Об электронном документе и надежном электронном обслуживании

Об электронном документе и надежном электронном обслуживании
Номер документа 639-IIს
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 21/04/2017
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 10/05/2017
Регистрационный код 320110000.05.001.018412
Консолидированный публикации
639-IIს
21/04/2017
Вебсайт, 10/05/2017
320110000.05.001.018412
Об электронном документе и надежном электронном обслуживании
Парламент Грузии

Консолидированная версия (Окончательный вариант)

 

საქართველოს კანონი

 

 

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, აგრეთვე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

3. ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფლებას, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებადაა აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;

ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;

გ) ხელმომწერი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს;

დ) შტამპის დამსმელი – იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. ამ კანონის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას;

ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება;

ვ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება;

ზ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესამოწმებლად გამოიყენება;

თ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – უნიკალური მონაცემები, რომლებსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად იყენებს;

ი) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – პროგრამული ან/და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად გამოიყენება;

კ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან აკავშირებს და შეიცავს სულ მცირე ხელმომწერის სახელს ან/და ფსევდონიმს/შტამპის დამსმელის სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთი კოდის არსებობის შემთხვევაში);

ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ლ.ა) იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული;

ლ.ბ) მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი;

ლ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლით შეუძლია;

ლ.დ) იგი ხელმოწერილ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი  შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა;

მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული;

ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი – ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ნ.ა) იგი მხოლოდ შტამპის დამსმელთანაა დაკავშირებული;

ნ.ბ) მისი მეშვეობით შტამპის დამსმელის დადგენაა შესაძლებელი;

ნ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული შტამპის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც შტამპის დამსმელს, მტკიცე რწმუნებით, საკუთარი კონტროლით შეუძლია;

ნ.დ) იგი შტამპდასმულ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი  შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა;

ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული;

პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები კონფიდენციალურია. ხელმომწერს/შტამპის დამსმელს უფლება აქვს, ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის მონაცემების მართვის უფლება გადასცეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც უფლებამოსილია ამ მონაცემების დუბლირება მხოლოდ მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად მოახდინოს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, აგრეთვე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი);

პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები უნიკალურია;

პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების გონივრულ ფარგლებში გამოყვანა შეუძლებელია და ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საიმედოდაა დაცული გაყალბებისაგან;

პ.დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპდასასმელი მონაცემები და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაცემების ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან ხელმოწერამდე/შტამპის დასმამდე წარდგენას;

პ.ე) დაკმაყოფილებულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობები;

ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს;

რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება;

ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს;

ტ) სანდო მომსახურება – ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა;

უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება – სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა;

ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას;

ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების მიწოდების წესის შესახებ;

ღ) მტკიცე რწმუნება – ობიექტური გარემოებების, ფაქტების ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლით, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – იურიდიული პირის კონტროლით.

მუხლი 3. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალა

1. კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

2. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი იძლევა ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას – ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობა და წარმომავლობა უტყუარად ითვლება, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

3. თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობისას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმას აირჩევს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერას ან/და შტამპს საჭიროებს, სავალდებულოა ამ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. ეს წესი არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. საკმარისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

5. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო არ არის ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებსა/ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის ან/და მათ ფარგლებში ურთიერთობისას. ამ შემთხვევაში გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

6. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი, თუმცა ეს არ გამორიცხავს ელექტრონული დოკუმენტის შესაბამის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ ის აღნიშნული წარმოებისათვის დადგენილ წესებს არ აკმაყოფილებს.

7. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების მიუხედავად, თუ ფიზიკურ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის შეთანხმება არსებობს, ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას ამ პირებისათვის აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

9. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შესრულებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

10. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2557 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.

მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტი

1. ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

2. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

4. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ ანდა ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

მუხლი 5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის უფლებები და მოვალეობები

1. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების ან სანდო მომსახურების მიწოდება და დაადგინოს შესაბამისი საზღაური.

2. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) შეიმუშაოს შინაგანაწესი და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა ყველა მომსახურებისათვის, რომელთა მიწოდებასაც იგი ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს. შინაგანაწესში მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული უსაფრთხო სისტემების, საშუალებებისა და პროცედურების აღწერილობა;

ა.ბ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის საფუძვლები და ფარგლები, მათ შორის, კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სერტიფიკატის მფლობელისთვის, დროის აღნიშვნის მომსახურების მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

ა.გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ კვალიფიციურ სანდო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის შენახვის ვადა და წესი;

ა.დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის შეწყვეტის და მისი საქმიანობის სხვა პირისთვის (ასეთი პირის არსებობის შემთხვევაში) გადაცემის წესი;

ა.ე) კვალიფიციური სანდო მომსახურებისათვის დადგენილი საზღაურის ოდენობა, მისი გადახდის წესი და გადახდის პირობების შესაძლო შეცვლის წესი;

ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა პირობა;

ბ) სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე;

გ) სულ მცირე 14 კალენდარული დღით ადრე აცნობოს საზედამხედველო ორგანოს და მისი მომსახურების მომხმარებელს შინაგანაწესში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე;

დ) გამოიყენოს მხოლოდ უსაფრთხო სისტემები, საშუალებები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მის მიერ მიწოდებული მომსახურების საიმედოობას და დაცული მონაცემების მთლიანობას, მონაცემთა ავთენტიკურობის შემოწმებას და გაყალბებისა და არასანქციონირებული გამოყენებისაგან დაცვას. მონაცემთა შექმნა და ცვლილება მხოლოდ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავტორიზებული პირებისთვისაა დასაშვები;

ე) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ჰქონდეს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და ჰყავდეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მართვა;

ზ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და შესაძლო ზიანის ასანაზღაურებლად ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსები და გარანტიები, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში – სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა;

თ) შეიმუშაოს მომსახურების უწყვეტობის გეგმა და იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს;

ი) შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნებისმიერი სხვა მოთხოვნა.

3. თუ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი წყვეტს მომსახურების მიწოდებას, მან ამის თაობაზე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს მისი მომსახურების მომხმარებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია აანაზღაუროს შეუტყობინებლობით მიყენებული ზიანი.

4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მუხლის მოთხოვნათა დაუცველობით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული.

5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტობა.

6. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს საკუთარი სისტემების უსაფრთხოების ან მონაცემთა მთლიანობის დარღვევის თაობაზე ან სხვა მოვლენის შესახებ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით მისთვის განსაზღვრული საქმიანობის წარმართვას.

7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია თავის მიერ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით დაცვის დამატებითი მექანიზმები შეიმუშაოს.

მუხლი 6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი

1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი სულ მცირე უნდა შეიცავდეს:

ა) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას იმის თაობაზე, რომ სერტიფიკატი გაცემულია, როგორც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი;

ბ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებას და იმ ქვეყნის კოდს, რომელშიც რეგისტრირებულია იგი;

გ) მონაცემთა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია ხელმომწერის/შტამპის დამსმელის იდენტიფიკაციისათვის: სულ მცირე სახელს ან/და ფსევდონიმს/სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს;

დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს, რომლებიც შეესაბამება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემებს;

ე) სერტიფიკატის მოქმედების დაწყებისა და დასრულების თარიღებს;

ვ) სერტიფიკატის საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის უნიკალურია;

ზ)  იმ ელექტრონული მომსახურების ელექტრონულ მისამართს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის გამოსათხოვად;

თ) ელექტრონული დამუშავებისათვის გამოსადეგ აღნიშვნას ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის კვალიფიციურ საშუალებაში განთავსების თაობაზე (აღნიშნული მონაცემების ამგვარ საშუალებაში განთავსების შემთხვევაში).

2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

3. სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შინაგანაწესით განსაზღვრულ ფარგლებში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი შეიძლება დამატებით მონაცემებს შეიცავდეს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, დამატებითი მონაცემები შეიტანოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებულ სხვა ელექტრონულ დოკუმენტში (ატრიბუტების კვალიფიციური სერტიფიკატი), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იგი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის იდენტიფიკაცია;

ბ) მას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

4. ინფორმაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატში განთავსებისა და მართვის წესები ვრცელდება ატრიბუტების კვალიფიციურ სერტიფიკატზე.

5. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია:

ა) ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოახდინოს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის იდენტიფიკაცია, რომელზედაც სერტიფიკატი გაიცემა;

ბ) სერტიფიკატის გაცემისას უზრუნველყოს მასში ჩაწერილი მონაცემების უტყუარობა;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის დაუყოვნებლივ გაუქმება;

დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება და სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედება, თუ ეს მომსახურება შინაგანაწესითაა გათვალისწინებული;

ე) აწარმოოს თავის მიერ გაცემული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი განახლება;

ვ) დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ინტერნეტის საშუალებით, უწყვეტ რეჟიმში მიაწოდოს მას ინფორმაცია სერტიფიკატის მოქმედების სტატუსის ან სერტიფიკატის გაუქმების შესახებ;

