COUNCIL DIRECTIVE 78/52/EEC of 13 December 1977 establishing the Community criteria for national plans for the accelerated eradication of brucellosis, tuberculosis and enzootic leukosis in cattle

საბჭოს 1977 წლის 13 დეკემბრის დირექტივა 78/52/EEC

რომელიც გაერთიანებისათვის აწესებს საქონელში ბრუცელოზის, ტუბერკულოზის და ენზოოტური ლეიკოზის დაჩქარებული წესით აღმოფხვრის ეროვნული გეგმების კრიტერიუმებს

ევროპის გაერთიანების საბჭომ,

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დაარსების შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით,

საბჭოს 1977 წლის 17 მაისის დირექტივის 77/391/EEC, რომელიც გაერთიანებისთვის ადგენს ბრუცელოზის, ტუბერკულოზის და ლეიკოზის აღმოფხვრის ზომებს1, კერძოდ კი მისი მე-13 მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადების საფუძველზე,

ვინაიდან დირექტივით 77/391/EEC გაერთიანების ინტერვენციის პრინციპების განსაზღვრისას ბრუცელოზის, ტუბერკულოზისა და ლეიკოზის აღმოფხვრისათვის, საბჭომ მიიღო შემდეგომი გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს ის მინიმალური კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების აღმოფხვრის ეროვნული გეგმები, იმისათვის რომ გაერთიანებისაგან მიიღონ ფინანსური კონტრიბუცია;

ვინაიდან ამ კრიტერიუმებიდან პირველი ეხება ეროვნული გეგმების დაჩქარებას, იმისათვის რომ მოხდეს დაავადებების აღმოფხვრა რაც შეიძლება სწრაფად იმ წევრ სახელმწიფოებში სადაც ცხოველებში არსებობს ეს დაავადებები; ეს ზომები უნდა იქნეს მიღებული ან გაძლიერდეს, შეძლებისდაგვარად ერთდროულად, განსაკუთრებით კი საქონლის შემოწმებებთან, ლაბორატორიების ფუნქციონირებასთან და აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში დაკლული საქონლისთვის კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით;

ვინაიდან განსაკუთრებით მნიშვნელოანია ნახსენები დაავადების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდეს დაკვლის, იზოლაციის, დასუფთავებისა და დეზინფექციის კონკრეტული პირობები, აგრეთვე განისაზღვროს გამოყენებისთვის ვარგისი კონკრეტული ცხოველური პროდუქტები;

ვინაიდან ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მსხვილფეხა საქონლის გადაადგილების მკაცრ კონტროლს, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიხედვით სხვადასხვა სტატუსის მქონე ჯოგებს შორის, ვინაიდან საჭიროა ასეთი გადაადგილებები გარკვეული ტესტების საფუძველზე იყოს ნებადართული;

ვინაიდან უნდა დადგინდეს დირექტივის 77/391/EEC ძალაში შესვლის თარიღი,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

მუხლი 1

დირექტივით 77/391/EEC განსაზღვრული დაფინანსების მისაღებად, ამავე დირექტივის მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებში მოხსენიებული აღმოფხვრის გეგმები უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე წინამდებარე დირექტივით დადგენილ კრიტერიუმებს, იმ ცხოველების ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი ეხებიან.

მუხლი 2

წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

1. მსხვილფეხა საქონელში ბრუცელოზის შემთხვევის დადგენისას:

(a) ტიპი B1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია ან ვაქცინაციისა და სეროლოგიური სტატუსი უცნობია;

(b) ტიპი B2 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ვაქცინაციისა და სეროლოგიური სტატუსი ცნობილია და რომელშიც ტარდება რეგულარული ტესტები ეროვნული წესების შესაბამისად, რათა აღნიშნული ჯგუფი გადავიდეს შემდეგ საფეხურზე B3 ან B4 სტატუსით;

(c) ტიპი B3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომელიც არ არის დაავადებული ბრუცელოზით საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივის 64/432/EEC შესაბამისად, რომელიც ეხება ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების შიგნით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ღორით ვაჭრობაზე2; და რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა დირექტივა 77/98/EEC-ის შესაბამისად3;

(d) ტიპი B4 მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი: ჯოგი, რომელსაც ოფიციალურად არ დაუდასტურდა ბრუცელოზი დირექტივით 64/432/EEC განსაზღვრული განმარტების შესაბამისად.

