Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| Акт регистрации иностранных агентов | |
|---|---|
| Номер документа | 399-IIმს-XIმპ |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 01/04/2025 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Вебсайт, 02/04/2025 |
| Activating Date | 31/05/2025 |
| Регистрационный код | 040030040.05.001.102541 |
- Оригинал
- ●
- Английский
- ●
- Русский
- ●
- Параллельно Английский
- ●
- Параллельно Русский
- ●
- Параллельно Английский - Русский
|
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი
|
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი − ფიზიკური პირი, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვა გაერთიანება; ბ) უცხოური პრინციპალი: ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხოური პოლიტიკური პარტია; ბ.ბ) პირი, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი საქართველოს მოქალაქეა და მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ან როდესაც ეს პირი ფიზიკური პირი არ არის, მაგრამ იგი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაფუძნებული და ორგანიზებული და მისი საქმიანობის ძირითადი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზეა; ბ.გ) პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა; გ) უცხოური პრინციპალის აგენტი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა): გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.ა.ა) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; გ.ა.ბ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.ა.გ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ა.დ) იგი საქართველოში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს; დ) ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ მოიცავს ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებას, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებას, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა/შეიქმნა. ეს ტერმინი არ მოიცავს აგრეთვე იმ გაზეთს, იმ ჟურნალს, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემას, იმ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში გამოიცემა ახალი ამბების კეთილსინდისიერი გავრცელებით ან ჟურნალისტური საქმიანობის კეთილსინდისიერი განხორციელებით, მათ შორის, რეკლამის შეთავაზების ან მოზიდვის, პროდუქტის ან მომსახურების გამოწერის შეთავაზების ან სხვა სახის საზღაურის მეშვეობით. ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ახალი ამბების მასობრივი გავრცელების იმ საშუალებაზე, ახალი ამბების მასობრივად გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, მასობრივი ინფორმაციის იმ ბეჭდურ საშუალებაზე, მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური საშუალებით გამავრცელებელ პირთა იმ გაერთიანებაზე, აგრეთვე იმ გაზეთზე, იმ ჟურნალზე, იმ პერიოდულ ბეჭდურ გამოცემაზე, იმ პუბლიკაციაზე, რომლის არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეები და რომლის მმართველები და ხელმძღვანელები (მათი არსებობის შემთხვევაში) საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელსაც არ ფლობს, არ ზედამხედველობს, არ მართავს, არ აკონტროლებს, არ აფინანსებს, რომლის სუბსიდირებას არ ახორციელებს და რომელსაც არანაირ პოლიტიკას არ განუსაზღვრავს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური პრინციპალი ან უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს; ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება − პირი ან პირთა ჯგუფი, რომელიც ნებისმიერ უცხო ქვეყანაში ან უცხო ქვეყნის ნაწილში ახორციელებს სუვერენულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ პოლიტიკურ იურისდიქციას, ან პირთა ჯგუფის დანაყოფი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დელეგირებული აქვს აღნიშნული სუვერენული ფაქტობრივი ან სამართლებრივი უფლებამოსილება ანდა ფუნქცია, ან უცხო ქვეყნის მეამბოხეთა დაჯგუფება ან ორგანო, რომლის მიმართაც ივარაუდება, რომ იგი ხელისუფლების უფლებამოსილებას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, აღიარა თუ არა საქართველომ მეამბოხეთა ეს დაჯგუფება ან ორგანო; ვ) უცხოური პოლიტიკური პარტია − უცხოური ორგანიზაცია, ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანება ან უცხოური ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა უცხოური გაერთიანების სტრუქტურული ერთეული ან ფილიალი, რომელიც მიზნად ისახავს, განახორციელოს ან რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ორიენტირებულია უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების ჩამოყალიბებაზე, მართვაზე, კონტროლზე, მართვის ან კონტროლის მოპოვებაზე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების ან მათი დანაყოფების პოლიტიკური ან საჯარო ინტერესების, პოლიტიკის განხორციელების ან ურთიერთობების ხელშეწყობაზე ან ამ ინტერესებზე, პოლიტიკის განხორციელებაზე ან ურთიერთობებზე გავლენის მოხდენაზე; ზ) მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მოიცავს უცხოური პრინციპალისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რჩევების მიცემას ან მის რაიმე ფორმით წარმომადგენლობას