საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6723-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.017956
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6723-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
010190020.04.001.017956
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „რ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „უ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღის უქმე დღედ გამოცხადება

არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. საერთო არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის (ოლქების) სამოქმედო ტერიტორიაზე.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 18პუნქტი:

„181. თუ საარჩევნო კომისიის სხდომიდან, კომისიის შენობიდან, კენჭისყრის შენობიდან პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით მიღების შემთხვევაში ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, ცესკოსა და უსკოს აპარატების, სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი:

„ღ1) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა;“;

ბ) „ყ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ1) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) განკარგულებით იწვევს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს სხდომების დღის წესრიგს;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

8. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“.

10. მე-20 მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 21 წელი;“.

11. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს, აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა);“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს;“.

12. 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.“.

13. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს, მათ შორის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული.“.

14. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრის არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.“;

გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს.

10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს. ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.“;

დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის/ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

15. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის  დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.“.

16. 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“.

17. 32-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიებს.“.

18. 37-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.“.

19. 38-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისათვის. ამ მოთხოვნის დარღვევის  შემთხვევაში  მას  პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

20. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

ლ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა.“.

21. 42-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა. საარჩევნო სუბიექტმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.

22. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

23. 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.“.

24. 45-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისა (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისა), სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისა, საჯარო სკოლების პედაგოგებისა, − სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირის მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. აღნიშნულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ კანონის X თავით დადგენილი ნორმები.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.“.

25. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო მეორე ტურის გამართვის საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას.“.

26. 48-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე ერთჯერადად − სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი განიხილება.“.

27. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3პუნქტი:

„31. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი  სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.“.

28. 50-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია ერთხელ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 35-ე კალენდარული დღისა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ტარიფის შეცვლის შემთხვევაში ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის კენჭისყრამდე 30-ე კალენდარულ დღეს. ამ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყოს რეკლამის განთავსება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცეს შემდეგი ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, გაწეული მომსახურება;

ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;

 დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვას პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულ საგანგებო ან საომარ მდგომარეობას ან ინიშნება რიგგარეშე არჩევნები, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო ვალდებულია ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა გადასცეს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფები. ეს ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 35-ე კალენდარულ დღეს. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შესაბამისი პირი ვალდებულია კენჭისყრამდე 35-ე დღიდან, იმავე პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირობების დაცვით დაიწყოს რეკლამის განთავსება.“.

29. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თანაბრად ეძლევათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3 პროცენტი მაინც მიიღეს. უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტის ან 39მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის მომენტში არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას.

3. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. ამასთანავე, მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო დებატებში მოიწვიოს ყველა სხვა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.

4. ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-15 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე, უფლებამოსილ პარტიებთან მიმართებით.

5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

7. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ, არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.

8. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, უფლებამოსილი პარტიის გარდა, ყველა სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ პარტიებს შორის თანაბრად განაწილდება.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დროს (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისა) ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე. ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დროს ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საერთო ეროვნულ მაუწყებელზე.

10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, მონიტორინგს უწევს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვას და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებას.

11. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

12. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

13. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და მისი რიგითი ნომერი, იმგვარად, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 50%-ს. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

14. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვლება.

15. მაუწყებელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა) ვალდებულია არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო რეკლამა თავის ეთერში უსასყიდლოდ განათავსოს, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ამ შემთხვევაში ადგილობრივი მაუწყებელი ან საკაბელო მაუწყებელი ვალდებულია თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

16. არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი.

17. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა;

ვ.ბ) კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ან არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

18. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-17 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. მაუწყებელზე, რომელიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №673 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

30. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები

1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.

5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო  ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის წლიური საარჩევნო ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პოლიტიკური პარტიისათვის დაშვებული საარჩევნო კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%) უნდა გაიყოს ქვეყანაში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.“.

31. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. კანონმდებლობა საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების შესახებ

საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების კანონიერება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია ამ კანონითა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმებით.“.

32. 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

33. 57-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.

2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.

4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.“.

34. 71-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“.

35. 75-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“.

36. 76-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.“.

37. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 76მუხლი:

მუხლი 761. არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო ვადები და ღონისძიებები

1. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ  პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სააგენტოს მიერ ცესკოსათვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით;

გ) არჩევნების მეორე ტურისათვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისათვის აკმაყოფილებს ამ კანონის 32-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსიები) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას;

ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

2. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს სპეციალურ სიას.

