დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/11/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024288 |
|
| მუხლი 1 |
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესი“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №189 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ტექნიკური რეგლამენტი – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის მიმართ, მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დასაცავად. 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სახის რადიოაქტიური ნარჩებისადმი მოპყრობაზე, გარდა რეგულირებიდან ამოღებული ან გამორიცხული და ასევე უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყაროებისა, რომელთა გამოყენებაც შემდგომში შესაძლებელია. 4. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, ასევე იმ პირთათვის, რომლებიც არ ახორციელებენ ამგვარ საქმიანობას, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენი. 5. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება გამოყენებულ ბირთვულ საწვავსა და სამრეწველო ნარჩენებზე, მომატებული ბუნებრივი რადიონუკლიდების შემცველობით, რომელთა კონცენტრაცია არ აღემატება რეგულირებიდან ამოღების დონეს. მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზნები ტექნიკური რეგლამენტის მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების მართვით, გადამუშავებით ან/და შენახვით გამოწვეული რადიაციული რისკისაგან ადამიანისა და გარემოს დაცვა. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტი – ობიექტი, რომელიც განსაზღვრულია რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის, დამუშავების, კონდიცირების, შენახვისა თუ სამუდამოდ დამარხვისთვის; ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტი მოიცავს რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს, საცავსა და სამარხს; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო – ობიექტი, სადაც ხდება რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების ცვლილება, მათ შორის, წინასწარი დამუშავება, დამუშავება და კონდიცირება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების წინასწარი დამუშავება – ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავებამდე, როგორიცაა: შეგროვება, სეგრეგაცია, ქიმიური დამუშავება და დეკონტამინაცია; დ) რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება – ღონისძიებები, რომელთა მიზანია რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების შეცვლა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით; ე) უსაფრთხოების ანგარიში – არგუმენტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება საქმიანობის ან ობიექტის უსაფრთხოება; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ექსპლუატაციის პერიოდი – პერიოდი, რომელიც იწყება რადიოაქტიური ნარჩენების მიღებისთანავე და სრულდება რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვისას; ზ) საფეხურებრივი მიდგომა – პროცესი ან მეთოდი, რომელშიც გამოსაყენებელი კონტროლის ზომებისა თუ პირობების სიმკაცრე შეესაბამება კონტროლის დაკარგვის ალბათობას, მოსალოდნელ შედეგებსა თუ რისკის დონეს. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონში, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მოქმედ კანონმდებლობაში. მუხლი 4. რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა და კლასიფიკაცია 1. მედიცინაში, მრეწველობაში, მეცნიერებასა თუ სხვა საქმიანობებში რადიოაქტიური წყაროების გამოყენების, ასევე რადიონუკლიდებით დაბინძურებული ადგილების დეკონტამინაციისა თუ ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ყველა ეტაპზე ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, რადიოაქტიური ნარჩენების კლასიფიკაცია განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებით. 2. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენის ტიპი, ასევე მისი გენერაციის სახე; ბ) ბირთვული მასალის შემთხვევაში – კრიტიკულობა; გ) აგრეგატული მდგომარეობა და რადიოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური მახასიათებლები, როგორებიცაა: ხანძარსაშიშროება, აფეთქებასაშიშროება, ადვილადაალებადობა, თვითაალებადობა, კოროზიულობა, ორგანული და არაორგანული წარმოშობა და ტოქსიკურობა; დ) რადიოაქტიური ნარჩენის კლასი. მუხლი 5. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები და რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობის ძირითადი მოთხოვნები 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპების შესაბამისად. 