О Службе разведки Грузии

О Службе разведки Грузии
Номер документа 2984
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 27/04/2010
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 24, 10/05/2010
Регистрационный код 130.040.000.05.001.004.012
Консолидированный публикации
2984
27/04/2010
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 24, 10/05/2010
130.040.000.05.001.004.012
О Службе разведки Грузии
Парламент Грузии

Консолидированная версия (Окончательный вариант)

საქართველოს კანონი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

2. საქართველოს დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

     მუხლი 2. საქართველოს დაზვერვის სამსახური

საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროები

1. სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.

2. სამსახური ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.

    მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ზ) მიზანმიმართულობა;

თ) ოპერატიულობა;

ი) უწყვეტობა;

კ) გეგმურობა;

ლ) ფარულობა.

 

თავი II. სამსახურის საქმიანობა და უფლებამოსილება

    მუხლი 6. სამსახურის საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები

1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურის უფლებამოსილება, ორგანიზება, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტიები განსაზღვრულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

4. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

5. სამსახური ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სადაზვერვო ინფორმაციას მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

6. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;

ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;

გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;

ე) თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა აუცილებელ კომპლექსს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;

ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;

ლ)სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებს და შიფრებს;

ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს;

ო) თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

პ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს, სპეციალური მომზადების, სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, არქივს, უშვებს სპეციალურ გამოცემებს;

ჟ) სამსახურის ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს;

რ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

ს) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.

7. სამსახურის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მისი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სამსახურთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება სამსახურის არქივში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

8. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ.

9. სამსახური აგრეთვე ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საწარმოებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებსაც წარედგინება სადაზვერვო ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების გამჟღავნებისათვის და ინფორმაციის წყაროების გაშიფვრისათვის.

 

თავი III. სამსახურის შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა

    მუხლი 8. სამსახურის შემადგენლობა

1. სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა.

11. სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე  სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

[ 2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

3. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 9. სამსახურის უფროსი

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში.

3. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;

ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს;

გ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის;

1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;

ე) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

ვ) სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საკლასო ჩინებს;

[ ვ) სამსახურის მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საკლასო ჩინებს;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ზ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

თ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ი) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

კ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ლ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

    მუხლი 10. სამსახურის უფროსის მოადგილეები

1. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი – პირველი მოადგილე.

2. სამსახურის უფროსის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, ხოლო მათი უფლებამოსილებანი – სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 11. სამსახურის მოსამსახურეები

1. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები.

21. სამსახურში მიღებული პირი თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

22. სამსახურის ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ან სამმართველოს უფროსზე უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიის თანამდებობაზე ან დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიაზე უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურმა შეიძლება მიავლინოს პირი, რომელსაც აქვს სამსახურის ოპერატიულ ან/და ანალიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები დგინდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, აგრეთვე საკლასო ჩინი, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

[ 4. სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და საკლასო ჩინი. მათი ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან.

6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მსახურობს სამსახურში, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

[ 6. (ამოღებულია - 21.09.2023, №3509) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

7. სამსახურის მოსამსახურის შრომითი საქმიანობა წესრიგდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

8. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა.

9. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

10. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (საქართველოს დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

11. სამსახურის მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან/და მასში მონაწილეობა, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში მონაწილეობა, პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობებისა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

12. სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას.

13. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.

14. სამსახურის მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სამსახური.

15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 111. სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა 

1. სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე სპეციალურ მომზადებას გადის.

4. წვევამდელს სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული პირი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

5. პირს, რომელიც სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

     [მუხლი 11 1 . (ამოღებულია)  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

     მუხლი 112. სამსახურის მოსამსახურის ფიცი 

1. წვევამდელი სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ დებს სამხედრო ფიცს და სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

[ 1. (ამოღებულია - 21.09.2023, №3509) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

2. სამსახურის მოსამსახურე სამსახურში მიღების შემდეგ დებს სამსახურის მოსამსახურის ფიცს.

3. სამსახურის წარდგინებით სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

თავი IV. სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობები

    მუხლი 12. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

    მუხლი 13. სამსახურში პირის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

სამსახურში პირის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:

ა) ნასამართლობა;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადება;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა საფუძველი.

    მუხლი 14. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

1.სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

2. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

    მუხლი 15. სამსახურის მოსამსახურის წახალისება

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება სამსახურის მოსამსახურის წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

[ თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ი) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

კ) თანამდებობრივი დაწინაურება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს სამსახურის უფროსს.

4. სამსახურის მოსამსახურის წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება მის პირად საქმეში.

საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1835  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3509 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 16. სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლება

სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

ბ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას;

დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას;

ვ) შტატების შემცირებისას;

ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების ორგანოებში/ორგანოს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში/საკრებულოს აპარატში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევისას, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;

თ) საკუთარი ინიციატივით;

ი) სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო;

კ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით;

მ) სამსახურში მიღებისათვის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

ნ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;

ო) (ამოღებულია - 07.09.2022, №1723);

პ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას;

ჟ) სამსახურის ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციის ას ან/და ლიკვიდაციისას;

რ) გარდაცვალებისას;

ს) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ტ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

უ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მის მიერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში.

საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1731  - ვებგვერდი, 25.12.2013წ.