2. მსხვილფეხა საქონელში ტუბერკულოზის შემთხვევის დადგენისას:

(a) ტიპი T1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ტუბერკულინის ტესტის შედეგი უცნობია;

(b) ტიპი T1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი: ჯოგი, რომლის წინა კლინიკური ისტორია და ტუბერკულინის ტესტის შედეგი ცნობილია და რომელშიც ტარდება რეგულარული ტესტები ეროვნული წესების შესაბამისად, რათა აღნიშნული ჯგუფი გადავიდეს შემდეგ საფეხურზე T3 სტატუსით;

(c) ტიპი T3 მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგი: ჯოგი, რომელსაც ოფიციალურად არ დაუდასტურდა ტუბერკულოზი დირექტივით 64/432/EEC განსაზღვრული განმარტების შესაბამისად.

3. საეჭვო ცხოველი: ნებისმიერი მსხვილფეხა რქოსანი ცხოველი, რომელიც ავლენს ტუბერკულოზის, ბრუცელოზის ან ენზოოტური ლეიკოზის შესაძლო ნიშნებს, და რომლისათვის ოფიციალურად არც დიაგნოზის დასმა და არც ჩამოთვლილიდან ერთი ან მეტი დაავადების გამორიცხვა არ მომხდარა;

4. სახელმწიფო ვეტერინარი: ვეტერინარი ექიმი, რომელიც დანიშნულია წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური, ცენტრალური ორგანოს მიერ;

5. ტრანსპორტირების საშუალება: ავტომობილის, თვითმფრინავის ან მატარებლის ის ნაწილები, რომლებიც ტვირთისთვის არის განკუთვნილი, გემის სატვირთო სათავსოები და საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კონტეინერები.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 3

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ რომ, ნებისმიერ შემთხვევაში დაჩქარებული წესი, რომელიც მითითებულია დირექტივაში 77/391/EEC გულისხმობდეს იმ დროის მნიშვნელოვნად შემცირებას, რომელიც სავალდებულოა აღმოფხვრის გეგმების წარმატებით დასრულებისათვის, იმ ვადებთან შედარებით, რომლებშიც ამჟამინდელი პროგრამები მიმდინარეობენ.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა განხორციელდეს შემდეგი ზომები:

1. აღმოფხვრასა და პრევენციულ ზომებს დაქვემდებარებული საქონლის პროპორციულობა ეროვნული მასშტაბით ისე უნდა გაიზარდოს, რომ დაუყონებლივ შესაძლებელი გახდეს ამ საქონლის მთლიანად ან მისი უდიდესი ნაწილის კონტროლი.

2. სახელმწიფო ვეტერინარის განკარგულებით დაკლული საქონლის კომპენსაციის მოცულობა საშუალებას უნდა აძლევდეს მესაქონლეებს მიიღონ სათანადო ანაზღაურება.

3. უნდა გაიზარდოს ლაბორატორიის თანამშრომლების რაოდენობა, უნდა გაუმჯობესდეს ლაბორატორიებში დიაგნოსტირების პირობები, მუხედავად იმისა, რომ ასეთი ზომები არ არის საბოლოოდ მიღებული, რათა მიღწეულ იქნეს პირველ ქვეპუნქტში განმარტებული ზომების განხორციელებისათვის საჭირო დონე.

4. სისტემატურად უნდა მოხდეს ენზოოტურ დაავადებებთან ბრძოლის დანერგილი მეთოდების გამოყენება.

იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს დაჩქარების წესის სრული ეფექტურობა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ 1-დან მე-4 ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ზომების დანერგვა.

მუხლი 4

1. ცხოველების გადაადგილების სახელმწიფო მონიტორინგისათვის, წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მსხვილფეხა საქონელის მუდმივ რეგისტრაციასა და აღრიცხვას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა, თითოეული იმ დაავადებისათვის, რომლისთვისაც არსებობს აღმოფხვრის გეგმა, უნდა მოამზადონ და განაახლონ ოფიციალური ჩანაწერები იმ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, რომლებზეც აღნიშნული გეგმები ვრცელდება, მათი ჯანმრთელობის სტატუსის შესაბამისი კლასიფიკაციით.

თავი II

მსხვილფეხა საქონელში გავრცელებულ ბრუცელოზთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები

მუხლი 5

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბრუცელოზის აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში:

(a) ბრუცელოზის დადგენის ან მის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია აუცილებლად და დაუყონებლივ ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს;

(b) აკრძალულია ბრუცელოზის ნებისმიერი თერაპიული საშუალებით მკურნალობა;

(c) ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩატარების შემთხვევაში, უნდა განხორციელედეს სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ ვაქცინაციის შეჩერება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რათა ჯოგი მოხვდეს ბრუცელოზით არა დაავადებული ჯოგის კატეგორიაში.

მუხლი 6

1. თუ ჯოგში შეინიშნება ცხოველი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ბრუცელოზი, კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ოფიციალური გამოძიების ჩატარებას, იმისათვის რომ დადასტურდეს ან გამოირიცხოს დაავადების არსებობა.

