On Approval of the Procedures for Issuing, Extending, and Revoking Georgian Visas

On Approval of the Procedures for Issuing, Extending, and Revoking Georgian Visas
Document number 524
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 01/09/2014
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing Website, 02/09/2014
Activating Date 01/09/2014
Expiration Date 23/06/2015
Registration code 010120000.10.003.018144
Consolidated publications
524
01/09/2014
Website, 02/09/2014
010120000.10.003.018144
On Approval of the Procedures for Issuing, Extending, and Revoking Georgian Visas
Government of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (02/09/2014 - 29/12/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №524

2014 წლის  1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და

ოქმედების შეწყვეტის წესი


მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ვიზის (შემდგომში - ვიზა) გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ვიზის გაცემასთან, მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

მუხლი 2. ვიზის კატეგორიები

1. ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) დიპლომატიური (A კატეგორია);

ბ) სპეციალური (B კატეგორია);

გ) ორდინალური (C კატეგორია);

დ) საიმიგრაციო (D კატეგორია);

ე) ტრანზიტული (T კატეგორია).

2. ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით. მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, ხოლო გრძელვადიანი – მხოლოდ, მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

3. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა.

4. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა არა უმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით, ამასთან, უცხოელის საქართველოში შემოსვლის და ყოფნის საერთო ვადა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელმაც წინა წელს მიიღო ერთი ვიზა მაინც, გამოიყენა ეს ვიზა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.

5. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით. გრძელვადიანი ვიზა უნდა იყოს, მხოლოდ, A2, B2, B3  და D კატეგორიების.

6. გამონაკლის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, როცა უცხოელი ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, უცხოელზე შეიძლება გაიცეს B4 კატეგორიის ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა, 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით.

7. ნებისმიერი კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ორდინალური ვიზის საფუძველზე, საქართველოში მეორე და ყოველი შემდგომი შემოსვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ აღარ არსებობს ან შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა შესაბამისი კატეგორიის ორდინალური ვიზა, თუმცა არსებობს რომელიმე სხვა კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ორდინალური ვიზის მიზანი ან/და მისი გაცემისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

მუხლი 3. დიპლომატიური ვიზა

დიპლომატიური ვიზა შეიძლება იყოს:

ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;

ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;

გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;

დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;

ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე.

მუხლი 4. სპეციალური ვიზა

სპეციალური ვიზა შეიძლება იყოს:

ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;

ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;

გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;

დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე.

 

მუხლი 5. ორდინალური ვიზა

ორდინალური ვიზა შეიძლება იყოს:

ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;

ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;

გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;

დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე.

მუხლი 6. საიმიგრაციო ვიზა

საიმიგრაციო ვიზა შეიძლება იყოს:

ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;

ბ) D2 კატეგორიის – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;

გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე;

დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე.

მუხლი 7. ტრანზიტული ვიზა

ტრანზიტული ვიზა გაიცემა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (5 დღე) შემთხვევაში.

მუხლი  8. ვიზის მიმღები სუბიექტები

საქართველოში შემოსვლისათვის ვიზის მიღება ესაჭიროებათ  უცხოელებს, მათ შორის, პირებს, რომლებიც არ ფლობენ იმ ქვეყნის მიერ გაცემულ მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შემთხვევებისა.

მუხლი 9. ვიზის გამცემი ორგანოები

ვიზის გამცემი ორგანოებია:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო);

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია და საკონსულო დაწესებულება (შემდგომში - წარმომადგენლობა);

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო.

მუხლი 10. ვიზის გაცემა წარმომადგენლობისა და სამინისტროს მიერ

1. საზღვარგარეთ ვიზა გაიცემა წარმომადგენლობის მიერ. ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსულო თანამდებობის პირი. წარმომადგენლობა უფლებამოსილია, გასცეს ყველა კატეგორიის ვიზა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ გააჩნია წარმომადგენლობა, შეუძლია ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე წარმომადგენლობას. ახლომდებარე წარმომადგენლობების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს წარმომადგენლობა და რომელიც  იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია, ვიზის მისაღებად, მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე წარმომადგენლობას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან  მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ კატეგორიის უცხოელზე ვიზის გაცემის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას.

4. საქართველოს ტერიტორიაზე დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ვიზა გაიცემა სამინისტროს მიერ.

მუხლი 11. ვიზის გაცემა  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე

1. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, ვიზა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო გასცემს, მხოლოდ, შემდეგი კატეგორიის ვიზებს და შემდეგ შემთხვევებში:

ა) C3 კატეგორიის ვიზას – საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა;

ბ) C4 კატეგორიის ვიზას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად საქართველოში მომავალ პირებზე;

გ) ტრანზიტულ ვიზას;

დ) B4 კატეგორიის ერთჯერად მოკლევადიან ვიზას, ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელი პირები და მათი კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 12. ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ვიზის გამცემ ორგანოს ვიზის მისაღებად  წარედგინება:

ა) სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის, შევსებული სავიზო განაცხადი;

ბ) სამგზავრო დოკუმენტი;

გ) „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკონსულო მოსაკრებლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას – „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უცხოელი გათავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

დ) ამ წესითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები.

