ON FINANCIAL COLLATERAL ARRANGEMENTS, NETTING AND DERIVATIVES

ON FINANCIAL COLLATERAL ARRANGEMENTS, NETTING AND DERIVATIVES
Document number 5672-რს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 20/12/2019
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 31/12/2019
Registration code 040000000.05.001.019766
Consolidated publications
5672-რს
20/12/2019
Website, 31/12/2019
040000000.05.001.019766
ON FINANCIAL COLLATERAL ARRANGEMENTS, NETTING AND DERIVATIVES
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (18/09/2020 - 29/11/2022)

 

საქართველოს კანონი

 

 

ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს დერივატივის დადების, ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების საკითხებს. ამ კანონის მიზანია საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარება, აგრეთვე ურთიერთგაქვითვის, ფინანსური გირავნობისა და დერივატივის დადებისათვის აუცილებელი, მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება. ეს კანონი არ ვრცელდება სეკიურიტიზაციის შემთხვევებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადახდისუუნარო მხარე − მხარე, რომლის მიმართ ამ კანონის შესაბამისად ამოქმედებულია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (შემდგომ − რეჟიმი);

ბ) დერივატივი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება;

გ) დეფოლტი − გარიგების მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რეჟიმის ამოქმედება ან გარიგების მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა;

დ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ფინანსური გირავნობის საგნის მეშვეობით;

ე) ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდად;

ვ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას);

ზ) კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება − ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება, ხელშეკრულება ან გარიგება (მათ შორის, ნებისმიერი წესი ან პირობა, რომელიც უკავშირდება ამ ფინანსურ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას ან მის რომელიმე ნაწილს), რომელიც ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას და რომლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი გადახდის ან მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულ დროს ან განსაზღვრულ პერიოდში უნდა შესრულდეს და შეიძლება რაიმე პირობაზე ან შემთხვევითობაზე იყოს დამოკიდებული. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ ხელშეკრულებებს:

ზ.ა) დერივატივი;

ზ.ბ) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, მარჟის სესხის, ფასიანი ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება, ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, აგრეთვე ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს, ასეთ სესხებთან დაკავშირებულ უფლებებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს;

ზ.გ) რეალური საქონლის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, რეალური საქონლის ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეალური საქონლის გამოსყიდვისა და უკუგამოსყიდვის  გარიგებები, რეალური საქონლის გასესხების გარიგება, რეალური საქონლის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, გარდა რეალურ საქონელთან დაკავშირებული სპოტისა (სპოტგარიგებისა);

ზ.დ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება;

ზ.ე) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული გარიგების კლირინგის ან ანგარიშსწორების შეთანხმება ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ფუნქციების შესრულების შესახებ შეთანხმება;

ზ.ვ) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებად;

თ) მრავალფილიალიან მხარესთან დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმება – ორ მხარეს შორის დადებული ნებისმიერი ურთიერთგაქვითვის შეთანხმება (გარიგება), რომელიც დადებულია კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების სულ მცირე ერთი მხარის მიერ ძირითადი ადგილსამყოფლისა და თავისი ერთი ან ერთზე მეტი ფილიალის საშუალებით, რომელიც/რომლებიც საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ იურისდიქციაში მდებარეობს;

ი) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის დაგირავება ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე;

კ) ნეტპოზიცია – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტპოზიცია;

ლ) ორგანიზებული ბაზარი − ბაზრის სეგმენტი, სადაც ვაჭრობა  დადგენილი წესებით ხორციელდება;

მ) ოფციონი − დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ბაზარზე, ისე არაორგანიზებულ ბაზარზე და რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მომავალში მიჰყიდოს მას საბაზისო აქტივი (გასხვისების ოფცია) ან იყიდოს მისგან საბაზისო აქტივი (შეძენის ოფცია) იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ. ოფციონი შეიძლება გულისხმობდეს ერთი მხარის ვალდებულებას, გადაუხადოს მეორე მხარეს გარკვეული თანხა (საზღაური) ოფციონის უფლების განხორციელების სანაცვლოდ (პრემიუმი);

ნ) რეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის გაყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად უკან გამოსყიდვის პირობით;