ამ გამოძიების შედეგების მიღებამდე კომპეტენტური ორგანოები გასცემენ შემდეგ ბრძანებებს:

– ჯოგის სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევის შესახებ;

– ცხოველის ჯოგიდან გადაადგილების აკრძალვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ამას მოითხოვს კომპეტენტური ორგანო ცხოველის განადგურების მიზნით. თუმცა კასტრირებული ცხოველების გადაადგილება ფერმის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ საეჭვო ცხოველების იზოლირების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კასტრირებული ცხოველების გადაყვანა ხდება სასაკლაოზე, გასუქების მიზანით;

– ჯოგიდან საეჭვო ცხოველების იზოლაციის შესახებ.

2. პირველ ქვეპუნქტში მოხსენიებული ბრძანებები მოქმედებს მანამ, სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება ჯოგში ბრუცელოზის არსებობა ან მის არსებობაზე ეჭვი.

3. ჯოგში ბრუცელოზის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება, კონკრეტულად კი უზრუნველყოს შემდეგი:

– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ან ჯოგში ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული გადაადგილება ავტორიზირებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის მიზნისათვის; თუმცა კასტრირებული საქონლის ფერმაში გადაადგილება შესაძლოა ნებადართული იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, თუ იგივე ორგანოების მიერ მოხდება დაავადებული ცხოველების იზოლირება და მარკირება, იმ შემთხვევაში თუ ეს კასტრირებული ცხოველები გადაყვანილი იქნებიან გასასუქებელ ჯოგებში და შემდეგ სასაკლაოზე;

– ცხოველები, რომელთაც ბრუცელოზი ოფიციალურად დაუდასტურდათ და ცხოველები, რომელთაც შესაძლოა მათგან დაავადება გადაედოთ, იზოლირებული უნდა იქნან ჯოგიდან;

– დირექტივის 64/432/EEC და საბჭოს 1977 წლის 13 დეკემბრის დირექტივის 78/51/EEC პირობების გათვალისწინებით, რომლებიც ეხება დანიაში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში ბრუცელოზისა და ტუბერკულოზის შეზღუდვის ზომების გახანგრძლივებას, საქონელი დაუყონებლივ უნდა იქნეს შემოწმებული ბრუცელოზზე4;

– ცხოველები, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდა ბრუცელოზი, ცხოველები, რომელთა მე-3 აბზაცის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, და ცხოველები, რომელთა ინფიცირება დაადასტურა კომპეტენტურმა ორგანომ, უნდა იყვნენ იზოლირებული და მარკირებული მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით დაკვლამდე;

– დაავადებული ძროხების რძე საკვებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იგივე ფერმაში სათანადო თერმული დამუშავების შემდეგ;

– ეროვნული კანონმდებლობის დებულებების შეზღუდვის გარეშე, დაავადებულ ჯოგში მყოფი ძროხების რძის გატანა იკრძალება რძის გადასამუშავებელ საწარმოებში გარდა იმ შემთხვევისა როდესაც სავალდებულოა შესაბამისი თერმული დამუშავება;

– ინფიცირებული ცხოველების ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი, ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;

– ხბოს ნაყოფი, მკვდრად დაბადებული ხბო, ხბოები, რომლებიც ბრუცელოზით დაიხოცნენ დაბადებისთანავე ან პლაცენტა გადატანილ უნდა იქნეს ფრთხილად და განადგურდეს სასწრაფოდ, თუკი მათი გამოყენება არ იგეგმება შემოწმებისათვის;

– თივა, ნაგავი და ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც შეხებაში იყო დაავადებულ ძროხასთან, ხბოსთან ან პლაცენტასთან, უნდა განადგურდეს, დაიწვას და დაიმარხოს დაუყონებლივ, სადეზინფექციო სითხეში დასველების შემდეგ;

– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წარმოებული მასალიდან ბრუცელოზის გავრცელების საშიშროების არარსებობა;

– ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული ნაკელი უნდა განთავსდეს ფერმის ცხოველებისგან იზოლირებულ ადგილას, დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო სითხეებით და შეინახოს მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში;

– დეზინფექტანტის გამოყენება არ არის სავალდებულო თუ ინფიცირებული ნაკელი დაფარულია არა-ინფიცირებული ნაკელით ან მიწით. ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული თხევადი ნარჩენები უნდა დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო მასალებით, თუ მისი შეგროვება არ ხდება ნაკელთან ერთად.

მუხლი 7

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბაქტერიოლოგიური, პათოლოგიური და სეროლოგიური ტესტირების შემდეგ, ცხოველები, რომლებსაც დაუდგინდათ ბრუცელოზის დაავადება, ან ის ცხოველები, რომლებიც ოფიციალურმა ორგანომ მიიჩნია დაავადებულად, დაიკვლებიან სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა.

