О дополнительном надзоре за регулируемыми предприятиями, входящими в финансовый конгломерат

О дополнительном надзоре за регулируемыми предприятиями, входящими в финансовый конгломерат
Номер документа 3768-XIIIმს-Xმპ
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 29/11/2023
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 19/12/2023
Регистрационный код 190000000.05.001.102123
3768-XIIIმს-Xმპ
29/11/2023
Вебсайт, 19/12/2023
190000000.05.001.102123
О дополнительном надзоре за регулируемыми предприятиями, входящими в финансовый конгломерат
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

 

 

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებას და ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან.

2. ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა სექტორული ზედამხედველობის პარალელურად ხორციელდება.

3. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები, მათ შორის,  გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები.

4. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართლებრივი აქტებით დაადგინონ დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არარეგულირებული საწარმო − საწარმო, რომელიც ამ კანონის საფუძველზე რეგულირებული საწარმო არ არის;

ბ) ჰოლდინგური საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლი;

გ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდს/ფონდებს (კოლექტიურ ფონდებს) მართავს;

დ) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი;

ე) მჭიდრო კავშირი − ისეთი კავშირი, როდესაც ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი ერთმანეთთან დაკავშირებულია კონტროლით ან მონაწილეობით ან ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი სხვა პირთან მუდმივად დაკავშირებულია კონტროლით;

ვ) გადამზღვეველი ორგანიზაცია − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს გადაზღვევის საქმიანობას (ოპერაციას), რომლის განხორციელების დროსაც გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით სადაზღვევო რისკი და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალი მთლიანად ან ნაწილობრივ მიიღება;

ზ) დამხმარე მომსახურებათა საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა ქონების მართვა ან/და მისი ფლობა, მონაცემთა დამუშავების სერვისების მართვა ან მსგავსი საქმიანობა, რომელიც ერთი ან ერთზე მეტი კომერციული ბანკის ძირითადი საქმიანობის დამხმარე საქმიანობად შეიძლება იქნეს მიჩნეული;

თ) ერთობლივი მართვა − საწარმოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან ამ საწარმოების სადამფუძნებლო დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული ერთობლივი მართვა, რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ კონტროლს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების − ფასს 11-ის შესაბამისად;

ი) შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო − მშობელი საწარმო, რომელიც არარეგულირებული საწარმოა და შვილობილ საწარმოებთან (რომელთაგან ერთი მაინც არის რეგულირებული საწარმო, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზეა) და სხვა საწარმოებთან ერთად ქმნის ფინანსურ კონგლომერატს. დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ჯგუფის უდიდეს ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება;

კ) საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიების, აქტივების მმართველი კომპანიების ინდივიდუალურ დონეზე ან ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე ზედამხედველობის უფლებამოსილება;

ლ) კონტროლი − ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განსაზღვრული კონტროლი;

მ) მესამე სახელმწიფო − ნებისმიერი სახელმწიფო, გარდა საქართველოსი;

ნ) მონაწილეობა:

ნ.ა) უფლებების ფლობა სხვა საწარმოს კაპიტალში, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით და რომელიც გულისხმობს სარგებლის მიღებას საწარმოს კაპიტალში ამ უფლებების ფლობის გამოყენებით/საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით;

ნ.ბ) საწარმოს ხმის უფლების ან კაპიტალის 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა;

ო) მშობელი საწარმო − საწარმო, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიმართ ფაქტობრივად ახორციელებს კონტროლს, ან/და საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ეს საწარმო:

ო.ა) მეორე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების/წილების/პაის 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს;

ო.ბ) უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მეორე საწარმოს მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა უმრავლესობა, ამასთანავე, არის ამ საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი;

ო.გ) არის მეორე საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი, ამასთანავე, შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ო.გ.ა) ამ საწარმოს მმართველობითი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა უმრავლესობა აღნიშნულ ორგანოებში წარმოდგენილი იყო წინა და მიმდინარე ფინანსური წლების განმავლობაში და ეს წევრები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღისთვის დაინიშნენ მხოლოდ საწარმოს ხმის უფლების გამოყენების შედეგად (ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სხვა საწარმოს ამ საწარმოს მიმართ აქვს ამ პუნქტის „ო.ა“ ან „ო.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება/უფლებები);

ო.გ.ბ) ეს საწარმო დამოუკიდებლად აკონტროლებს აქციონერების ან პარტნიორების ხმის უფლებათა უმრავლესობას სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე;

პ) რეგულირებული საწარმო − კომერციული ბანკი, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი ორგანიზაცია, საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია;

ჟ) რისკის კონცენტრაცია − რისკის პოზიცია, რომელიც პოტენციური დანაკარგის მატარებელია და რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების გადახდისუნარიანობას ან ფინანსურ პოზიციას. რისკის კონცენტრაცია გულისხმობს ყველა რისკის პოზიციას, მათ შორის, კონტრაჰენტის, საკრედიტო, საინვესტიციო, სადაზღვევო და საბაზრო რისკებისა ერთობლივად ან ცალ-ცალკე, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზებისა;