ო) რეჟიმის ამოქმედება − რეჟიმის საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესვლის მომენტი;

პ) დერივატივის საბაზისო აქტივი (შემდგომ − საბაზისო აქტივი) − ფინანსური ინსტრუმენტი, რეალური საქონელი, ეროვნული ვალუტა, უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო აქტივების ჩამონათვალი;

ჟ) დერივატივის საბაზისო მაჩვენებელი (შემდგომ − საბაზისო მაჩვენებელი) − საბაზისო აქტივის ფასი, საპროცენტო განაკვეთი, ინდექსი, ვალუტის გაცვლითი კურსი, დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ განსაზღვრული სტატისტიკური ინფორმაციის მაჩვენებელი, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური გარემოს ინდიკატორები, სხვა მოვლენა, ფაქტი, გარემოება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო მაჩვენებლების ჩამონათვალი;

რ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − შემდეგი ქმედება ან შემდეგ ქმედებათა ერთობლიობა:

რ.ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტა, ლიკვიდაცია ან/და დაჩქარება (აქსელერაცია);

რ.ბ) ამ მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული ვალდებულებების ან უფლებების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების (ფასის) შეფასება ან/და დაანგარიშება;

რ.გ) ამ მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეფასებული ან/და დაანგარიშებული ღირებულების (ფასის) ერთ ვალუტაში კონვერსია;

რ.დ) ამ მუხლის „რ.ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნეტვალდებულების გამოთვლა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვით ან სხვაგვარად, რომელსაც იხდის ასეთი ვალდებულების მქონე მხარე;

ს) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტვალდებულება;

ტ) საკრედიტო მოთხოვნა − ფულადი სახის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოიშობა ფინანსური ინსტიტუტის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემული კრედიტის/სესხის საფუძველზე;

უ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტმოთხოვნა;

ფ) საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე (მათ შორის, რეპო შეთანხმება), რომელიც ითვალისწინებს მოვალის (დამგირავებლის) შესაბამისი ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება) კრედიტორისთვის (მოგირავნისთვის) ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემას;

ქ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი;

ღ) რეჟიმი – პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის, დროებითი ადმინისტრაციის გამოყენების, რეზოლუციის ან ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების უფლების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის, ფულადი სახსრების გადარიცხვის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება ან მათზე შეზღუდვების დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის რეჟიმი მოიცავს:

ღ.ა) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ღ.ბ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ღ.გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას ან რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას;

ღ.დ) სხვა, ანალოგიური რეჟიმი, პროცედურა ან მოქმედება, რომელსაც მსგავსი, ანალოგიური მიზანი ან/და შედეგი აქვს;

ყ) სვოპი − დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ბაზარზე, ისე არაორგანიზებულ ბაზარზე და რომლის მიხედვით, ერთ-ერთი ან ორივე მხარე ვალდებულია მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, რომელთა ოდენობები განისაზღვრება განსხვავებული საბაზისო მაჩვენებლის ან განსხვავებული ტიპის/ღირებულების საბაზისო მაჩვენებლის საფუძველზე იმ პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების დროს განსაზღვრავენ. სვოპი (სვოპგარიგება) შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ საბაზისო აქტივის მიწოდებას ან გაცვლას, რომელთანაც დაკავშირებულია ის საბაზისო მაჩვენებელი, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება გადახდის ოდენობა;

შ) სპოტი − რეალური საქონლის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორების (გადახდის ან მიწოდების) სპოტთარიღზე განხორციელებას;

ჩ) უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული ფინანსური გირავნობის საგნის კრედიტორის (მოგირავნის) მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იმგვარად დაგირავებას, რომ კრედიტორზე (მოგირავნეზე) არ გადავიდეს ამ გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება;

ც) უკურეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის ყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის უკან მიყიდვის პირობით;

ძ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვა;

წ) ურთიერთგაქვითვის შეთანხმება:

წ.ა) ორ მხარეს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ანიჭებს ამ შეთანხმების (ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმება) ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ან/და სამომავლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებას;

წ.ბ) შეთანხმება, რომელიც აერთიანებს ორ ან ორზე მეტ ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმებას;

