დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონვენცია ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში პროფესიული ორიენტაციის და პროფესიული მომზადების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/06/1975 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 31/05/2000 |
ძალაში შესვლის თარიღი | 19/07/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000345 |
კონვენცია 142
კონვენცია
ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში პროფესიული ორიენტაციის და პროფესიული მომზადების შესახებ[1]
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც ჟენევაში მოიწვია შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ და 1975 წლის 4 ივნისს შეიკრიბა თავის მესამოცე სესიაზე,
წამოაყენა რა მთელი რიგი წინადადებები ადამიანური რესურსების განვითარების შესახებ: პროფესიული ორიენტაცია და პროფესიული მომზადება, რაც სესიის დღის წესრიგის მეექვსე პუნქტს წარმოადგენს,
გადაწყვიტა რა ამ წინადადებებს მისცეს საერთაშორისო კონვენციის ფორმა,
ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი წლის ივნისის ოცდამესამე დღეს იღებს ქვემოთ მოყვანილ კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ადამიანური რესურსების განვითარების შესახებ 1975 წლის კონვენცია:
მუხლი 1
1. ორგანიზაციის ყოველი წევრი იღებს და სრულყოფს პროფესიული ორიენტაციის და პროფესიული მომზადების ყოველმხრივ და კოორდინირებულ პოლიტიკას და პროგრამებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული დასაქმებასთან, კერძოდ, დასაქმების სახელმწიფო სამსახურების მეშვეობით.
2. ეს პოლიტიკა და პროგრამები სათანადოდ ითვალსწინებს:
ა) მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებს და დასაქმების პრობლემებს როგორც რეგიონალურ, ისე ეროვნულ დონეზე;
ბ) ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების სტადიასა და დონეს;
გ) ურთიერთკავშირს ადამიანური რესურსების განვითარებასა და სხვა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიზნებს შორის.
3. ეს პოლიტიკა და პროგრამები ხორციელდება ეროვნული პირობების შესაბამისი მეთოდებით.
4. ეს პოლიტიკა და პროგრამები გამიზნულია ცალკეული პირის იმ უნარის ამაღლებისთვის, რომ გაიაზრებდეს და, ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, გავლენას ახდენდეს საწარმოო და სოციალურ გარემოზე.
5. ეს პოლიტიკა და პროგრამები სტიმულს და საშუალებას აძლევს ყველა პირს, თანასწორობის საფუძველზე და რაიმე დისკრიმინაციის გარეშე განავითაროს და გამოიყენოს თავისი შრომის უნარი საკუთარი ინტერესებისათვის და საკუთარი მისწრაფებების შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით.
მუხლი 2
ზემოხსენებული მიზნებით ორგანიზაციის ყოველი წევრი ამუშავებს და სრულყოფს ზოგადი და პროფესიულ-ტექნიკური განათლების, სასკოლო და პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული მომზადების გახსნილ, მოქნილ და ერთმანეთის შემავსებელ სისტემებს, იმისდა მიუხედავად, ხორციელდება თუ არა ეს საქმიანობა ფორმალური განათლების სისტემაში თუ მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 3
1. ორგანიზაციის ყოველი წევრი თანდათან აფართოებს თავის პროფესიული ორიენტაციის სისტემებს და დასაქმების თაობაზე მუდმივი ინფორმაციის სისტემებს, რათა უზრუნველყოს, რომ ყოველმხრივი ინფორმაცია და ყველაზე ფართო ორიენტაცია ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისა და მოზრდილებისათვის, მათ შორის შესაბამისი პროგრამები ფიზიკურად და გონებრივად ნაკლოვანი პირებისათვის.