ზ) უზრუნველყოს თავის მიერ გაცემული სერტიფიკატების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ყველა იმ მონაცემისა და ფაქტის აღრიცხვა და სერტიფიკატების გაუქმებიდან სულ მცირე 6 წლის განმავლობაში (შინაგანაწესით განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში – 6 წელზე მეტი ხნით) შენახვა და შესაბამისი დროის ზუსტად მითითება, რომლებიც შესაძლებელია სამართალწარმოების დროს ან მომსახურების განგრძობადობის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცეს ფსევდონიმით დარეგისტრირებული სერტიფიკატის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

6. შინაგანაწესში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების აღწერილობა;

ბ) სერტიფიკატის გაცემის წესი;

გ) სერტიფიკატთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლები, მათ შორის, ფსევდონიმის გამოყენებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შემცველი სერტიფიკატის გაცემის საკითხები;

დ) სერტიფიკატის მოქმედების ფარგლები;

ე) გაცემული სერტიფიკატის აღრიცხვისა და შენახვის წესები;

ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემების შექმნისა და შენახვის წესები;

ზ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედებისა და სერტიფიკატის გაუქმების წესები და ტექნიკური პროცედურები.

მუხლი 7. დროის კვალიფიციური აღნიშვნა

1. დროის კვალიფიციური აღნიშვნა იძლევა დროისა და თარიღის სიზუსტის, აგრეთვე ამ დროსა და თარიღთან დაკავშირებულ მონაცემთა ერთობლიობის პრეზუმფციას.

2. დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დრო და თარიღი მონაცემებს ისე უნდა უკავშირდებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს დროის, თარიღისა და მონაცემთა შემდგომი ცვლილების აღმოჩენა;

ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნა უნდა ეყრდნობოდეს დროის ზუსტ წყაროს, რომელიც საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) არის დაკავშირებული.

3. დროის კვალიფიციურ აღნიშვნას უნდა ჰქონდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

4. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც დროის კვალიფიციურ აღნიშვნასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებას ახორციელებს, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ვალდებულია:

ა) უწყვეტ რეჟიმში აწარმოოს თავის მიერ გაცემული დროის კვალიფიციური აღნიშვნების მონაცემთა ბაზა და უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა;

ბ) არ გასცეს დროის კვალიფიციური აღნიშვნა, თუ დაადგენს, რომ კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებული დრო შინაგანაწესში მოცემულ საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვებ მაქსიმალურ გადახრას სცილდება.

5. შინაგანაწესში, რომელიც დროის კვალიფიციური აღნიშვნის მომსახურების მიწოდების წესს განსაზღვრავს, დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული საერთაშორისო კოორდინირებული დროის (UTC) წყაროები;

ბ) დროის კვალიფიციური აღნიშვნის გაცემისას საერთაშორისო კოორდინირებული დროიდან (UTC) დასაშვები მაქსიმალური გადახრა.

მუხლი 8. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა

1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენა ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის მომენტში აღნიშნული ხელმოწერა/შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატს უნდა ეფუძნებოდეს;

ბ)  კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნდა იყოს გაცემული და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების მომენტში ძალაში უნდა იყოს;

გ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენის მომსახურების მიმღები მხარისთვის (მიმღები მხარე) წარდგენილ მონაცემებს;

დ) მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს ხელმომწერს/შტამპის დამსმელს და მოცემულია სერტიფიკატში, ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მიმღები მხარისთვის წარდგენილ მონაცემებს;

ე) თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ფსევდონიმის გამოყენებით სრულდება, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს მიმღებ მხარეს;

ვ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით უნდა იყოს შექმნილი;

ზ) ხელმოწერილი მონაცემების მთლიანობა დაცული უნდა იყოს;

თ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს განვითარებული ელექტრონული ხელმოწერისათვის/განვითარებული ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.

2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციური დადგენისათვის გამოყენებული სისტემა მიმღებ მხარეს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესახებ და უნდა იძლეოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გამოვლენის შესაძლებლობას.

3. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის კვალიფიციურ დადგენას ახორციელებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც:

ა) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობას ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს;

ბ) მიმღებ მხარეს ავტომატურ რეჟიმში აწვდის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ნამდვილობის დადგენის შესახებ სანდო ინფორმაციას, რომელსაც აქვს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/განვითარებული ელექტრონული შტამპი.

მუხლი 9. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვა

კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის კვალიფიციური შენახვის მომსახურების მიწოდება, რაც გულისხმობს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სანდოობის გახანგრძლივებას მისი ტექნოლოგიური მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

მუხლი 10. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება

1. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში მისი ხელახალი ამოქმედება დაუშვებელია. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების შემდეგაა შესრულებული/დასმული, ბათილია.

2. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმებისას, მოქმედების შეჩერებისას და ხელახალი ამოქმედებისას უნდა მიეთითოს შესაბამისი დრო და თარიღი, რომლებიც ეყრდნობა საერთაშორისო კოორდინირებულ დროსთან (UTC) დაკავშირებულ დროის ზუსტ წყაროს. დაუშვებელია ამ მოქმედებების წარსული დროისა და თარიღის მითითებით განხორციელება. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახალი ამოქმედება შესაბამისი დროისა და თარიღის მითითებით, დაუყოვნებლივ უნდა აღრიცხოს.

3. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია  მისი მომსახურების მომხმარებელს შესთავაზოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომსახურება, რომელიც სერტიფიკატის მოქმედების დროებით შეჩერებას გულისხმობს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მომენტში გამოაქვეყნოს ინფორმაცია მისი შეჩერების შესახებ და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში.

4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მოქმედება ჩერდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;

გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. იმ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის ხელახალი ამოქმედების მოთხოვნა, რომლის მოქმედებაც შეჩერდა, შეუძლია აღნიშნული სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ინიციატორს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს.

6. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი უქმდება:

ა) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებიდან 10 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში აღნიშნული სერტიფიკატი ხელახლა არ ამოქმედდა;

გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევაში;

დ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაცემისა და მომსახურების მიწოდების უფლებამოსილება სხვა პირს არ გადაეცა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

7. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელმა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის მფლობელს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების შეჩერებისა და ხელახალი ამოქმედების შესახებ.

მუხლი 11. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია და მისი საქმიანობის ზედამხედველობა

1. პირი, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ვალდებულია მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის დასადგენად გაიაროს ავტორიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ციფრული მმართველობის სააგენტოში (შემდგომ − ციფრული მმართველობის სააგენტო).

2. ციფრული მმართველობის სააგენტო კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას;

ბ) ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეაგირებას ახდენს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე;

გ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს ან უუქმებს ავტორიზაციას;

დ) აწარმოებს და აქვეყნებს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლებისა და მათ მიერ შეთავაზებულ მომსახურებათა სიას.

3. პირმა, რომელსაც სურს გახდეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი, ციფრული მმართველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი;

ბ) აუდიტის დასკვნა მისი საქმიანობის ამ კანონთან და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ;

გ) შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში დაადასტურებს მის მიერ საკმარისი ფინანსური რესურსებისა და გარანტიების ფლობას, ხოლო სხვა პირის შემთხვევაში − მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებობას;

დ) შინაგანაწესი.

4. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის მსურველის საქმიანობის უწყვეტობის შეფასების მიზნით მას დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს. წარსადგენი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია განისაზღვრება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციის მსურველს ავტორიზაციაზე უარი განუცხადოს, თუ:

ა) მან დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა;

ბ) მისი საქმიანობა არ შეესაბამება ამ კანონსა და ტექნიკურ რეგლამენტს.

6. თუ ავტორიზაციის მსურველმა დოკუმენტაცია/ინფორმაცია არასრულად ან/და არაზუსტად წარადგინა, ციფრული მმართველობის სააგენტო მას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვადას განუსაზღვრავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზაციაზე უარი განაცხადოს, თუმცა ეს ავტორიზაციის მსურველს არ ართმევს უფლებას, ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის მოთხოვნით განმეორებით მიმართოს.

7. ციფრული მმართველობის სააგენტო უფლებამოსილია კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს ავტორიზაცია.

8. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და მისი საქმიანობის ზედამხედველობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6298 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

მუხლი 12. საზღვარგარეთ მოქმედი ან საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარება

საზღვარგარეთ მოქმედ ან საერთაშორისო ორგანიზაციების კვალიფიციურ სანდო მომსახურებას აქვს ამ კანონის შესაბამისად საქართველოში მოქმედი კვალიფიციური სანდო მომსახურების თანაბარი იურიდიული ძალა, თუ საქართველოს დადებული აქვს სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულება კვალიფიციური სანდო მომსახურების აღიარების შესახებ.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. 2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩაითვალოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლად.

2. 2018 წლის 1 იანვრამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა, თუ აღნიშნული სისტემა ელექტრონული დოკუმენტის ავტომატურ რეჟიმში დადასტურებას უზრუნველყოფს. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.

3. 2018 წლის 1 ივლისამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შესრულებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

5. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს;

ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი.

6. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 46).

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-11 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-11 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N639-IIს