაციის კომპანიას გამოშვებული აქვს სხვადასხვა კლასის წილები/აქციები, მათგან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება განთავსებულ კაპიტალში აღნიშნული წილების/აქციების ხვედრითი წილის პროპორციულად განისაზღვრება. სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე შესაბამისი ხმის უფლება (ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება მთლიან ვალში მათი ხვედრითი წილის პროპორციულად. 4. სადამფუძნებლო დოკუმენტი ან ნებისმიერი ხელშეკრულება (მათ შორის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობები/სახელშეკრულებო პირობები), რომლის მხარეც არის სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორი), შეიძლება ითვალისწინებდეს პირობებს, რომელთა საფუძველზედაც პარტნიორები/პაის მფლობელები, ინვესტორები ან/და კრედიტორები თანხმობას აცხადებენ, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება დაუქვემდებარონ მათზე უპირატესად სხვა პარტნიორების/პაის მფლობელების, ინვესტორების ან/და კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, ან/და ისინი უარს ამბობენ თავიანთ უფლებაზე (ან თანხმდებიან მის შეზღუდვაზე), მოითხოვონ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან სეკიურიტიზაციის განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედება (მათ შორის, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რეჟიმის ამოქმედების შესახებ) ან მისი აქტივების მიმართ ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. ამ პირობების საწინააღმდეგოდ აღძრული ნებისმიერი წარმოება დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს. 5. სადამფუძნებლო დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლის საფუძველზედაც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი ერთ-ერთი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების მოთხოვნის (მათ შორის, რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღების) უფლება მიენიჭება რომელიმე კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს, ნებისმიერი სხვა პირის (მათ შორის, პარტნიორის) გამორიცხვით. 6. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულსა და ინიციატორს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ რეჟიმის მიმდინარეობისას კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილ აქტივებზე ან მათ ნაწილზე სრული უფლება ინიციატორს გადაეცემა. 7. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობების/სახელშეკრულებო პირობების შესრულება სავალდებულოა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორისთვის), შესაბამისი ინვესტორისა და მესამე პირისთვის, მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთი ან ერთზე მეტი განყოფილების მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, იმ კრედიტორთა უფლებების გათვალისწინებით, რომლებზედაც აღნიშნული პირობები არ ვრცელდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირობაზე, რომელზედაც კრედიტორები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით თანხმდებიან. მუხლი 23. ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ მოთხოვნები 1. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა გადაამოწმოს, რომ: ა) თუ ინიციატორი ან თავდაპირველი კრედიტორი არ არის კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ინიციატორის ან თავდაპირველი კრედიტორის მიერ გაცემული სესხები ეფუძნება ჯანსაღ და ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და სესხის დამტკიცების, შესწორების, განახლებისა და დაფინანსების მკაფიოდ დადგენილ პროცესებს; აღნიშნულ ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს დანერგილი აქვს შესაბამისი სისტემები, რათა უზრუნველყოს ამ კრიტერიუმებისა და პროცესების ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპების შესაბამისად მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი (საფუძვლიანი) შეფასებისთვის გამოყენება; ბ) ინიციატორს ან თავდაპირველ კრედიტორს ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად შენარჩუნებული აქვს სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესი და ეს ინსტიტუციური ინვესტორისთვის გამჟღავნებული აქვს; გ) ინიციატორი ან სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას იმავე მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ამჟღავნებს; დ) უმოქმედო მოთხოვნების შემთხვევაში მათი შერჩევისა და შეფასების ადეკვატური სტანდარტებია გამოყენებული. 2. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე უნდა შეაფასოს ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული რისკები. აღნიშნული შეფასება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) ცალკეული სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტებისა და საბაზისო აქტივების რისკების შეფასებას; ბ) სეკიურიტიზაციის დეტალების შეფასებას, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შემოსავლიანობაზე (მათ შორის, გადახდების რიგითობისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების, საკრედიტო ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების, ლიკვიდობის გაუმჯობესების მექანიზმების, საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი საკითხებისა და აღნიშნული ტრანზაქციით განსაზღვრული დეფოლტის შემთხვევების შეფასებას). 3. ინსტიტუციურმა ინვესტორმა (გარდა ინიციატორისა ან თავდაპირველი კრედიტორისა) სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის შეძენამდე: ა) უნდა დანერგოს სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის რისკის პროფილისა და სათანადო შემთხვევაში მისი პორტფელის შესაბამისი წერილობითი პროცედურები, რათა მუდმივად უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან შესაბამისობის, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტისა და საბაზისო აქტივების შემოსავლიანობის მონიტორინგი; ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნისთანავე უნდა შეძლოს მისთვის იმის დემონსტრირება, რომ სრულყოფილად ესმის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი და დანერგილი აქვს ამ ინსტრუმენტის ფლობასთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების განხორციელებისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებისთვის საჭირო ყველა პოლიტიკა და პროცედურა. 4. ინსტიტუციურმა ინვესტორმა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულებით შეიძლება დაავალოს ინიციატორისგან/თავდაპირველი კრედიტორისგან დამოუკიდებელ, შესაბამისი გამოცდილების მქონე სხვა პირს. ამ ვალდებულებების აღნიშნული პირისთვის დავალების მიუხედავად, მათი შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დავალების გამცემ ინსტიტუციურ ინვესტორს ეკისრება. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც დაზუსტდება ამ მუხლით გათვალისწინებული ცალკეული მოთხოვნები, აგრეთვე განისაზღვრება ამ კანონის მიზნებისთვის უმოქმედო მოთხოვნის მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმები. მუხლი 24. საბაზისო აქტივების კრიტერიუმები 1. მოთხოვნები, რომელთა სეკიურიტიზაციაც ხორციელდება, უნდა იყოს ნამდვილი და აღსრულებადი. 2. ინიციატორმა და თავდაპირველმა კრედიტორმა იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ, რომელთა სეკიურიტიზაციაც განხორციელდება, უნდა გამოიყენონ ისეთივე მკაფიოდ განსაზღვრული და ჯანსაღი კრიტერიუმები, როგორსაც სხვა სასესხო/საკრედიტო მოთხოვნების მიმართ იყენებენ. ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორს ამ პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცესების დასანერგად უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი სისტემები, რათა უზრუნველყონ მოვალის გადახდისუნარიანობის სრულყოფილი შეფასება და ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებზე დაყრდნობითაც მოწმდება მოვალის მიერ სასესხო/საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნებზე, რომლებიც ინიციატორის მიერ მათი მესამე პირისგან შეძენის დროს უმოქმედო იყო. ასეთ შემთხვევაში ინიციატორმა უნდა უზრუნველყოს ამ მოთხოვნების შერჩევისა და შეფასების ჯანსაღი სტანდარტების გამოყენება. 