მუხლი 8

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შემდეგი:

1. მე-7 მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაკვლის შემდეგ, ჯოგის ხელახლა შევსებამდე, ფარეხები და ჯოგის სხვა სადგომები, ყველა კონტეინერი, აღჭურვილობა და სხვა საგნები, რომლებიც ცხოველებთან გამოიყენებოდა, უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის ინსტრუქციების შესაბამისად. საძოვრების ხელახალი გამოყენება შესაძლებელია ცხოველების გაყვანიდან მხოლოდ 60 დღის შემდეგ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა დაუშვან, რომ ამ საძოვრებზე გაშვებული იქნან ის კასტრირებული ცხოველები რომლებიც უნდა დაიკლას იმ პირობით, რომ ცხოველებს ამ საძოვრის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ ისინი გასასუქებლად ან სასაკლაოზე გადაჰყავთ.

2. ყველა სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს მას შემდეგ, რაც მათი საშუალებით გადაყვანილი იქნებიან დაავადებული ცხოველები, ან ასეთი ცხოველებისაგან დამზადებული მასალები, ან მასალები და ნივთიერებები, რომლებსაც შეიძლება კონტაქტი ჰქონოდათ ამ ცხოველებთან. აგრეთვე უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს იმ ადგილებსაც სადაც მოხდა ასეთი ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა.

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ოფიციალურად ადგენენ გამოსაყენებელ სადეზინფექციო საშუალებებს და მათ კონცენტრაციას.

მუხლი 9

წევრი სახელმწიფოები უნდა უზრუნველყოფენ, რომ მე-7 მუხლის შესაბამისად ცხოველების დაკვლის შემდეგ:

– მე-11 მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე არცერთმა მსხვილფეხა პირუტყვმა არ დატოვოს აღნიშნული ჯოგი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა მის დაუყონებლივ დაკვლაზე, თუმცა კასტრირებული მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება ფერმის ტერიტორიაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ საეჭვო ცხოველების იზოლირების შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ კასტრირებული ცხოველების გადაყვანა ხდება გასუქების მიზნით არსებულ ჯოგში, ხოლო შემდეგ სასაკლაოზე;

– უნდა ჩატარდეს ბრუცელოზის ტესტი ხსენებულ ჯოგებში, იმის დასამტკიცებლად, რომ დაავადება აღმოფხვრილია;

– ჯოგში ცხოველების გამრავლების მიზნით დამატება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯოგში დარჩენილმა ცხოველებმა, რომელთაც 12 თვე ან მეტი შეუსრულდათ, გაიარეს ერთი ან მეტი ოფიციალური სეროლოგიური ტესტი ბრუცელოზზე. თუმცა მსხვილფეხა საქონელისათვის, რომელსაც ჩაუტარდა ვაქცინაცია დირექტივის 64/432/EEC დებულებების შესაბამისად, ასეთი ტესტის გავლა არ არის სავალდებულო 18 თვის ასაკამდე.

მუხლი 10

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ოფიციალური სეროლოგიური ტესტირება ჩატარდეს B1 და B2 ჯოგებზე მანმადე, სანამ ისინი გადავლენ B3 და B4 ტიპის ჯოგებში.

მუხლი 11

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

(i) B1 ტიპის ყველა დედალ ცხოველს და ყველა ხარს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნან B2 ტიპის ჯოგში:

– 12 თვეზე მეტი ასაკის შემთხვევაში ჩატარებული ჰქონდეს ოფიციალურად დადასტურებული სეროლოგიური ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;

– უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების იზოლირება მათი გადაყვანისთანავე სულ მცირე 60 დღით, და თუ მათი ასაკი 12 თვეს აჭარბებს, ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სეროლოგიური ტესტი B2 ტიპის ჯოგში გადაყვანამდე;

(ii) B2 ტიპის ყველა დედალ ცხოველს და ყველა ხარს, რომელიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა B2 ტიპის ჯოგში:

– 12 თვეზე მეტი ასაკის შემთხვევაში ჩატარებული ჰქონდეს ოფიციალურად დადასტურებული სეროლოგიური ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;

– ტრანსპორტირებისას ისინი კონტაქტში არ უნდა შევიდნენ იმ ცხოველებთან, რომლებსაც უფრო დაბალი ჯანმრთელობის სტატუსი აქვთ მინიჭებული;

(iii) ცხოველების B3 და B4 ჯოგებს შორის გადაადგილება ტარდება დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 12

