On the Approval of the Statute of the State Council of Heraldry at the Parliament of Georgia

On the Approval of the Statute of the State Council of Heraldry at the Parliament of Georgia
Document number 7200-Iს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 29/09/2020
Document type Resolution of the Parliament of Georgia
Source and date of publishing Website, 30/09/2020
Registration code 010020000.09.001.016625
7200-Iს
29/09/2020
Website, 30/09/2020
010020000.09.001.016625
On the Approval of the Statute of the State Council of Heraldry at the Parliament of Georgia
Parliament of Georgia
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება (თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის №5778-Iს დადგენილება „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №35, 06.03.2008, მუხ. 374).

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

29 სექტემბერი 2020 წ.

N7200-Iს





საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის

სახელმწიფო საბჭოს დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო

1. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო (შემდგომ − ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) არის საქართველოს პარლამენტთან მოქმედი ორგანო, რომელიც არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.

3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საკუთარი ბეჭედი და ბლანკი.

თავი II

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები

 

მუხლი 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;

დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;

ვ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მუხლი 3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია:

ა) მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტებისგან მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო მომსახურება, კანონის შესაბამისად ხელისუფლების ორგანოებისგან, საჯარო დაწესებულებებისგან, თანამდებობის პირებისგან, ორგანიზაციებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს და მიიღოს აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია;

ბ) შექმნას და მართოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების რეესტრი, რომელშიც აღირიცხება აღნიშნული სიმბოლოები და მათი აღწერილობები, შესაბამისი ტექნიკური მონაცემები, დამზადებული ერთეულების რაოდენობა და სხვა სათანადო ინფორმაცია;

გ) ჰქონდეს და მართოს საკუთარი ვებგვერდი;

დ) უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების პოპულარიზაცია;

ე) გამართოს გამოფენები, სემინარები და კონფერენციები ჰერალდიკის საკითხებზე;

ვ) უზრუნველყოს საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიული, კულტურული ან/და სახელმწიფო მნიშვნელობის ჰერალდიკური ნიმუშებისა და სიმბოლოების, ღირებული მხატვრული შინაარსის მქონე ჰერალდიკური ნიშნების შეგროვება და გამართოს შესაბამისი გამოფენები;

ზ) გამოსცეს ლიტერატურა ჰერალდიკის საკითხებზე;

თ) შეიმუშაოს ჰერალდიკური ნიმუშების მხატვრული სახე.

 

თავი III

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა

 

მუხლი 4. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები არიან:

ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი.

 

მუხლი 5. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე

1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას და პასუხისმგებელია მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებსა და მემორანდუმებს;

გ) წარმოადგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს და მოქმედებს მისი სახელით ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო დაწესებულებებთან, თანამდებობის პირებთან, ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, ანიჭებს რწმუნებებს (გასცემს მინდობილობებს) სასამართლოებში წარმომადგენლობისთვის;

ე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო ნუსხას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობებს;

ზ) ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შინაგანაწესს;

თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა მიმართ იყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) განკარგავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ფინანსურ სახსრებსა და სხვა ქონებას, წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საფინანსო საქმიანობას, პასუხისმგებელია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისთვის;

კ) საქართველოს პარლამენტს ყოველი წლის 1 მაისამდე წარუდგენს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ;

ლ) ახორციელებს ღონისძიებებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისთვის;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 6. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

მუხლი 7. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი

1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამის სამსახურს და კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას;

ბ) ადგენს წლიურ და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს;

გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი თავისი და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისთვის პასუხისმგებელია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წინაშე.

 

მუხლი 8. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეები

1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოში დასაქმებული არიან საჯარო მოხელეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, მათი სამუშაო აღწერილობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო ნუსხას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მუხლი 9. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები

1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და ძირითადი ამოცანები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.

2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დიზაინისა და ანალიტიკის სამსახური;

ბ) ადმინისტრაციული სამსახური.

 

მუხლი 10. დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანები

დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება;

ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების დაგეგმვა და შემუშავება;

გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა;

დ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის დაგეგმვა და შემუშავება;

ე) საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალის მოძიება და მისი ანალიზი;

ვ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადების შემუშავება;

თ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

კ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება.

 

მუხლი 11. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება;

ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთათვის მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;

გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება;

დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა და დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა;

ვ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება;

ზ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპიუტერული ტექნიკით მომსახურებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა;

თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

კ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამივლინებო ხარჯებისა და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა;

ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური და წლიური ბალანსებისა და სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა;

ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;

ო) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ განხორციელებული, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომწოდებელ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ჟ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა.

 

თავი IV

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 12. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცება

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

 

მუხლი 13. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.