წ.გ) ამ მუხლის „წ.ა“ ან/და „წ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება;

ჭ) ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება − შეთანხმება, რომლის მიხედვით, ერთი მხარე (გამსესხებელი) ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლებას ფასის ან საზღაურის სანაცვლოდ მეორე მხარეს (მსესხებელს) გადასცემს, ხოლო მსესხებელი ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში გამსესხებელს აწვდის შესაბამის მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (ფინანსური გირავნობის საგანს), ამასთანავე, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს იგივე ფასიანი ქაღალდი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდი;

ხ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგანზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ან საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის წარმოშობას. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ჩარჩოხელშეკრულების ნაწილის, ისე ცალკე ხელშეკრულების სახით ან ზოგად წესებსა და პირობებზე მითითებით;

ჯ) ფინანსური გირავნობის საგანი − ფინანსური ინსტრუმენტი, საკრედიტო მოთხოვნა, ანგარიშზე არსებული ან მომავალში ჩასარიცხი ფულადი სახსრები (ფული);

ჰ) ფინანსური ინსტრუმენტი:

ჰ.ა) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში წილობრივ მონაწილეობას, ან მისი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი;

ჰ.ბ) მიმოქცევადი სასესხო ფასიანი ქაღალდი, ინსტრუმენტი, ვალდებულება;

ჰ.გ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება;

ჰ.დ) დერივატივი;

ჰ.ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი;

ჰ.ვ) ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონი;

ჰ.ზ) ამ მუხლის „ჰ.ა“−„ჰ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები;

1) ფიუჩერსი − ორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ;

2) ფორვარდი − არაორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ;

3) ფულადი ნაკადები − პირებს შორის დადებული შეთანხმების პირობების შესაბამისად წარმოქმნილი ფულადი სახსრების მოძრაობა;

4) ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი:

4.ა) ფულის შემთხვევაში − თანხის იმავე ოდენობითა და იმავე ვალუტით გადახდა;

4.ბ) ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში − იმავე ემიტენტის ან მოვალის (დებიტორის) მიერ გამოშვებული, იმავე ემისიის ან კლასის, ნომინალური ღირებულების (ოდენობის), ვალუტისა და აღწერილობის ფინანსური ინსტრუმენტი, აგრეთვე ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა, ეკვივალენტური აქტივის გადაცემა წინასწარ განსაზღვრული გარემოების დადგომისას, რომელიც ფინანსური გირავნობის ფარგლებში მიწოდებულ ფინანსურ ინსტრუმენტზე ახდენს გავლენას ან დაკავშირებულია მასთან;

5) ფინანსური გირავნობის ამოქმედება (გირავნობის ამოქმედება) − მხარის დეფოლტი ან მხარეთა მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომლის მიხედვით, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დებულებების ან კანონის შესაბამისად, მოგირავნეს უფლება აქვს, დაისაკუთროს ფინანსური გირავნობის საგანი ან განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საბოლოო ურთიერთგაქვითვა;

6) ფული − ანგარიშზე ნებისმიერ ვალუტაში დარიცხული ფულადი სახსრები ან ფულადი სახსრების გადახდასთან დაკავშირებული მსგავსი მოთხოვნა, როგორიცაა ფულადი ბაზრის დეპოზიტი;

7) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება − ვალდებულება, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა უზრუნველყოფილი და ფულადი ანგარიშსწორების ან/და ფინანსური ინსტრუმენტის მიწოდების უფლებას იძლევა. უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება შეიძლება შედგებოდეს შემდეგისგან ან მოიცავდეს შემდეგს:

7.ა) არსებული, მიმდინარე ვალდებულება ან სამომავლო, შესაძლო ან მოსალოდნელი ვალდებულება (მათ შორის, ისეთი ვალდებულება, რომელიც ჩარჩოხელშეკრულებიდან ან მსგავსი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს);

7.ბ) მოგირავნის მიმართ არსებული ვალდებულება, რომელიც დამგირავებლის ვალდებულება არ არის;

7.გ) დროდადრო წარმოქმნილი, განსაზღვრული კლასისა და ტიპის სხვა ვალდებულება;

8) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგანი − ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი, რომელიც შედგება ფინანსური ინსტრუმენტებისგან და რომელზედაც საკუთრების უფლება დასტურდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერით ან ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ან მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით;

9) შესაბამისი ანგარიში − ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ, რომელიც მოგირავნისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებშია მიწოდებული, − ის რეესტრი ან ანგარიში, რომელსაც შეიძლება მოგირავნე მართავდეს და რომელზედაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, რის შემდეგაც ფინანსური გირავნობის საგანი მოგირავნისთვის მიწოდებულად მიიჩნევა;

10) ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება − უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის შემთხვევაში − მოგირავნის უფლება, გამოიყენოს ან გაასხვისოს ფინანსური გირავნობის საგანი, როგორც მისმა მესაკუთრემ, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;

11) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები − იმ კლასის ინსტრუმენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება ფულად ბაზარზე, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა;

12) რეალური საქონელი − გვაროვნული მოძრავი ნივთი, რომლის მიწოდება შესაძლებელია ყიდვითა და გაყიდვით, ბითუმად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და რომელსაც აქვს შესაბამისი სასაქონლო თვისებები;

13) სპოტთარიღი − სპოტის ანგარიშსწორების დღე, არაუგვიანეს გარიგების დადებიდან 3 საბანკო სამუშაო დღისა;

14) ფინანსური ინსტიტუტი − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი;

15) ცენტრალური კონტრაჰენტი − იურიდიული პირი, რომელიც ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ბაზარზე დადებული ხელშეკრულების მხარეთა მიმართ  მოქმედებს, როგორც მყიდველი ყველა გამყიდველის მიმართ და როგორც გამყიდველი ყველა მყიდველის მიმართ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

თავი II

დერივატივი და ურთიერთგაქვითვა

მუხლი 3. დერივატივი

1. დერივატივი არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო აქტივზე ან საბაზისო მაჩვენებელზე და რომელიც ითვალისწინებს ანგარიშსწორებას რეალური მიწოდების განხორციელებით ან ფულადი ანგარიშსწორებით, მათ შორის, ურთიერთგაქვითვით ან საბოლოო ურთიერთგაქვითვით, და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, იყიდოს, გაყიდოს ან მიიღოს სხვა დერივატივთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება/უფლებები;

ბ) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, მომავალში იყიდოს, გაყიდოს ან გადასცეს საბაზისო აქტივზე საკუთრების უფლება გარიგების მეორე მხარეს, რომელიც ვალდებულია მიიღოს საბაზისო აქტივი და მისი მიღების სანაცვლოდ გადაიხადოს შესაბამისი ფასი;

გ) გარიგების ერთ-ერთ ან ორივე მხარეს ავალდებულებს, მომავალში მეორე მხარისთვის განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები, მათ შორის, ამ მხარის მიერ გადახდის განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში.

2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მხარე, რომელიც ვალდებულია დერივატივის ფარგლებში რეალური მიწოდება განახორციელოს, ვალდებული არ არის, გარიგების დადების მომენტში ფლობდეს საბაზისო აქტივს.

3. გარიგება დერივატივად არ მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ნასყიდობის ხელშეკრულება (მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულება), რომელიც არ აკონკრეტებს, რომ ის არის დერივატივი, არ კვალიფიცირდება, როგორც დერივატივი, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა.ა) გარიგების პირობების შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საბაზისო აქტივის მიწოდებით (მიღებით) და გარიგება არ ითვალისწინებს  ვალდებულების შესრულებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორებით ვალდებულების შესრულების მომენტში საბაზისო აქტივის ფასის შესაბამისად;

ა.ბ) გარიგების პირობები არ იძლევა შესაძლებლობას, გარიგება შეწყდეს მსგავსი გარიგების დადებით, რომლის საბაზისო აქტივის რაოდენობა და მიწოდების პირობები ეკვივალენტურია (თუმცა ასეთი გარიგების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს პირველი გარიგების ფასისგან) და რომლის მხარე, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც გამყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც მყიდველი, ხოლო პირი, რომელიც პირველ გარიგებაში მონაწილეობდა, როგორც მყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს, როგორც გამყიდველი;

ბ) ის არის საგადახდო ინსტრუმენტი, სპოტი, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რეპო შეთანხმება, სასესხო გარიგება, ლიზინგის ხელშეკრულება, საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, ფაქტორინგი ან მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება;

გ) მხარის მიერ გარიგების პირობის დარღვევის გამო წარმოშობილია თანხის გადახდის ვალდებულება (პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება), რომლის ოდენობა საბაზისო მაჩვენებლის შესაბამისად იცვლება, მაგრამ ასეთი გარიგება (რომლის პირობა დარღვეულია) არ აკმაყოფილებს „დერივატივის“ განმარტებას.

4. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.  

5. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ გარიგების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი. აღნიშნულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მეორე მხარეს განუცხადოს და აუხსნას კონკრეტულ დერივატივთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს რისკებისა და საფრთხეების გამჟღავნების და ასეთი გარიგების დადების წესი.

6. დერივატივი შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), ისე ზეპირი ფორმით. მხარეთა მიერ გარიგების ზეპირი ფორმით დადების შემთხვევაში ეს გარიგება უნდა ითვალისწინებდეს გარიგების დადების დასტურის გაცვლას, რომელიც გარიგების შინაარსის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. გარიგების დადების დასტური უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან აუდიოჩანაწერის ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიოჩანაწერის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.

7. დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა საეჭვო ვერ გახდება მხოლოდ იმის გამო, რომ ის დადებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა რეგულირდება აღნიშნული უცხო ქვეყნის სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.

8. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ არის სანაძლეო, თამაშობა ან ლატარია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად ან გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ საქართველოს კანონმდებლობის ისეთი ნორმის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სანაძლეოსთან, თამაშობასთან ან ლატარიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

მუხლი 4. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებადობა

1. ურთიერთგაქვითვის შეთანხმება აღსრულებადია მისი პირობების შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართ, გარკვეულ შემთხვევაში − გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს. დაუშვებელია აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეჩერება, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება ან სხვაგვარად შეზღუდვა ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან დაკავშირებული კანონის ნებისმიერი დებულებით, რომელიც ამოქმედებულია გადახდისუუნარო მხარის მიმართ, ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით, რომელიც გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

2. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მხარის მიწოდების ან გადახდის ერთადერთი ვალდებულება (მისი არსებობის შემთხვევაში) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების შესაბამისად გამოთვლილი ნეტვალდებულების ტოლია.

3. მხარის მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მეორე მხარის მიწოდების ან გადახდის მიღების მოთხოვნის ყველა უფლება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე დაანგარიშებული ნეტმოთხოვნის ტოლია.

4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის უფლებამოსილება, შეწყვიტოს ან საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტას, ლიკვიდაციას ან/და დაჩქარებას. თუ ეს უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, იგი გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ ნეტთანხის მიმართ, რომელიც შესაბამისი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებების შესაბამისად დაანგარიშდება.

5. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების იმ დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავს ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების დაანგარიშებით ნეტბალანსს, არ გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ზღუდავს გადახდისუუნარო მხარესა და მეორე მხარეს შორის  არსებული ვალდებულებების, გადასახდელი თანხის ან შეწყვეტის ღირებულების ურთიერთგაქვითვას ან მოთხოვნათა გაქვითვას.

6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს, გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს, დროებით ადმინისტრატორს, სპეციალურ მმართველს ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელ სხვა პირს უფლება არა აქვს, შეწყვიტოს ან სადავო გახადოს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი ქმედება:

ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან ნებისმიერი სხვა უფლების გადაცემა, მისი შეცვლა ან ჩანაცვლება;

ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით და რომელიც მიიჩნევა სხვა კრედიტორისთვის ზიანის მომტან ან უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა აღნიშნული გადარიცხვა (გადაცემა) ან აიღო ვალდებულება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო მხარის კრედიტორია ან მისი კრედიტორი გახდა ამ გადარიცხვის (გადაცემის) ან მიწოდების ან გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს ან ამის შემდეგ.

7. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 372 მუხლის მე-2 პუნქტითა და 37​11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი სხვა პირის მიერ გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ შეზღუდავს ან ვერ დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებული და აღსრულებადი ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად.

