Закон Грузии О резерве Военных Cил и военной резервной службе

Закон Грузии О резерве Военных Cил и военной резервной службе
Номер документа 2037-IIს
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 07/03/2018
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 26/03/2018
Expiration Date 12/10/2023
Регистрационный код 120260000.05.001.018787
Консолидированный публикации
2037-IIს
07/03/2018
Вебсайт, 26/03/2018
120260000.05.001.018787
Закон Грузии О резерве Военных Cил и военной резервной службе
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (15/07/2020 - 21/09/2023)

 

საქართველოს კანონი

 

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ  
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო  და მიზანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის წესებს.

2. ამ კანონის მიზანია საქართველოს თავდაცვის  ძალების რეზერვის მართვის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, სამობილიზაციო რესურსის (რეზერვისტების) ოპტიმალური გამოყენება, რეზერვისტების მომზადებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
 

მუხლი 2. თავდაცვის ძალების რეზერვის დანიშნულება

თავდაცვის ძალების რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 3. სამხედრო სარეზერვო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დოკუმენტები

სამხედრო სარეზერვო სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის, თავდაცვის  ძალების სამობილიზაციო გეგმის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეები

1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის სახეებია:

ა) აქტიური სარეზერვო სამსახური (აქტიური რეზერვი);

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური (სამობილიზაციო რეზერვი).

2. აქტიური რეზერვი შედგება:

ა) პროფესიული ძალების რეზერვისგან;  

ბ) ტერიტორიული რეზერვისგან;

გ) სპეციალისტთა რეზერვისგან.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის ასაკი

სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის ასაკია:

ა) პროფესიული ძალების რეზერვში ჩარიცხული პირისა − 50 წლამდე;  

ბ) ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული პირისა − 55 წლამდე;

გ) სპეციალისტთა რეზერვში ჩარიცხული პირისა − 65 წლამდე;

დ) სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირისა − 60 წლამდე.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

თავი II. აქტიური სარეზერვო სამსახური 

 

მუხლი 6. აქტიური სარეზერვო სამსახურის საერთო პირობები

1. აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითია.

2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთან (აქტიურ რეზერვისტთან) ფორმდება კონტრაქტი.

3. პირი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ირიცხება აქტიურ რეზერვში და ითვლება სამხედრო სამსახურში გაწვეულად. აქტიური რეზერვისტი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს სპეციალური მომზადება, გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს მითითებულ დროსა და ადგილას, შეასრულოს კონტრაქტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობები.

4. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირებს აღრიცხავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა აღრიცხვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

5. პირი აქტიურ რეზერვში ირიცხება საკონტრაქტო სამსახურის რიგითის სამხედრო წოდებით (თუ არ აქვს სამხედრო წოდება) ან მინიჭებული სამხედრო წოდებით.

6. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კატეგორიის პირთათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ნორმატიული აქტით.

7. აქტიურ სარეზერვო სამსახურში მისაღებ პირთა რაოდენობას, საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის  გეგმისა და თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8.  აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახებას უზრუნველყოფს ის ქვედანაყოფი, რომელშიც აქტიური რეზერვისტი ირიცხება. პირის გამოძახება შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

9. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის უფლებები და მოვალეობები, კონტრაქტის ვადა, შრომის ანაზღაურების პირობები, აგრეთვე კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტისას პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტით. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

10. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს მისი წოდებრივი სარგოს 20%-ს, ხოლო  გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში − შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას. აღნიშნული პირის შრომის ანაზღაურების ხარჯები ფინანსდება სამინისტროს ასიგნებებიდან. აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას ამ პუნქტით გათვალისწინებულ  შრომის ანაზღაურებაზე.

11. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა ან საგანგებო მდგომარეობისა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციისა.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 7. პროფესიული ძალების რეზერვი

1. პროფესიული ძალების რეზერვი იქმნება რეზერვისტის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში დაუყოვნებლივ ჩართვის, მაღალი საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო  მზადყოფნის,  თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით.

2. პროფესიული ძალების რეზერვში მიიღება საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურებიდან, აგრეთვე სამართალდამცავი სისტემის/აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის საბრძოლო ქვედანაყოფიდან დათხოვნილი პირი.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი

1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის  ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.

2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის  ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს, იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო  სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულ პირს არ უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7012-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი

1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან.

2. თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

თავი III. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური 

 

მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება

1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარება პირი, რომელიც:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და აქტიურ რეზერვში არ ირიცხება;

ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და რომელსაც შეუსრულდა 27 წელი ან რომელმაც აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის სურვილი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.

4. 60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში.

5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 11. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა

1. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა მოიცავს:

ა) სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რომლებიც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვისტების ოპტიმალური გადანაწილებისა და გამოყენების, ქვედანაყოფების გაძლიერების და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს;

ბ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს.  

2. სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, შესაბამისი კრიტერიუმების (საცხოვრებელი ადგილის, განათლების, პროფესიის, სპეციალობის ან/და სხვა კრიტერიუმის) მიხედვით სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, რომელსაც მართავს სამინისტრო.

3. გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვისათვის პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია.

 

მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება:

ა) საომარი მდგომარეობის დროს;

ბ) საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს;

გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. აღნიშნულ პირთა გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45  დღეს.

3. პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით.  

4. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5. სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს  სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური) აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 13. სამობილიზაციო რეზერვში გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა, კატეგორია და შერჩევის კრიტერიუმები 

1. სამობილიზაციო რეზერვში გაწვევისათვის გასაწვევ/გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა და კატეგორია განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო პირთა შერჩევის კრიტერიუმების პრიორიტეტულობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება  ხდება ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სიის მიხედვით.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 14. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირის უფლებამოსილება

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს გამოძახებისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო რეზერვში გაწვევის მიზნის, სამხედრო სარეზერვო  სამსახურისგან გათავისუფლების ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

2. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირი ვალდებულია:

ა) შეტყობინების მიღებისას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში მითითებულ დროსა და ადგილას;

ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს მუნიციპალიტეტის ან/და სამინისტროს უფლებამოსილი პირის მითითებები.   

 

თავი IV. რეზერვისტების მომზადება, რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება

 

მუხლი 15. რეზერვისტების მომზადება

1. რეზერვისტების მომზადების მიზანია სასწავლო-ტექნიკური საშუალებების  გამოყენებით, გეგმაზომიერად ცოდნის მიცემითა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით:

ა) თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება;  

ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება;

გ) რეზერვისტების ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.

2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრების გავლის დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას. 

3. რეზერვისტების მომზადების დროს სათანადო ყურადღება ეთმობა რეზერვისტების ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარის გამომუშავებას, რაც  მათ მიერ დასახული ამოცანის წარმატებით შესრულების აუცილებელი წინაპირობაა. 

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 16. რეზერვისტების მომზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფები

სამხედრო სარეზერვო სამსახურისა და რეგულარული თავდაცვის  ძალების საბრძოლო უნარების თავსებადობის მიზნით აქტიური რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს სისტემის შესაბამისი ქვედანაყოფები, ხოლო სამობილიზაციო რეზერვისტების მომზადებას უზრუნველყოფს ეროვნული გვარდია.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

 

მუხლი 17. რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება

1. რეზერვში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე სამხედრო ფიცს დებს სამხედრო შეკრების გავლის დროს, თუ  მას სამხედრო ფიცი დადებული არ აქვს.

2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამხედრო ფიცის დადების ნაცვლად იღებს დადგენილ წერილობით ვალდებულებას, რომლის ტექსტს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

 

თავი V. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები

 

მუხლი 18. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა

1. სამობილიზაციო რეზერვისტებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით აღრიცხავს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური.

2. სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა ხდება სამინისტროს ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით.

 

მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს (სამობილიზაციო რეზერვისტს) გამოიძახებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური ამ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას.  

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში.

4. ამ მუხლის შესაბამისად გამოძახებული პირი გამოძახების მომენტიდან ითვლება სამობილიზაციო რეზერვში გაწვეულად.

 

მუხლი 20. სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება

სამობილიზაციო რეზერვში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ან/და გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვისტის სამხედრო-სამედიცინო  შემოწმების დროს, რომელიც ტარდება წვევამდელისათვის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

 

მუხლი 21. სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილებები

1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების ან სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის სამობილიზაციო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის სამობილიზაციო კომისია.

2. სამობილიზაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე − მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონში − შესაბამისი რაიონის გამგებელი;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი; 

გ) კომისიის წევრი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე ან მოსამსახურეები, რომელთა  შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;

დ) კომისიის მდივანი − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მოსამსახურე.

