მაუწყებლობის შესახებ

მაუწყებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.05.001.001.632
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
780
23/12/2004
სსმ, 5, 18/01/2005
450.140.000.05.001.001.632
მაუწყებლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/05/2019 - 20/09/2019)

საქართველოს კანონი

 

მაუწყებლობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი   

   მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო;

გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;

1 ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

2 ) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის;

3 ) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა;

დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;

1) დამწყები საწარმო (სტარტაპი) − მეწარმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში საქართველოს მოქალაქის/საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ და რომლის შექმნიდან 6 თვე არ გასულა;

ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;

კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს;

ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი მაუწყებლობა, არც სათემო მაუწყებლობა და არც საუნივერსიტეტო მაუწყებლობა;

მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი;

ნ) კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს;

ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი;

რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით;

ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

1) რადიომაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

2) ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;

უ) (ამოღებულია);

ფ) (ამოღებულია);

ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

1) მრჩეველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;

ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში;

ყ) ოჯახის წევრი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;

შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება;

ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია;

ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება;

წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა;

ხ) საეთერო მაუწყებლობა – საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა;

ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის;

1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;

2) (ამოღებულია - 12.06.2015, №3691);

3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

4) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას;

5 ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ;

6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება;

7) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

10) ტელეშოპინგი – საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირი შეთავაზება; ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც სამაუწყებლო პროგრამა (Teleshopping Window), ან ინტეგრირებულ იქნეს სარეკლამო წყვეტაში, როგორც სამაუწყებლო რეკლამა (Teleshopping Spot);

11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით;

12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;

13 ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს;

14) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა;

15) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში;

16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით რეგისტრაცია;

17) პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

18) სამაუწყებლო საათი – სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი;

19) მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების, აგრეთვე ინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიული მონაწილეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვე მედიაპროდუქციის (აუდიოვიზუალური ტელერადიოპროდუქცია, ელექტრონული და სოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები, გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი მედიაპლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და რეგულირების შესახებ სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა;

20) საუნივერსიტეტო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირის ან არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლის, სწავლების, სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სტიმულირებას, საზოგადოებისათვის უნივერსიტეტში (უმაღლესი განათლების სფეროში) მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება.

    მუხლი 3. კანონმდებლობა მაუწყებლობის სფეროში

1. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისათვის ან მეწარმე სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 4. რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა და რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები

კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიოსამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

 

თავი II. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება

    მუხლი 5. კომისია

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

3. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია:

ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით;

ე) სიხშირეების მინიჭება;

ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება;

მ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

ო) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

პ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

5. კომისიის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კომისიის წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალეობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ორჯერ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი.

5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

9. კომისია საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტში ქმნის საკუთარ ვებგვერდს და სისტემატურად განაახლებს მასზე განთავსებულ ინფორმაციას; კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე, კომისიის ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები − მათი კომისიისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

    მუხლი 8. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის.

5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით.

4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

7. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა შეირჩევა.

11. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. თანახელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

12. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

13. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს ირჩევს საქართველოს პარლამენტი  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

14. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურებს.

15. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით.

16. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.

17. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

18. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვისათვის.

19. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

20. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ არ გადააყენა თანამდებობიდან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

1. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 11. კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. კომისიის აპარატის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი. 

6. კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური. ყოველწლიური რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

31. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური არის მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის გადახდილი თანხა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს და გადახდის წესს ადგენს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში. 

4. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.

5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

6. რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესახებ კომისია იღებს ნორმატიულ აქტს.

     მუხლი 13. კომისიის ანგარიში

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შერჩეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორის მიერ. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;

დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

კ) აუდიტის დასკვნას;

ლ) ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ;

მ) მედიაწიგნიერების ხელშეწყობისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

     მუხლი 14. საჩივრები

1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

2. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა , აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

(ძალადაკარგულად იქნ ცნობილი მე-2 პუნქტის სიტყვები გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს „ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“) - საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1

21. მაუწყებლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

3. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

4. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

   მუხლი 141. კომისიის უფლებამოსილებები მედიაწიგნიერების სფეროში 

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

2. კომისია უფლებამოსილია საჯარო ინსტიტუტებთან, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შესაბამისი ბაზრების მონაწილეებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და სხვა ორგანიზაციებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან, უცხოურ და საერთაშორისო სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან დადოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის  შესასრულებლად.

3. მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირების და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის კვლევების ჩატარების, საზოგადოების სხვადასხვაასაკობრივი ჯგუფებისა და სხვა ჯგუფებისათვის (ბავშვები და მათი მშობლები, მასწავლებლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა) სპეციალური სასწავლო კურსების ჩატარების/პროგრამების განხორციელების, მიზნით კომისია უფლებამოსილია დააფუძნოს მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. კომისია უფლებამოსილია აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შექმნას მედიაწიგნიერების განვითარების ქსელი/პლატფორმა, ვებგვერდი.

4. კომისია საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ითვალისწინებს მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნებსა და ამოცანებს, ქცევის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას ხელმძღვანელობს მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიით და უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული ჯგუფის/პირის მონაწილეობას.

5. კომისია ხელს უწყობს მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას კანონით დაშვებული ყველა ფორმით, მათ შორის, სამაუწყებლო სასწავლო-საგანმანათლებლო  პროდუქციის შექმნის, სოციალური რეკლამის დამზადების დაკვეთისა და უსასყიდლოდ გავრცელების, კონფერენციებისა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზების გზით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს მედიაწიგნიერების ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.

7. კომისია აფასებს საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების დონეს, ახდენს გამოწვევების იდენტიფიცირებას, აანალიზებს კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს და აღნიშნულ ანალიზს აქვეყნებს კომისიის საქმიანობის ანგარიშში.

8. მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად კომისიას უფლება აქვს, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებებიც.

 

თავი III. საზოგადოებრივი მაუწყებლობა

    მუხლი 15. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი

პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

    მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის;

გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;

დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები;

ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი;

ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი;

ზ) საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება;

ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები;

კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი;

ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას;

მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები;

ნ) უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია;

ო) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ;

პ) საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირებისათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა.

    მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები

1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად კომისიის მიერ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გადასაცემად.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი სატელევიზიო არხების გავრცელებისთვის სრულად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან.

    მუხლი 18. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების, დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება.

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 30 დღის განმავლობაში სამეურვეო საბჭოში ან სასამართლოში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 19. ისტორიული ღირებულების პროგრამების არქივი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და შეინახოს ისტორიული ღირებულების მქონე თავისი პროგრამები.

    მუხლი 20. პროგრამული პრიორიტეტები

1. სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის  ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში  ინტეგრაციის,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მოვლენების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და  პრიორიტეტების, გათვალისწინებით.

2. სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.

     მუხლი 201. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებგვერდისა და სოციალური ქსელისათვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელერადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე (გარდა ტელერადიოპროდუქციის შესაქმნელად ან/და მაუწყებლობისათვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, აგრეთვე ამ მუხლით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა) არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

    მუხლი 21. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით.

    მუხლი 22. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოები არიან:

ა) სამეურვეო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

    მუხლი 23. მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;

დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;

ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.

2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან.

7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან.

2. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.

5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.

6. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

7. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

8. სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.

9. მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.

   მუხლი 25. (ამოღებულია)

    მუხლი 26. (ამოღებულია)

    მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;

დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;

ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

3. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

4. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

7. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3878).

    მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა

1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მეურვეთა არანაკლებ ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

3. მეურვეს სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.

4. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოუსმინოს  მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.

6. სამეურვეო საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

7. სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

3. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

5. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

    მუხლი 30. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მეურვის უფლება-მოვალეობები

1. სამეურვეო საბჭო:

ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, აგრეთვე ცვლილება შეაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;

გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებას და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;

ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;

ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

ზ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

თ) (ამოღებულია - 21.02.2018, №1966);

ი) მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის შესახებ.

2. მეურვე:

ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მეურვის მოვალეობა;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;

გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.

    მუხლი 301. სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭოსთან არსებული ორგანიზაციული სამსახური, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ადგენს სამეურვეო საბჭო.