    მუხლი 17. სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

1. სამსახურის მოსამსახურე დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. სამსახურის მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის – სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნის, აგრეთვე ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენისათვის, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი თუ სამსახურის გარეთ, სამსახურის შინაგანაწესის დარღვევისათვის, მისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

[ ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) უფრო დაბალი კატეგორიის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა – არაუმეტეს 1 წლით;

ზ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის სამსახურის მოსამსახურე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. დისციპლინური სახდელი გამოიყენება დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს 6 თვისა. ამ ვადაში არ შედის სამსახურის მოსამსახურის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. ამ ვადაში არ შედის სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო. სამსახურის მოსამსახურის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იგი სამსახურიდან თავისუფლდება მისი ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად.

5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი მძიმე დისციპლინურ გადაცდომას ჩაიდენს.

6. სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილი ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

7. დისციპლინური სახდელის დადება ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. მას გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც დაედო დისციპლინური სახდელი. ბრძანება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ინახება სამსახურის მოსამსახურის პირად საქმეში.

8. სამსახურის მოსამსახურე დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია 6 თვე და მას არ დაედო ახალი სახდელი.

9. სამსახურის მოსამსახურეს წინათ დადებული დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ამ კანონით დადგენილი წესით. დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც გააცნობენ სამსახურის მოსამსახურეს. ეს ბრძანება ინახება მის პირად საქმეში.

    მუხლი 171. სამსახურის მოსამსახურის სამუშაო დრო 

1. სამსახურის მოსამსახურისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

2.სამსახურში განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი, რომლის დროსაც სამსახურის მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს მისთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილას. სამსახურის მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

    მუხლი 18. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება

1. სამსახურის მოსამსახურეს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

თავი V.  სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებრივი დაცვა

    მუხლი 19. სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

1.სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. სამსახურის მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

3. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, მისი და მისი ოჯახის წევრთა ღირსების შელახვა, მათ მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. სამსახურის მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა, მისი დაკავება, სამუშაო ადგილის, ბინის, სათავსის, მისი პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს.

5. საქართველოს საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის სამსახურის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრთა დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განთავისუფლებას.

    მუხლი 20. სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

დაუშვებელია სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით.

 

თავი VI. სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა

    მუხლი 21. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. სამსახურის მოსამსახურის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. სამსახურის მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. სამსახურის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს, ფულად ჯილდოს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ხელფასი მოიცავს სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

21. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სამსახურის მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. სამსახურის მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.  სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

[ 4.  სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

5. ამ მუხლის მე- 4 პუნქტი არ ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლდა ამ კანონის მე-16 მუხლის „ე“, „ ი“, „კ“ ან/ და „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

6. სამსახურის მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი) ექვემდებარებიან სავალდებულო დაზღვევას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

7. ზიანი, რომელიც მიადგა სამსახურის მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებასთან, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.

საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1835  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

    მუხლი 22. კომპენსაცია სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) ან შესაძლებლობის შეზღუდვის გამო

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სამსახურის მოსამსახურის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მის ოჯახს/ მემკვიდრეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯებს დადგენილი ოდენობით და ნეშტის გადასვენების ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

[ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის მოსამსახურის, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

3. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში დასახიჩრდა ან/და დაინვალიდდა, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 10 000 ლარისა.

4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება და შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში შეეზღუდა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

[ 4. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და შესაძლებლობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში შეეზღუდა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

5. სამსახურის მოსამსახურის სახელმწიფო კომპენსაციითა და დახმარებით უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.

6. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ.

7. სადაზვერვო საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

8. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის საზღვარგარეთ დააკავეს ან დააპატიმრეს, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ.

9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით.

10. სამსახურის მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის შრომით მოწყობას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.

11. სამსახურის მოსამსახურეთათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის უფროსმა შეიძლება დაადგინოს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

 

თავი VII. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან

    მუხლი 23. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სამსახურს შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, უფლება აქვს:

ა) სამსახურთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით;

ბ) სამსახურის მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სამსახურის მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;

ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდში.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სამსახურთან, ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს სამსახურთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;

ბ) არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;

გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

    მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან

1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან, განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

4. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სამსახურთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

 

თავი VIII. სამსახურის დაფინანსება

    მუხლი 25. სამსახურის დაფინანსება

სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

თავი IX. სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

     მუხლი 26. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობა

სამსახურზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

მუხლი 27. საპარლამენტო კონტროლი

      სამსახურის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

     მუხლი 29. საფინანსო კონტროლი

სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

საქართველოს 201 2 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 30. გარდამავალი დებულება

სამსახურმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

     მუხლი 301. სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

1. 2025 წლის 1 იანვრამდე:

ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამსახურში მსახურობს, სამხედრო სამსახურს გადის თავდაცვის კოდექსის შესაბამისად. მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით;

ბ) სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით;

გ) სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი დგინდება „საქართველოს დაზვერვის სამსახურში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

დ) წვევამდელი სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას.

2. წვევამდელს სამსახურის საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით.

3. იმ პირის მიერ, რომელიც სამსახურში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის, თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. ეს პირი საერთო წესით დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

     მუხლი 31. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
 
2010 წლის 27 აპრილი.
№2984–რს