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

– სახელმწიფო კონტროლის ზომები მიღება, რათა ის ჯოგები, რომლებიც განიკურნა ბრუცელოზისაგან ხელახლა არ დაავადდეს სხვა წყაროებიდან;

– დაუქვემდებარონ სახელმწიფო მონიტორინგს მსხვილფეხა საქონლის გადაყვანა და გადაადგილება იმ ჯოგებში, რომლებზეც ვრცელდება დაავადების აღმოფხრვრის გეგმა;

– მეორე აბზაცში მოხსენიებული გადაადგილების კონტროლის გამოყენება შეიძლება მოხდეს გაერთიანებაში არსებული იმ ზომების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც ეხება ბრუცელოზით ოფიციალურად არაინფიცირებულ ჯოგებში შეყვანასა და გამოყვანას.

თავი III

მსხვილფეხა ცხოველთა ტუბერკულოზთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები

მუხლი 13

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ტუბერკულოზის აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში:

(a) ტუბერკულოზის დადგენის ან მის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია აუცილებლად და დაუყონებლივ ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს;

(b) აკრძალულია შემდეგი:

(i) ტუბერკულოზის თერაპიული და შემამსუბუქებელი მკურნალობა;

(ii) ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

მუხლი 14

1. თუ ჯოგში შეინიშნება ცხოველი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ტუბერკულოზი, კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ ოფიციალური გამოძიების ჩატარებას, იმისათვის რომ დადასტურდეს ან გამოირიცხოს დაავადების არსებობა.

ამ გამოძიების შედეგების მიღებამდე კომპეტენტური ორგანოები გასცემენ შემდეგ ბრძანებებს:

– ჯოგის სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ მოქცევის შესახებ;

– ცხოველის ჯოგიდან გადაადგილების აკრძალვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ამას მოითხოვს კომპეტენტური ორგანო ცხოველის განადგურების მიზნით;

– ჯოგიდან საეჭვო ცხოველების იზოლაციის შესახებ.

2. პირველ აბზაცში მოხსენიებული ბრძანებები მოქმედებს მანამ სანამ ოფიციალურად არ გამოირიცხება ჯოგში ტუბერკულოზის არსებობა ან მის არსებობაზე ეჭვი.

3. ჯოგში ტუბერკულოზის არსებობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება, კონკრეტულად კი უზრუნველყოს შემდეგი:

– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ან ჯოგში ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კომპეტენტური ორგანო გასცემს ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის განკარგულებას;

– მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც ტუბერკულიოზი ოფიციალურად დაუდასტურდა და საქონელი, რომელსაც შესაძლოა მათგან დაავადება გადაედო, იზოლირებული უნდა იქნეს ჯოგიდან;

– საქონელმა დაუყონებლივ უნდა გაიაროს შემოწმება ტუბერკულოზზე;

– მსხვილფეხა საქონელი, რომელსაც ოფიციალურად დაუდასტურდა ტუბერკულოზი, მსხვილფეხა საქონელი, რომლის მე-3 აბზაცის შესაბამისად ჩატარებული ტესტირების შედეგები არადამაკმაყოფილებელია, და ცხოველები, რომელთა დაავადებაც დაადასტურა კომპეტენტურმა ორგანომ, უნდა იყვნენ იზოლირებული და მარკირებული მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით დაკვლამდე;

– დაავადებული ძროხების რძე საკვებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იგივე ფერმაში სათანადო თერმული დამუშავების შემდეგ;

– ეროვნული კანონმდებლობის დებულებების შეზღუდვის გარეშე, დაავადებულ ჯოგში მყოფი ძროხების რძის გატანა იკრძალება რძის გადასამუშავებელ საწარმოებში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულოა შესაბამისი თერმული დამუშავება;

– ინფიცირებული მსხვილფეხა პირუტყვის ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;

– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ტუბერკულოზის გავრცელების საშიშროების აღმოფხვრა წარმოებული მასალიდან;

– ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული ნაკელი განთავსდება ფერმის ცხოველებისგან იზოლირებულ ადგილას, მუშავდება შესაფერისი სადეზინფექციო სითხეებით და ინახება მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში. სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება არ არის სავალდებულო თუ ინფიცირებული ნაკელი დაფარულია არაინფიცირებული ნაკელით ან მიწით. ფარეხებიდან ან ცხოველების სხვა სადგომებიდან ამოღებული თხევადი ნარჩენები უნდა დამუშავდეს შესაფერისი სადეზინფექციო მასალებით, თუ მისი შეგროვება არ ხდება ნაკელთან ერთად.

