Закон Грузии О юридическом лице публичного права – Агентстве цифрового управления

Закон Грузии О юридическом лице публичного права – Агентстве цифрового управления
Номер документа 6297-IIს
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 12/06/2020
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 26/06/2020
Регистрационный код 040030000.05.001.019891
6297-IIს
12/06/2020
Вебсайт, 26/06/2020
040030000.05.001.019891
Закон Грузии О юридическом лице публичного права – Агентстве цифрового управления
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი საქმიანობის მიზნებს, სააგენტოს უფლებამოსილებებს, მისი ზედამხედველობის ფორმებს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ციფრული მმართველობა – საჯარო მმართველობის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელება;

ბ) ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (My.gov.ge) − ვებრესურსი, რომელზედაც განთავსებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში არსებული ელექტრონული სერვისები;

გ) გაციფრულება − საქმისწარმოების პროცესის ან/და მომსახურების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნა და განვითარება;

დ) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (ინფრასტრუქტურა) − ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტული ინტერფეისის გამოყენებით ინფორმაციულ სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლას, ამ სისტემების სანქციონირებულ ხელმისაწვდომობას, დაცულობასა და ურთიერთთავსებადობას;

 ე) ღია მონაცემი − საჯარო ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ერთიანი პორტალის მეშვეობით, მანქანაკითხვად ფორმატში;

ვ) ურთიერთთავსებადობა − წინასწარ განსაზღვრული, საერთო და ურთიერთსასარგებლო მიზნის მისაღწევად საჯარო დაწესებულებებს შორის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის კავშირისა და კომუნიკაციის უნარი/შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს მათ შორის ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და ბიზნესპროცესების მხარდაჭერით;

ზ) სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსი − საჯარო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების დადგენილი მეთოდოლოგიითა და კრიტერიუმებით შეფასების სისტემა;

თ) საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემა − ცენტრალიზებული, ინტეგრირებული, ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებას და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის, აგრეთვე ამ სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოპერატიულად და უსაფრთხოდ გაცვლას;

ი) ინფორმაციული სისტემა − სისტემა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის შეგროვებისთვის, შენახვისთვის, დამუშავებისა და განაწილებისთვის.

თავი II 

სააგენტოს საქმიანობის მიზნები, მისი უფლებამოსილებები, 

მართვა და სტრუქტურა

მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის მიზნები

სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:

ა) საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა;

გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.

მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები

1. სააგენტო:

ა) უწყებათაშორისი კოორდინაციით შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და სერვისების გაციფრულების ერთიან სახელმწიფო პოლიტიკასა და სტრატეგიას და ხელს უწყობს მათ განხორციელებას;

ბ) ახორციელებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვასა და ადმინისტრირებას, პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციას;

გ) უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურებების, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებების, ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მეშვეობით ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობას;

დ) თანამშრომლობს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათი სერვისების გაციფრულებისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ინტეგრაციის მიზნით;

ე) ციფრული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისების მიზნით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან ინიციატივებს, მათ შორის, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საჯარო მოხელეთა სწავლებას;

ვ) ციფრული მმართველობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავებს და ნერგავს შესაბამის სტანდარტებს;

ზ) ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის, მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის), ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge), იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებების გამართულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს ელექტრონული სერვისების შექმნისა და მიწოდების ერთიან სტანდარტს და ხელს უწყობს მის დანერგვას;

თ) მართავს და ავითარებს მონაცემთა გაცვლის ერთიან სისტემას (ინფრასტრუქტურას);

ი) მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (ინფრასტრუქტურის) ფარგლებში ადგენს მონაცემთა გაცვლის ერთიან სტანდარტს;

კ) შეიმუშავებს ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობის ჩარჩოს და ხელს უწყობს მის დანერგვას;

ლ) უზრუნველყოფს ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, მონაცემთა ბაზების, რეესტრების, მომსახურებებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების ერთიანი სტანდარტის დადგენისა და შესრულების კოორდინაციას;

მ) ადგენს საჯარო სექტორში არსებული ღია მონაცემების გამოქვეყნების ერთიან სტანდარტს და უზრუნველყოფს ერთიანი პორტალის მეშვეობით მათ ხელმისაწვდომობას;

ნ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის შექმნასა და გამართულ ფუნქციონირებას;

ო) ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციას და მისი საქმიანობის ზედამხედველობას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით;

პ) ახორციელებს ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდსისტემის“ დანერგვასა და მონიტორინგს;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშავებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

რ) ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში შეისწავლის და აანალიზებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებს;

ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობას ამყარებს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებების შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაციის უცხოელი პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის დროულად და სრულყოფილად წარდგენას;

უ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით ხელს უწყობს ამ სფეროებში საქართველოს მიღწევების პოპულარიზაციას;

ფ) ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და მხარდაჭერას;

ქ) შეიმუშავებს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ინდექსის მეთოდოლოგიას და უზრუნველყოფს შესაბამისი ინდექსის ყოველწლიურად წარმოებას;

ღ) საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის სუბიექტებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს მათი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, დანერგვას, განვითარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას;​

ყ) უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, ციფრული მმართველობის ან/და ელექტრონული მომსახურების შექმნის/მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განახორციელოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;

შ) ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააგენტო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გასწიოს მომსახურება მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროებში, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 7. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) წარმოადგენს სააგენტოს;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და ამტკიცებს მათ სამუშაო აღწერილობებს;

ე) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ზ) ახორციელებს სააგენტოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.

მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

თავი III

სააგენტოს ქონება, ფინანსები და სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი

მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. საქმიანობის მიზნების მისაღწევად და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს აქვს ქონება. სააგენტოს ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს დამოუკიდებელ ბალანსზე.

მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) სააგენტოს მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს;

ბ) ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ლარს;

გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელთა ავტორიზაციის მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

3. სააგენტოს მიერ იმ სხვა მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი, რომელიც თავისი შინაარსით სააგენტოს მიერ შესასრულებელ ექსკლუზიურ მომსახურებას არ განეკუთვნება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსები ხმარდება სააგენტოს საქმიანობის მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას. აღნიშნული ფინანსები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდეს აგრეთვე სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულებების, განვითარებას.

მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

მუხლი 12. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი

სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1.  ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) და მათი ერთმანეთთან შერწყმის შედეგად, აღნიშნული მუხლების ამოქმედებისთანავე შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მმართველობის სააგენტო. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ციფრული მმართველობის სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) უფლებამონაცვლე, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქისთვის“ (SMART LOGIC) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის ნაწილში.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობითა და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს:

ბ.ა) დებულების დამტკიცება;

ბ.ბ) საშტატო ნუსხის შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება;

ბ.გ) თავმჯდომარის თანამდებობაზე გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით დანიშვნა;

ბ.დ) თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირების − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) შერწყმის გამო მათი მოსამსახურეები (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) მათივე თანხმობით, კომპეტენციის გათვალისწინებით, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ციფრული მმართველობის სააგენტოში ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − დაბალ თანამდებობებზე.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მონაცემთა გაცვლის სააგენტოში/„სმართ ლოჯიქში“ (SMART LOGIC) შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ციფრული მმართველობის სააგენტოსთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები გაგრძელდეს შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან  დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით, თუ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად.

6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლების ამოქმედებამდე განსაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურების განაკვეთები, საფასურების გადახდის, მათი გადახდისგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესი.

7. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.

8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მათ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ ბრძანებებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს იუსტიციის მინისტრს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.

9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მათ ხელახლა გამოცემამდე. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეს.

მუხლი 14. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 03.08.2009, მუხ. 121).

მუხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−მე-12 და მე-14 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 ივნისი 2020 წ.

N6297-IIს