    მუხლი 31. საზოგადოებრივი საბჭოები

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების წარმოდგენის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზოგადოების უშუალო მონაწილეობით შეიმუშაონ რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

2. საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობა, ფორმირებისა და საქმიანობის წესი და ფუნქციები განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

    მუხლი 32. გენერალური დირექტორი

1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

5. გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.

6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

7. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

    მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები

1. გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;

დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;

ე) მას სამეურვეო საბჭო გამოუცხადებს უნდობლობას – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;

ვ) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების სამეურვეო საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

ზ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს მეურვეთა არანაკლებ ორი მესამედი.

4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

5. თუ სამეურვეო საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა გენერალურ დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

    მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი ხარჯები.

11. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ 4 ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი ყოველთვიურად ირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა. საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება ერიცხება სრულად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული კვარტალური განწერის შესაბამისად.

6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.

7. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები, მიმართოს დამწყები საწარმოების (სტარტაპების) წახალისებისათვის, ტელე-, რადიო- და ონლაინპროდუქციის ინოვაციური განვითარებისათვის, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაფინანსების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 34. აუდიტი

1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

2. გენერალური დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე.

3. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვთ დაავალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

    მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს ანგარიში

1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის შესახებ.

2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;

ბ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;

გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;

დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;

ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;

თ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;

ი) საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

კ) საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს.

3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებში.

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.

 

თავი IIII. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

     მუხლი 351. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

    მუხლი 352. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ტელერადიომაუწყებლობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიომაუწყებლობას ახორციელებს 1 რადიოარხზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ტელემაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამოყენებით.

    მუხლი 353. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ორგანოები არიან:

ა) მრჩეველთა საბჭო;

ბ) დირექტორი.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

     მუხლი 354. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა და ანაზღაურება

1. მრჩეველთა საბჭო შედგება 5 წევრისგან – მრჩევლისგან.

2. მრჩევლის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. მრჩეველთა საბჭოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 3%-ს. აქედან მრჩევლების ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 2%-ს.

     მუხლი 355. მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევა და მრჩეველთა არჩევა

1. მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

2. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს.

3. მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

4. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატების სიას. კანდიდატი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რომლებიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

5. საკონკურსო კომისია მრჩევლობის კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. კანდიდატის წარდგენის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონკურსო კომისიის არანაკლებ 3-მა წევრმა.

6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს  ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.

7. მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში.

9. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურებს.

10. მრჩევლის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 

11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

12. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვერ დაკომპლექტდა 5 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.

     მუხლი 356. მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;

დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან  ვერ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;

ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  დადგენილებით, რომელიც მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.

5. პროცედურის ინიციატორმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი.

6. მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.

8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, თუ:

ა) არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;

ბ) არ შესრულდა ამ კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.

9. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წინადადებით მიმართავს უმაღლეს საბჭოს, დასვას მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხი ამ კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

10. მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

     მუხლი 357. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა

1. მრჩეველთა  საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

2. მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მრჩეველთა არანაკლებ ერთი მესამედის, დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

3. მრჩეველს მრჩეველთა საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.

4. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მრჩეველს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ მრჩეველთა საბჭოს სხდომას. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.

6. მრჩეველთა საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

7. მრჩეველთა საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    მუხლი 358. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მრჩეველთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს მრჩეველთა საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

3. მრჩეველთა საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

4. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

5. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს მრჩეველთა საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს (ან 2 წევრს, თუ საბჭო 3 წევრისგან შედგება) ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

     მუხლი 359. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და მრჩევლის უფლება-მოვალეობები

1. მრჩეველთა საბჭო:

ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტზე და, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს, კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;

ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;

ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

ი) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1  წელზე ნაკლებია);

კ) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს და მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უთანხმებს.

2. მრჩეველი:

ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა;

ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;

გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.

    მუხლი 3510. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი

1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს მრჩეველთა საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ  თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

2. დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მრჩეველთა საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

3. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

4. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,  საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

5. დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს.

