ON Labour Migration

ON Labour Migration
Document number 3418-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 01/04/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 22/04/2015
Activating Date 01/11/2015
Registration code 270000000.05.001.017705
Consolidated publications

Consolidated version (final)

 

საქართველოს კანონი

 

 

შრომითი მიგრაციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს, ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა და მექანიზმებს.

2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ ურთიერთობებს, რომლებიც პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.

3. ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება მეზღვაურთა დასაქმების მიზნით, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის  კანონი  №714  - ვებგვერდი, 03.05.2017წ.

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი მიგრაციის შესახებ

შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისაგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, ამ კანონისაგან, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობა – პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან მისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ბ) სეზონური სამუშაო – სამუშაო, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში ან წელიწადის გარკვეულ დროს სრულდება, რაც კლიმატურ ან სხვა ბუნებრივ პირობებთან არის დაკავშირებული;

გ) უცხოელი დამსაქმებელი – უცხოელი ან უცხოური ორგანიზაცია, რომელსაც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად  უფლება აქვს, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს შრომით ემიგრანტთან, და რომელიც მის შრომას შრომითი მოწყობის სახელმწიფოში იყენებს;

დ) უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადებული შრომითი ხელშეკრულება – შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც შრომით ემიგრანტთან უცხოელი დამსაქმებლის სახელით დებს ამ დამსაქმებლის დავალებით მოქმედი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს;

ე) უცხოური ორგანიზაცია – უცხოური იურიდიული პირი ან იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსის არმქონე უცხოური ორგანიზაცია;

ვ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება – პირსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირისთვის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურების (მომსახურებების) გაწევასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს;

ზ) შრომითი ემიგრანტი – პირი, რომელიც გადის ან გასულია საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

თ) შრომითი იმიგრანტი – საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ი) შრომითი მიგრაცია – პირის საქართველოდან შრომითი მოწყობის სახელმწიფოში გასვლა უცხოელ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის სხვა სახელმწიფოდან საქართველოში შემოსვლა ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;

კ) შრომითი მოწყობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც შრომითი ემიგრანტი უცხოელ დამსაქმებელთან ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ახორციელებს;

ლ) შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება – უცხოელ დამსაქმებელსა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამ კანონის შესაბამისად განმახორციელებელ იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს;

მ) შრომითი ურთიერთობა – პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებული, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობა;

ნ) შრომითი ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის არსებულ შრომით ურთიერთობას.

თავი II

შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო

ორგანოების უფლება-მოვალეობები

მუხლი 4. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები

შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სახელმწიფო მმართველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.

მუხლი 5. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები

შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებია:

ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;

  გ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება;

დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სხვა სახელმწიფოებთან სამუშაო ძალის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების დადება;

ე) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მართვის საინფორმაციო სისტემის, განვითარება;

ვ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 6. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების უფლება-მოვალეობები

1. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებისა და მათი აპარატების ზოგადი უფლება-მოვალეობებია:

ა) შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მისი განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;

გ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესრულება;

დ) შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობა;

ე) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაში საქართველოს ცალკეული სამინისტროებისა და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციფიკური უფლება-მოვალეობებია:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა.ა) პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გასვლასთან ან/და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განმახორციელებელი სუბიექტის დახმარებით გასვლასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

ა.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დასადებად წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

ა.გ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების და ანგარიშგებითი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება;

ა.დ) შრომითი მიგრაციის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობების განხორციელების ხელშეწყობა;

ა.ე) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;

 ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაციის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში გამოთხოვა;

ა.ზ) შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემა;

ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ბ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოს ვიზის კატეგორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

გ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიმღები უცხოელების და მათზე გაცემული საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის რეგისტრაცია და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

დ.ა) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოში შემოსული და მყოფი უცხოელების და საქართველოში მათი შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან გამსვლელი პირების აღრიცხვის წარმოება და შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას დაიცვან შესაბამის სუბიექტთა პერსონალური მონაცემები.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5570  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

მუხლი 7. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია

1. იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

2. აკრძალულია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელება შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5570  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

თავი III

პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა

მუხლი 8. პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა

პირის საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობა ხორციელდება:

ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დახმარებით;

ბ) ამ პირის მიერ დამოუკიდებლად.

მუხლი 9. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები

იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია:

  ა) დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები;

ბ) უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება, მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად;

გ) იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას (მომსახურებებს) უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება;

დ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომით ემიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების დადება;

ე) შრომით ემიგრანტთან დადოს შრომითი ხელშეკრულება უცხოელი დამსაქმებლის დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოდან გამსვლელ შრომით ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს ინფორმაცია:

ვ.ა) საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, აგრეთვე ამ სახელმწიფოებში შესვლისა და ყოფნის და აღნიშნული სახელმწიფოებიდან გასვლის წესების შესახებ;

  ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;

ვ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ;

ზ) აღრიცხოს ის პირები, რომლებსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება (მომსახურებები) გაუწია;

თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია (მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა;

ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში;

კ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

მუხლი 10. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულების რეკვიზიტები

1. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულებაში შეიძლება მიეთითოს:

ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და პასპორტის ნომერი ან იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია;

გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;

დ) ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებლის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;

ე) იმ მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ უცხოელ დამსაქმებელს უწევს, ან/და ამ მომსახურებათა გაწევის წესი;

ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლება-მოვალეობები (მათ შორის, უცხოელი დამსაქმებლის დავალებით პირთან შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე) და პასუხისმგებლობა;

ზ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია;

თ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების (მომსახურებების) ანაზღაურების წესი და ანგარიშსწორების ფორმა;

ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი უცხოელი დამსაქმებელი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან.

2. შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე).

მუხლი 11. მოთხოვნები შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებისადმი

1. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებაში სავალდებულო წესით მიეთითება:

ა) ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

ბ) ხელშემკვრელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან/და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;

გ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები;

დ) ხელშემკვრელი პირის რეგისტრაციის ადგილის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ე) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებების ნუსხა და შინაარსი, რომლებსაც ხელშემკვრელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) ხელშემკვრელ პირს უწევს, და ამ მომსახურებათა გაწევის წესი;

ვ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები, მათ შორის:

ვ.ა) ხელშემკვრელ პირსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფის ან უცხოელი დამსაქმებლის დავალებით შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება;

ვ.ბ) ხელშემკვრელი პირისთვის უცხოელ დამსაქმებელთან შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;

ვ.გ) შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები;

ზ) ხელშემკვრელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, აგრეთვე ხელშემკვრელი პირისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებისათვის;

თ) ამ კანონით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების დადების წინაპირობები, მათი არსებობის შემთხვევაში;

ი) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

კ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

ლ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი პირი და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) თანხმდებიან.

2. აკრძალულია შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა.

3. შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე სხვა ენაზე (ენებზე).

მუხლი 12. შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობები

1. საქართველოში დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას აწესრიგებს, შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეფუძნება. დაუშვებელია ამ შრომით ხელშეკრულებაში ისეთი პირობის შეტანა, რომელიც შრომითი მოწყობის სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

2. თუ შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობაში შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ არსებობს, შრომით ემიგრანტსა და უცხოელ დამსაქმებელს შორის საქართველოში დადებულ შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება მიეთითოს:

ა) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი;

ბ) იმ ხელშემკვრელი უცხოური ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საბანკო რეკვიზიტები ან იმ ხელშემკვრელი უცხოელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც უცხოელი დამსაქმებელია;

გ) შრომითი ხელშეკრულების უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დადების შემთხვევაში:

გ.ა) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) დასახელება ან იმ ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს, და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგისტრირებისას ამ იურიდიული პირისათვის, ინდივიდუალური მეწარმისათვის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალისათვის (წარმომადგენლობისათვის, მუდმივი დაწესებულებისათვის) მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრირების თარიღი და მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება;

გ.ბ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იმ იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც შრომით ხელშეკრულებას უცხოელი დამსაქმებლის დავალებით დებს;

დ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტის სამუშაო ადგილი და შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა;

ე) ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;

ვ) ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტისა და უცხოელი დამსაქმებლის შრომითი მოწყობის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომითი ურთიერთობის, აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში;

ზ) ყველა სხვა პირობა, რომლებზედაც ხელშემკვრელი შრომითი ემიგრანტი და უცხოელი დამსაქმებელი თანხმდებიან.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით, ქართულ ენაზე და შრომითი მოწყობის სახელმწიფოს სახელმწიფო ენაზე.

მუხლი 13. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის პირობები

საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს:

ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს მას უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული;

ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

თავი IV

პასუხისმგებლობა

მუხლი 14. პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. შრომითი მიგრაციის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ხოლო ამ კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ექვემდებარება აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების და, საჭიროების შემთხვევაში, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და აღსასრულებლად წარდგენის უფლება აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ პირს.

3.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს – გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 

4. ამ თავით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 15. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება

1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის  კანონი  №5570  - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

მუხლი 16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა

  1. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის საფუძველზე ინფორმაციის მიუწოდებლობა/ანგარიშის წარუდგენლობა –  

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

1. 2015 წლის 1 ნოემბრამდე:

ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-9 მუხლის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და დამტკიცება;

ბ) საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შრომითი იმიგრაციის პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობის შეფასების მიზნით დაამტკიცოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა.

2. ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისი ცვლილება 2016 წლის 1 მაისამდე შეიტანოს თავის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დროისათვის ძალაში მყოფ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე მათი ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 18. დასკვნითი დებულებები

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი–მე-16 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აპრილი 2015 წ.

N3418-IIს

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.