On Intelligence Activities

On Intelligence Activities
Document number 2983
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 27/04/2010
Document type Law of Georgia
Source and date of publishing LHG, 24, 10/05/2010
Registration code 130.040.000.05.001.004.011
Consolidated publications
2983
27/04/2010
LHG, 24, 10/05/2010
130.040.000.05.001.004.011
On Intelligence Activities
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (20/09/2013 - 06/12/2018)

საქართველოს კანონი

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობის მიზნებს, სფეროსა და ძირითად მიმართულებებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილ დაწესებულებებს ან/და მათ სტრუქტურულ დანაყოფებს (შემდგომში – სადაზვერვო დაწესებულება), რომლებიც საგარეო საფრთხეებისაგან საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას.

    მუხლი 2. სადაზვერვო საქმიანობა

1. სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა.

2. სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა.

3. სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სადაზვერვო ინფორმაცია – მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ;

ბ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამა – საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები;

გ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა – სადაზვერვო საქმიანობის სახეობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობისა და მასში მონაწილე პირების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1236  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 4. სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სადაზვერვო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1236  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 5. სადაზვერვო საქმიანობის მიზნები, სფერო და ძირითადი მიმართულებები

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. სადაზვერვო საქმიანობის სფერო განსაზღვრულია ამ კანონით და მისი შეზღუდვა ან გაფართოება შეიძლება მხოლოდ კანონით.

3. სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება ამ კანონითა და ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.

    მუხლი 6. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპები, მეთოდები და საშუალებები

1. სადაზვერვო საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა;

გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

ე) ანგარიშვალდებულება;

ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ზ) მიზანმიმართულობა;

თ) ოპერატიულობა;

ი) უწყვეტობა;

კ) გეგმურობა;

ლ) ფარულობა.

2. სადაზვერვო საქმიანობისას გამოიყენება როგორც ღია, ისე ფარული და სპეციალური მეთოდები და საშუალებები, რომელთა განსაკუთრებული ხასიათი განისაზღვრება ამ საქმიანობის პირობებით.

 

თავი II. საქართველოს დაზვერვის სისტემა

    მუხლი 7. საქართველოს დაზვერვის სისტემა

1. სადაზვერვო დაწესებულებათა ერთობლიობა ქმნის საქართველოს დაზვერვის სისტემას.

2. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები არიან: საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები.

3. საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებები, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებენ შემდეგ სფეროებში:

ა) საქართველოს დაზვერვის სამსახური – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ქვედანაყოფები – სამხედრო, სამხედრო-პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამხედრო-ეკონომიკურ, სამხედრო-ტექნიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროებში.

4. სადაზვერვო დაწესებულებების სტრუქტურა, ხელმძღვანელობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სადაზვერვო დაწესებულებების მოსამსახურეებზე ვრცელდება იმ დაწესებულებათა მოსამსახურეების სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.

6. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება მივლენილ იქნენ დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში.

7. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის ან სადაზვერვო დაწესებულების მოქმედებებში, გარდა კანონით საამისოდ უფლებამოსილი პირისა.

8. პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სადაზვერვო დაწესებულებათა ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –საქართველოს ეროვნულ არქივს.

10. სადაზვერვო დაწესებულებათა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მათი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირთა ან/და ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც მათთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე ამ დაწესებულებათა მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება ამ დაწესებულებათა არქივებში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

11. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სადაზვერვო დაწესებულებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა .

    მუხლი 8. საქართველოს დაზვერვის სისტემის ამოცანები

საქართველოს დაზვერვის სისტემის ამოცანებია:

ა) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, არსებული და მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების, გამოწვევებისა და რისკების განსაზღვრა-გამოვლენა;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების გეგმების, ზრახვებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, შეგროვებით, სისტემატიზაციით, დამუშავებითა და ანალიზით ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ) საფრთხეების პრევენციის ან/და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, ვითარების შეფასება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის წარმოქმნის საფრთხის ან არსებობის შემთხვევაში ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ე) შესაბამისი სადაზვერვო დაწესებულების მიერ საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება;

ვ) რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.

    მუხლი 9. საქართველოს დაზვერვის სისტემის მართვა

1. საქართველოს დაზვერვის სისტემის მთავარი ორგანოა საქართველოს დაზვერვის სამსახური.

2. სადაზვერვო დაწესებულება ვალდებულია თავის მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია დადგენილი წესითა და ფორმით მიაწოდოს საქართველოს დაზვერვის სამსახურს.

3. სადაზვერვო დაწესებულებებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის წესს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავებს საქართველოს დაზვერვის სამსახური და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურებს შორის საუწყებათაშორისო მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის მიზანშეწონილობის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1236  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 10. სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი

1. სადაზვერვო დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ პირებთან;

ბ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებენ ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების საუწყებო და ორგანიზაციული კუთვნილების კონსპირაციის მიზნით ახორციელებენ მათ დაშიფვრას;

დ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებენ ხელშეკრულებებს;

ე) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნიან სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;

ვ) უზრუნველყოფენ საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავენ თავიანთ მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას;

ზ) უზრუნველყოფენ მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისთვის;

თ) თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.

2. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით სადაზვერვო დაწესებულებებმა შეიძლება გამოიყენონ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მეთოდები და საშუალებები.

    მუხლი 11. საქართველოს დაზვერვის სისტემის ათვის დახმარება

1. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებები ვალდებული არიან, ყველანაირად დაეხმარონ სადაზვერვო დაწესებულებებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში.

2. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) თანამშრომლობენ სადაზვერვო დაწესებულებებთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

თავი III. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან

    მუხლი 12. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან

1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სადაზვერვო დაწესებულებას შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა სადაზვერვო დაწესებულებასთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება იმ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით, რომელთანაც პირი კონფიდენციალურად თანამშრომლობს.

2. პირის, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის დროს ან/და თანამშრომლობის შედეგად, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. იმ პირის უფლება - მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან

1. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, უფლება აქვს:

ა) სადაზვერვო დაწესებულებასთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით;

ბ) სადაზვერვო დაწესებულების მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სადაზვერვო დაწესებულების მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება;

ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდში.

2. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სადაზვერვო დაწესებულებასთან, ვალდებულია:

ა) არ გაამჟღავნოს სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები;

ბ) არ მიაწოდოს სადაზვერვო დაწესებულებას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია;

გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

    მუხლი 14. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან

1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან, განისაზღვრება ამ სადაზვერვო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.

2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სადაზვერვო დაწესებულებასთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სადაზვერვო დაწესებულებასთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.

 

თავი IV. საქართველოს დაზვერვის სისტემის ზედამხედველობა და კონტროლი

    მუხლი 15. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზედამხედველობა

საქართველოს დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1236  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 16. საპარლამენტო კონტროლი

საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მეშვეობით. საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 17. ძალადაკარგულად გამოცხადებული ნორმატიული აქტი და კანონის ამოქმედება

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ. 38).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2983–