რ) სექტორული ზედამხედველობის წესები − კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია რეგულირებული საწარმოების სექტორულ ზედამხედველობასთან;

ს) ფინანსური კონგლომერატი − ჯგუფი ან ქვეჯგუფი:

ს.ა) რომლის სათავეში რეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ს.ა.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის სათავეში მყოფი საწარმო არის მშობელი საწარმო ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოსი ან იმ საწარმოსი, რომელიც ფინანსურ სექტორში შემავალ რომელიმე საწარმოსთან დაკავშირებულია ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთობლივი მართვით ან ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღამდე;

ს.ა.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო;

ს.ა.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;

ს.ბ) რომლის სათავეში არარეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ს.ბ.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითადი საქმიანობაა ფინანსურ სექტორში საქმიანობა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ს.ბ.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო;

ს.ბ.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად;

ტ) ფინანსური სექტორი − სექტორი, რომელიც მოიცავს შემდეგ სექტორებს, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული სუბიექტისგან:

ტ.ა) საბანკო სექტორი − კომერციული ბანკისგან, ფინანსური ინსტიტუტისგან ან დამხმარე მომსახურებათა საწარმოსგან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსური ინსტიტუტი არის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება, გარდა კომერციული ბანკისა, დამხმარე მომსახურებათა საწარმოსი და ამ პუნქტის „ტ.ბ“ და „ტ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირებისა;

ტ.ბ) სადაზღვევო სექტორი − სადაზღვევო ორგანიზაციისგან, გადამზღვეველი ორგანიზაციისგან ან იმ საწარმოსგან, რომლის ძირითადი საქმიანობაა მზღვეველი ორგანიზაციების/გადამზღვეველი ორგანიზაციების შეძენა/ფლობა;

ტ.გ) საბროკერო სექტორი − საბროკერო კომპანიისგან;

უ) შესაბამისი საზედამხედველო ორგანო:

უ.ა) საზედამხედველო ორგანო, რომელიც ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს სექტორულ ზედამხედველობას ახორციელებს ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე;

უ.ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად დანიშნული კოორდინატორი, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „უ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოსგან;

უ.გ) სხვა საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამ პუნქტის  „უ.ა“ ან „უ.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მესამე სახელმწიფო შესაბამის საზედამხედველო ორგანოდ მიიჩნევს;

ფ) შვილობილი საწარმო − საწარმო, რომლის მიმართ მშობელ საწარმოს ფაქტობრივად აქვს კონტროლი და რომელიც ასეთად მიჩნეულია საზედამხედველო ორგანოს მიერ, ან საწარმოები, რომელთა შორის არსებობს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობა, ან ასეთი შვილობილი საწარმოების შვილობილი საწარმოები;

ქ) ჯგუფი:

ქ.ა) საწარმოების ჯგუფი, რომელიც შედგება მშობელი საწარმოსგან, მისი შვილობილი საწარმოებისა და სხვა საწარმოებისგან და რომელშიც მონაწილეობს მშობელი საწარმო ან მონაწილეობენ მისი შვილობილი საწარმოები;

ქ.ბ) იმ საწარმოების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად ამზადებენ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე კონსოლიდირებულ მმართველობის ანგარიშგებას, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან:

ქ.ბ.ა) ერთობლივი მართვით;

ქ.ბ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე;

ქ.გ) ამ პუნქტის „ქ.ა“ და „ქ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საწარმოების ქვეჯგუფი;

ღ) შიდაჯგუფური ტრანზაქციები − ტრანზაქციები, რომელთა განხორციელების შედეგად ვალდებულების შესასრულებლად ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები პირდაპირ ან არაპირდაპირ დამოკიდებული ხდებიან იმავე ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოზე ან რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, რომელსაც ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო, სასყიდლიანი ან უსასყიდლო;

ყ) კოორდინატორი − ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამავე კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისა და კოორდინაციისთვის; 

შ) რისკის პროფილი − დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიებში კომერციული ბანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რომლებიც, თავის მხრივ, მიმდინარე დაშვებებს ან მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება;

ჩ) საზედამხედველო კოლეჯი − მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების საზედამხედველო ორგანოებისგან.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმები

1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში საქმიანობა ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითად საქმიანობად მიიჩნევა, თუ ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების მთლიანი აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიანი აქტივების 40 პროცენტს აჭარბებს.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი თითოეული სექტორის მიერ განხორციელებული კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ ფინანსური სექტორის გასაშუალოებული მაჩვენებლები აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამის 10 პროცენტს აჭარბებს;

ბ) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნის 10 პროცენტს აჭარბებს.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს გადააჭარბებს.

4. ფინანსური კონგლომერატის უმცირეს ფინანსურ სექტორად მიიჩნევა სექტორი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უმცირესი გასაშუალოებული მაჩვენებლები აქვს, ხოლო უდიდესი ფინანსური სექტორი არის სექტორი უდიდესი გასაშუალოებული მაჩვენებლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული მაჩვენებლების გამოთვლისთვის საბანკო და საბროკერო სექტორების მაჩვენებლები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამასთანავე, აქტივების მმართველი კომპანიები უნდა მიეკუთვნონ იმ სექტორს, რომლებსაც ისინი ჯგუფის ფარგლებში ეკუთვნიან, ხოლო თუ აღნიშნული კომპანიები არ ეკუთვნიან არცერთ ფინანსურ სექტორს, ისინი უნდა მიეკუთვნონ ჯგუფის უმცირეს ფინანსურ სექტორს. 

