გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 530
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/09/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 16/10/2000
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.05.001.000.824
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
530
29/09/2000
სსმ, 36, 16/10/2000
010.080.000.05.001.000.824
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების, სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის დროს წარმოქმნილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება.

   მუხლი 2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის; მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს; მოედნის, პროსპექტის (გამზირის); გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის; სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის; სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდებას ახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140 
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 3. ტერმინების განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გეოგრაფიული ობიექტები – დედამიწის ბუნებრივი წარმონაქმნები: კონტინენტები, ოკეანეები, ზღვები, კუნძულები, მთები, მდინარეები, ტბები, მყინვარები და სხვა, აგრეთვე ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მათი ცენტრები, ქალაქები, დაბები, სოფლები, ქუჩები, მოედნები, პარკები და სხვა მსგავსი ობიექტები;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა – არსებულ სახელწოდებათა გამოვლენა, სახელწოდებათა არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, აგრეთვე სახელდებული გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდებების გადარქმევა;

გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება – გეოგრაფიული ობიექტების ფართოდ გავრცელებული სახელწოდებების შერჩევა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა კორექტირება ეროვნული ტრადიციების მიხედვით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი II. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება

    მუხლი 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ერთიანი მოთხოვნების, ნორმებისა და წესების განსაზღვრა, აგრეთვე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგის შედგენა;

დ) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება;

ე) გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის (შემდგომში - სამთავრობო კომისია) შექმნა.

    მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში არსებული ერთიანი მოთხოვნები, ნორმები და წესები დადგენილია ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში ადგენს ერთიან მოთხოვნებს, ნორმებსა და წესებს, შეიმუშავებს სამთავრობო კომისია და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამთავრობო კომისია საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ინფორმაციას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების შესახებ.  

4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, მუნიციპალიტეტებისათვის, ფიზიკური პირებისათვის, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1333 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენა

1. გეოგრაფიული ობიექტების არსებულ სახელწოდებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და ნორმალიზებისათვის გამოიყენება ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი საისტორიო და სხვა წყაროები.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი წყაროები არ იძლევა საჭირო ცნობებს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა გამოვლენა და დადგენა უნდა მოხდეს ადგილობრივ მცხოვრებთა, მხარეთმცოდნეთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა გამოკითხვის მეშვეობით.

3. გეოგრაფიული ობიექტების არსებული სახელწოდებების დადგენისა და მათი ტრანსლიტერაციის წესს განსაზღვრავს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140

    მუხლი 7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება და გამოყენება

1. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები ქართულ, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე ქვეყნდება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებსა და ცნობარებში.

3. ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოქვეყნებულ კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში გამოიყენება გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ ნორმალიზებული სახელწოდებები.

4. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები, რომლებიც იხმარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ქართულენოვან კარტოგრაფიულ მასალებსა და სხვა დოკუმენტებში აღინიშნება ქართულ და, საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენებზე, ხოლო ამ ობიექტების სახელწოდებათა უცხოურენოვანი დაწერილობა უნდა დაეფუძნოს ტრანსლიტერაციის საერთაშორისო ნორმებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მაკროტოპონიმებზე, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისაგან. ასეთ შემთხვევაში სახელწოდებების უცხოურ ენაზე დაწერისას გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები.

6. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების ნორმალიზებული სახელწოდებები საგზაო და სხვა სახის მაჩვენებლებზე იწერება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, უცხოურ ენაზე ამ წარწერების აღნიშვნა ხდება ტრანსლიტერაციის წესით.

7. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 8. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები

1. სახელწოდებები ერქმევა:

ა) ახლად წარმოქმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და დასახლებებს;

ბ) ახლად წარმოქმნილ ან სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს.

2. დასარქმევად შერჩეული სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს როგორც ობიექტის ყველაზე ნიშანდობლივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ასევე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში ისტორიულ-კულტურულ ან სამეურნეო-საყოფაცხოვრებო თავისებურებებს და უნდა მიესადაგებოდეს რეგიონის ტოპონიმიკურ სტრუქტურას. სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი სიტყვისაგან.

3. გეოგრაფიულ ობიექტს შეიძლება დაერქვას მისი პირველაღმომჩენის, დამაარსებლის და შემსწავლელ-ამთვისებლის სახელი.