მუხლი 15

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ცხოველები, რომლებსაც ბაქტერიოლოგიური, პათოლოგიური და სეროლოგიური ტესტირების შედეგად დაუდგინდათ ტუბერკულოზის დაავადება, ან ის ცხოველები, რომლებიც კომპეტენტურმა ორგანომ მიიჩნია დაავადებულად, დაიკლან სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა, მას შემდეგ რაც ცხოველის მეპატრონემ ან მასზე პასუხისმგებელმა პირმა ოფიციალურად მიიღო შეტყობინება ტესტირების შედეგებისა და მისი მოვალეობების შესახებ დადგენილ ვადაში აღნიშნული ცხოველების დაკვლასთან დაკავშირებით აღმოფხვრის გეგმის შესაბამისად.

ცხოველების შემთხვევაში, რომელთა შემოწმების შედეგები არასასურველია, თუმცა ისინი არ ავლენენ დაავადების კლინიკურ სიმპტომებს, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა წინა აბზაცით განსაზღვრული ვადა გაზარდოს მაქსიმუმ 3 თვემდე,

– მაკე დედალი ცხოველის შემთხვევაში, რომლებმაც უნდა შვან მომდევნო 3 თვის განმავლობაში;

– თუ ბრძანება გაცემულია საქონლის სრულად გაწყვეტაზე ჯოგში, რომელშიც 20 ერთეულზე მეტი ცხოველია იმ რეგიონში, სადაც ამისათვის განკუთვნილი სასაკლაოების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქონელი დაიკლას 30 დღის ვადაში.

მუხლი 16

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

1. მე-15 მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაკვლის შემდეგ, და ჯოგის ხელახლა შევსებამდე, ფარეხები და ჯოგის სხვა სადგომები, ყველა კონტეინერი, აღჭურვილობა და სხვა საგნები, რომლებიც ცხოველებთან გამოიყენებოდა, უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის ინსტრუქციების შესაბამისად;

2. ყველა სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს მას შემდეგ, რაც მათი საშუალებით გადაყვანილი იქნებიან დაავადებული ცხოველები, ან ასეთი ცხოველებისაგან დამზადებული მასალები, ან მასალები და ნივთიერებები, რომლებსაც შეიძლება კონტაქტი ჰქონოდათ ამ ცხოველებთან. აგრეთვე უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს იმ ადგილებსაც, სადაც მოხდა ასეთი ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა;

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ოფიციალურად ადგენენ გამოსაყენებელ სადეზინფექციო საშუალებებს და მათ კონცენტრაციას.

მუხლი 17

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მე-15 მუხლის შესაბამისად ცხოველების დაკვლის შემდეგ,

– მე-19 მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე არცერთმა ცხოველმა არ დატოვოს აღნიშნული ჯოგი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა ცხოველის დაუყონებლივ დაკვლაზე;

– უნდა ჩატარდეს ტუბერკულოზის ტესტი ხსენებულ ჯოგებში, იმის დასამტკიცებლად, რომ დაავადება აღმოფხვრილია;

– ჯოგის შევსება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯოგში დარჩენილ მსხვილფეხა პირუტყვს, რომელსაც 6 კვირა შეუსრულდა, ჩაუტარდება ერთი ან მეტი ოფიციალური სეროლოგიური ტესტი ტუბერკულოზზე.

მუხლი 18

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, ტუბერკულოზის აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში, ოფიციალური კანქვეშა ტუბერკულინის ტესტის ჩატარება სულ მცირე 6 თვეში ერთხელ T1 და T2 ჯოგებში მყოფ 6 კვირაზე მეტი ხნის მსხვილფეხა საქონელზე, მათ T3 ტიპის ჯოგში გადასვლამდე.

მუხლი 19

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

(i) T1 ტიპის ნებისმიერ ცხოველს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა T2 ტიპის ჯოგში:

– ჩატარებული ჰქონდეს ტუბერკულინის კანქვეშა ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;

– უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების იზოლირება მათი გადაყვანისთანავე სულ მცირე 60 დღით, ასევე მათ უნდა გაიარონ კანქვეშა ტუბერკულინის ტესტი ხელმეორედ ჯოგში შეშვებამდე;

(ii) T2 ტიპის ნებისმიერ ცხოველს, რომლებიც გადაყვანილი უნდა იქნეს სხვა T2 ტიპის ჯოგში:

– ჩატარებული ჰქონდეს ტუბერკულინის კანქვეშა ტესტი გადაადგილებამდე 30 დღით ადრე და თან ახლდეს აღნიშნულის დამადასტურებელი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატი;

– ტრანსპორტირებისას ის კონტაქტში არ უნდა შევიდეს მასზე უფრო დაბალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე ჯოგთან;

(iii) მსხვილფეხა საქონლის T3 ტიპის ჯოგებს შორის გადაადგილება ტარდება დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 20