2. რადიოაქტიურ ნარჩენთან ასოციირებული რადიოლოგიური და არარადიოლოგიური საფრთხეების კონტროლისთვის ასევე უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული შემდეგი ფაქტორები: ა) ზოგადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები; ბ) რადიაციული რისკები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს სახელმწიფო საზღვრის მიღმა; გ) რადიოაქტიური ნარჩენების დიდი ხნის განმავლობაში შენახვით გამოწვეული სავარაუდო გავლენა და ტვირთი მომავალი თაობებისთვის. 3. რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვამდე მართვის (გადამუშავება და შენახვა) მეთოდის არჩევისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი რადიოლოგიური გავლენები პერსონალსა და მოსახლეობაზე. მუხლი 6. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ძირითადი ეტაპები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ძირითადი ეტაპებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა მისი წარმოქმნის ადგილზე – რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება, სეგრეგაცია, რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების გათვალისწინებით წინასწარი დამუშავება, შეფუთვა, ტრანსპორტირებისთვის მომზადება, დროებით შენახვა შესანახში და დეკონტამინაცია; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი შენახვა; დ) რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; ე) რადიოაქტიური ნარჩენების შენახვა საცავში; ვ) რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვა. 2. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ჩამოთვლილი ძირითადი ეტაპების ურთიერთდამოკიდებულება. მუხლი 7. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა მისი წარმოქმნის ადგილზე 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მომავალი შესაძლო გამოყენების მიზნით, უსაფრთხოდ შეინახოს რადიოაქტიური ნარჩენები რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვადით; ბ) სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენები უსაფრთხოდ გადაიტანოს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ობიექტზე; გ) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება, დახარისხება, დამუშავება და დეკონტამინაცია რადიოაქტიური ნარჩენების კლასის მიხედვით და ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით; დ) უზრუნველყოს მოსალოდნელი ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ხოლო ამგვარი შემთხვევის განვითარებისას – შედეგების მიტიგაცია და დამდგარი ზიანის სრულად ანაზღაურება; 2. პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ მისი საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები, ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნისთანავე აცნობოს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, დასახოს შემდგომი ღონისძიებები რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის ან უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით. მუხლი 8. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას მაიონებელი გამოსხივების დოზებისა და რადიაციული რისკების მართვაზე ვრცელდება რადიოაქტიური მასალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დოზებისა და რისკების მართვის მოთხოვნები. 2. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით. 3. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია სატრანსპორტო კონტეინერით ან/და შესაბამისი შეფუთვით, ასევე – საავარიო კომპლექტით. 4. სატრანსპორტო კონტეინერი უნდა შეესაბამებოდეს გადასატანი რადიოაქტიური ნარჩენის მახასიათებლებს. 5. სატრანსპორტო საშუალებაზე რადიოაქტიური ნარჩენი ისე უნდა განთავსდეს, რომ მძღოლის სამუშაო ადგილზე ექსპოზიციურმა დოზამ არ უნდა შეადგინოს 0,01 მვ/სთ-ზე მეტი, ძარის ზედაპირზე არცერთ წერტილში – 2 მზვ/სთ-ზე მეტი, ხოლო 1 მ მანძილზე – 0,1 მზვ/სთ-ზე მეტი. 6. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების უფლება აქვს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია, ასევე სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის №89 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 9. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება 1. რადიოაქტიური მასალა, რომლის გამოყენებაც აღარ იგეგმება და, მახასიათებლების გათვალისწინებით, არ შეიძლება მისი გარემოში ავტორიზებული გაშვება, გამოყენება ან მარეგულირებელი კონტროლისაგან გათავისუფლება, უნდა გადამუშავდეს როგორც რადიოაქტიური ნარჩენი. 2. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება უნდა მოხდეს მახასიათებლებისა და მოპყრობის სხვადასხვა ეტაპის (წინასწარი დამუშავება, დამუშავება, კონდიცირება, ტრანსპორტირება, შენახვა და დამარხვა) მიმართ დაწესებული მოთხოვნების გათვალისწინებით. 3. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების მიზნებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების საერთო მოცულობისა და რადიონუკლიდების გარემოში გაშვების შესაძლებლობის შემცირება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების იმგვარ სტაბილურ ფორმაში ტრანსფორმაცია, რომელიც მისაღებია ტრანსპორტირებისათვის, ხანგრძლივი შენახვისა და დამარხვისათვის. 