2. სავიზო განაცხადთან ერთად, ვიზის გამცემ ორგანოს, უნდა წარედგინოს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს:

ა) მგზავრობის მიზანს და სავარაუდო პირობებს;

ბ) მგზავრობისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობას მგზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში; 

გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევას;

დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ ვიზის გამცემი ორგანოსთვის ცნობილია ამავე პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

4. A2, A3 და B2 კატეგორიების ვიზის მისაღებად, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან სპეციალური/მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ. 

5. არასრულწლოვანი ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის ვიზის გასაცემად, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს მისი კანონიერი წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა. კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით ან საკონსულო თანამდებობის პირის ან სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) უფლებამოსილი პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით.

6. აუცილებლობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მიღების მსურველი უცხოელი ან მისი წარმომადგენელი მოიწვიოს გასაუბრებაზე, რათა შემოწმდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობა;

ბ) სავიზო განაცხადსა და წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების ნამდვილობა;

გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;

დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;

ე) უკან დაბრუნების გარანტიები.

7. სავიზო განაცხადის წარდგენისას, განმცხადებელი თავად ირჩევს გასაუბრების ჩატარების თარიღს, რომელიც სამინისტროს ან წარმომადგენლობის მიერ შეიძლება შეიცვალოს არჩეულ თარიღამდე 2 დღით ადრე.

8. ორდინალური ვიზის მისაღებად, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული მოწვევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხდება C1 კატეგორიის ვიზის გაცემა, C3 კატეგორიის ვიზის გაცემა საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე და C4 კატეგორიის ვიზის გაცემა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

9. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. თუ უცხოელს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა, მან ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარუდგინოს  ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. განმცხადებელი ვალდებულია ვიზის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ვიზის გაცემის საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი/ინფორმაცია.

მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები წარსადგენი დოკუმენტების მიმართ

1. სავიზო განაცხადი და ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები სამინისტროს და წარმომადგენლობას, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ შემთხვევებში და წესით, შეიძლება წარედგინოს დედნის ან/და ასლის სახით, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით, უშუალოდ წარდგენით, ინტერნეტგვერდის მეშვეობით ან  ფოსტით.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს სავიზო განაცხადი და ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს უფლებამოსილ ორგანოში უშუალოდ წარდგენის გზით.

3. ვიზის გამცემი ორგანოსთვის ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.

4. ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან ინგლისურ ენაზე, გარდა ამავე პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. მოკლევადიანი ვიზის გაცემის საკითხის განხილვის შემთხვევაში, წარმომადგენლობა უფლებამოსილია, მიიღოს და განიხილოს უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები.

5. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის თარგმნის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად. სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით, მიიღება თარგმანის გარეშე. 

6. ვიზის მისაღებად საჭირო, სხვა სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.  

მუხლი 14. სავიზო განაცხადი

1. სავიზო განაცხადი ივსება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

2. წარმომადგენლობას სავიზო განაცხადი შეიძლება წარედგინოს ვიზის მოქმედების ვადის დაწყებამდე არა უმეტეს სამი თვით ადრე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირებისას.

3. სავიზო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია წინა ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაშიც.

4. სავიზო განაცხადი ივსება და ვიზის გამცემ ორგანოს წარედგინება:

ა) ვიზის მიღების მსურველი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ;

ბ) არასრულწლოვანი ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ.

მუხლი 15. მოწვევა

1. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს სრულწლოვანმა და ქმედუნარიანმა საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა, თუ აღნიშნული პირი მოწვევის გაცემის მომენტში იმყოფება საქართველოში.

2. მოწვევის ფორმა და მისი შევსების წესი მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

მუხლი 16. სამგზავრო დოკუმენტი

ვიზის მისაღებად წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 

ა) სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა გრძელდებოდეს ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან არანაკლებ სამი თვის განმავლობაში;

ბ) სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვიზის ბლანკის დასატანად ვარგის, არანაკლებ ორ თავისუფალ გვერდს;

გ)სამგზავრო დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს არა უმეტეს წინა 10 წლის განმავლობაში.

მუხლი 17. სავიზო განაცხადის განხილვა

1. ვიზის გაცემის საკითხის განხილვისას, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილების მისაღებად  საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომლებიც ვიზის გამცემ ორგანოს მოთხოვნილ ინფორმაციას აწვდიან შემდეგ ვადებში:

ა) მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში – მიმართვის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში;

ბ) გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში – მიმართვის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;

გ) მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში, როცა ვიზის გაცემის საკითხის განხილვის ვადა შემცირებულია 2 სამუშაო დღემდე – არა უგვიანეს მიმართვის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღისა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა არ არის საკმარისი ინფორმაციის გასაცემად, ინფორმაციის გაცემაზე ვალდებული ორგანო/პირი აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებული წერილობითი მიმართვით აცნობებს ვიზის გამცემ ორგანოს. დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადის 30 კალენდარულ დღემდე გაზრდის თაობაზე. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე ვალდებული ორგანო/პირი ვიზის გამცემ ორგანოს ინფორმაციას აწვდის მიმართვის მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

3. სახელმწიფო ორგანოების მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ ვადებში ვიზის გამცემი ორგანოსთვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესაბამისი საფუძველი და ვიზის გამცემი ორგანო ვალდებულია, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საკითხის განხილვა დაასრულოს დადგენილ  ვადაში.

4. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას, ვიზის გამცემ ორგანოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე -ელექტრონული ფორმით.

5. წარმომადგენლობის მიერ დიპლომატიური, სპეციალური და საიმიგრაციო ვიზების გაცემის საკითხი თანხმდება დეპარტამენტთან.

6. სავიზო განაცხადის განხილვა დაფუძნებულია განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და სანდოობაზე, მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე.

7. ვიზის გამცემი ორგანოები უფლებამოსილნი არიან უცხოელის მიმართ ამ წესით გათვალისწინებული ვიზის გაცემის პირობები გამოიყენონ ნაცვალგების საფუძველზე. 

8. დაუშვებელია პირი ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ ვიზას.

9. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ვიზის მიღების საკითხით, ის უფლებამოსილია, მიმართოს ვიზის გამცემ ორგანოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა. ვიზის გამცემი ორგანო იმ შემთხვევაში წყვეტს წარმოებას, თუ ვიზის გაცემის საკითხზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება.

10. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ვიზის გამცემი ორგანოს მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) ან ელექტრონული ფოსტით  გაგზავნის გზით.

11. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.

მუხლი 18. ვიზის გაცემა საგამონაკლისო შემთხვევებში

1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, B4 კატეგორიის ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის თაობაზე სამინისტროს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წერილობითი შუამდგომლობა, გარდა იმ  შემთხვევისა, როცა საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობს სამინისტრო.

2. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის კონკრეტული საფუძველი, მოთხოვნა/პირობა, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი და გასაცემი ვიზის მოქმედების სასურველი ვადა.

3. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხს წყვეტს წარმომადგენლობა, სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემის და სპეციალური ვიზის გაგრძელების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხს წყვეტს სამინისტრო.

4. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტროს ან წარმომადგენლობის აღნიშნული გადაწყვეტილება ეგზავნება შესაბამისი მომართვის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოს.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის საკითხზე სამინისტროს გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

6. საგამონაკლისო წესით ვიზის გაცემის შემთხვევაში, ვიზის მიღების მსურველ უცხოელს მოეთხოვება, მხოლოდ, სავიზო განაცხადისა და სამგზავრო დოკუმენტის წარდგენა. 

მუხლი 19. გადაწყვეტილების მიღების ვადები

1. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

2. ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით, რომელიც დგინდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ფორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ საბუთდება.

4. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ვიზის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებიდან:

ა) 10 კალენდარული დღის განმავლობაში - მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში;  

ბ) 30 კალენდარული დღის განმავლობაში - გრძელვადიანი ვიზის შემთხვევაში.

5. მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება.

6. წარმომადგენლობა მოკლევადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის დაწყებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) A1 და B1 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში - თუ მგზავრობის მიზანი არ იძლევა ვიზის გაცემის უფრო ხანგრძლივი ვადის გამოყენების შესაძლებლობას;

ბ) C4 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში – საქართველოში სამკურნალოდ მომავალ პირებზე, თუ დასტურდება მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარების აუცილებლობა.

მუხლი 20. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოელს ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტები;

ბ) მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;

გ) მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად წარადგინა არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები;

დ) მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არ წარადგინა ამ წესით ან ვიზის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტები/ინფორმაცია ან წარადგინა ისინი არასათანადო წესით;

ე) მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;

ვ) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვას, ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ზ) საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;

თ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კანონიერი საფუძვლის გარეშე, დარჩება საქართველოში ან დაარღვევს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;

ი) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;

კ) მან საქართველოში ყოფნისას ჩაიდინა დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან დაარღვია საქართველოში უცხოელთა ყოფნის წესები;

ლ) იგი ბოლო 3 წლის განმავლობაში დაექვემდებარა გაძევებას საქართველოდან, მიუხედავად იმისა, გავრცელდა თუ არა მასზე საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

2. უცხოელს მოკლევადიანი ვიზის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ  ვიზის მოქმედების ვადის დაწყების მოთხოვნილი თარიღისთვის ამოწურული აქვს 90 კალენდარული დღის ვადით საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში.

მუხლი 21. ვიზის ბლანკი

1. სამინისტროს და წარმომადგენლობის მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი მტკიცდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, მისი შევსებისა და სამგზავრო დოკუმენტში დატანის წესი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით. 

2. სამინისტროს და წარმომადგენლობის მიერ ვიზა, ასევე, შეიძლება გაიცეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა), რომლის ფორმა, შევსების წესი და გამოყენების შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის ან გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.) გაცემული ვიზის გადატანა/აღდგენა არ ხდება და გაიცემა ახალი ვიზა. 

მუხლი 22.  სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა

1. ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვიზის გამცემ ორგანოში წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) ვიზის მიღების მსურველ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს;  

ბ) არასრულწლოვანის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერ წარმომადგენელს, თუ ვიზა გაიცა არასრულწლოვან, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;

გ) განმცხადებელს;

დ) სავიზო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

ვ) დიპლომატიური და სპეციალური ვიზების შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს, რომლის თანამშრომელიც წარმოადგენდა ვიზის მიღების მსურველ უცხოელს.

2. სამგზავრო დოკუმენტის გადაცემა შეიძლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირისთვის პირადად ვიზის გამცემ ორგანოში გადაცემის გზით, ასევე, სავიზო განაცხადში მითითებულ მისამართზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნით. სამგზავრო დოკუმენტის ფოსტით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს. ვიზის გამცემი ორგანო არ არის პასუხისმგებელი საფოსტო მომსახურების ხარისხზე, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტის დაზიანებასა და დაკარგვაზე.

3. სამგზავრო დოკუმენტის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტით გაგზავნის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს ხელმოწერით.

მუხლი 23. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება, თუ საქართველოში უცხოელის შემოსვლის მიზნის მისაღწევად მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა  არ არის საკმარისი.

2. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე მოთხოვნა სამინისტროს წარედგინა ვიზების მოქმედების ვადის გასვლამდე.

3. გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაგრძელების შესახებ იღებს სამინისტრო, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვემდე. ვიზის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელს საქართველოში ყოფნა ეთვლება კანონიერად.

4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება იმავე წესის შესაბამისად, რა წესითაც ხდება მისი გაცემა.

მუხლი 24. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტა

1. ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:

ა) თუ გამოვლინდა ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი;

ბ) თუ ვიზის მფლობელი პირი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;

გ) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა  ვიზა;

დ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან;

ე) თუ უცხოელზე გაიცა ვიზა, რომელიც მოიცავს უკვე გაცემული ვიზის მოქმედების ვადას;

ვ) სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის ან გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.), თუ აღნიშნულ სამგზავრო დოკუმენტში დატანილი იყო ვიზა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოსთვის.

2. ვიზის მოქმედების ვადა შეწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ვიზის მფლობელი პირისათვის საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სამინისტრო, ხოლო ორდინალური, საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. ვიზის მოქმედების ვადა შეწყდება და ვიზა ძალას დაკარგავს, თუ:

ა) უცხოელზე გაიცემა ახალი ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას;

ბ) უცხოელმა, რომელზეც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

5. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ ვიზის ბლანკზე დაიტანება შტამპი აღნიშვნით „ვიზის მოქმედების ვადა შეწყვეტილია“.

6. სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან ვიზის გამცემ შესაბამის ორგანოს აცნობონ ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძვლების  შესახებ.

მუხლი 25. გასაჩივრების წესი

1. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე, ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. წარმომადგენლობის გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის ან გამოქვეყნების დღიდან ერთი  თვის ვადაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა დგინდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილება მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. საჩივრის განხილვის ვადა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადით.

5. სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოებში, გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე, საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 26. გარდამავალი დებულებები

1. უცხოელი, რომელიც ფლობს 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემულ მოქმედ ვიზას, უფლებამოსილია, აღნიშნული ვიზის საფუძველზე, ნებისმიერ დროს, შემოვიდეს საქართველოში და მასზე არ გავრცელდება ამ წესის მოქმედება.

2. უცხოელი, რომელსაც 2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსასვლელად არ ესაჭიროება ვიზა ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ვიზის საფუძველზე, უფლებამოსილია, 2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ გრძელვადიანი ვიზის მიღების მიზნით, სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარადგინოს სამინისტროში. სამინისტრო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობისათვის გადაგზავნას, ასევე, გრძელვადიანი ვიზის გაცემის საკითხზე დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას.

3. ამ დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული ვიზის ბლანკებით მომარაგებამდე, ვიზის გამცემი ორგანოები იყენებენ „საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს №155-№996 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ფორმის ვიზის ბლანკებს.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების დამტკიცება.