LAW OF GEORGIA ON SYMBOLS OF STATE SIGNIFICANCE

LAW OF GEORGIA ON SYMBOLS OF STATE SIGNIFICANCE
Document number 4313-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 22/02/2019
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 13/03/2019
Registration code 010020000.05.001.019433
Consolidated publications
4313-IIს
22/02/2019
Website, 13/03/2019
010020000.05.001.019433
LAW OF GEORGIA ON SYMBOLS OF STATE SIGNIFICANCE
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (13/03/2019 - 17/12/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში გამოყენებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებზე. მათი გამოყენების წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დგინდება საქართველოს ორგანული კანონით.

3. ამ კანონის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე.

მუხლი 2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო − საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი;

ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო:

ბ.ა) საჯარო დაწესებულების (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) ემბლემა;

ბ.ბ) საჯარო დაწესებულების დროშა, დროშების ერთობლიობა;

ბ.გ) საჯარო დაწესებულების დროშებისა და სიმბოლოების ერთობლიობა;

ბ.დ) ინსიგნია;

ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო;

ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; სამხედრო ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი;

ბ.ზ) მუნიციპალიტეტის გერბი, მუნიციპალიტეტის დროშა;

ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი;

ბ.ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ.კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო;

ბ.ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო;

გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება:

გ.ა) სამხედრო აღლუმი;

გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება;

გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, საერთაშორისო, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს;

დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით;

ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი;

ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება;

ზ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო − ორდენი, მედალი, რომლებიც განისაზღვრება კანონით;

თ) უწყებრივი ჯილდო − მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი, რომლებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით;

ი) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება.

 

თავი II

 სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცება, აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა

მუხლი 3

1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით  საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან (შემდგომ − ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) წინასწარი კონსულტაციების და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე.

2. საქართველოს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე. საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნის გაფორმებასა და დიზაინს შეიმუშავებს და საკუთარი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 

4. საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან.

მუხლი 4

1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს:

ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებასაც;

ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის მიმართვის საფუძველს;

გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს;

დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას.

3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დამატებითი მონაცემები.

4. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად.

5. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ ამ ვადაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო.

6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება.

მუხლი 5

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“ თანხმდება ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან.

მუხლი 6

დაუშვებელია საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს სხვა საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოდ ან მის საფუძვლად გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საჯარო დაწესებულება სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ან მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებაა.

მუხლი 7

1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტს უგზავნის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ამ ნორმატიულ აქტს 3 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

  2. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 8

1. დაუშვებელია დადგენილი წესით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული და საჯარო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, აგრეთვე დაზიანებული, სახეცვლილი (შესაბამისი ნიმუშისგან განსხვავებული) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა, გამოფენა.

2. დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო ჩამოიხსნება და აღარ აღიმართება, აღარ გამოიფინება, აღარ გამოისახება.

3. საჯარო დაწესებულების დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

 

თავი III 

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 9

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსი, 2022 წლის 1 იანვრამდე ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილების საჭიროების შემთხვევაში იგი ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 10

დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“.

მუხლი 11 

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4313-IIს