Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Закон Грузии О создании охраняемого ландшафта Арагви и управлении им | |
---|---|
Номер документа | 7102-Iს |
Издатель документа | Парламент Грузии |
Дата издания | 16/09/2020 |
Тип документа | Закон Грузии |
Источник опубликования, дата | Вебсайт, 22/09/2020 |
Activating Date | 01/01/2021 |
Регистрационный код | 360050000.05.001.020188 |
|
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა; ბ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) შექმნას არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში: ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა; გ) უზრუნველყოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მუხლი 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − გუდამაყრის, ფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის − მდინარეთა ხეობების ტერიტორიების ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება არაგვის დაცული ლანდშაფტი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით. მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, და მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის − ხეობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 99 802 ჰექტარი. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
მუხლი 5. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, მათ შორის, მხოლოდ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქლის ქვით) სარგებლობა, ტურიზმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 6 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურებისა და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება. მუხლი 6. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. მუხლი 7. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ეს კანონი არ ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მათ შორის, მიწის ნაკვეთების ყიდვის, გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობებზე); ბ) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე; დ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მუხლი 8. გარდამავალი დებულება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს. მუხლი 9. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 სექტემბერი 2020 წ. N7102-Iს |
Комментарии к документу