3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. არჩევნების მეორე ტურისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ პირველი ტურისათვის საარჩევნო ოლქში შექმნილი  შესაბამისი  საუბნო  საარჩევნო  კომისიები, თუ ცესკო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილების ვადა აითვლება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

7. პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის პარტიას ეძლევა უფლება, დანიშნოს კომისიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის პოლიტიკურ პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.

8. თუ პოლიტიკურმა პარტიამ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა იმავე პუნქტით მინიჭებული უფლება, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).

10. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

11. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

12. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები.

13. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

14. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაციის ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

15. ამ მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ,  სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა წარუდგინონ დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები.

16. რეგისტრირებულ მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ამ კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ დამატებითი სიები მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის.

17. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

18. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, ამ კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

19. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მესამე შაბათს. მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.

20. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

21. წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.

22. იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.

23. საჭიროების შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო, სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები.“.

38. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 82. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა

არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნება ან მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესის დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებისა − 1 500 ლარის ოდენობით.“.

39. 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით დამზადება და განთავსება

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 51-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების  დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-13 ან მე-14 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი პოლიტიკური პარტიისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არაუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.“.

40. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 85. საარჩევნო კამპანიის ხარჯების შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და მათი არასწორი მონაცემებით წარდგენა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას: დამოუკიდებელი კანდიდატისა − 1 000 ლარის ოდენობით, პოლიტიკური პარტიისა − 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის 54-ე მუხლის მე-7 ან მე-8 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ერთი და იმავე არჩევნების დროს განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო მიღებული გაფრთხილების შემდეგ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში − შესაბამისი პუნქტით დადგენილი ჯარიმის ოდენობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.“.

41. 93-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 82-ე მუხლითა და 83-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2პუნქტი:

„21. ამ კანონის 83-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 10 დღეს.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სასამართლოს სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

8. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოსათვის შესაბამისი ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.“.

42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 93მუხლი:

მუხლი 931. პასუხისმგებლობა მაუწყებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობისა და გამოუქვეყნებლობისათვის

  შესაბამისი მაუწყებლის მიერ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საეთერო დროის ტარიფებისა და შეცვლილი ტარიფების მიწოდების მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“.

43. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

2. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე.

3. თუ საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მედიით.“.

44. 113-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პოლიტიკური პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პოლიტიკური პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელები და გვარები ან მხოლოდ გვარები. სახელი, რომლითაც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;“;

ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).“.

45. 114-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები; შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ჯამური თანხის ამ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის განაწილების წესი.“.

46. 115-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია.“.

47. 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარმა კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება.“.

48. 130-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეა.“.

49. 142-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პოლიტიკური პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პოლიტიკური პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელები და გვარები ან მხოლოდ გვარები. სახელი, რომლითაც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, უცვლელად აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენზე;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პოლიტიკური პარტიის სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ დასახელებას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება);

ბ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.“;

გ) მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;“.

50. 143-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური  პარტია. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.“.

51. 144-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ წარედგინება მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.“.

52. 1692 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.“.

53. XX თავი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 184. არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

1. ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

2. ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე და რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. ასეთი ადგილის (მისამართის) არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა გამოცხადდეს სააგენტოში, მიუთითოს თავისი ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილი (მისამართი) და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრული ფორმატით. ამ შემთხვევაში აღნიშნული ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

3. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს 2023 წლის 1 ივნისამდე.

 

მუხლი 185. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, მისი მომსახურების ზონაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. საერთო მაუწყებელი უფლებამოსილია დებატებისას მოიწვიოს აგრეთვე შესაბამის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტია/ბლოკი.

3. ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები  ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.

4. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

5. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს  შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. მაუწყებელი (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა) ვალდებულია არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო რეკლამა უსასყიდლოდ განათავსოს, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია თავის ეთერში გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე დროს, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის):

ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს);

ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს).

7. ამ მუხლის მე-6​ პუნქტში აღნიშნული მაუწყებელი, რომელსაც სურს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის შესახებ. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას.

8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ, არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.

9. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

10. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:

ა) რომელიც არის ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი;

ბ) რომლის ერთმა ან რამდენიმე კანდიდატმა მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, არჩევნების მეორე ტურში გავიდა ან მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა;

გ) რომელმაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.

11. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს:

ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;

ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; 

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით.

12. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა;

ვ.ბ) კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ან არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. მაუწყებელზე, რომელიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

14. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, სხვა პარტიის/ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განთავსების მიზნით ყოველ საათში 2,5 წუთი გამოყოს და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული ასეთი პარტიის/ბლოკის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი პარტიისათვის/ბლოკისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 45 წამს არ აღემატებოდეს (პარტიას/ბლოკს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება პარტიის/ბლოკის მიერ გამოყენებული დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

15. პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აქვთ უფასო საეთერო დროის გამოყენების უფლება, საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან კარგავენ ამ უფლებას, ხოლო ეს საარჩევნო ბლოკი იმავე დღიდან იძენს აღნიშნულ უფლებას, როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტი. 

16. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებას.

18. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

19. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის  არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

20. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, იმგვარად, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 50%-ს. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

21. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი საფასურის შესაბამისზე მეტი საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისათვის ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დრო დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვლება.

 

მუხლი 186. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის დროებითი წესი

1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად.

2. უფასო საეთერო დრო ამ კანონით დადგენილი წესით თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრად ნაწილდება.

3. ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის ვალდებულებები  ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.

4. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში 5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული უფლებამოსილი პარტიის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

5. საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების დღემდე  50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ 3 საათში 7,5 წუთი გამოყოს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს  შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს). არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

6. მაუწყებელი (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა) ვალდებულია არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო რეკლამა უსასყიდლოდ განათავსოს, თუ მისი მომსახურების ზონაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას იგი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებს. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია თავის ეთერში გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე დროს, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის):

ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისათვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს);

ბ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის (გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა) − ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს შეუძლია ეს დრო რამდენიმე ნაწილად დაყოს).

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მაუწყებელი, რომელსაც სურს ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დანიშვნის დღიდან 15 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 55-ე დღისა, ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკის შესახებ. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა სარეკლამო დრო შეიძინა, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის გამოყოფილ სარეკლამო დროში თითოეული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში ათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას.

8. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ, არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.

9. მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

10. ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:   

ა) რომელიც იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) რომელმაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.

11. ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს:

ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;   

ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით; 

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით.

 12. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის განსაზღვრისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა;

ვ.ბ) კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ან არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია ნებისმიერი სხვა ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

13. საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები. მაუწყებელზე, რომელიც სხვისი დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

14. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია/რადიო (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყოს დრო, რომელიც ამ პარტიებს შორის თანაბრად განაწილდება. 

15. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

16. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და აღნიშნული ნორმების დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურებას.

 17. აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან/და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

18. დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო რგოლის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. საარჩევნო სუბიექტის რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა საარჩევნო სუბიექტის  არჩევისათვის ხელის შემწყობი რეკლამის ელემენტებს, მათ შორის, მის წარმომადგენელს, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

19. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა  იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. ამასთანავე, რეკლამა ისე უნდა იყოს დამზადებული, რომ მისი დასრულებისას, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში ნაჩვენები იყოს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და რიგითი ნომერი, იმგვარად, რომ სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა  და რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 50%-ს. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი არ განათავსებს შესაბამის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას.

20. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისათვის ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილი საფასურის შესაბამისზე მეტი საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისას ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვლება.

 

მუხლი 187. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების დროებითი წესი

1. არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან 2-ზე მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო მუნიციპალიტეტების ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ია ან 3%-ზე მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ საარჩევნო უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შესაბამის საარჩევნო ოლქებსა და საარჩევნო უბნებში არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ იმ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე, რომელთა მიერ წარდგენილი კანდიდატებიც მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე, ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა.

3. დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ. თუ დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია ამავე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

4. დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული დაფინანსება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.

 

მუხლი 188. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვისათვის საჭირო ვადა

არჩევნების მეორე ტურში მონაწილე, დაფინანსების მიღების უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვისათვის საჭირო ვადაა მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღე.

 

მუხლი 189. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე  და შეძენიდან 30- დღემდე მოქმედი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი

1. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების მიზნით დამატებით გამოიყოფა თანხა სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების ასანაზღაურებლად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამასთანავე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისათვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად არანაკლებ 7 მაუწყებელში, რომელიც არ არის ეროვნული მაუწყებელი.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის  ხარჯების ანაზღაურებისათვის საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 38 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს იმავე პუნქტით დადგენილი ოდენობების ფარგლებში მაუწყებელს უნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან:

ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პოლიტიკური პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ;

ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პოლიტიკურმა პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.