საზოგადოებასთან ურთიერთობების ნებისმიერ საკითხში, რომელიც ეხება უცხოური პრინციპალის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, მიდგომებს ან ურთიერთობებს; თ) სარეკლამო აგენტი − პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის ჩართული ზეპირი, ვიზუალური, გრაფიკული, წერილობითი ან ილუსტრირებული ინფორმაციის ან სხვა სახის პუბლიკაციის გამოცემაში ან გავრცელებაში, მათ შორის, რეკლამით, წიგნებით, პერიოდული გამოცემებით, გაზეთებით, ლექციებით, მაუწყებლობით, კინოკადრებით ან სხვა საშუალებების გამოყენებით; ი) საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი − პირი, რომელიც აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს პოლიტიკური, სამრეწველო, შრომითი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ ანგარიშებს, აღწერილობებს, ინფორმაციას ან მონაცემებს ნებისმიერი ქვეყნის (გარდა საქართველოსი) თაობაზე, ან აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს მათ რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ანდა პარტნიორთა ჯგუფის, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა; კ) რეგისტრაციის განცხადება − განცხადება, რომელიც უნდა წარედგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტი, რომლის წარდგენაც საჭიროა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, და რომელიც მოიცავს როგორც ყველა სავალდებულო დოკუმენტს, ისე დამატებით დოკუმენტებს ან მათში მითითებულ სხვა დოკუმენტაციას; ლ) ნაბეჭდი მასალა − გაზეთი, პერიოდული გამოცემა, წიგნი, ბროშურა, პარტიტურა, სავიზიტო ბარათი, სამისამართო ბარათი, ბეჭდვითი ნიმუში, გრავიურა, ფოტო, სურათი, ნახატი, გეგმა, რუკა, ამოსაჭრელი ნიმუში, კატალოგი, ბუკლეტი, რეკლამა, სხვადასხვა სახის დაბეჭდილი, გრავირებული, ლითოგრაფიული ან ავტოგრაფიული ჩანაწერი, აგრეთვე, ზოგადად, ანაბეჭდი, რომელიც მიღებულია ქაღალდზე ან სხვა, ქაღალდის მსგავს მასალაზე, პერგამენტზე ან მუყაოზე ბეჭდვის, გრავირების, ლითოგრაფიის ან ავტოგრაფიის მეშვეობით, გარდა გასამრავლებელი მანქანის (პრესის), საცვლელი ან უცვლელი შრიფტის მქონე შტამპისა და საბეჭდი მანქანის გამოყენებით მიღებული ანაბეჭდებისა; მ) პოლიტიკური საქმიანობა − პირის მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებული ან განსახორციელებელი საქმიანობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, მიღებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ის საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს; ნ) პოლიტიკური მრჩეველი − პირი, რომელიც ნებისმიერ სხვა პირს აწვდის ინფორმაციას ან აძლევს რჩევებს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის საკითხებთან ან უცხო ქვეყნის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებთან, მიდგომებთან ან ურთიერთობებთან დაკავშირებით. მუხლი 2. რეგისტრაციის განცხადება 1. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, ანტიკორუფციულ ბიუროს ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. რეგისტრაციის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს, ძირითად იურიდიულ მისამართს და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა იურიდიულ მისამართს საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ, აგრეთვე ყველა ფაქტობრივ მისამართს (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) განმცხადებლის სტატუსს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, პარტნიორთა ჯგუფის შემთხვევაში − თითოეული პარტნიორის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილ და სრულ ასლებს, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების შემთხვევაში − მისი მმართველებისა და ხელმძღვანელების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელებს, საცხოვრებელი ადგილების მისამართებს, მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტის (მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდებისა და მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების) ასლებს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა აქტის/დოკუმენტის ასლს და ყველა იმ ზეპირი შეთანხმების წესებისა და პირობების წერილობით აღწერას, რომლებიც ეხება მის ორგანიზებას, უფლებამოსილებებსა და მიზნებს, ასევე სრულ ინფორმაციას მისი მფლობელებისა და მაკონტროლებლების შესახებ; გ) ყოვლისმომცველ ინფორმაციას განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, განმცხადებლის თანამშრომლების სრულ სიას და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის აღწერას; ყველა იმ უცხოური პრინციპალის სახელსა და მისამართს, რომლისთვისაც განმცხადებელი მოქმედებს ან რომლისთვის მოქმედადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლისთვის მოქმედებასაც თანხმდება; ყველა ასეთი უცხოური პრინციპალის საქმიანობის ან სხვა სახის აქტივობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას, ხოლო თუ უცხოური პრინციპალი ფიზიკური პირი არ არის − ინფორმაციას იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის თაობაზე; აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობს, ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის სუბსიდირებას ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან/და უცხოური პოლიტიკური პარტია ან/და სხვა უცხოური პრინციპალი; დ) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც განმცხადებელი უცხოური პრინციპალის აგენტია; აგრეთვე თითოეული ასეთი ხელშეკრულების არსისა და შესაბამისი საქმიანობის მეთოდების სრულყოფილ აღწერას, იმ საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება და რომელიც შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად იქნეს მიჩნეული; ე) ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის, დანახარჯის ან ნებისმიერი სხვა სახით მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; ვ) დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ საქმიანობის (მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის) შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; ზ) იმ პირის (გარდა უცხოური პრინციპალისა) სახელს, საქმიანობისა და რეგისტრაციის მისამართებს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს, ან თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ამ საქმიანობის განმახორციელებლად ან თანხმდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე შესაბამის ინფორმაციას იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი პირი ექვემდებარება რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან სხვა უცხოური პრინციპალის მიერ ფლობას, ზედამხედველობას, კონტროლს, მართვას, დაფინანსებას ან სუბსიდირებას მთლიანად ან ნაწილობრივ; არსებობის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა; თ) დეტალურ ინფორმაციას იმ ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ბოლო 60 დღის განმავლობაში დახარჯა ან განკარგა იმ საქმიანობისთვის, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს და რომელიც მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თავისთვის ან/და სხვა პირისთვის, ან სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მას უცხოური პრინციპალის აგენტად ხდის; აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ ბოლო 60 დღის განმავლობაში ფულადი შენატანის ან/და სხვა მატერიალური ფასეულობის სახით განხორციელებული შემოწირულების შესახებ (გარდა იმ შემოწირულებისა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით), რომელიც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ პრაიმერს, კონფერენციას ან ყრილობას უკავშირდება; ი) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის, უცხოური პრინციპალისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრიციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; კ) ყველა სხვა ინფორმაციას ან დოკუმენტს, რომელიც ამ კანონის მიზნებთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია პერიოდულად მოითხოვოს ანტიკორუფციულმა ბიურომ ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე; ლ) ინფორმაციას, დოკუმენტების ასლებსა და დამატებით დოკუმენტებს, რომლებიც საჭიროა რეგისტრაციის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტის წარმოსაჩენად. 2. უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს ის ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმცხადებელმა ანტიკორუფციულ ბიუროს 10 დღის ვადაში უნდა აცნობოს ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს. 3. რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები ფიცის ქვეშ უნდა იქნეს წარდგენილი. ფიზიკური პირი დოკუმენტაციას თავად ავსებს. თუ განმცხადებელი პარტნიორთა ჯგუფია, დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა. თუ პირი არ არის არც ფიზიკური პირი და არც პარტნიორთა ჯგუფი, დოკუმენტაციას ავსებს მისი მმართველების, ხელმძღვანელების, დირექტორთა საბჭოს წევრების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) უმრავლესობა. 4. რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ ანტიკორუფციული ბიურო განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს. რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის. 5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია, პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს, რომ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად შეიძლება აუცილებელი არ იყოს, და დაუშვას შემდეგი გამონაკლისები: ა) რეგისტრაციის ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად შევსებულ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი, მმართველი, დირექტორი ან თანამშრომელი; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს უცხოური პრინციპალის აგენტი. 6. ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, აგრეთვე იმ დამატებითი ფორმატებით, რომლებიც შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვოს. მუხლი 3. გამონაკლისები ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური პრინციპალის აგენტებზე: ა) დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირებზე (მოხელეებზე) − შესაბამისი წესის დაცვით აკრედიტებულ, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელ, დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც აღიარებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, − მაშინ, როდესაც ეს პირები (მოხელეები) ექსკლუზიურად არიან ჩართული ისეთ საქმიანობაში და ასრულებენ ისეთ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს), რომელიც/რომლებიც აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, აღნიშნული საქმიანობა მათ ფუნქციებს (უფლება-მოვალეობებს) შეესაბამება; ბ) უცხო ქვეყნის ხელისუფლების თანამდებობის პირზე − თუ ეს ხელისუფლება აღიარებულია საქართველოს მიერ და აღნიშნული თანამდებობის პირი იმავდროულად არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი ან საქართველოს მოქალაქე, მისი სახელის, სტატუსისა და საქმიანობის ხასიათის შესახებ ინფორმაცია დარეგულირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და იგი ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს შეესაბამება; გ) დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირების (მოხელეების) პერსონალზე − პერსონალის წევრზე ან სხვა ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია უცხო ქვეყნის ხელისუფლების სათანადოდ აკრედიტებულ დიპლომატიურ ან საკონსულო სამსახურში და იმავდროულად ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს მიეკუთვნება, გარდა საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩევლისა, სარეკლამო აგენტისა ან საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლისა, რომლის სახელის, სტატუსისა და საქმიანობის ხასიათის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციაა და რომელიც ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღიარებულ ექსკლუზიურ საქმიანობას, რომელიც თანამდებობის პირის ფუნქციებს შეესაბამება; დ) კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობასთან, სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით − ნებისმიერ პირზე, რომელიც ჩართულია ან თანხმდება, ჩაერთოს მხოლოდ შემდეგ საქმიანობაში: დ.ა) კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად; დ.ბ) საქმიანობაში, რომელიც უპირატესად არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს; დ.გ) საქმიანობაში, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და არ ეწინააღმდეგება მათ. ამასთანავე, ის უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ჩამოყალიბებული წესებიდან და პროცედურებიდან; ე) რელიგიურ, სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებით − ნებისმიერ პირზე, რომელიც თანხმდება, განახორციელოს ან რომელიც ახორციელებს მხოლოდ ისეთ კეთილსინდისიერ საქმიანობას, როგორიცაა რელიგიური, საქველმოქმედო, აკადემიური, სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობა; ვ) საქართველოს თავდაცვის მიზნებისთვის მნიშვნელოვან უცხო ქვეყნის მთავრობის დაცვასთან დაკავშირებით: ვ.ა) ნებისმიერ პირზე ან მის თანამშრომელზე, რომლის უცხოური პრინციპალი არის იმ უცხო ქვეყნის მთავრობა, რომლის დაცვა, საქართველოს მთავრობის აზრით, მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის. ასეთი პირი ან მისი თანამშრომელი გათავისუფლებულია რეგისტრაციის ვალდებულებისგან, თუ: ვ.ა.ა) იგი ახორციელებს მხოლოდ ისეთ საქმიანობას, რომელიც ემსახურება როგორც აღნიშნული უცხო ქვეყნის მთავრობის, ისე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, საჯარო ინტერესებს ან ეროვნულ უსაფრთხოებას და მიმართული არ არის საქართველოს მთავრობის საშინაო ან საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ; ვ.ა.ბ) ყველა კომუნიკაცია ან განცხადება, რომელიც ამ პირმა ან მისმა თანამშრომელმა განახორციელა ან გააკეთა, ან რომელსაც იგი მიზნად ისახავს, ან რომლის მიმართაც იგი საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ ის გავრცელდება ან ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის, აღნიშნული საქმიანობის ნაწილია, ამასთანავე, ითვლება, რომ ეს განცხადება სიმართლეა და რომ ის ზუსტია, და მასში მითითებულია, რომ ეს პირი უცხოური პრინციპალის აგენტია; ვ.ა.გ) აღნიშნული უცხო ქვეყნის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აწვდის ამ პირის ან მისი თანამშრომლის ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს გადაეცემა და მის მიერ განსაზღვრული ვადით ინახება; ვ.ბ) ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, საჯარო ინტერესისა და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობით ან მისი მოთხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი; ზ) საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელ პირზე, რომელიც საქართველოს სასამართლოების ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების წინაშე ახორციელებს უცხოური პრინციპალის წარმომადგენლობას, − იმ პირობით, რომ ამ კანონის მიზნებისთვის სამართლებრივი წარმომადგენლობა არ მოიცავს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაზე გავლენის მოხდენის ან მისი პერსონალის ან თანამდებობის პირების დარწმუნებას, გარდა მართლმსაჯულების წარმოებისა, სისხლის სამართლის პროცესის ან სამოქალაქო პროცესის აღსრულებისა, გამოძიების მსვლელობისა და სამართალწარმოების პერიოდისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა მათი სათანადო ფორმით განხორციელება; თ) უცხოური პრინციპალის აგენტზე, რომელიც არის ამ კანონის პირველი მუხლის „ბ.