სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2876-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 340140000.05.001.017570
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2876-Iს
11/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
340140000.05.001.017570
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია:

ა) მომხმარებელთა ინფორმირება სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ;

ბ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება;

გ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესების დადგენა და მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

დ) სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობითა და სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის  დაახლოებისა და ჰარმონიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას მათ ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული პროდუქტის ეტიკეტირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

ბ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად;

გ) ეტიკეტირება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ბაზარზე განთავსება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მესამე პირისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ნებისმიერი ფორმით;

ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა;

ვ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;

ზ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს;

თ) მესამე პირი – პირი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან/და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის;

ი) თანმხლები დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „სურსათი“, „ცხოველის  საკვები“ და „სახელმწიფო კონტროლი“ აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4932 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

 

თავი II

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე  განთავსება, იმპორტი და ეტიკეტირების წესები

 

  მუხლი 5. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსება

     1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბაზარზე განთავსებისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

     2. ბაზარზე განთავსებისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში მათ თვალსაჩინო ადგილას თან უნდა ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია.

მუხლი 6. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტი

1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული უნდა იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. იმპორტისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში მათ უნდა ერთოდეს თანმხლები დოკუმენტი.

მუხლი 7. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესები

1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი  გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, თუ მათ შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში განთავსებული უნდა იყოს წარწერა „გმო“, ხოლო გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში, წრიულ ფორმაში – წარწერა „გმ“. აღნიშნული წარწერები იმდენად თვალსაჩინო, ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოსახული უნდა იყოს, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მათი იდენტიფიცირება.

3. გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველი პროდუქტის ეტიკეტირებისას ამ პროდუქტზე აგრეთვე აღნიშნული უნდა იყოს გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების სახელი/ სახელები.

4. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლისა და საბაჟო კონტროლის დროს.

მუხლი 8. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეტიკეტირებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ხოლო მათი ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს, რომ მათ თვალსაჩინო ადგილას თან ახლდეს ამ კანონით დადგენილი ეტიკეტირების წესებით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია.

2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას თან იქონიოს სათანადო დოკუმენტაცია.

3. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობისას დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ბაზარზე განთავსებული სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ან/და გენმოდიფიცირებული პროდუქტი და არ განათავსოს ისინი ბაზარზე აღნიშნული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.

4. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება  განადგურებას, რასაც ბიზნესოპერატორი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

6. ბიზნესოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი იმპორტისას ეტიკეტირებული იყოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას  ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი.

7. ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტისას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ეტიკეტირების წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არარსებობისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და გენმოდიფიცირებული პროდუქტი ექვემდებარება მისივე ხარჯებით ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან განადგურებას ან შეუსაბამობის გამოსწორებას. განადგურებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

 

თავი III

სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 9. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება

1. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესებთან შესაბამისობის დასადგენად ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას ახორციელებს საბაჟო კონტროლს მათ ეტიკეტირებაზე, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ასევე ახორციელებს კონტროლს იმპორტისას სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის განადგურებაზე.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში  შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

თავი IV

პასუხისმგებლობა

მუხლი 10. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები გამოუწერენ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

3. სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევა, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში დადგენილი წესების დარღვევა, მათი ბაზარზე განთავსებისას და იმპორტისას, აგრეთვე თანმხლები დოკუმენტის არქონა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

5. ბიზნესოპერატორის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი ეტიკეტირების წესების დარღვევისას, მათ შორის, ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ კანონით დადგენილი წესით სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის და ბაზარზე განთავსების აღკვეთის განუხორციელებლობა, აგრეთვე შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განადგურების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1641   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე მიიღოს სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

2. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტისას საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 ივლისიდან  ბაზარზე განთავსებულ და იმპორტირებულ სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე.

მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი – მე-10 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი – მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2014 წ.

N2876-Iს