4. თუ ინიციატორი მესამე პირისგან შეიძენს მოთხოვნებს და ახორციელებს მათ შემდგომ სეკიურიტიზაციას, მან უნდა გადაამოწმოს, რომ პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობდა თავდაპირველი შეთანხმების დადებაში, აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 25. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა 1. დაუშვებელია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის (პირების) გარდა, სხვა პირის მიერ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის მიყიდვა გარიგებაში კომერციული ბანკის, საბროკერო კომპანიის ან აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც შუამავლის, მონაწილეობის გარეშე. 2. კომერციულმა ბანკმა, საბროკერო კომპანიამ, აქტივების მმართველმა კომპანიამ (მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, როგორც შუამავალი), საინვესტიციო კომპანიამ, ავტორიზებულმა სეკიურიტიზაციის კომპანიამ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს არ უნდა მიჰყიდოს, თუ არ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) მან ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ჩაატარა შესაბამისობის შეფასება გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთან დაკავშირებით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების შედეგები ადასტურებს, რომ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის შესაბამისია; გ) იგი დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებს გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს შესაბამისობის შეფასების შედეგებს; დ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორის მიერ ერთ ან რამდენიმე სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტში განხორციელებული ინვესტიცია სულ მცირე 10 000 ლარია. მუხლი 26. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გამოშვება და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის შეთავაზება ან/და მიყიდვა, თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტის ემისიის პირობებით/სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრული ღირებულება 200 000 ლარს არ აღემატება, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები: ა) საბაზისო აქტივი არის იმ სესხებიდან/კრედიტებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რომლებიც გაცემულია კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს (სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის გარეშე სეკიურიტიზაციის განხორციელებისას − ინიციატორს) ან/და შესაბამის სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რომელიმე სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს საკრედიტო რეიტინგი. 2. ინიციატორმა და სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა პოტენციურ ინვესტორს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე ინვესტორსა და ეროვნულ ბანკს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით უნდა გაუმჟღავნონ სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) სეკიურიტიზაციის ამსახველი ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც შესაბამისი ტრანზაქციის შინაარსის ანალიზისთვისაა საჭირო; ბ) საბაზისო აქტივების შესახებ პერიოდული ინფორმაცია. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ინიციატორისა და სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებასა და ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები. თავი VII. სეკიურიტიზაციის ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა მუხლი 27. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები 1. ეროვნული ბანკი ახორციელებს: ა) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ზედამხედველობას; ბ) არაავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, ინსტიტუციური ინვესტორის, საქართველოში რეგისტრირებული თავდაპირველი კრედიტორისა და ინიციატორის (გარდა „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციისა) მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობას. 2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, სეკიურიტიზაციის ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები: ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მისგან მიიღოს დოკუმენტები და ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური); ბ) ადგილზე შეამოწმოს ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული; გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება; დ) ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან აქტივების მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება; ე) პირს დააკისროს სანქციები; ვ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია; ზ) განახორციელოს და გააუქმოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია; თ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები; ი) გამოსცეს სამართლებრივი აქტები; კ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. ეროვნული ბანკი საზედამხედველო უფლებამოსილებებს ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. 4. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ზედამხედველობს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს შესაბამისი წესები. მუხლი 28. ეროვნული ბანკის მიერ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ ეროვნულ ბანკს წარუდგინა თხოვნა სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ; ბ) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაცია ეროვნული ბანკისთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე მოიპოვა; გ) სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული ავტორიზაციის პირობებს აღარ აკმაყოფილებს; დ) სეკიურიტიზაციის სპეციალურმა მიზნობრივმა ერთეულმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები); ე) სეკიურიტიზაციის ფონდის სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ კანონის შესაბამისად სათანადო შემცვლელი არ დაინიშნა; ვ) დაიწყო სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაცია. 2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ მას ეკრძალება ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის ნებადართული საქმიანობის განხორციელება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული სახის საქმიანობის/ოპერაციების განხორციელების უფლება (მათ შორის, აუკრძალოს ახალი სეკიურიტიზაციის განხორციელება). მუხლი 29. ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია (ფულადი ჯარიმა) უნდა იყოს დარღვევის პროპორციული, შეესაბამებოდეს მის სერიოზულობასა და სიმძიმეს და ითვალისწინებდეს ამ დარღვევის ინვესტორთა ინტერესებზე გავლენას. თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 30. გამოსაცემი ნორმატიული აქტები ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დადგენის თაობაზე; ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამისი პროცედურისა და დამატებითი წესების დადგენის თაობაზე; გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესის დადგენის თაობაზე; დ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელი დამატებითი წესების დადგენის თაობაზე; ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე; ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენის თაობაზე. მუხლი 31. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−29-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−29-ე მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3926-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები