Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
О развитии сельского хозяйства и села | |
---|---|
Номер документа | 4244-XIVმს-Xმპ |
Издатель документа | Парламент Грузии |
Дата издания | 12/06/2024 |
Тип документа | Закон Грузии |
Источник опубликования, дата | Вебсайт, 27/06/2024 |
Регистрационный код | 340000000.05.001.102284 |
|
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზნები ამ კანონის მიზნებია: ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისთვის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების დადგენა; ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის ძირითადი პრინციპების დადგენა და მისი მართვისთვის პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების კომპეტენციების განსაზღვრა; გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების ხელშეწყობა; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითა და დაკავშირებული საქმიანობით სოფლის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი მხარდამჭერი ღონისძიებების განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა; ვ) ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა; ზ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის და გარემოზე კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად სათანადო პირობების შექმნის ხელშეწყობა; თ) სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს: ა) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს; ბ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს; გ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვისთვის პასუხისმგებელი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების/უწყებების კომპეტენციებს; ე) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების განვითარებასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს; ვ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის საწარმოებლად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სოფლის განვითარება − სოფლად ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაძლიერება; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოება, მათ შორის, ამ პროდუქტების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე ან/და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე წარმოება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ მიწისა და მასთან დაკავშირებული ქონების მოვლა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოებლად გამოსადეგ მდგომარეობაში შენახვა; გ) დაკავშირებული საქმიანობა − პირველადი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავებასთან/გადამუშავებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე აგროტურისტული საქმიანობა; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა − სახელმწიფო პოლიტიკის იმ ძირითადი მიმართულებებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთა მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირთა შემოსავლების ზრდა და სოფლის განვითარება; ე) ფერმერული მეურნეობა − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისა და დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ვ) სოფლად არსებული საწარმო − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა, რომელიც დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება; ზ) ფერმერი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც ფერმერულ მეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს; თ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი − ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ფერმერისა და მის მიერ ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სოფლად მეწარმეობის, სოფლად არსებულ საწარმოში განხორციელებული დაკავშირებული საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე; ი) მხარდამჭერი ღონისძიებები − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სოფლის განვითარებისთვის განხორციელებული ღონისძიებები (მათ შორის, გადახდები); კ) მმართველი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ლ) გადამხდელი სააგენტო − მმართველი ორგანოს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოფლის განვითარების სააგენტო; მ) სოფელი − საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული სოფელი; ნ) საბჭო − სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭო; ო) სოფლად არსებული მეწარმე − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც სოფლად არსებულ საწარმოში ახორციელებს დაკავშირებულ საქმიანობას. მუხლი 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მიზნებია: ა) წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდით სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის სფეროში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა, მათ შორის, მაღალი ღირებულების პროდუქტების ხელშეწყობა; ბ) სოფლად საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით, საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნით, მათ შორის, ციფრული გარდაქმნების მხარდაჭერით, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა; გ) სასოფლო-სამეურნეო წარმოებით, ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ეკოსისტემების შენარჩუნებით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციითა და გარემოზე კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირებით ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა; დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ეფექტიანი სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა; ე) სოფლად დამატებითი ფინანსური, საშეღავათო, ტექნიკური და კვლევითი მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო წარმოების შეზღუდული პოტენციალის განვითარება; ვ) სოფლად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მიდგომის „ქვემოდან ზემოთ“ და საჯარო-კერძო პარტნიორობის ქმედითი მექანიზმების სტიმულირებით, კოოპერაციის წახალისებით, ეკონომიკურ აქტივობებში ქალების, ახალგაზრდა და დამწყები ფერმერების/მეწარმეების ჩართვით სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. თავი II სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკა და დაფინანსება მუხლი 5. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია არის სექტორული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად განსაზღვრავს სექტორის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, მათ განსახორციელებლად აყალიბებს მიდგომებს და პროგრესის შესაფასებლად ადგენს შედეგების ინდიკატორებს. მუხლი 6. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა სექტორის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრავს კონკრეტულ ღონისძიებებსა და მათი შედეგების ინდიკატორებს, ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ უწყებებსა და პარტნიორ უწყებებს, მათი განხორციელების ვადებს, ბიუჯეტსა და დაფინანსების წყაროებს. მუხლი 7. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) საგარეო დახმარება; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები. მუხლი 8. მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი ბენეფიციარები და ბენეფიციართა ანგარიშვალდებულება 1. მხარდამჭერი ღონისძიებების მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ფერმერთა და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და მათი შემოსავლების ზრდა. 2. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერი ღონისძიებებია ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი მიზნობრივი პროექტები/პროგრამები. 3. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებებს მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც ფერმერულ მეურნეობებში ახორციელებენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დაკავშირებულ საქმიანობას. 5. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები არიან აგრეთვე ფიზიკური პირები და იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას სოფლის განვითარების სფეროში ახორციელებენ. 6. მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარები გადამხდელი სააგენტოს წინაშე არიან ანგარიშვალდებული. 7. გადამხდელი სააგენტო ადგენს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების ანგარიშგების წესს. თავი III სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირება და ინსტიტუციური მოწყობა მუხლი 9. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები არიან: ა) საქართველოს მთავრობა, რომელიც: ა.ა) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას; ა.ბ) მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას; ა.გ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისას, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისას ითვალისწინებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საჭიროებებს; ა.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მმართველი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს მხარდამჭერ ღონისძიებებს; ბ) მმართველი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ბ.ა) სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას; ბ.ბ) შეიმუშავებს მხარდამჭერ ღონისძიებებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ბ.გ) ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების საერთო მონიტორინგსა და შეფასებას; ბ.დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ფარგლებში კოორდინაციას უწევს შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის თანამშრომლობას; ბ.ე) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, საპროგნოზო მონაცემების საწარმოებლად აანალიზებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებს; ბ.ვ) უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სამეწარმეო სექტორის, მათ შორის, ფერმერთა და დარგობრივი ასოციაციების, ჩართულობასა და კომუნიკაციას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე; ბ.ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 10. გადამხდელი სააგენტო 1. ამ კანონით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების დაფინანსების წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების სქემების განხორციელებისა და კონტროლის ფუნქციას ასრულებს გადამხდელი სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. 2. გადამხდელი სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს დაფინანსების განაცხადების ვერიფიკაციის, შეფასებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების ავტორიზაციის ოპერაციულ მართვას; ბ) უზრუნველყოფს მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, ფინანსურ აღრიცხვასა და კონტროლს; გ) დადგენილი წესით ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებათა ბენეფიციარების ინსპექტირებას; დ) სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით ქმნის და ავითარებს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზებს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას; ე) ახორციელებს მხარდამჭერი ღონისძიებების შედეგების ინდიკატორებით შეფასებული პროგრესის მონიტორინგს და შესაბამის ინფორმაციას მმართველ ორგანოს წარუდგენს; ვ) ადგილობრივ დონეზე ფერმერებს/მეწარმეებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას და ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას; ზ) ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოს წინაშე. ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო; თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 11. საბჭო 1. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობა დადგენილებით ქმნის საბჭოს. საბჭოს თავმჯდომარეა მმართველი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 2. საბჭო: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფისთვის; ბ) კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მომზადებას; გ) აკონტროლებს შესაბამის უწყებათა მიერ მონაცემების შეგროვებას და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მონიტორინგისა და შეფასების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვას; დ) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელების გასაუმჯობესებლად ქმნის საბჭოს და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ფორმატს; ე) საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროების შემთხვევაში ქმნის დროებით თემატურ სამუშაო ჯგუფებს. მუხლი 12. მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს მმართველ ორგანოსთან ან/და გადამხდელ სააგენტოსთან, მათ შორის, უცვლის მას შესაბამის ინფორმაციას. თავი IV მონაცემთა ბაზები და საინფორმაციო სისტემა მუხლი 13. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა 1. მმართველი ორგანო კოორდინაციას უწევს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, ხოლო მონაცემთა ბაზების ინტეგრირებასა და მართვას გადამხდელი სააგენტო ახორციელებს. 2. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა ურთიერთდაკავშირებული მონაცემთა ბაზებისგან შედგება და მოიცავს: ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს; ბ) მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთებისა და მათზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებს; გ) დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომლის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო; დ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას − მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენის შესაფასებლად და შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად; ე) სხვა მონაცემთა ბაზებს, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზას. 3. მონაცემთა ბაზები ელექტრონულად იწარმოება და ინახება. შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მმართველი ორგანო მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებსა და პროცედურებს. მუხლი 14. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი 1. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი არის ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე მხარდამჭერი ღონისძიებების თაობაზე და რომელიც ყოველწლიურად ახლდება. 2. ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის მიზნებია: ა) მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის საქართველოში არსებული ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების ზუსტი ადგილმდებარეობისა და საქმიანობის სპეციფიკის განსაზღვრისთვის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით საკადასტრო მონაცემებზე, რუკებსა და ორთოფოტოებზე დაფუძნებული მონაცემთა ბაზების შექმნა; გ) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების საქმიანობის იდენტიფიცირება. 3. მმართველი ორგანო მხარდამჭერი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესებს. მუხლი 15. მონაცემების გაცვლა სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზების ინტეგრირება და ურთიერთხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია მონაცემების ელექტრონულად გაცვლით. ამ პროცესში მონაწილეობენ მმართველი ორგანო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სხვა სათანადო უწყებები. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 16. გარდამავალი დებულებები მმართველმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) 2026 წლის 1 იანვრამდე: ა.ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოებისა და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მართვის წესების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება; ა.ბ) დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება; ა.გ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება; ა.დ) მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა; ბ) 2027 წლის 1 იანვრამდე − თავის სისტემაში ამ კანონის მე-9 მუხლის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო მონაცემების საწარმოებლად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა. მუხლი 17. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-10 და მე-13−მე-15 მუხლებისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე-10 და მე-13−მე-15 მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 12 ივნისი 2024 წ. N4244-XIVმს-Xმპ |
Комментарии к документу