8. თუ მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, არცერთი მხარე არ არის ვალდებული, ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში  ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისას, საკუთრებაში მიღებისას ან ლიკვიდაციისას, აგრეთვე ნეტინგის შემთხვევაში გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტისას, ლიკვიდაციისას ან/და დაჩქარებისას მეორე მხარეს ან ნებისმიერ სხვა პირს გაუგზავნოს წინასწარი შეტყობინება ან მიიღოს მისგან თანხმობა ან მისცეს მას დამატებითი ვადა. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, რეალიზაციის, საკუთრებაში მიღებისა და ლიკვიდაციის პროცესები კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს.

9. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას, რომელიც არ არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ურთიერთგაქვითვის შეთანხმება მიიჩნევა ნამდვილად და მოქმედად მხოლოდ ისეთი გარიგების მიმართ, რომელიც არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მიზნებისთვის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ასეთად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ გარიგებას, რომელიც არ არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება. ამასთანავე, ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი დაშვება გამოიყენება მხოლოდ ისეთი შეთანხმების, ხელშეკრულების ან გარიგების მიმართ, რომელიც არის  ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება ამ კანონის შესაბამისად.

11. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება და მის ფარგლებში დადებული ყველა კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არის ერთიანი შეთანხმება.

12. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „ურთიერთგაქვითვის შეთანხმება“ მოიცავს აგრეთვე მრავალფილიალიან მხარესთან დადებულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას.

13. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.

14. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ შეთანხმების მეორე მხარე არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირი.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

მუხლი 5. დერივატივისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების საბოლოობა

1. დერივატივსა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებით ფულადი სახსრების ან ფინანსური ინსტრუმენტების გადარიცხვის/გადაცემის დავალებები გამოუთხოვადია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალებების გამოუთხოვადობა და ანგარიშსწორების საბოლოობა რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ის სამართლებრივი აქტები, რეგულაციები და გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე რეჟიმის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები/განხორციელებული გადახდები შესაძლებელია ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდეს, არ გავრცელდება ურთიერთგაქვითვის/საბოლოო ურთიერთგაქვითვის შედეგად დადებულ გარიგებებზე/განხორციელებულ გადახდებზე.  

მუხლი 6. ანგარიშგება

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დერივატივის მხარეებს მოსთხოვოს და მათგან მიიღოს დადებული გარიგებების შესახებ ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსთხოვოს ისეთ პირსაც, რომელიც საფინანსო სექტორის წარმომადგენელი არ არის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

 

თავი III. ფინანსური გირავნობა

 

მუხლი 7. ფინანსური გირავნობის მხარეები, ფინანსური გირავნობის საგანი და სფერო

1. დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება.

2. დამგირავებელი ან მოგირავნე შეიძლება იყოს აგრეთვე პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მეორე მხარე არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი.

3. ამ თავის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.

4. ფინანსური გირავნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების, მათ შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო ან პირობითი ვალდებულების, უზრუნველყოფისათვის, რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს ან მესამე პირს მოგირავნის მიმართ.

5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაგირავებული გირავნობის საგანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. დაუშვებელია ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

7. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ნამდვილია და მისი აღსრულებადობა რეგულირდება მხარეთა მიერ არჩეული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ კანონის ან ნებისმიერი სხვა კანონის მოთხოვნა საეჭვოს ვერ გახდის აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობას ან/და აღსრულებადობას.

8. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება არ უნდა გახდეს ფინანსური გირავნობის ამოქმედების საფუძველი, თუ კომერციული ბანკი ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით ან იმ ხელშეკრულებით, რომლის ნაწილიცაა  ფინანსური გირავნობა.

9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეზოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააწესოს შეზღუდვები ვალდებულების შეწყვეტის უფლებაზე.

მუხლი 8. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა

1. ეს კანონი ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს.

2. მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური გირავნობის საგანს:

ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით;

ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი − მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით;

გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით;

დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა − მოგირავნისთვის წერილობითი ან სხვა, თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის მოსაწესრიგებლად.