2. ასეთი ინფორმაცია და ორიენტაცია მოიცავს პროფესიის შერჩევას, პროფესიულ ორიენტაციას და მასთან დაკავშირებულ განათლების შესაძლებლობებს, მდგომარეობას და პერსპექტივებს დასაქმების დარგში, სამუშაოზე დაწინაურების პერსპექტივებს, შრომის პირობებს, უსაფრთხოებას და შრომის ჰიგიენას, აგრეთვე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საქმიანობის სხვადასხვა სფეროში და პასუხისმგებლობის ყველა დონეზე შრომითი ცხოვრების სხვა ასპექტებს.
3. ეს ინფორმაცია და ორიენტაცია ივსება ინფორმაციით შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა დაინტერესებული მხარის კოლექტიური შეთანხმებების, უფლებებისა და მოვალეობების შესახებ; ეს ინფორმაცია გაიცემა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, მუშაკებისა და დამქირავებლების დაინტერესებული ორგანიზაციების შესაბამისი ფუნქციებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
მუხლი 4
ორგანიზაციის ყოველი წევრი თანდათან ახდენს თავისი პროფესიული მომზადების სისტემების გაფართოებას, მისადაგებას და ჰარმონიზებას იმ მიზნით, რომ ისინი შეესაბამებოდეს ახალგაზრდების და მოზრდილების პროფესიული მომზადების მიღების მოთხოვნილებებს მთელი მათი ცხოვრების მანძილზე, ეკონომიკის ყველა სექტორში, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში და კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის ყველა დონეზე.
მუხლი 5
პროფესიული ორიენტაციის და პროფესიული მომზადების პოლიტიკა და პროგრამები მზადდება და ხორციელდება მუშაკებისა და დამქირავებლების ორგანიზაციებთან, და როცა ეს საჭიროა და ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად, – სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან თანამშრომლობით.
მუხლი 6
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები რეგისტრაციისათვის შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს ეგზავნება.
მუხლი 7
1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებზე, რომელთა დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.
2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი რატიფიკაციის შესახებ ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტების რეგისტრაციას მოახდენს.
3. შემდგომ წინამდებარე კონვენცია ორგანიზაციის ყოველი წევრისათვის ძალაში შედის რატიფიკაციის შესახებ მისი დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტ თვეში.
მუხლი 8
1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, შეუძლია მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის მომენტიდან ათწლიანი პერიოდის შემდეგ მოახდინოს მისი დენონსაცია შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორისათვის სარეგისტრაციოდ გაგზავნილი დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით. დენონსაცია ძალაში შედის დენონსაციის შესახებ აქტის რეგისტრაციის ერთი წლის შემდეგ.
2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის მომხდენი ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც წინა პუნქტში ნახსენები ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის თავისი უფლებით, შემდგომი ათი წლის პერიოდის განმავლობაში ხელშეკრული იქნება და შემდგომ წინამდებარე კონვენციის დენონსაციას შეძლებს ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 9
1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ატყობინებს რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის და დენონსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც მან მიიღო ორგანიზაციის წევრებისგან.
2. გენერალური დირექტორი, ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მიღებული მეორე დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ, მათ ყურადღებას მიაპყრობს კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს.
მუხლი 10
შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის უგზავნის წინა მუხლების დებულებათა თანახმად მის მიერ რეგისტრირებულ რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტთან და დენონსაციის შესახებ აქტებთან დაკავშირებულ სრულ მონაცემებს.
მუხლი 11
ყოველთვის, როცა შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, ღირს თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ საკითხის შეტანა.
მუხლი 12
1. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არ არის გათვალისწინებული:
ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად იწვევს, მე-8 მუხლის დებულებათა მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი, გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;
ბ) ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული წინამდებარე კონვენცია დახურულია ორგანიზაციის წევრთა მიერ მისი რატიფიკაციისათვის.
2. წინამდებარე კონვენცია ყოველ შემთხვევაში ფორმით და შინაარსით ძალაში რჩება ორგანიზაციის იმ წევრთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია.
მუხლი 13
წინამდებარე კონვენციის ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.
[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1977 წლის 19 ივლისი.
დოკუმენტის კომენტარები