ბ“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი აგენტი, − თუ იგი ჩართულია ლობისტურ საქმიანობაში და დარეგისტრირებულია ლობისტად „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხება/კატეგორიებად დაყოფა 1. საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს. 2. უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროშია დაცული. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“. 3. ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარედგინოს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საჯარო მონიტორინგის განსახორციელებლად. 4. უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისთვის ან თანამდებობის პირისთვის უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდება ან მის მიერ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისგან ან თანამდებობის პირისგან ნებისმიერი ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღება, რომელიც ეხება პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს, პოლიტიკას ან უცხო ქვეყნის ან პოლიტიკური პარტიის ურთიერთობებს, აგრეთვე უკავშირდება საქართველოს საგარეო ან საშინაო პოლიტიკას, თუ პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღების მოთხოვნას არ ერთვის ან წამძღვარებული არ აქვს თვალსაჩინო და ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული პირი ამ კანონის შესაბამისად დარეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტად. 5. თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის წინაშე გამოდის, მან საქართველოს პარლამენტის კომიტეტს/დროებით საგამოძიებო კომისიას ან სხვა დროებით კომისიას უნდა წარუდგინოს თავისი უახლესი რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ პირმა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინა. ეს უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის/დროებითი საგამოძიებო კომისიის ან სხვა დროებითი კომისიის ოქმში, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსვლის ნაწილი. მუხლი 5. დოკუმენტები და ჩანაწერები ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აგენტობის პერიოდში შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ის ფინანსური ანგარიში და სხვა ჩანაწერი, რომელთა წარდგენაც სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია პირისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის აღსასრულებლად დადგენილი რეგულაციებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის წესი. ამ რეგულაციების ძალაში შესვლამდე უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია აწარმოოს ამავე კანონით განსაზღვრული ფინანსური დოკუმენტაცია და შეინახოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა წერილობითი ჩანაწერი. ეს დოკუმენტაცია და ჩანაწერები ნებისმიერ გონივრულ დროს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი ორგანოსთვის. ამ კანონით გათვალისწინებული შესანახი დოკუმენტების მიზანმიმართული დამალვა, განადგურება, წაშლა, მნიშვნელოვნად დაზიანება ან გაყალბება ან ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა უკანონო ქმედებად ითვლება. მუხლი 6. ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგის განხორციელება, ჩანაწერებისა და ინფორმაციის გადაცემა 1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა მუდმივად უნდა შეინახოს ამ კანონის შესაბამისად მიწოდებული უცხოური პრინციპალის აგენტის ყველა რეგისტრაციის განცხადების თითო ეგზემპლარი. ეს ეგზემპლარები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგის (შემოწმების) განსახორციელებლად ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ გონივრულ დროს, მის მიერვე დადგენილი რეგულაციების ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტების ასლები უნდა გადაეცეს ყველა განმცხადებელს გონივრული საფასურის გადახდის შემდეგ, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი აწესებს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ამ კანონის თანახმად შეუძლია შეწყვიტოს იმ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებისა და სხვა დოკუმენტების საჯარო მონიტორინგი, რომელიც გათავისუფლდა რეგისტრაციის განცხადების წარდგენის ვალდებულებისგან. 2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რეგისტრაციის განცხადების მიღებისთანავე, აგრეთვე შემდგომ ყოველი რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტების მიღებისთანავე მათი ასლები უნდა გადასცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ისეთი ფორმით გამოსაყენებლად და ისეთი კომენტარების გასაკეთებლად, რომელსაც/რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო ურთიერთობების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს. ამ კანონის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აღნიშნული ასლების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გადაუცემლობა/გადაცემის შეუძლებლობა არ უნდა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის შემზღუდველი ფაქტორი. 