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

– სახელმწიფო კონტროლის ზომების მიღება, რათა ის ჯოგები, რომლებიც განიკურნა ტუბერკულოზისგან, ხელახლა არ დაავადდეს სხვა წყაროებიდან;

– სახელმწიფო ზედამხედველობას დაუქვემდებარონ მსხვილფეხა საქონლის გადაყვანა და გადაადგილება იმ ჯოგებში, რომლებზეც ვრცელდება დაავადების აღმოფხრვრის გეგმა;

– მეორე აბზაცში მოხსენიებული გადაადგილების კონტროლის გამოყენება შეიძლება მოხდეს გაერთიანებაში არსებული იმ ზომების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც ეხება ტუბერკულოზით ოფიციალურად არაინფიცირებულ ჯოგებში შეყვანასა და გამოყვანას.

თავი IV

მსხვილფეხა რქოსან საქონელში გავრცელებულ ენზოოტიურ ლეიკოზთან დაკავშირებული კონკრეტული დებულებები

მუხლი 21

გაერთიანების წესების ამოქმედებამდე, და დირექტივის 77/391/EEC მე-4 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, გამოიყენება ლეიკოზის დადგენისა და ჯოგების კლასიფიკაციის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი დებულებები.

მუხლი 22

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ლეიკოზის აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში:

(a) კომპეტენტურ ორგანოებს სავალდებულო წესით და დაუყონებლივ ეცნობოს ლეიკოზის, და კონკრეტულად ლიმფური სისტემის და საქონლის სხვა ორგანოების სიმსივნეების არსებობის ან ამაზე ეჭვის შესახებ;

(b) აიკრძალოს თერაპიული მკურნალობა ან ნებისმიერი ტიპის ლეიკოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

მუხლი 23

ლეიკოზის ეჭვის შემთხვევაში ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი ზომების მიღების მიუხედავად, წევრი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები ლეიკოზის ჯოგში ოფიციალურად დამტკიცების შემთხვევაში, რათა არიდებულ იქნეს დაავადების გავრცელება, და კერძოდ, უზრუნველყოს შემდეგი:

– აიკრძალოს საეჭვო ჯოგიდან ცხოველების გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კომპეტენტური ორგანო გასცემს ცხოველის დაუყონებლივ დაკვლის განკარგულებას;

– მოხდეს საეჭვო ჯოგის იზოლირება ისე, რომ არ მოხდეს სხვა ჯოგის მხვილფეხა საქონლის კონტაქტი აღნიშნული ჯოგში შემავალ მსხვილფეხა საქონელთან;

– დაავადებული ძროხების რძის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ცხოველების საკვებად მას შემდეგ, რაც ის გაივლის შესაბამის თერმულ დამუშავებას ან გაიგზავნება რძის გადამამუშავებელ საწარმოში ასეთი დამუშავების მიზნით; ცხოველების გამოკვება რძით, რომელსაც აღნიშნული დამუშავება არ გაუვლია დაშვებულია მხოლოდ იმ ჯოგებისათვის სადაც ყველა ცხოველი განკუთვნილია დასაკლავად 24-ე მუხლის 1 ქვეპუნქტის შესაბამისად;

– ინფიცირებული ცხოველების ნაკლავი, ნახევარი ნაკლავი, ნაოთხალი, გადანაჭრები და შიგნეულობა, რომლებიც სხვა ცხოველების საკვებადაა განკუთვნილი ისე უნდა დამუშავდეს, რომ დაავადების გადადება თავიდან იქნეს აცილებული;

– ნაკლავის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლის განხორციელების ოფიციალური რეგულაციებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ლეიკოზის გავრცელების საშიშროების აღმოფხვრა წარმოებული მასალიდან;

– ფერმერები ვალდებულები არიან შეატყობინონ სახელმწიფო ვეტერინარს მისი ფერმის ნებისმიერი ცხოველის სიკვდილის ან იძულებით დაკვლის შესახებ.

მუხლი 24

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ აღმოფხვრის გეგმის ფარგლებში:

1. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ყველა ცხოველის დაკვლას ჯოგში, სადაც ლეიკოზის არსებობა ოფიციალურად დადგინდა, მათი დაკვლა მოხდეს კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ვადებში.

2. თუ გეგმით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა, რომელთაც ოფიციალურად დაუმტკიცდა ლეიკოზი, ან რომელზეც არსებობს დაავადების ეჭვი, აღნიშნული ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს 30 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მეპატრონე ან პასუხისმგებელი პირი მიიღებს შეტყობინებას ოფიციალური აღმოფხვრის გეგმის მიხედვით შემოწმების შედეგებისა და მათი ვალდებულებების შესახებ დაკლას მსხვილფეხა საქონელი დადგენილ ვადაში.

მუხლი 25

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ 24-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად საქონლის დაკვლის შემთხვევაში,

– არცერთმა ცხოველმა არ დატოვოს აღნიშნული ჯოგი, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა ცხოველის დაუყონებლივ დაკვლაზე;

– ჩატარდეს ლეიკოზის ტესტი ხსენებულ ჯოგებში, იმის დასამტკიცებლად, რომ დაავადება აღმოფხვრილია;

– ჯოგის თავიდან შევსება მოხდეს მხოლოდ იმ ჯოგებიდან, რომლებსაც კომპეტენტური ორგანოები მიიჩნევენ ჯანმრთელად.

მუხლი 26

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

1. 24-ე მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაკვლის შემდეგ, ჯოგის ხელახლა შევსებამდე, ფარეხები და ჯოგის სხვა სადგომები, ყველა კონტეინერი, აღჭურვილობა და სხვა საგნები, რომლებიც ცხოველებთან გამოიყენებოდა, უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სახელმწიფო ვეტერინარის ინსტრუქციების შესაბამისად;

2. ყველა სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი და აღჭურვილობა უნდა დასუფთავდეს და დეზინფიცირდეს მას შემდეგ, რაც მათი საშუალებით გადაყვანილი იქნებიან დაავადებული ცხოველები, ან ასეთი ცხოველებისაგან დამზადებული მასალები, ან მასალები და ნივთიერებები, რომლებსაც შეიძლება კონტაქტი ქონოდათ ამ ცხოველებთან. აგრეთვე უნდა დასუფთავდეს და დეზინფექცია ჩაუტარდეს იმ ადგილებსაც, სადაც მოხდა ასეთი ცხოველების სატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა;

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ოფიციალურად დაადგენენ სადეზინფექციო საშუალებებს და მათ კონცენტრაციას.

მუხლი 27

წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ იმ ჯოგის ცხოველები, რომლებიც კლასიფიცირებულნი არიან როგორც უსაფრთხო, არ შედიან კონტაქტში იმ ჯოგის ცხოველებთან რომლებსაც ასეთი კლასიფიკაცია არ გააჩნიათ.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 28

დირექტივის 77/391/EEC შესაბამისად განსაზღვრული 3 წლიანი პერიოდის ამოწურვამდე, კომისია საბჭოს წარმოუდგენს ანგარიშს ამ დირექტივაში აღწერილი გეგმების განხორციელების შესახებ, რასაც თან უნდა ერთვოდეს საჭიროების შემთხვევაში წინადადებები ეროვნული პრევენციული ზომების ჰარმონიზაციის ხელის შესაწყობად.

მუხლი 29

1. დირექტივა 77/391/EEC ძალაში შედის 1978 წლის 1 იანვარს.

2. წევრი სახელმწიფოები ვალდებულები არიან დანერგონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც სავალდებულოა დაავადებების დაჩქარებული აღმოფხვრის გეგმების განსახორციელებლად დირექტივის 77/391/EEC შესაბამისად დადგენილ ვადაში, რომელიც განისაზღვრა კომისიის გადაწყვეტილებით შემუშავებული გეგმისათვის, ხოლო იმ გეგმებისათვის, რომლებიც დამტკიცდა 1978 წელს, არა უგვიანეს 1978 წლის 31 დეკემბრისა.

3. დირექტივის 77/391/EEC მე-6(1) მუხლით განსაზღვრული შესრულების სამწლიანი ვადა თითოეული წევრი სახელმწიფოსათვის აითვლება კომისიის მიერ მე-2 აბზაცით დადგენილი თარიღიდან. თუმცა გაერთიანების დაფინანსება ნებისმიერ შემთხვევაში შეეხება ცხოველების დაკვლას, რომელიც ჩატარდა 1982 წლის 1 იანვრამდე.

4. საბჭოს, რომელიც ერთსულოვნად მოქმედებს კომისიის წინადადების საფუძველზე, უფლება აქვს მე-2 და მე-3 აბზაცებში ნახსენები ვადები გადასწიოს ერთი წლით ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსათვის, თუ გეგმის ვადებში განხორციელება მნიშვნელოვან სირთულეებს უკავშირდება.

მუხლი 30

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში, 2009 წლის 13 ივლისს.

საბჭოს სახელით

თამჯდომარე

ა. ჰამბლეტი


1 ოფიციალური ბიულეტენი, L 145, 13.06.1977, გვ. 44;

2 ოფიციალური ბიულეტენი, L 121, 29.07.1964, გვ. 1977;

3 ოფიციალური ბიულეტენი, L 26, 31.01.1977, გვ. 81;

4 იხ. ამ ოფიციალური ბიულეტენის გვ. 32