5. თუ ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვარს, ან თუ ჯგუფი აკმაყოფილებს აღნიშნულ ზღვარს, მაგრამ მისი უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს არ აჭარბებს, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების საერთო შეთანხმებით ჯგუფი შეიძლება არ იქნეს ცნობილი ფინანსურ კონგლომერატად ან/და მასზე არ გავრცელდეს ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნები, თუკი შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არ არის აუცილებელი ან შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან/და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

6. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში რომელიმე საწარმო გამორიცხონ/არ გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ზღვრებისა და მაჩვენებლების გამოთვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო საქართველოდან მესამე სახელმწიფოშია გადატანილი და დასტურდება, რომ მისი ადგილმდებარეობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდების გამო შეიცვალა;

ბ) დამატებითი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად მომდევნო 3 წლის განმავლობაში უგულებელყონ ჯგუფის ფინანსური კონგლომერატისთვის დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის მოთხოვნა ჯგუფის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით;

გ) უდიდესი ფინანსური სექტორის გარდა, ნებისმიერი სხვა ფინანსური სექტორიდან გამორიცხონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საწარმოს მონაწილეობა, თუ აღნიშნულ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისთვის, თუმცა, საზედამხედველო ორგანოების შეფასებით, დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ისინი ერთობლივად არ არიან მნიშვნელოვანი.

7. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებენ კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.

8. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მიზნებისთვის, საერთო შეთანხმებით მთლიანი აქტივების ერთ ან რამდენიმე პარამეტრს დაუმატონ ისეთი კრიტერიუმი ან ეს პარამეტრი ან პარამეტრები ჩაანაცვლონ ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა:

ა) შემოსავლის სტრუქტურა;

ბ) არასაბალანსო საქმიანობა (ბალანსგარეშე აქტივები);

გ) სამართავად გადაცემული მთლიანი აქტივები.

9. კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მაჩვენებლები − 40 პროცენტი და 10 პროცენტი, აგრეთვე ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ქვედა ზღვარი − 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად შეიძლება 3 წლის განმავლობაში შეიცვალოს − შესაბამისად, 35 პროცენტითა და 8 პროცენტით და 5 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტით, თუ ფინანსური კონგლომერატის მიმართ უკვე ხორციელდება დამატებითი ზედამხედველობა. კოორდინატორი უფლებამოსილია შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით აღნიშნულ პერიოდში ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქვედა ზღვრების უფრო დაბალი ზღვრებით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული, მთლიან აქტივებთან დაკავშირებული გამოთვლები უნდა განხორციელდეს ჯგუფის საწარმოების შესაბამისი მონაცემების აგრეგაციით, მთლიანი აქტივების საფუძველზე, მათი წლიური ანგარიშების მიხედვით. იმ საწარმოების მთლიანი აქტივების გამოთვლისას, რომლებშიც სხვა საწარმოები მონაწილეობენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი აქტივების მოცულობები მათი მონაწილეობის წილის პროპორციულად. კონსოლიდირებული ანგარიშგების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გამოიყენება კონსოლიდირებული ანგარიშები. ამასთანავე, კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დათვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების დაცვით.

11. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ ყოველწლიურად ხელახლა უნდა შეფასდეს დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების საკითხი და ამ მუხლით გათვალისწინებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, აგრეთვე უნდა გადაიხედოს ჯგუფების მიმართ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული შეფასებები.

მუხლი 4. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა

1. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანოს წერილობითი ინიციატივის საფუძველზე ერთობლივად იღებენ ის საზედამხედველო ორგანოები, რომლებმაც ჯგუფში შემავალ შესაბამის რეგულირებულ საწარმოებს სათანადო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭეს. აღნიშნული მიზნით ეს საზედამხედველო ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ.

2. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისა და კოორდინატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორმა თავის მიერ დადგენილი წესით უნდა მიაწოდოს ჯგუფის მშობელ საწარმოს, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − ჯგუფის უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებულ საწარმოს.

მუხლი 5. რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო

1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებას ექვემდებარებიან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შემდეგი რეგულირებული საწარმოები:

ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია;

ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი საქართველოშია;

გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან დაკავშირებულია:

გ.ა) ერთობლივი მართვით;

გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე.

2. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან შეაფასონ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი არარეგულირებული საწარმოებიდან მომდინარე არსებული/პოტენციური რისკები და ფინანსური კონგლომერატის რისკის პროფილზე მათი გავლენა.

3. თუ ფინანსური კონგლომერატი არის სხვა ფინანსური კონგლომერატის (ძირითადი ფინანსური კონგლომერატის) ქვეჯგუფი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დამატებითი საზედამხედველო მოთხოვნები მხოლოდ ძირითად ფინანსურ კონგლომერატზე გავრცელდება.