4. ეს კანონი ვრცელდება საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაზე, თუ იგი დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და დამგირავებელი ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლებას მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადასცემს. საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა წარმოიშობა მას შემდეგ, რაც მოგირავნეს ან მისი სახელით მოქმედ პირს გადაეცემა ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება და შეეძლება განკარგოს ფინანსური გირავნობის საგანი (მათ შორის, გაასხვისოს ან დააგირაოს ის), როგორც მესაკუთრემ.

5. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მოგირავნე ფინანსური გირავნობის საგანს დამგირავებელს უბრუნებს ან მოქმედებს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად.

6. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აღსრულებადობისათვის და მტკიცებულების სახით დასაშვებადობისათვის არ არის აუცილებელი მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მის მიმართ ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებების განხორციელება და ქართულ ენაზე თარგმნა.

7. დამგირავებელს უფლება არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი გამოიყენოს სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გარდა ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან შედარებით უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის შესაბამისად.

მუხლი 9. ფინანსური გირავნობის აღსრულება

1. ფინანსური გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოგირავნე უფლებამოსილია განახორციელოს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია შემდეგნაირად:

ა) ფინანსური ინსტრუმენტებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის;

ბ) ფულადი სახსრებისა − უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის;

გ) საკრედიტო მოთხოვნებისა − მათი გაყიდვით ან საკუთრებაში მიღებით, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დაფარვისთვის ან ურთიერთგაქვითვისთვის.

2. საკუთრებაში მიღება დასაშვებია, თუ დაკმაყოფილებულია ორივე შემდეგი პირობა:

ა) მხარეები შეთანხმდნენ საკუთრებაში მიღებაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში;

ბ) მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკრედიტო მოთხოვნების ფასის განსაზღვრაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის აუცილებელი არ არის:

ა) რეალიზაციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნა;

ბ) რეალიზაციის პირობების სასამართლოს, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების მმართველის/რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის, დროებითი ადმინისტრატორის, სპეციალური მმართველის ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების ფუნქციების მსგავსი ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ დამტკიცება;

გ) რეალიზაციის საჯარო აუქციონის ან ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული ფორმით განხორციელება;

დ) უზრუნველყოფილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლა.

4. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება აღსრულდება მისი პირობების შესაბამისად, მიუხედავად მოგირავნის ან დამგირავებლის მიმართ რეჟიმის დაწყებისა ან გაგრძელებისა.

5. ეს მუხლი არ ახდენს გავლენას შესაბამის გამოსაყენებელ სამართლის ნორმებზე, რომლებიც მხარეს ავალდებულებს, ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მისი ფასის განსაზღვრა და უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების გამოანგარიშება კომერციულად გონივრული გზით განახორციელოს.

6. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდეგ დარჩენილი ფინანსური გირავნობის საგნის ან ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხიდან დარჩენილი ნამეტი თანხა (მისი არსებობის შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.

7. თუ ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის, ნარჩენი ვალდებულების ნაწილში მოგირავნე სარგებლობს არაუზრუნველყოფილი კრედიტორისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7174  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

მუხლი 10. ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება

1. უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოყენების უფლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას უნდა დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) მოგირავნე ვალდებულია ჩაანაცვლოს პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნით არაუგვიანეს უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების დღისა;

ბ) მოგირავნეს შეუძლია უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეს განახორციელოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის გადაცემა ან, თუ ამას უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს, გაქვითოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულება უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების მიმართ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი მიიჩნევა იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულად, რომლის საფუძველზედაც იქნა პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი მიწოდებული, და ის განიხილება, როგორც პირველადი ფინანსური გირავნობის საგანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. ამ მუხლის შესაბამისად მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენება არ იწვევს მოგირავნის უფლების გაუქმებას ან სხვაგვარად შეწყვეტას ან ხელს არ უშლის მის აღსრულებას იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საგნის მიმართ, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად იქნა გადაცემული.

5. თუ გირავნობა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ამოქმედდა, აღნიშნული ვალდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბოლოო ურთიერთგაქვითვა.

6. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ ფინანსური გირავნობის საგანი საკრედიტო მოთხოვნებია.