3. სამობილიზაციო კომისია სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებულ პირთან დაკავშირებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლების და სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების შესახებ;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებზე უარის თქმის შესახებ.

4. სამობილიზაციო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახება ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. პირის სამობილიზაციო რეზერვში გამოძახების ან/და სამობილიზაციო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს აღნიშნული აქტების მოქმედებას.

 

მუხლი 22. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები

1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად უწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

 

თავი VI. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლება   და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

 

მუხლი 23. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლება

სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდება:

ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;

გ) 60 წლის ასაკს მიღწეული პირი.

 

მუხლი 24. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

1. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება:

ა) პირს, რომლის კმაყოფაზეა ოჯახის (მშობელი, მეუღლე,  შვილი, გერი, პირთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) შრომისუუნარო წევრი ან არასრულწლოვანი პირი, რომელიც მუდმივ მზრუნველობას საჭიროებს და რომელსაც არ ჰყავს სხვა კანონიერი წარმომადგენელი ან კანონით გათვალისწინებული სხვა პირი, რომელსაც ევალება და შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

ბ) პირს, რომელიც სამობილიზაციო რეზერვში გაწვევის დღისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტობის, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად,  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად − შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე;

გ) პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მოწეული მოსავლის აღებასთან − იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკა და თუ ეს პირი ოჯახის ერთადერთი სრულწლოვანი და შრომისუნარიანი წევრია;

დ) პირს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს, აგრეთვე პირს, რომელიც სპეციალურ აღრიცხვაზე იმყოფება;

ვ) მოსამართლეს, პროკურორს;

ზ) მობილიზაციის გამოცხადებამდე საზღვარგარეთ მყოფ პირს;

თ) დიპლომატიური თანამდებობის პირს;

ი) რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს, რომელიც მღვდელმსახურებას ეწევა;

კ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს;

ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს;

მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებსა და აღდგენით სამუშაოებში;

ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში;

ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული;

პ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის დანაშაულის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს;

ჟ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს − 3 წლის ვადით;

რ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

2. კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებებისათვის იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხასა და რაოდენობას, სადაც/რომლებზედაც დასაქმებულ პირებს გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები უზრუნველყოფენ ამ კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული მართვის სისტემაში აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების (პერსონალის) შესახებ მონაცემების შეტანას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პირებს ელექტრონული მართვის სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა.

4. პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუვადდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამავე მუხლითა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე გარემოება სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში წარმოიშვა.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7012-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი VII. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვის გარანტიები

 

მუხლი 25. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის სოციალური დაცვა

1. რეზერვისტი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის პერიოდად (შრომის სტაჟად) ითვლება:

ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − კონტრაქტით განსაზღვრული პერიოდი;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შემკრებ პუნქტში გამოცხადებიდან სარეზერვო სამსახურის დასრულებამდე პერიოდი.

3. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება:

ა) აქტიური სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − გამოძახების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ყოფნის პერიოდი;

ბ) სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის შემთხვევაში − სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი. 

4. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების პერიოდში რეზერვისტს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და შრომის ანაზღაურება, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეზერვისტთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დამსაქმებლის შეუფერხებელი საქმიანობა.

5. სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს უნარჩუნდება სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, აგრეთვე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სხვა სოციალური დაცვის გარანტიები.

 

თავი VIII. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის

 

მუხლი 26. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის

სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზად, შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მიიჩნევა ამ პირის ავადმყოფობა, რომელიც შეუძლებელს ხდის რეზერვისტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას,  ან ამ პირის ახლო ნათესავის (ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი) გარდაცვალება, ან სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.

 

თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი 

 

მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი

1. 2018 წლის 1 ივნისიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზერვში მყოფი პირები ჩაირიცხებიან ამ კანონით გათვალისწინებულ სამობილიზაციო რეზერვში.

2. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები;

ბ) 2020 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს:

ა) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

ბ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი;

გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა;

დ) სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა;

ე) სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა. 

4. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი

1. 2018 წლის 1 ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−26-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი−მე-10 მუხლები, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, მე-12−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, მე-19−23-ე მუხლები, 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, 25-ე და 26-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.

4. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2018 წ.

N2037-IIს