4. რეგულირებული საწარმოს მიმართ, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი რეგულირებული საწარმო ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია.

5. თუ პირები მონაწილეობენ ან აქვთ წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირი ერთ ან ერთზე მეტ რეგულირებულ საწარმოში ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა აღნიშნულ საწარმოზე/საწარმოებზე მონაწილეობის ან წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირის გარეშე (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები საერთო შეთანხმებით იღებენ გადაწყვეტილებას ამ საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების საკითხისა და გავრცელების სფეროს შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული ერთი რეგულირებული საწარმო მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც უნდა იყოს სადაზღვევო სექტორიდან, ხოლო ერთი − საბანკო ან საბროკერო სექტორიდან;

ბ) საწარმოების კონსოლიდირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეული უნდა იყოს მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

6. ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება არ გულისხმობს შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოების, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი, მესამე სახელმწიფოს მიერ რეგულირებული  საწარმოების ან არარეგულირებული საწარმოების მიმართ ზედამხედველობის ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას.

მუხლი 6. კაპიტალის ადეკვატურობა/გადახდისუნარიანობის მარჟა

1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობა კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის კუთხით ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2−მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:

ა) ბუღალტრული კონსოლიდაციის მეთოდი, რომლის მიხედვით, ჯგუფის საწარმოების კაპიტალი და ჯგუფის საწარმოების კაპიტალის მიმართ მოთხოვნები გამოთვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების მიხედვით (შესაბამისი კონსოლიდირების მიდგომით);

ბ) ჩამოწერისა და აგრეგაციის მეთოდი, რომლის მიხედვით, გაითვალისწინება გამოშვებული კაპიტალის პროპორცია/თანაფარდობა, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მშობელი საწარმო ან საწარმო, რომელიც ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოში მონაწილეობს;

გ) კომბინაციის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეთოდების კომბინირებულ გამოყენებას.

3. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნების გამოთვლის მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კოორდინატორი საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან აღნიშნულ გამოთვლის მეთოდებთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ფინანსური კონგლომერატის დონეზე უნდა უზრუნველყონ კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამასთანავე, ფინანსურ კონგლომერატში შემავალ რეგულირებულ საწარმოებს ფინანსური კონგლომერატის დონეზე უნდა ჰქონდეთ კაპიტალის ადეკვატურობის ეფექტიანი პოლიტიკა.

4. კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას აფასებს კოორდინატორი. კოორდინატორი უფლებამოსილია აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო საზედამხედველო ზომები. კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალი სულ მცირე წელიწადში ერთხელ გამოითვალოს რეგულირებულმა საწარმომ ან შერეულმა ფინანსურმა ჰოლდინგურმა საწარმომ. ამ გამოთვლის შედეგები და ამისთვის საჭირო შესაბამისი მონაცემები კოორდინატორს ეგზავნება. აღნიშნული ინფორმაციის გაგზავნისთვის პასუხისმგებელია ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი რეგულირებული საწარმო, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ის რეგულირებული საწარმო, რომელიც კოორდინატორმა განსაზღვრა სხვა შესაბამის საზედამხედველო ორგანოებსა და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნების გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი ზედამხედველობის სფეროში ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ სექტორში შემავალი ყველა საწარმო, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.

6. კოორდინატორი უფლებამოსილია ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ზოგიერთი საწარმო გამორიცხოს/არ გაითვალისწინოს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საწარმო მდებარეობს მესამე სახელმწიფოში, რომელიც ინფორმაციის ამ სახელმწიფოს გარეთ გადინებასთან დაკავშირებით ცალკეულ სამართლებრივ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტორული ზედამხედველობის წესები შეიძლება განსაზღვრავდეს საზედამხედველო ორგანოს ვალდებულებას, განმცხადებელს უარი უთხრას შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების შეფერხების გამო;

ბ) თუ საწარმო ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის უმნიშვნელოა. თუ ამ ქვეპუნქტის საფუძველზე რამდენიმე საწარმო გამორიცხულია/გათვალისწინებული არ არის კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას, თუმცა მათი ერთობლივად გათვალისწინება გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია, ისინი ერთობლივად უნდა იქნეს გათვალისწინებული;

გ) თუ საწარმოს გათვალისწინება შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან არ არის გამართლებული რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს კოორდინატორი შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

7. თუ კოორდინატორი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რომელიმე რეგულირებულ საწარმოს გამორიცხავს/არ გაითვალისწინებს კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის დამატებითი მოთხოვნის გამოთვლისას, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი საწარმოსგან გამოითხოვონ სათანადო ინფორმაცია საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად.

მუხლი 7. რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები

1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ექვემდებარებიან დამატებით ზედამხედველობას რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების კუთხით, ამ მუხლის შესაბამისად.

2. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოები ვალდებული არიან სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად, სულ მცირე ყოველწლიურად, არაუგვიანეს 31 მაისისა, კოორდინატორს საზედამხედველო ორგანოსთვის მისაღები ფორმით წარუდგინონ მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციასა (რისკის პოზიციებსა) და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ანგარიშგება ფინანსური კონგლომერატის დონეზე. კოორდინატორისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის პასუხისმგებელია ფინანსური კონგლომერატის სათავეში მყოფი რეგულირებული საწარმო, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ან ის რეგულირებული საწარმო, რომელიც კოორდინატორმა განსაზღვრა შესაბამის საზედამხედველო ორგანოებსა და ფინანსურ კონგლომერატთან კონსულტაციის შედეგად. მნიშვნელოვანი რისკის კონცენტრაციასა (რისკის პოზიციებსა) და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას მიღების შემდეგ კოორდინატორი აფასებს.

3. შიდაჯგუფური ტრანზაქცია მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ მისი რაოდენობა ფინანსური კონგლომერატის დონეზე კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნების მთლიანი ოდენობის 5 პროცენტს გადააჭარბებს.

4. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებული რისკის კონცენტრაციასა და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით განსაზღვრონ რაოდენობრივი ლიმიტები, აგრეთვე დაადგინონ ხარისხობრივი მოთხოვნები შიდაჯგუფური ტრანზაქციების მიმართ და მიიღონ სხვა აუცილებელი საზედამხედველო ზომები.

5. თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოა, ფინანსური კონგლომერატის უდიდესი ფინანსური სექტორის რისკის კონცენტრაციასა და შიდაჯგუფურ ტრანზაქციებთან დაკავშირებული სექტორული ზედამხედველობის წესები (ასეთი წესების არსებობის შემთხვევაში) უნდა გავრცელდეს მთლიან ფინანსურ სექტორზე, მათ შორის, შერეულ ფინანსურ ჰოლდინგურ საწარმოზე.

მუხლი 8. რისკების მართვის პროცესები და შიდა კონტროლის მექანიზმი

1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან ფინანსური კონგლომერატის დონეზე ჰქონდეთ რისკების მართვის ადეკვატური პროცესები და შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი, მათ შორის, გონივრული და ეფექტიანი ადმინისტრაციული და საანგარიშგებო პროცედურები.

2. რისკების მართვის პროცესები უნდა მოიცავდეს:

ა) ჯანსაღ მართვასა და მმართველობას, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, ფინანსური კონგლომერატის შესაბამისი მმართველი ორგანოების მიერ ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებულ/პოტენციურ რისკებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და პოლიტიკის დამტკიცებასა და პერიოდულ გადახედვას;

ბ) კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკას, რათა შესაბამისად შეფასდეს ფინანსური კონგლომერატის ბიზნესსტრატეგიის გავლენა მის რისკის პროფილსა და კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნებზე ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად;

გ) ადეკვატურ პროცედურებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რისკების მონიტორინგის სისტემების სათანადო ინტეგრირება დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალი საწარმოების ორგანიზაციულ სისტემაში. ამასთანავე, ეს სისტემები აღნიშნულ საწარმოებში ისე უნდა დაინერგოს, რომ შესაძლებელი იყოს რისკების შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება ფინანსური კონგლომერატის დონეზე;

დ) შესაბამის პროცედურებს, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის (რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების) ადეკვატური და ეფექტიანი ჩარჩოს არსებობა. ეს პროცედურები რეგულარულად უნდა გადაიხედოს და განახლდეს.

3. შიდა კონტროლის მექანიზმი უნდა მოიცავდეს:

ა) კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მატერიალური რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, აგრეთვე კაპიტალის/გადახდისუნარიანობის და რისკების ურთიერთმიმართების შეფასების ადეკვატურ მექანიზმს;

ბ)  რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიან საანგარიშგებო და სააღრიცხვო პროცედურებს.

4. ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალ საწარმოებს უნდა ჰქონდეთ შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი დამატებითი ზედამხედველობის განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემების (ინფორმაციის) ეფექტიანად დამუშავებისთვის.

5. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან საზედამხედველო ორგანოებს მათ მიერ დადგენილი წესით, რეგულარულად მიაწოდონ ამ საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ყველა რეგულირებული საწარმოს, არარეგულირებული შვილობილი საწარმოსა და ფილიალის შესახებ ინფორმაციას.

6. ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ყოველწლიურად, ფინანსური კონგლომერატის დონეზე, საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი წესით, სრულად ან შესაბამის ინფორმაციაზე მითითებით საჯარო უნდა გახადონ ინფორმაცია საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ რისკების მართვის პროცესებსა და შიდა კონტროლის მექანიზმს კოორდინატორი აფასებს და აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს.

მუხლი 9. სტრესტესტირება

კოორდინატორი ფინანსური კონგლომერატის ფარგლებში, თავის მიერ დადგენილი წესით, პერიოდულად ატარებს შესაბამის სტრესტესტირებას. საზედამხედველო ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ კოორდინატორთან სტრესტესტირების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. ამასთანავე, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოები ვალდებული არიან კოორდინატორს მიაწოდონ სტრესტესტირების ჩასატარებლად აუცილებელი ინფორმაცია. სტრესტესტირება შეიძლება ჩაატაროს კოორდინატორმა. სტრესტესტირება შეიძლება ჩაატარონ აგრეთვე ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა საწარმოებმა კოორდინატორის მიერ განსაზღვრული სტრესსცენარის შესაბამისად.