4. გეოგრაფიული ობიექტისათვის თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ერთი და იმავე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი და იმავე სახის გეოგრაფიულ ობიექტს  არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

6. ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს არ შეიძლება დაერქვას ერთი და იგივე სახელწოდება.

7. ახლად წარმოქმნილი ან სახელწოდების არმქონე ქუჩისთვის ამ კანონით დადგენილი წესით სახელის მინიჭებამდე დასაშვებია არაბული ციფრების გამოყენებით სახელდება (მაგალითად, 1-ლი ქუჩა, მე-2 ქუჩა და ა. შ.) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სამთავრობო კომისიის დასკვნის გარეშე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინიციატივის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 9. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენა ან გადარქმევა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დასახლებაში/მუნიციპალიტეტში არსებობს ერთი და იმავე სახელწოდების რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტი, რაც სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებისას ქმნის გარკვეულ სირთულეებს;

ბ) წარსულში საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება დროთა განმავლობაში მივიწყებული ან დაკარგულია;

გ) ისტორიულ ვითარებათა და სხვა გარემოებათა გამო მოხდა სახელწოდების დამახინჯება;

დ) სახელწოდების აღმნიშვნელი აბრევიატურა, ნომერი ან სიტყვათა წყობა აღარ შეესაბამება რეალობას.

2. სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა აღდგენის ან გადარქმევის მიზანშეწონილობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 10. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი

1. წინადადებებს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას წარუდგენენ სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიული პირები. შემოსული წინადადებისა და მასთან ერთად წარმოდგენილი მასალების განხილვის წესი და თანამიმდევრობა განისაზღვრება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების, აგრეთვე სხვა ტერიტორიული ერთეულების, მუნიციპალიტეტებისა და მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელდება ხდება სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო საქართველოს სხვა ქალაქების, დასახლებული პუნქტებისა და სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, – სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სახელწოდებებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტებისა, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიებზე, სამთავრობო კომისია დამატებით ათანხმებს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ხოლო თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული დასახლებების, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობის შესაბამისად და სამთავრობო კომისიის თანხმობით.

5. გადაწყვეტილება საქართველოს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მიიღება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით და სამთავრობო კომისიის თანხმობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სამართლებრივი აქტით.

6. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოები და მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან,  კომპეტენციის შესაბამისად გეოგრაფიული ობიექტის − მუნიციპალიტეტის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140

საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის   კანონი №1333  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1965 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2014  წლის  7 მარტის  კანონი №2096 - ვებგვერდი, 14.03.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 11. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაცია და აღრიცხვა. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სახელმწიფო კატალოგი

1. გეოგრაფიული ობიექტების არსებული ან ახლად დარქმეული სახელწოდებები ექვემდებარება რეგისტრაციასა და აღრიცხვას.

2. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციასა და აღრიცხვას ახორციელებს სამთავრობო კომისია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ცნობარი და ლექსიკონი გამოიცემა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ“ დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140  

საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის   კანონი №1333  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 12. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვა და პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს იცავს სახელმწიფო. ერთი სახელწოდების მეორეთი შეცვლა ან დამახინჯება დაუშვებელია.

3. საქართველოს ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას აკონტროლებს სამთავრობო კომისია.

    მუხლი 13. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა დაფინანსება

1. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონებისა და ცნობარების მომზადება და გამოცემა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების წარდგინებით განხორციელებული, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

3. თუ წინადადება გეოგ რაფიული ობიექტის სახელდების შესახებ სამთავრობო კომისიას შეაქვს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1560-სსმI, №24, 13.08.2009წ., მუხ140

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6883 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულება „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურთან საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებისათვის სახელების დარქმევისა და გადარქმევის საკითხთა კომისიის შექმნის თაობაზე“ 6 თვის ვადაში მოყვანილ იქნეს ამ კანონთან შესაბამისობაში.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გაუქმდეს გეოგრაფიული ობიექტების ის სახელწოდებები, რომლებიც მათ დაერქვათ არსებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევით.

3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიღებულ იქნეს „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი.

4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიღებულ იქნეს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების დედაქალაქებისა და ცენტრების, საქართველოს ქალაქების, რაიონებისა და სხვა დასახლებული პუნქტების, სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და მათ სახელწოდებათა ნორმალიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების პროექტებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავებს სამთავრობო კომისია.

    მუხლი 15. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 29 სექტემბერი.

№530-Iს