6. მრჩეველთა საბჭო დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

7. დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებით და დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

     მუხლი 3511. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები

1. დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

ე) მას მრჩეველთა საბჭო გამოუცხადებს უნდობლობას – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;

ვ) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების მრჩეველთა საბჭოში  ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

ზ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

3. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

4. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

5. თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში. 

     მუხლი 3512. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს.

    მუხლი 3513. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში

1. მრჩეველთა საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ.

2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფენ ანგარიშის საჯარო განხილვას. 

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება აქვთ, გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.

 

თავი IV. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია

   მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები 

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.

2. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით.

3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.

     მუხლი 361 . ლიცენზირების ორგანიზება

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით:

ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;

ბ) აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას;

დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და იმ მაუწყებლობისა, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ავტორიზაცია.

საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6256 - ვებგვერდი, 06.06.2012წ.

    მუხლი 362 . ავტორიზაციის ორგანიზება

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;

გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას;

დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

     მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი;

ზ) პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

3. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.

    მუხლი 371 . შესაბამისობის დეკლარაცია

1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები

1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე.

2.მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.

3. მაუწყებლობის სახეობებია: სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა, საუნივერსიტეტო მაუწყებლობა.

4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

41. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.

5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი.

6. სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო.

7. მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება:

ა) მაუწყებლობის ენა/ენები;

ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს;

გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა;

ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა.

8. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს.

9. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

10. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

    მუხლი 381. მაუწყებლობის ენა/ენები

1. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში, მათ შორის, საუკეთესო დროს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზედაც უნდა განათავსოს.

3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

    მუხლი 39. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ვადა

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

    მუხლი 40. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა

1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.

2. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

3. ეროვნული რადიომაუწყებლობისა და ადგილობრივი რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზია ცალ-ცალკე გაიცემა.

     მუხლი 401. ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი

1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საერთო საეთერო ან/და თანამგზავრულ მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე ავტორიზებულ საერთო საეთერო მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობა საეთერო მაუწყებლობის განხორციელების შედეგად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხის მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განთავსება („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

11. თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოეშობა, თუ მაუწყებელი ასევე ავტორიზებულია თანამგზავრულ მაუწყებლობაზე და ღია თანამგზავრულ მაუწყებლობას ახორციელებს.

2. მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილის ასლი წარედგინება კომისიას.

3. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 

4. ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.

5. სავალდებულო ტრანზიტის პირობები პერიოდულად გადაისინჯება.

6. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.

8. ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე:

ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე;

ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს;

გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება;

დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;

ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან;

ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე;

ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან.

9. სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტი უცვლელი სახით განახორციელოს.

10. მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის საფუძველზე ხორციელდება, შეუძლია მოითხოვოს საავტორო უფლებების დაცვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

11. რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

12. მხარეებს შეუძლიათ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში და მოითხოვონ როგორც ვალდებულების შესრულება, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    მუხლი 41. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

გ) ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის მიღებასაც ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;

ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია;

დ) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ე) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;

ზ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

თ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების შესახებ;

ი) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;

კ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით.

3. ლიცენზიას გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი).

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია ლიცენზიის მიღების შემთხვევაში სალიცენზიო პირობებად განისაზღვრება.

    მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას/ავტორიზაციის მსურველის განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;

გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

    მუხლი 43. ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი

1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება:

ა) გასაცემი ლიცენზიის სახე, სახეობა და ქვესახეობა;

ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.

2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში სალიცენზიო განცხადებების მიღებას.

3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.

4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.

5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით.

8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

 81. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახესა და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლის სავარაუდო სამოქმედო ზონაში მოქმედ მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

111. თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

12. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.

    მუხლი 44. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

2. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 45. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.

3. აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია.

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის   კანონი  №3691  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.  

    მუხლი 451. მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი

1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები;

ე) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; 

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

თ) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ი) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;

ბ) შესაბამისობის დეკლარაცია;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

დ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

ვ) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;

ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირისათვის − ამ პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.

6. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

7. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

8. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

9. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

10. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

111. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

112. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

113. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება მაუწყებელს.

114. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

115. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება მაუწყებლის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

13. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან მისი ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.

14. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.

 

თავი V. სათემო მაუწყებლობა

    მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის მიზანი

1. სათემო მაუწყებლობა უნდა:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;

გ) უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას.

2. სათემო რადიომაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია.

    მუხლი 47. (ამოღებულია)

 

                თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები

    მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები

ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

    მუხლი 481 . ლიცენზიის გადაცემა

ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.

    მუხლი 49. არქივი

მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. დავის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები მის დასრულებამდე ინახება.

    მუხლი 50. ქცევის კოდექსი

კომისია ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ქცევის კოდექსს.

    მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა

მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 511. მაუწყებლის მიერ ფილმის ეთერში განთავსება

1. არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.

    მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა

1. მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.

2. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

3. შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი;

გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას ან საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულ მოწოდებას;

ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

    მუხლი 53. განრიგი და კლასიფიკაცია

1. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.

    მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობ

1.  მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

2. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

    მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები

1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

    მუხლი 551. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსონ თავიანთ ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყონ ამ გადაცემებში საქართველოს პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.

    მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები

1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

     მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა

მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.

    მუხლი 58. მთავარი მოვლენა

1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას.

2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს.

3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის გადაცემისა. ამ შემთხვევებში მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

    მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

    მუხლი 591. დარღვევაზე რეაგირება

1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები ს, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2. დაუშვებელია  ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების , აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.

 (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი  პირველი და მე-2 პუნქტების სიტყვები ამ კანონის 52-, 54-, 56- ...მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისიმ ნაწილში, რომელიც ეხება 56- მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებსადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1

 

თავი VII. მაუწყებლის საკუთრება

    მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა

1. პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია თავის ქსელში გაატაროს ერთი პირის ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში არსებული არაუმეტეს 5 ტელემაუწყებლისა.

     მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობა

1. მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია;

ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ;

გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

3. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.

4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

    მუხლი 62. მაუწყებლის საკუთრების ცვლილებები

1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.

2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად მაუწყებლის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

 

თავი VIII. რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა

    მუხლი 63. ზოგადი დებულებანი

1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

21. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა.

3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.

4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

6. რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები.

7. ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის.

8. აკრძალულია საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე ტელეშოპინგის განთავსება, ხოლო სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 64- მუხლით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში.

81. აკრძალულია საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელი მაუწყებლის მიერ ტელეშოპინგის განთავსება.

9. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088). 

10. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.

11. აკრძალულია შემდეგი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

ა) ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა, ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია.

12. ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.

13. ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.

14. საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით ან ტელეშოპინგით არ შეიძლება შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ.

15. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა) სერია, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 30 წუთში ერთხელ.

16. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 10%-ს.

17. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირება.

     მუხლი 64. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსების თავისებურებები   

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

11. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის, გასართობი გადაცემისა და სერიალის სპონსორობა.

2. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.

3. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, სამაუწყებლო პროგრამის სახით გადაცემულ ტელეშოპინგს (Teleshopping Window) ეთმობა უწყვეტად არანაკლებ 15 წუთისა. ტელეშოპინგი (Teleshopping Window) იდენტიფიცირებული და სხვა პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

4. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

5. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

6. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

7. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

8. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

9. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

10. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

11. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

12. (ამოღებულია - 19.02.2015, №3088).

    მუხლი 65. სოციალური რეკლამა

1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საარჩევნო უბნების მისამართები;

ბ) არჩევნების თარიღი;

გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

    მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში არაუმეტეს 60 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც ამ სუბიექტებს შორის თანაბრად განაწილდება. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

2. საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

3. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოს მის მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ჯამურ დროზე სულ ცოტა 3-ჯერ მეტი დრო, რომელშიც მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განათავსოს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

4. თუ პარტიებმა, რომლებიც საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

6. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი პირის ვალდებულებაა.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი.

     მუხლი 661. მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა

1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

21. თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

3. საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.

    მუხლი 67. სპონსორობის დაუშვებლობა

1. ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ისეთი საქონლის წარმოება ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.

3. სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

    მუხლი 68. სპონსორის მიერ დაფინანსებული პროგრამის იდენტიფიცირება

სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლო ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს.

     მუხლი 69. პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა

1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

2. აკრძალულია შემდეგი პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი პროგრამის ავტონომიური ნაწილების სახით გადაიცემა);

ბ) პროგრამები პოლიტიკურ საკითხებზე;

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

     მუხლი 691. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება 

1. აკრძალულია პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი განთავსდება:

ა) მხატვრულ ფილმში, ტელეფილმში, სერიალში, ფილმის (გარდა დოკუმენტური ფილმისა) სერიაში, სპორტულ პროგრამასა და გასართობ გადაცემაში (გარდა საბავშვო პროგრამისა);

ბ) ლატარიებში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის გარეშე, საქონლის/მომსახურების პრიზის სახით უფასოდ მიწოდებისას.

2. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ:

ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;

ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას;

გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

3. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.

4. აკრძალულია პროგრამაში იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების განთავსება, რომლებიც რეცეპტით გაიცემა.

5. დაუშვებელია პროგრამაში იმ პროდუქტის განთავსება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავი IX. ანგარიშვალდებულება და სანქციები

     მუხლი 70. ანგარიშვალდებულება

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

21. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების მიხედვით.

3. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

31. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.

41. კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ, მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს.

42. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.

5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

    მუხლი 71. სანქციები

1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

2. კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება.

4. გაფრთხილების, დაჯარიმების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების/ავტორიზაციის არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ზიანის ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.

     მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.

4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

6. მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 73. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე.

2. კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 74. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას;

ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში.

 

თავი X. რადიოსიხშირეებით სარგებლობა

    მუხლი 75. რადიოსიხშირეებით სარგებლობა

1. საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს სამაუწყებლო სიხშირეები (არხები) განესაზღვრება კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიით.

2. კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც. 

3. (ამოღებულია - 23.12.2017, №1928).

4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

 

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 76. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის დანიშნული კომისიის წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არიან დანიშნულნი. კომისიის დანარჩენი წევრები ინიშნებიან ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე.

2. კომისიამ 2009 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ქცევის კოდექსი.

3. (ამოღებულია).

4. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ კანონის ამოქმედებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა.

6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელებას.

7. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

8. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების თავდაპირველი შერჩევა მოხდეს ამ კანონის პროცედურების დაცვით. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში ცხადდება კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

9. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისად კომისიის წევრობის არანაკლებ 2 და სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 2 კანდიდატურას თითო ვაკანტურ თანამდებობაზე.

91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

10. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედის – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი.

11. კომისიამ 2006 წლის 1 ივლისამდე მიიღოს დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ.

12. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.

13. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში განახორციელოს იმ ლიცენზიების მოდიფიცირება, რომელთა სამოქმედო ზონა უფრო მცირეა, ვიდრე ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო ზონები.

14. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ლიცენზიის ისეთი მოდიფიცირების შესახებ, რომელიც იწვევს სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას, ძალაში შევიდეს ამ კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

15. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით, 65-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებისა და ხანგრძლივობის ვალდებულებები კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ. ამ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.

16. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონთან შესაბამისობა.

17. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება ან შესაბამისი იურიდიული პირების ლიკვიდაცია.

18. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ტელერადიომაუწყებლობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა) რეორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო შემდგომი 6 თვის განმავლობაში – საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის პრივატიზება.

19. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.

20. ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

21. (ამოღებულია).

22. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტითა და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-იანი შეზღუდვის ნაცვლად მოქმედებს მოსახლეობის არანაკლებ 70%-იანი შეზღუდვა.

23. (ამოღებულია).

24. თუ ამ კანონით დადგენილია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი.

25. (ამოღებულია – 22.05.2012, №6256).

26. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.

27. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მაუწყებლებმა უზრუნველყონ 2007 წლის 1 ივლისამდე.

28. კომისიამ ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული დადგენილება მიიღოს 2009 წლის 1 სექტემბრამდე.

29. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.

30. მაუწყებელს, რომლის საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა 2015 წლის 17 ივნისამდე ეწურება, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უგრძელდება ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე – 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის  საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად.

31. ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებულ სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში და მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში სპონსორზე მითითება მოკლე უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს სამაუწყებლო საათში 4 წუთს.

32. ამ კანონის 63-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ახალი ამბების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არაუმეტეს 15 წუთში ერთხელ.

33. კომისიამ 2016 წლის 15 იანვრამდე დაადგინოს სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები, აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის 2010/13/EU დირექტივის (აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების დირექტივა) შესაბამისად და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით.

    მუხლი 77. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებისა და 71-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელის განაკვეთისა და მისი გადახდის წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლისთანავე.

3. ამ კანონის 71-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

4. ამ კანონის 76- მუხლის 31- პუნქტი მოქმედებს 2016 წლის 15 იანვრამდე.

5. ამ კანონის 76-ე მუხლის 32-ე პუნქტი მოქმედებს 2017 წლის 15 იანვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№780–რს

75. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4448-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 74. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4418-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 73. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4025-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 72. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3743-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/11/2023 71. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3618-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 70. 19/10/2023 - საქართველოს კანონი - 3597-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/11/2023 69. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3461-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 21/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3449-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 67. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3448-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 66. 22/02/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1537 - ვებგვერდი, 27/02/2023 65. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2550-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 64. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2482-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1189-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 62. 16/11/2021 - საქართველოს კანონი - 1017-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2021 61. 07/09/2021 - საქართველოს კანონი - 930-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 09/09/2021 60. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 881-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 59. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6832-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 58. 01/07/2020 - საქართველოს კანონი - 6705-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 57. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6727-რს - ვებგვერდი, 03/07/2020 56. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6345-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5921-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 54. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5203-Iს - ვებგვერდი, 21/10/2019 53. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5021-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 52. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4547-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4089-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 50. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3878-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 49. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3457-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 48. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2627-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 47. 21/02/2018 - საქართველოს კანონი - 1966-IIს - ვებგვერდი, 05/03/2018 46. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1928-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 45. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1262-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 44. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 952-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 43. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 863-IIს - ვებგვერდი, 30/05/2017 42. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 139-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 41. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5020-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4776-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 39. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4360-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 38. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3691-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3373-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 36. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3088-IIს - ვებგვერდი, 12/03/2015 35. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2759-Iს - ვებგვერდი, 18/11/2014 34. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2094-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 33. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2092-IIს - ვებგვერდი, 12/03/2014 32. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1592-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 31. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1628-რს - ვებგვერდი, 22/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1362-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1254-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 28. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 833-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 26/12/2012 - საქართველოს კანონი - 156-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 26. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6256-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6159-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 24. 11/04/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/468 - ვებგვერდი, 25/04/2012 23. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4546-Iს - ვებგვერდი, 110505013, 05/05/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4525-Iს - ვებგვერდი, 110502023, 02/05/2011 21. 26/02/2010 - საქართველოს კანონი - 2672 - სსმ, 8, 10/03/2010 20. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2471 - სსმ, 50, 31/12/2009 19. 10/11/2009 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/421,422 - სსმ, 82, 17/11/2009 18. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1969 - სსმ, 35, 19/11/2009 17. 22/09/2009 - საქართველოს კანონი - 1661 - სსმ, 28, 29/09/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1555 - სსმ, 24, 13/08/2009 15. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1552 - სსმ, 24, 13/08/2009 14. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1130 - სსმ, 9, 13/04/2009 13. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 889 - სსმ, 40, 29/12/2008 12. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 791 - სსმ, 40, 29/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 437 - სსმ, 31, 12/11/2008 10. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 215 - სსმ, 17, 28/07/2008 9. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 66 - სსმ, 12, 14/07/2008 8. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 6011 - სსმ, 9, 04/04/2008 7. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4866 - სსმ, 21, 18/06/2007 6. 11/04/2007 - საქართველოს კანონი - 4611 - სსმ, 14, 18/04/2007 5. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4416 - სსმ, 7, 02/03/2007 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4319 - სსმ, 2, 04/01/2007 3. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2565 - სსმ, 4, 18/01/2006 2. 02/06/2005 - საქართველოს კანონი - 1516 - სსმ, 26, 06/06/2005 1. 20/05/2005 - საქართველოს კანონი - 1475 - სსმ, 23, 25/05/2005