მუხლი 10. კოორდინატორი (დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო)

1. ფინანსური კონგლომერატის დამატებითი ზედამხედველობის ადეკვატურად და ეფექტიანად განსახორციელებლად ამ მუხლის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოთაგან განისაზღვრება კოორდინატორი (დამატებითი ზედამხედველობის კოორდინაციისა და განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანო). კოორდინატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილება ამ საზედამხედველო ორგანოების ოფიციალურ ვებგვერდებზე უნდა გამოქვეყნდეს.

2. თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში რეგულირებული საწარმოა, კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად გასცა ამ რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია.

3. თუ ფინანსური კონგლომერატის სათავეში რეგულირებული საწარმო არ არის, კოორდინატორის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები/პირობები:

ა) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოა, კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც გასცა ამ რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად;

ბ) თუ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ერთზე მეტი საწარმო, რომლებიც საქმიანობას სხვადასხვა ფინანსურ სექტორში ახორციელებენ, ლიცენზირებულია/რეგისტრირებულია საქართველოში, სადაც შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს სათავო ოფისია, კოორდინატორად დაინიშნება უდიდეს ფინანსურ სექტორში შემავალი რეგულირებული საწარმოს საზედამხედველო ორგანო;

გ) თუ ფინანსური კონგლომერატის/ჯგუფის მშობელი საწარმო არ არსებობს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ყველა სხვა შემთხვევაში კოორდინატორად დაინიშნება ის საზედამხედველო ორგანო, რომელმაც გასცა უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებული საწარმოს საქმიანობაზე ნებართვა/ლიცენზია ან განახორციელა ამ საწარმოს რეგისტრაცია.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით უარი თქვან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ კრიტერიუმზე, თუ, ფინანსური კონგლომერატის სტრუქტურის გათვალისწინებით, მისი გამოყენება არარელევანტურია, და კოორდინატორად სხვა საზედამხედველო ორგანო დანიშნონ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე საზედამხედველო ორგანოები ამის შესახებ ფინანსურ კონგლომერატს შეატყობინებენ. ფინანსურ კონგლომერატს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოთქვას სარეკომენდაციო მოსაზრება საზედამხედველო ორგანოების მიერ მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე.

მუხლი 11. კოორდინატორის ამოცანები

1. დამატებითი ზედამხედველობის ფარგლებში კოორდინატორმა უნდა შეასრულოს შემდეგი ამოცანები:

ა) შეაგროვოს ინფორმაცია ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლისა და კრიზისული სიტუაციების შესახებ, კოორდინაცია გაუწიოს მისი შეგროვების პროცესს და ეს ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოებს მიაწოდოს. აღნიშნული ამოცანა გულისხმობს აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), რომელიც მნიშვნელოვანია დამატებითი ზედამხედველობის პროცესის ეფექტიანად განხორციელებისთვის;

ბ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის მიმოხილვა და შეფასება;

გ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) განახორციელოს ფინანსური კონგლომერატის სამართლებრივი სტრუქტურის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და შიდა კონტროლის მექანიზმის/სისტემის შეფასება ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად;

ე) შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობით დაგეგმოს საზედამხედველო ქმედებები და კოორდინაცია გაუწიოს მათ როგორც საწარმოების ჩვეულებრივი საქმიანობის ციკლის, ისე კრიზისული სიტუაციების პერიოდებისთვის;

ვ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები, ამ კანონიდან და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე.

2. დამატებითი ზედამხედველობის ეფექტიანად განხორციელებისა და მისი ხელშეწყობისთვის კოორდინატორმა და შესაბამისმა საზედამხედველო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ სათანადო საკოორდინაციო ზომები. ეს საკოორდინაციო ზომები შეიძლება ითვალისწინებდეს კოორდინატორის მიერ დამატებითი ამოცანების შესრულებას და საზედამხედველო ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ამ კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად.

3. კოორდინატორი უფლებამოსილია დამატებითი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) გამოითხოვოს იმ საზედამხედველო ორგანოსგან, რომელიც სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად ფლობს ამ ინფორმაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის მიწოდების პროცესის გაჭიანურება და სათანადო პროცედურების დუბლირება.

4. კოორდინატორის მიერ დამატებითი საზედამხედველო ფუნქციების შესრულება არ უნდა აფერხებდეს საზედამხედველო ორგანოების მიერ სექტორული საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას.

5. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვით, საზედამხედველო კოლეჯების მეშვეობით განხორციელდეს მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს შორის ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობა და კოორდინაცია.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაციის განსახორციელებლად საზედამხედველო ორგანოებს (მათ შორის, მესამე სახელმწიფოთა საზედამხედველო ორგანოებს) შორის შეიძლება გაფორმდეს წერილობითი შეთანხმებები, მათ შორის, მემორანდუმები, რომლებშიც დეტალურად განისაზღვრება საზედამხედველო ორგანოებს შორის საკოორდინაციო და პროცედურული საკითხები. ამასთანავე, კოორდინატორი, როგორც საზედამხედველო კოლეჯის თავმჯდომარე, განსაზღვრავს საზედამხედველო კოლეჯის წევრ საზედამხედველო ორგანოებს.