4. გადამუშავების მეთოდის შერჩევისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ტექნიკური, ეკონომიკურ-ფინანსური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები, ასევე – ქვეყანაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლები, რადიოაქტიური ნარჩენების მოსალოდნელი ნაკადი და პერსონალის კვალიფიკაცია. 5. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების მეთოდებია: ა) მყარი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; ბ) თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; გ) აირადი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; დ) ბიოლოგიური რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება. 6. რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვები იმგვარად უნდა შეირჩეს, რომ მასში რადიოაქტიური მასალა სათანადოდ განთავსდეს როგორც ნორმალური ოპერირების, ისე ავარიული შემთხვევებისთვის. გადამუშავებული ნარჩენის შეფუთვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) შეფუთვის კონტეინერის მასალის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; ბ) შეფუთვის კონტეინერის ფორმა და ზომები; გ) კონტეინერის შიდა ზედაპირის შესაბამისობა ნარჩენების შემადგენლობასთან (მატრიცასთან); დ) გადატანისთვის საჭირო მოწყობილობების არსებობა კონტეინერზე; ე) კონტეინერის შიდა ზედაპირის მედეგობა კოროზიისადმი; ვ) კონტეინერის მექანიკური მედეგობა და დასაწყობება (შტაბელირება); ზ) კონტეინერის გარე ზედაპირის მახასიათებლები; თ) კონტეინერის ჰერმეტული დახურვის საშუალებები. 7. გადამუშავებული რადიოაქტიური ნარჩენებისა და რესურსამოწურული რადიოაქტიური წყაროების იდენტიფიცირების მიზნით, აუცილებელია მათი კონტეინერების მარკირება. მარკირების მეშვეობით უნდა მოხდეს შემდეგი სახის ინფორმაციის იდენტიფიცირება: ა) რადიაციული საფრთხის ნიშანი; ბ) შეფუთვის მოცულობა და მასა; გ) შეფუთვის ან კონტეინერის ინდივიდუალური ნომერი; დ) ჩატვირთვის თარიღი; ე) შეფუთვაში მოთავსებული რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლები, რადიონუკლიდების შემცველობის მითითებით; ვ) დოზის სიმძლავრე შეფუთვის ზედაპირსა და მისგან 1 მ მანძილზე; ზ) შეფუთვის ზედაპირის კონტამინაციის დონე; თ) შესაძლო სითბოს ან აირის წარმოქმნა. 8. რადიოაქტიური ნარჩენები, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უნდა ტრანსფორმირდეს უსაფრთხო და პასიურ ფორმაში, შენახვის ან/და დამარხვის მიზნებისთვის. 9. რადიოაქტიური ნარჩენები უნდა გადამუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ნორმალური ოპერირებისას, ღონისძიებების განხორციელება ინციდენტებისა და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, ხოლო ამგვარი შემთხვევის განვითარებისას – შედეგების მიტიგაციისთვის. 10. გადამუშავება უნდა შეესაბამებოდეს რადიოაქტიური ნარჩენების ტიპს, შენახვის სავარაუდო საჭიროებას, დამარხვის განსაზღვრულ სტრატეგიას, შეზღუდვებს, პირობებსა და კონტროლის წესს, რომელიც მოცემულია უსაფრთხოების ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში. 11. ობიექტის მფლობელმა უნდა განსაზღვროს რადიოაქტიური ნარჩენების იდენტიფიცირების, შეფასებისა და მოპყრობის პირობები ან/და ნარჩენების ის შეფუთვები, რომლებიც არ აკმაყოფილებს გადამუშავების მახასიათებლებსა თუ უსაფრთხო მოპყრობის, ტრანსპორტირების, შენახვისა თუ დამარხვის მოთხოვნებს. 12. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადამუშავებისას წარმოქმნილ მეორად ნარჩენებთან (როგორც რადიოაქტიურ, ისე არარადიოაქტიურ) მოპყრობის წესები. მუხლი 10. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში 1. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების მიზანია დროებითი უსაფრთხო შენახვა. 2. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისათვის საცავის მფლობელი განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება რადიოაქტიური ნარჩენების მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დაფიქსირებული განგაშისა და არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შედეგად ამოღებული რადიოაქტიური ნარჩენების ან რადიოაქტიური წყაროს მიღება რადიოაქტიური ნარჩენების საცავში. 3. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების მიღება უნდა განხორციელდეს რადიოაქტიური ნარჩენების შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციით, რომელშიც მოცემულია რადიოაქტიური ნარჩენების ფიზიკურ-ქიმიური და რადიოლოგიური მახასიათებლები. 4. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში მიღების შემდეგ უნდა შედგეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტურონ რადიოაქტიური ნარჩენების საცავის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა და რადიოაქტიური ნარჩენების მფლობელმა. 5. რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილების შესაბამისად. 6. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ. 7. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში რადიოაქტიური ნარჩენების მიღება უნდა განხორციელდეს სამარხისათვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებისა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით. 8. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირება იყოფა 3 ძირითად ეტაპად: წინასაოპერაციო პერიოდი, ოპერირების პერიოდი და დახურვის შემდგომი პერიოდი. 9. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის წინასაოპერაციო პერიოდის დროს მიმდინარეობს მომავალი სამარხისათვის ადგილის შერჩევა „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. 10. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წყდება რადიოაქტიური ნარჩენების მიღება სამარხში და იწყება დახურვის შემდგომი პერიოდი, რომელიც გულისხმობს ინსტიტუციურ კონტროლს, რომლის მაქსიმალური ვადა შეადგენს 300 წელს. ინსტიტუციური კონტროლი შედგება აქტიური და პასიური ფაზებისაგან, რომელთა ხანგრძლივობები განისაზღვრება თითოეული სამარხისთვის ინდივიდუალურად. 11. ინსტიტუციური კონტროლის აქტიური ფაზის დროს სამარხის მფლობელი ახორციელებს სამარხის მდგომარეობის მონიტორინგს. 12. ინსტიტუციური კონტროლის პასიური ფაზა გულისხმობს მხოლოდ მიწათსარგებლობის კონტროლს, რომლის მიზანია სამარხის ტერიტორიის სხვა სახის საქმიანობისათვის გამოყენების დაუშვებლობის უზრუნველყოფა. 13. რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და სამარხში რეგულარულად უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილისა და პერსონალის ინდივიდუალური მონიტორინგი „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №359 დადგენილების შესაბამისად. 14. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ირგვლივ უნდა დადგინდეს დაცვითი ზონები, სადაც აკრძალულია ნებისმიერი ობიექტის განთავსება და საქმიანობის განხორციელება, რომლებიც არ არის დაკავშირებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ოპერირებასთან ან მათი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან. 15. დაცვითი ზონები უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული ობიექტისთვის, ობიექტის მიერ გამოწვეული დასხივების დონეების, რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება/გაშვების რაოდენობებისა და ფართობების გათვალისწინებით. 16. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ფიზიკური დაცვა უნდა განხორციელდეს ფიზიკური დაცვის სისტემების მეშვეობით. იმისათვის, რომ ფიზიკური დაცვის სისტემები დაიგეგმოს ეფექტიანად, უნდა განხორციელდეს საფრთხეების შეფასება, მოდელირება და შესაბამისი პროექტირება – საფრთხეზე დაფუძნებული პროექტირება. მუხლი 11. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები 1. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს იმ რადიოაქტიური ნარჩენების შეფუთვების ან შეუფუთავი რადიოაქტიური ნარჩენების რადიოლოგიური, მექანიკური, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლების მითითებით, რომლებიც უნდა გადამუშავდეს, შეინახოს ან დაიმარხოს. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმები უნდა იქნეს დაცული ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 3. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტის მფლობელმა უნდა განსაზღვროს იმ რადიოაქტიური ნარჩენების მიღების პროცედურები, რომლებიც არ შეესაბამება მიღების კრიტერიუმებს (მაგალითად, რემედიაციის ღონისძიებების განხორციელებისას წარმოქმნილი ან დაბრუნებული რადიოაქტიური ნარჩენები). მუხლი 12. ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი ვალდებულია, შეიმუშაოს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და წარუდგინოს იგი სააგენტოს. მუხლი 13. ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისია 1. დეკომისიის მიზანია, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობით განხორციელებული, ობიექტის სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟი. 2. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტები, გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა, ექვემდებარება დეკომისიას. 3. დეკომისიის გეგმის შედგენამდე უნდა განისაზღვროს დეკომისიისადმი სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ემყარება დეკომისიის განხორციელების 2 ძირითად გზას: ა) გადაუდებელი დეკომისია – ხორციელდება დაუყოვნებლივ, ობიექტის ფუნქციონირების შეჩერების შემდგომ და გულისხმობს აპარატურისა და შენობის სრულ დემონტაჟს და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გადადებული დეკომისია – გარკვეული ტექნოლოგიების, ცოდნის ან წარმოსაქმნელი ნარჩენებისადმი შესაბამისი მოპყრობის საშუალებების არქონის გამო, ობიექტის ფუნქციონირების შეჩერების შემდგომ, შეიძლება განხორციელდეს მისი გარკვეული ნაწილების დროებითი კონსერვაცია, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. კონსერვაციის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რადიაციული მონიტორინგი. 