Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
Law of Georgia on the Public Service Development Agency | |
---|---|
Document number | 6319-Iს |
Document issuer | Parliament of Georgia |
Date of issuing | 25/05/2012 |
Document type | Law of Georgia |
Source and date of publishing | Website, 04/06/2012 |
Registration code | 040030000.05.001.016753 |
Consolidated publications |
Consolidated versions (27/04/2016 - 21/04/2017)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სამართლებრივ სტატუსს, მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, სააგენტოს ურთიერთობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 2. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სააგენტოს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები
1. სააგენტოს მიზნებია:
ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;
ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;
გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;
დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების ბათილად ცნობა, სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;
ვ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;
თ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა და შეწყვეტა;
ი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
კ) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნა, გაცემა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა;
ნ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;
ო) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
პ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა;
ჟ) საქართველოში გაცემული, სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
რ) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
ს) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3 1. სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფლებამოსილია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან მიიღოს ამ მუხლის 3 2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს შესაბამის მონაცემთა ბაზას დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
32. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის საჭირო მონაცემთა ნუსხას, შესაბამისი მონაცემთა ბაზის ფორმირებისა და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესებს.
4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას (მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
მუხლი 5. ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერა
სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხარდაჭერის პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით.
მუხლი 6. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება და მომსახურების საფასური
1. მომსახურება არის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა.
2. საფასური არის სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
3. სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და ამ მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ან/და ხელშეკრულებით.
მუხლი 7. სააგენტოს მართვა და ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში.
2. სააგენტოს თავმჯდომარის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები.
მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა და ტერიტორიული სამსახურები
1. სააგენტომ თავისი უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით .
2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების დასახელებები და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, აგრეთვე სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. (ამოღებულია - 27.04.2016, №5035).
4. სააგენტოს უფლებამოსილების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს თავმჯდომარემ შეიძლება შექმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შესაძლებელია შეყვანილ იქნენ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები და სპეციალისტები.
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და შემოსავლები
1. სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსზე.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) კრედიტები და გრანტები;
ე) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4 . სააგენტოს საკუთარი მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად უფლება აქვს, გასცეს გრანტი. სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 10. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი
სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 11. სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტისა და მისი ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამონაცვლე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 25 მაისი.
№6319- Iს
Document comments