3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებს მიაწოდოს ამ კანონის ადმინისტრირებისას მის მიერ მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრირებული პირების სახელები, რეგისტრაციის განცხადებების ასლები, მათი ნაწილები ან სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც განისაზღვრება ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე. 4. რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შემცველი საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) არსებობდეს საზოგადოებისთვის ინტერნეტით ხელმისაწვდომი, ძებნის, დახარისხებისა და გადმოწერის ფუნქციების მქონე, არსებული ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გამართული, უფასო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ამ კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას, რომლის მოძებნა, დალაგება და დახარისხება შესაძლებელია სულ მცირე ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების კატეგორიების მიხედვით; ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ელექტრონულად წარდგენილი თითოეული რეგისტრაციის განცხადება და განახლება საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს ინტერნეტით, წარდგენის შემდეგ გონივრულ ვადაში. მუხლი 7. უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც ფიზიკური პირი არ არის, თითოეული ხელმძღვანელი, მმართველი ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი ვალდებულია წარადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები და ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მისი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შევსებას. უცხოური პრინციპალის აგენტის, ნებისმიერი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. მუხლი 8. კანონის აღსრულება და სანქცია 1. პირი, რომელიც: ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს); ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის პირი ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა. 2. უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურის საზღვარგარეთ განხორციელებისას უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის ვინაობის გამჟღავნება ნებადართულია, მაგრამ აუცილებელი არ არის. 3. თუ უცხოელს მსჯავრი დაედება ამ კანონის რომელიმე ნორმის დარღვევისთვის ან გამოაშკარავდება მისი მცდელობა, დაარღვიოს ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაცია, იგი გაძევებული იქნება საქართველოდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. იმ რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების წარუდგენლობა, რომელიც/რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ითვლება დენად დანაშაულად მანამ, სანამ იარსებებს, იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა სხვა კანონს, და მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. 5. თუ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის აზრით, პირი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც არღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას ან ამ კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, ან თუ უცხოური პრინციპალის აგენტი არ ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს. სასამართლო ამ პირს დაავალდებულებს, შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება ან უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან მოითხოვს ამ კანონის ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი რეგულაციის შესრულებას. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება, გამოიტანოს ისეთი დროებითი ან მუდმივი განჩინება ან გადაწყვეტილება, რომელსაც იგი სათანადოდ მიიჩნევს. 6. თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაადგენს, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს ან ამ კანონით დაწესებულ რეგულაციებს, იგი ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მას რეგისტრაციის განცხადების ხარვეზზე მიუთითებს. პირის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, და შესრულებული იქნება თუ არა რეგულაციები. 7. უკანონოა უცხოური პრინციპალის აგენტის უცხოურ პრინციპალთან დადებული ისეთი ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარედ დაფიქსირება (მიუხედავად იმისა, ეს ღიად არის გამოხატული თუ ნაგულისხმებია), რომლის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტის ანაზღაურების, ხელფასის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის ოდენობა ან მისი მიღება სრულად ან ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური საქმიანობის წარმატებაზე. მუხლი 9. წესები და რეგულაციები ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაადგინოს, შეასწოროს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც იგი ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს. მუხლი 10. ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ყოველ 6 თვეში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ამ კანონის აღსრულების შესახებ ანგარიშს, მათ შორის, უცხოური პრინციპალის აგენტების მიერ გავლილი რეგისტრაციის სათანადო რეგულაციებთან შესაბამისობის თაობაზე ინფორმაციას და გავრცელებული პოლიტიკური პროპაგანდის ხასიათის, წყაროებისა და შინაარსის შესახებ ანგარიშს. მუხლი 11. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
თბილისი, 1 აპრილი 2025 წ. N399-IIმს-XIმპ |
Вернуться назад
Комментарии к документу