4. ყოველი დეკომისიის დამთავრების შემდეგ უნდა განხორციელდეს ტერიტორიის რადიოლოგიური შეფასება, რომლის შედეგების საფუძველზეც დგება შესაბამისი ანგარიში. ანგარიშის საფუძველზე ხორციელდება დეკომისირებული ობიექტის სრული გათავისუფლება მარეგულირებელი კონტროლიდან ან მისი შეზღუდული გამოყენება სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად (რეგულირებიდან პირობითი გათავისუფლება). მუხლი 14. მოთხოვნები რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის მიმართ 1. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და საცავი იმგვარად უნდა განთავსდეს და დაპროექტდეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ოპერირების მთელი პერიოდის განმავლობაში, როგორც ნორმალური ოპერირების, ისე სავარაუდო ავარიულ პირობებში და დეკომისიის შემდეგ. 2. პროექტირებისას გასათვალისწინებელი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ობიექტს, სამართავი რადიოაქტიური ნარჩენების სრულ რაოდენობასა და დაკავშირებულ რადიოლოგიურ და არარადიოლოგიურ საფრთხეებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის მშენებლობა და ექსპლუატაციის დაწყება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებულ უსაფრთხოების ანგარიშში მოცემული პროექტის მიხედვით. 4. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის ოპერირება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დადგენილი სალიცენზიო შეზღუდვების შესაბამისად. ოპერირება უნდა განხორციელდეს გაწერილი პროცედურების მიხედვით. 5. რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის კონტროლის (როგორც მოცულობის, ისე შემადგენლობის) ღონისძიებები უნდა იქნეს გათვალისწინებული ობიექტის მშენებლობის დაწყებამდე – პროექტირების ეტაპიდან არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მშენებლობისათვის სამშენებლო მასალების შერჩევისას, ასევე, ოპერირებისას და დეკომისიისას პროცესების, აღჭურვილობისა და პროცედურების შერჩევისას და მასალების კონტროლისას. მუხლი 15. მოთხოვნები ბირთვული მასალის მიმართ 1. რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოსა და საცავის პროექტირებისა და ოპერირებისას ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა არ უნდა მოხდეს ობიექტის უსაფრთხოების ხარჯზე. 2. ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა უნდა დაინერგოს აქტიური თვალთვალითა და კონტროლით, რომელიც საჭიროებს დაშვებას მასალასა და ობიექტზე, რაც დაკავშირებულია თანმხლებ დასხივებასა და შემაკავებელი და იზოლირების პირობების შეზღუდვასთან. აღნიშნული ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული ობიექტის პროექტირებისას და ოპერირებისას. მუხლი 16. ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები 1. ნებისმიერმა პირმა, რომელსაც სურს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ან ახორციელებს ამგვარ საქმიანობას, უნდა მიმართოს სააგენტოს შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კომპლექსურობისა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტთან ან საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეების მასშტაბის გათვალისწინებით, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც სურს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ან ახორციელებს ამგვარ საქმიანობას, უნდა უზრუნველყოს რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სათანადო დონე და სააგენტოს წარუდგინოს უსაფრთხოების ანგარიში და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 3. ნებისმიერმა პირმა, რომელსაც სურს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტთან დაკავშირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ან ახორციელებს ამგვარ საქმიანობას, რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა დანერგოს ღონისძიებები ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის მიმართ ინტეგრირებული მიდგომის გათვალისწინებით, პირთა უკანონო შეღწევისა და რადიოაქტიური მასალის უკანონო დაუფლების პრევენციისთვის. მუხლი 17. სააგენტოს უფლება-მოვალეობები 1. სააგენტომ უნდა შეისწავლოს და შეაფასოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტის უსაფრთხოების ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელსაც შეიმუშავებს ობიექტის მფლობელი ავტორიზაციამდე და პერიოდულად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული არარადიოლოგიური საფრთხეები რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვამდე, მართვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები