On Approval of the Procedures for Determining the Status of a Stateless Person in Georgia

On Approval of the Procedures for Determining the Status of a Stateless Person in Georgia
Document number 523
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 01/09/2014
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing Website, 02/09/2014
Activating Date 01/09/2014
Registration code 010120000.10.003.018143
Consolidated publications
523
01/09/2014
Website, 02/09/2014
010120000.10.003.018143
On Approval of the Procedures for Determining the Status of a Stateless Person in Georgia
Government of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (02/09/2014 - 27/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის (შემდგომში - სტატუსი) დადგენის მიზნით, განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 2. სტატუსის დადგენის ძირითადი პირობები

1. სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად, რომლის მიმართ არ არის გამოტანილი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება.

მუხლი 3. წარსადგენი დოკუმენტები

1. სტატუსის დადგენის მიზნით, პირი, შესაბამისი განცხადებით, მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). განცხადებას უნდა დაერთოს 2 ფოტოსურათი, ზომით 3/4, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლითაც, შესაძლოა,  დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი. წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.

2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს  უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შესახებ შემდეგი ძირითადი მონაცემები:

ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო მათი შეცვლის შემთხვევაში, ასევე, შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);

გ) ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;

დ) ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;

ე) განათლება;

ვ) სამუშაო ადგილი;

ზ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

4. საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

5. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს განცხადების დამატებითი რეკვიზიტები.

მუხლი 4. კომუნიკაციის სახეები

1. განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია, განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).

2. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე, განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და შესაბამის სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე - ელექტრონული ფორმით.

მუხლი 5. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება

1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვს ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას, სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე, სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

მუხლი 6. განცხადების განხილვა

1. სტატუსის მაძიებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სააგენტო ადგენს სტატუსის მაძიებლის ვინაობას. სტატუსის მაძიებლის ნამდვილი მონაცემების დადგენის მიზნით, სააგენტო სხვა ქვეყნისა და/ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვს სტატუსის მაძიებლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მონაცემებს ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის შესახებ ჩანაწერს/ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო ვერ მოიპოვებს აღნიშნულ მონაცემებს/ჩანაწერს/ინფორმაციას, პირის ვინაობა, შესაძლოა, დადასტურდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სამედიცინო ან საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ან საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციით, ასევე, 2 სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული, წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.

2. სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. გასაუბრებაზე მიწვეულ პირს გასაუბრების თარიღის თაობაზე უნდა ეცნობოს გასაუბრებამდე არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე.

3. გასაუბრებაზე წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია. გასაუბრებას ატარებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები და სტატუსის მაძიებელი.

4. არასრულწლოვან ან ქმედუუნარო სტატუსის მაძიებელ პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვის/მზრუნველის თანდასწრებით.

5. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ასევე, მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო აჩერებს ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი გარემოების გამოვლენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, უგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

6. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე, საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება.

7. სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფო ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია სტატუსის მაძიებლისათვის სტატუსის დადგენის საკითხის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებთან შესაბამისობის თაობაზე. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ მოთხოვნილი ინფორმაცია 30 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი.

8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების დაუცველად სტატუსი შესაძლებელია დაუდგინდეს პირს, თუ:

ა) 1993 წლის 31 მარტისათვის, ის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.

მუხლი 7. სტატუსის მაძიებლის სამართლებრივი გარანტიები, უფლებები და მოვალეობები

1. სტატუსის დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სტატუსის მაძიებელი უზრუნველყოფილია სააგენტოს მხრიდან თარჯიმნის უფასო მომსახურებით. სტატუსის მაძიებელს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარებით.

2. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ სტატუსის მაძიებელს, სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში, საქართველოში ყოფნის ვადა ეთვლება საპატიოდ.

3. სტატუსის მაძიებელი, რომელიც კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება საქართველოში, არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში.

4. სტატუსის მაძიებელზე სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას 1 წლის ვადით. სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას.

5. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე, ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების დასადგენად, დასადასტურებლად და გადასამოწმებლად.

6. თუ სტატუსის მაძიებელი აღარ არის დაინტერესებული სტატუსის დადგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე წერილობით მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

მუხლი 8. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის თაობაზე

1. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე.

2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვების მიზნით, განცხადების განხილვის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 3 თვით.

3. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური (შემდგომში - სამსახური) ამზადებს დასკვნას სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

4. სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ეცნობება განმცხადებელს.

5. სტატუსის დადგენის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში მიეთითება პირისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ.

მუხლი 9. სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის საფუძვლები

სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება, თუ:

ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;

ბ) დადგენილი წესით შეტყობინების მიუხედავად, სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას;

გ) სტატუსის მაძიებელმა დაკარგა საქართველოში სტატუსის დადგენის ინტერესი;

დ) სტატუსის მაძიებელი არ თანამშრომლობს სააგენტოსთან სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების დასადგენად;

ე) სტატუსის მაძიებელს დაუდგინდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი.

მუხლი 10. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები

სტატუსის მაძიებელს შეიძლება უარი ეთქვას სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:

ა) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) თუ მან სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

გ) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

დ) თუ შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება;

ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

მუხლი 11. სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. პირს შეუწყდება სტატუსი, თუ:

ა) მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) გამოვლინდა ამ წესის მე-10 მუხლის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ, ამავე კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის შემდეგ.

3. სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, სააგენტოს აცნობონ პირისათვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.

4. სტატუსის დადგენაზე უარის ან სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, პირზე გავრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოში უცხოელთა კანონიერ საფუძველზე ყოფნისა და საქართველოდან გასვლის ვალდებულება.

მუხლი 12. სტატუსის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

სტატუსის დადგენაზე უარის ან შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.