მუხლი 12. საზედამხედველო ორგანოებისა და კოორდინატორის თანამშრომლობა (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა)

1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი საზედამხედველო ორგანოები და კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობენ. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, აღნიშნული საზედამხედველო ორგანოები ვალდებული არიან სხვა ორგანოებს მიაწოდონ სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის აუცილებელი ან აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). საზედამხედველო ორგანოები და კოორდინატორი ერთმანეთს აწვდიან მათ მიერ მოთხოვნილ ყველა შესაბამის ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურ ინფორმაციას), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით − ყველა სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს სულ მცირე შემდეგ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებასა და გაცვლას:

ა) ჯგუფის სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ (ეს ინფორმაცია მოიცავს, მათ შორის, რეგულირებული საწარმოების, არარეგულირებული შვილობილი საწარმოებისა და იმ ფილიალების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ფინანსურ კონგლომერატს მიეკუთვნებიან), აგრეთვე მშობელი საწარმოს დონეზე მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და ჯგუფში შემავალი რეგულირებული საწარმოების საზედამხედველო ორგანოების თაობაზე;

ბ) ფინანსური კონგლომერატის სტრატეგიული პოლიტიკის შესახებ;

გ) ფინანსური კონგლომერატის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის, რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების და მოგებიანობის ჭრილში;

დ) ფინანსური კონგლომერატის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებისა და მმართველობის შესახებ;

ე) ფინანსური კონგლომერატის ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის მექანიზმის/სისტემის შესახებ;

ვ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული და სხვა საწარმოებისგან ინფორმაციის მოპოვების პროცედურების შესახებ, აგრეთვე  ამ ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) თაობაზე;

ზ) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული და სხვა საწარმოების უარყოფითი ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება რეგულირებულ საწარმოებზე არსებითი გავლენა მოახდინოს;

თ) სექტორული ზედამხედველობის წესების ან ამ კანონის დარღვევისთვის საზედამხედველო ორგანოების მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციებისა და სხვა საგამონაკლისო საზედამხედველო ზომების შესახებ.

2. სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული შესაბამისი საზედამხედველო უფლებამოსილებების შეზღუდვის გარეშე, საზედამხედველო ორგანოები გადაწყვეტილების მიღებამდე  ერთმანეთთან გადიან კონსულტაციას, თუ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სხვა საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების მფლობელობის, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ან/და მმართველობით სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც მოითხოვს საზედამხედველო ორგანოების თანხმობას ან ნებართვის/ლიცენზიის გაცემას;

ბ) საზედამხედველო ორგანოების მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციები და სხვა საგამონაკლისო საზედამხედველო ზომები.

3. გადაუდებელ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციის გავლის გარეშე, თუ დაყოვნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე ან/და დამატებითი ზედამხედველობის მიზნებზე. საზედამხედველო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სხვა საზედამხედველო ორგანოებს.

4. კოორდინატორი უფლებამოსილია ითანამშრომლოს იმ მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოსთან, სადაც ფინანსური კონგლომერატის მშობელი საწარმოს სათავო ოფისია, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზედამხედველო ორგანო არ არის დამატებითი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგრეთვე აღნიშნული საზედამხედველო ორგანოს მიერ ფინანსური კონგლომერატის მშობელი საწარმოსგან ისეთი ინფორმაციის გამოთხოვას, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს კოორდინატორის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად, და ამ ინფორმაციის კოორდინატორისთვის გადაცემას.

5. თუ ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უკვე მიეწოდა რომელიმე საზედამხედველო ორგანოს სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად, მეორე საზედამხედველო ორგანო, რომელიც დამატებით ზედამხედველობას ახორციელებს, უფლებამოსილია გამოითხოვოს ეს ინფორმაცია აღნიშნული საზედამხედველო ორგანოსგან. 

6. ფინანსურ კონგლომერატში შემავალ არარეგულირებულ საწარმოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობა ან შეგროვება არ გულისხმობს საზედამხედველო ორგანოების მიერ აღნიშნული საწარმოს მიმართ ზედამხედველობის ინდივიდუალურ დონეზე განხორციელებას. ამასთანავე, ინფორმაციაზე, რომელიც მიღებულია დამატებითი ზედამხედველობის განსახორციელებლად, კერძოდ, საზედამხედველო ორგანოებსა და საზედამხედველო ორგანოსა და სხვა ორგანოებს შორის გაცვლით, უნდა გავრცელდეს სექტორული ზედამხედველობის წესები პროფესიული საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ.

მუხლი 13. შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს მმართველობითი ორგანოები

შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმოს მმართველობითი ფუნქციების შემსრულებელ პირებს, რომლებიც უშუალოდ წარმართავენ საწარმოს საქმიანობას, უნდა ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის საკმარისი გამოცდილება.

მუხლი 14. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის ეფექტიანად განსახორციელებლად ფინანსურ კონგლომერატში შემავალ საწარმოებს მოსთხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია), მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი რეგულირებული საწარმოები.  

