Закон Грузии О создании юридического лица публичного права – Агентства по обмену данными

Закон Грузии О создании юридического лица публичного права – Агентства по обмену данными
Номер документа 1536
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 17/07/2009
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 21, 03/08/2009
Expiration Date 10/07/2020
Регистрационный код 040.030.000.05.001.003.579
Консолидированный публикации
1536
17/07/2009
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 21, 03/08/2009
040.030.000.05.001.003.579
Закон Грузии О создании юридического лица публичного права – Агентства по обмену данными
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (05/06/2012 - 21/04/2017)

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) შექმნა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

    მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს კანონმდებლობა და სააგენტოს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები) – ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) მართვა, უზრუნველყოფა ან შემუშავება, რაც ხორციელდება კომპიუტერული, პროგრამული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ერთობლივად გამოყენებით;

ბ) ელექტრონული (ციფრული) მმართველობა – საჯარო მმართველობის განხორციელება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოება – ინფორმაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვა;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოება – კომპიუტერული, პროგრამული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მდგრადობისა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. უსაფრთხოება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომლის ოპერირებას ან გენერირებას ახდენს ეს ტექნოლოგიები;

ე) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა – სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს დაცულ პლატფორმაში (ტექნოლოგიაში) მონაცემთა ბაზებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (სისტემებს) შორის დამოუკიდებელი სტანდარტული ინტერფეისის არსებობას. მისი ძირითადი ფუნქციაა მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) დაკავშირება საჯარო სექტორში, აგრეთვე ამ ინფორმაციულ რესურსებთან სანქცირებული გარე (სამოქალაქო სექტორის) წვდომის უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონული დოკუმენტი – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული დოკუმენტი;

ზ) ელექტრონული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული ხელმოწერა;

თ) ერთიანი სამთავრობო ქსელი – საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი სამთავრობო ქსელი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტი – ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) ინფრასტრუქტურაში დანერგილი სისტემის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შემოწმება.

 

თავი II. ძირითადი დებულებები

    მუხლი 4. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სააგენტო არის ამ კანონით დაფუძნებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

    მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის სფერო, საქმიანობის საგანი და მიზანი

1. სააგენტოს საქმიანობის სფეროა ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება.

2. სააგენტოს საქმიანობის საგანია სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას ელექტრონული მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული ერთიანი სისტემის შექმნა, ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

3. სააგენტოს მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) გამოყენებით ახალი სახის მომსახურების დანერგვა, მონაცემთა შენახვისა და მიწოდების სტანდარტის დადგენა, ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) საშუალებით მმართველობის ეფექტიანობის გაზრდა.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები

სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები) და ელექტრონული მმართველობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა;

ბ) უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოება, მათ შორის, განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სექტორში;

გ) განახორციელოს ერთიანი სამთავრობო ქსელის ფუნქციონირების მონიტორინგი;

დ) შექმნას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა და უზრუნველყოს ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობა;

ე) ხელი შეუწყოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარებას;

ვ) შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროს განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტები;

ზ) განახორციელოს ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის (მოწმობის) გამცემის უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი;

თ) ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას;

ი) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაციის მიზნით ჩაატაროს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) აუდიტი;

კ) დაამყაროს ურთიერთობა ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროში ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში;

მ) შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტები;

ნ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი 7. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებას (გამოსცემს სამართლებრივ აქტს) სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე;

1 ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – თავმჯდომარის ბრძანებას ;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ე) ახორციელებს სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6393 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. სააგენტოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

    მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

11 . სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის, მისი გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს და პირობებ ი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6393 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

    მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

    მუხლი 12. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის წესი

სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2010 წლის 1 იანვრისათვის:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულება;

ბ) თანამდებობაზე დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსათვის გადაცემა.

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი – მე-12 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი – მე-12 მუხლები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 17 ივლისი.

№1536–რს