 

მუხლი 190. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების მარეგულირებელი დროებითი წესი

1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან;

ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.

5. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო  ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიისათვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%) უნდა გაიყოს ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

9. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

10. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

 

მუხლი 191. 2020 წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის შეზღუდვისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დამატებითი წესი

1. საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების მიერ და მათ სასარგებლოდ გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.

 

მუხლი 192. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშის წარდგენის დროებითი წესი

1. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამ კვირაში ერთხელ წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის  სამსახურის მიერ დადგენილი  ფორმით.

2. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს.

3. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.

4. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.

5. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარადგენენ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი ფინანსების შესახებ.

6. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

7. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

მუხლი 193. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30- დღიდან 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დასახარჯი თანხის გამოყენების დამატებითი წესი

არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

 

მუხლი 194. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღემდე პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით განთავსებისას პასუხისმგებლობის მარეგულირებელი დროებითი წესი

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ოდენობით, ხოლო ამ კანონის 185-ე მუხლის მე-19 პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებას არაუმეტეს რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

2. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-20 ან 21-ე პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-19 ან მე-20 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას არაუმეტეს  რეკლამის განთავსების დროისათვის დადგენილი ტარიფის ორმაგი ოდენობით. თუ დაჯარიმება გამოწვეულია უფასო რეკლამის განთავსებით, ჯარიმის ოდენობა გამოითვლება შესაბამისი მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის განსაზღვრული ტარიფის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით. ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით ან 11 პუნქტით დადგენილი  მოთხოვნის დარღვევა ან მაუწყებლის მიერ 185-ე ან 186-ე მუხლით დადგენილი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ კანონის 185-ე მუხლის მე-18 პუნქტით ან 186-ე მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისა და ფიქსირებული ან მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის დაჯარიმებას არუმეტეს შესაბამისი მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის ორმაგი ოდენობით.

4. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ბეჭდვითი მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

5. ამ კანონის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს მასობრივი ინფორმაციის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ოქმის შედგენა იწვევს საარჩევნო სუბიექტის პასუხისმგებლობის დადგომას.

7. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით (საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმების შემთხვევაში) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასაბუთებული მიმართვისა და მიწოდებული მასალების საფუძველზე.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, მის მიერ დადგენილი წესით. ამასთანავე, სხდომაზე სამართალდამრღვევის დაუსწრებლობა არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის მიერვე განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ადგენს სამართალდარღვევის შესახებ ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო იმავე პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის/შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოში ოქმის წარდგენიდან 2 დღეს.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

მუხლი 195. საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში პოლიტიკური პარტიების კვოტების განსაზღვრის დამატებითი წესი

საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით  გასამართი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში იმ პოლიტიკური პარტიების კვოტების განსაზღვრის დამატებითი წესი, რომლებმაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებში მანდატები საარჩევნო ბლოკების შემადგენლობაში ყოფნით მოიპოვეს, განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.

 

მუხლი 196. საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელი ზოგიერთი წესი და ვადა

1. საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართ არჩევნებამდე საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

3. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

4. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

5. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე  პოლიტიკური  პარტიის  ან  საარჩევნო  ბლოკის  მიერ  პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. თუ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში აღემატება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით თანმიმდევრობით განაწილდება იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

6. მოკლებული მანდატების გასანაწილებლად, მოკლებული მანდატის მიღებაზე უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება მოკლებული მანდატების რაოდენობაზე და იყოფა მოკლებული მანდატების მიღებაზე უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ შესაბამისი პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მოკლებული მანდატების რაოდენობაზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

 7. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შესაბამისი კონსტიტუციური კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი;

ბ) თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული; ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

8. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ამ კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

9. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია (რომელიც იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან), ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო.

10. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. წარდგენილ პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 120-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის ყოველ კანდიდატს უნდა მიეთითოს მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება.

11. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების შექმნის, 110-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ნომრების განსაზღვრისა და 1102 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცესკოს განკარგულების მიღების ვადაა საქართველოს პარლამენტის მომდევნო მორიგი არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტო, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში − ამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღე.

12. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებიდან საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები ტარდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ პერიოდში აღნიშნული საარჩევნო ოლქების საზღვრები უცვლელი რჩება, მიუხედავად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაძლო ცვლილებისა.

13. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც ტარდება არჩევნებიდან მესამე შაბათს, და ადგენს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ  არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს. თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, ცესკო მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

14. საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.

15. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს:

ა) საქართველოში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის გამართვის თარიღი − თუ განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა, აგრეთვე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი;

ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა − არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი − თუ მეორე ტური დაინიშნა, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები.

16. საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში არსებულ ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა სია, რომელშიც მითითებულია მათი პარტიული კუთვნილება და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი (თუ ისინი ასეთ ოლქებში იქნენ არჩეული).

17. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო მორიგი არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.

18. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით გასამართი არჩევნების დანიშვნის დღემდე პარლამენტის რიგგარეშე  არჩევნები ჩატარდეს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

19. ცესკოს 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ის პარტიები, რომლებმაც ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების შესაბამისად მოიპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები და შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია.

 

მუხლი 197. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენამდე პარტიების რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმების დროებითი წესი

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

დ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არაუგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.

9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის სია. პარტიის მხარდამჭერთა სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე ცესკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 42-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

12. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

 

მუხლი 198. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე მოქმედი ამ კანონის რედაქციით.

 

მუხლი 199. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში  მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ.

3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ:

ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო  ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა;

ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ა.ე) მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებული;

გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომლებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფლის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას;

ე) სპეციალურ სიაში შეყვანილ სპეციალური ჯგუფის წევრებზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის;

ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არჩევნების ჩასატარებლად, ასევე სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ან მთელი საარჩევნო კომისია ვერ ასრულებს (ასრულებენ) თავის (თავიანთ) მოვალეობას, ცესკო სხდომაზე დამსწრეთა ხმების არანაკლებ 2/3-ის საფუძველზე განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს (სპეციალურ ჯგუფებს) და ამტკიცებს მის (მათ) შემადგენლობას და მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება 12 წევრისაგან (საჭიროებისამებრ, ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა ნახევარს, მათ შორის, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. მეორე ნახევარს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები − იმავე დღეს ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ, დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფი საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით.

5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს:

ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის  საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილების  ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით;

ბ) საარჩევნო კომისიების წევრთათვის, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთათვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებელთათვის და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის, ამომრჩევლების) მიერ პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ, სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარეშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის  შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;

გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას.

6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

მუხლი 200. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი

1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით:

ა) საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიან სიასა და ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, „ფაქტობრივი მდგომარეობის“ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამ  სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიას.

4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

5.  ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები ვალდებული არიან შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (სხვადასხვა ადგილზე, გეოგრაფიული/ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით), ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელონ საარჩევნო უბნების განთავსებისათვის არანაკლებ 4 შენობა-ნაგებობის ადაპტირება და ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 1 სექტემბრამდე მიაწოდონ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

 

მუხლი 201. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი

საარჩევნო სუბიექტს რიგითი ნომერი მიენიჭება ამ კანონის 381 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, იმ საარჩევნო სუბიექტს, რომლის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებში ხმების 0.75% ან 0.75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს ცესკოს და მოითხოვოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული.

 

მუხლი 202. 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის დროებითი წესი

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.

2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ამოწმებს. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს სიების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით ეს სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.

4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი მითითებულია პარტიის წესდებაში. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარტიის არაუმეტეს 3 ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

6. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადება და საბუთები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მათი წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 37-ე დღისა.

9. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

10. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

11. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

13. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

 ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

15. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

16. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-11–მე-14 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

17. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

18. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

19. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

21. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

 

მუხლი 203. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი  დროებითი წესი

1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

3. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების მომდევნო, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

4. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების მომდევნო, 2032 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

5. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული არჩევნებისათვის ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს.

6. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი.

7. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის მომდევნო იმავე სქესის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

8. 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

9. 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის ამ მუხლით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

10. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში საკრებულოს გამოკლებული წევრის მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი.

 

მუხლი 204. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

 

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-8, 22-ე, 29-ე, 30-ე, 32-ე, 33-ე, 39-ე, 44-ე და 49-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-8, 22-ე, 30-ე, 33-ე და 44-ე პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან მე-2 დღეს.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 32-ე პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის დღიდან 30-ე დღეს.

4. ამ კანონის პირველი მუხლის 49-ე პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 2 იანვრიდან.

5. ამ კანონის პირველი მუხლის 29-ე და 39-ე პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე.

 

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6723-რს