7. ფინანსური გირავნობის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ღირებულების ცვლილების შემთხვევაში ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

8. დამგირავებელმა ფინანსური გირავნობის საგანი შეიძლება ჩაანაცვლოს იმავე ღირებულების სხვა საგნით, პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

9. დამგირავებლის უფლება, გაზარდოს, შეამციროს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირავნობის საგანი, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური გირავნობის საგანს ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

10. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ ან ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე ვალდებულია საკრედიტო მოთხოვნების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს დაგირავებული საკრედიტო მოთხოვნები, ფულადი სახსრების გირავნობის შემთხვევაში − იმავე ოდენობის ფულადი სახსრები იმავე ვალუტით, ხოლო ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში − ეკვივალენტური ფინანსური ინსტრუმენტები.

11. ფინანსური გირავნობის საგნის ამ მუხლის შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება არ იწვევს ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას.

მუხლი 11. გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გამოყენების აკრძალვა

1. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება, აგრეთვე მის ფარგლებში მიწოდებული ფინანსური გირავნობის საგანი არ შეიძლება უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა ერთ-ერთ შემდეგ პერიოდში:

ა) რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს;

ბ) რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც რეჟიმის ამოქმედებისას იქნა გათვალისწინებული.

2. თუ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო, უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა იმ დღეს, როდესაც რეჟიმი უკვე ამოქმედებული იყო, რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ის მხოლოდ მაშინ იქნება აღსრულებადი და სავალდებულო მესამე პირებისთვის, თუ მოგირავნე დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

3. როდესაც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგნის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ცვლილების შემთხვევაში ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებას ან დამატებითი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების ვალდებულებას, ან ჩანაცვლების ან გაცვლის გზით ფინანსური გირავნობის საგნის გამოთხოვას არსებითად იმავე ღირებულების ახალი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდებით, ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების, გაზრდის, ჩანაცვლების ან შეცვლის უფლება ან ვალდებულება არ შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ ან ორივე შემდეგ პირობას:

ა) აღნიშნული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა რეჟიმის ამოქმედების დღეს, მაგრამ იმ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, ან რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც რეჟიმი ითვალისწინებს, ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე მითითებით, რომელიც ასეთი პროცესებითა და ღონისძიებებით, ზომებით არის გათვალისწინებული;  

ბ) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიშვა ფინანსური გირავნობის საგნის ან დამატებითი გირავნობის საგნის მიწოდებამდე, აგრეთვე მის ჩანაცვლებამდე ან შეცვლამდე.

მუხლი 12. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის ნორმების გამოყენება

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ უნდა მოწესრიგდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც შესაბამისი ანგარიშია გახსნილი. ქვეყნის კანონმდებლობაზე მითითება გულისხმობს მხოლოდ ამ ქვეყნის კანონმდებლობას და უგულებელყოფს ნებისმიერ ნორმას, რომელიც შესაბამისი საკითხის გადაწყვეტისას სხვა ქვეყნის კანონმდებლობის გამოყენებაზე მიუთითებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებია:

ა) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის სამართლებრივი ბუნება და სანივთო სამართლებრივი შედეგები;

ბ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც საჭიროა ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებისთვის/ძალაში შესვლისთვის და ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების/აღრიცხვის მსგავსი გარიგების მიერ მესამე პირებისთვის სავალდებულო ძალის შესაძენად;

გ) შემთხვევა, როდესაც ჩანაწერის სახით არსებულ ფინანსური გირავნობის საგანზე პირის უფლება სხვა პირის უპირატესი უფლებით გადაიფარა ან ამ უფლებას დაექვემდებარა ან ასეთი უფლება კეთილსინდისიერმა შემძენმა შეიძინა;

დ) რეჟიმის ამოქმედების შემდეგ განსახორციელებელ იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციისთვის.

მუხლი 13. გარდამავალი დებულება

მოგირავნე კომერციული ბანკის სასარგებლოდ დამგირავებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დაგირავებული, ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნად გამოყენებული საკრედიტო მოთხოვნების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშობა 2021 წლის 1 იანვრიდან.

მუხლი 14. კანონის ამოქმედება 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 დეკემბერი 2019 წ.

N5672-რს