მუხლი 15. ინფორმაციის სისწორის დადასტურება (ვერიფიკაცია)

1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოს (როგორც რეგულირებული, ისე არარეგულირებული საწარმოს) შესახებ ინფორმაციის სისწორის დადასტურება (ვერიფიკაცია) მოსთხოვოს ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელ მესამე სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოს. ის საზედამხედველო ორგანო, რომელსაც მეორე საზედამხედველო ორგანო ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) მიზნით მიმართავს, ვალდებულია ინფორმაციის სისწორე თავად დაადასტუროს ან ამ მიზნით აუდიტორს/ექსპერტს მიმართოს, ან ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) მომთხოვნ საზედამხედველო ორგანოს მისცეს შესაძლებლობა, თავად შეამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

2. საზედამხედველო ორგანო, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოითხოვს ინფორმაციის სისწორის დადასტურებას (ვერიფიკაციას), უფლებამოსილია მოითხოვოს მისი ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) პროცესში ჩართვა.

მუხლი 16. საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენება

1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს მიერ ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან იმ შემთხვევაში, თუ, აღნიშნული მოთხოვნების შესრულების მიუხედავად, საწარმოს კაპიტალის პოზიციას საფრთხე ემუქრება ან რისკის კონცენტრაცია და შიდაჯგუფური ტრანზაქციები საფრთხეს უქმნის რეგულირებული საწარმოების ფინანსურ პოზიციას, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან კოორდინატორის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე რეგულირებული საწარმოს მიმართ მიიღოს სექტორული ზედამხედველობის წესებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საზედამხედველო ზომა, აგრეთვე გამოიყენოს სექტორული ზედამხედველობის წესებით განსაზღვრული სანქციები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოორდინატორი ყველა საზედამხედველო ორგანოს შეატყობინებს მის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგებს. ამ შედეგების საფუძველზე თითოეული საზედამხედველო ორგანო მისი რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოს მიმართ სექტორული ზედამხედველობის წესების შესაბამისად მიიღებს ერთ ან რამდენიმე საზედამხედველო ზომას, აგრეთვე გამოიყენებს სათანადო სანქციებს.

3. საზედამხედველო ორგანოებმა და კოორდინატორმა საჭიროების შემთხვევაში კოორდინაცია უნდა გაუწიონ საზედამხედველო ქმედებებს.

მუხლი 17. საზედამხედველო ორგანოების დამატებითი უფლებამოსილება

1. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად სექტორული კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ნებისმიერი საზედამხედველო ზომა ან/და გამოიყენონ სანქცია.

2. საზედამხედველო ორგანოებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ადეკვატური და ეფექტიანი საზედამხედველო ზომის მიღებისას ან/და სანქციის გამოყენებისას.

მუხლი 18. მესამე სახელმწიფოში მდებარე მშობელი საწარმოს სათავო ოფისი

1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად საზედამხედველო ორგანომ უნდა შეამოწმოს (შეაფასოს), ექვემდებარება თუ არა ის რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმოს სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია, ამ სახელმწიფოს საზედამხედველო ორგანოს მიერ დამატებითი ზედამხედველობის ეკვივალენტური ზედამხედველობის (ეკვივალენტური ზედამხედველობა) განხორციელებას იმავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული შემოწმება (შეფასება) უნდა განახორციელოს იმ საზედამხედველო ორგანომ, რომელიც შესაბამისი ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე მისი კოორდინატორი იქნებოდა. სათანადო ინფორმაციის სისწორის დადასტურების (ვერიფიკაციის) ინიციატორი შეიძლება იყოს მშობელი საწარმო, ფინანსურ კონგლომერატში შემავალი ნებისმიერი რეგულირებული საწარმო ან თავად ეს საზედამხედველო ორგანო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საზედამხედველო ორგანომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსულტაცია უნდა გაიაროს სხვა საზედამხედველო ორგანოებთან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკვივალენტური ზედამხედველობის განუხორციელებლობის შემთხვევაში რეგულირებული საწარმოს მიმართ ანალოგიის პრინციპით შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4. საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული, სექტორული საზედამხედველო წესებით გათვალისწინებული საზედამხედველო ღონისძიებები. თითოეული საზედამხედველო ღონისძიების განხორციელება შეთანხმებული უნდა იყოს კოორდინატორთან, რომელსაც, თავის მხრივ, კონსულტაცია უნდა ჰქონდეს გავლილი სხვა საზედამხედველო ორგანოებთან. საზედამხედველო ორგანოები მუდმივად უნდა უზრუნველყოფდნენ აღნიშნული ღონისძიებების დამატებითი ზედამხედველობის მიზნებთან შესაბამისობას და მათ შესახებ ინფორმაციის სხვა საზედამხედველო ორგანოებისთვის მიწოდებას.

მუხლი 19. გარდამავალი დებულება

საზედამხედველო ორგანოებმა 2024 წლის 1 ივნისამდე  უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.

მუხლი 20. კანონის ამოქმედება 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2023 წ.

N3768-XIIIმს-Xმპ