On Volunteering

On Volunteering
Document number 4717-რს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 24/12/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 30/12/2015
Registration code 040170000.05.001.018054
Consolidated publications

Consolidated version (final)

 

საქართველოს კანონი

 

 

მოხალისეობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

  1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობას და მათ მესამე პირთან ურთიერთობას, თუ ისინი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვაგვარად არ რეგულირდება.

 2. მოხალისეობით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით ან სხვა სპეციალური კანონით არ რეგულირდება, წესრიგდება საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

  3. მოხალისეობითი ურთიერთობა, რომლის ერთი მხარე პოლიტიკური გაერთიანებაა, რეგულირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

   მუხლი 2. მოხალისეობა

 1. მოხალისეობა არის ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ცოდნითა და უნარით, ნებაყოფლობით და უანგაროდ განხორციელებული საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა.

  2. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნევა იმ იურიდიული პირისთვის დახმარების გაწევა, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ქვემოთ აღნიშნულ რომელიმე სფეროში: ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების, სიღარიბის დაძლევისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ახალგაზრდობისა და ბავშვთა საკითხების, გენდერული საკითხების, კონფლიქტების მოგვარების, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების, მიგრაციის, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ცხოველთა უფლებების დაცვის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და ამ მიზნით მოსახლეობის მომზადების სფეროები.

 3. ეს კანონი არ ზღუდავს სხვა ფიზიკურ პირს, დამოუკიდებლად, ამ კანონით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების გარეშე განახორციელოს  საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ასეთ პირზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.  

საქართველოს 2016 წლის 1  დეკემბრის კანონი  №56  - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

 მუხლი 3. მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები

 1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის ურთიერთობა, რომელიც ამ კანონისა და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.

  2. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.

 3. 16 წლამდე არასრულწლოვანი მოხალისეობით ურთიერთობას ახორციელებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

 4. ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის გათვალისწინებული.

 5. მოხალისეობითი ურთიერთობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად.

  6. მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს:

 ა) რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მისი ფილიალი;

 ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

 გ) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

 დ) სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;

  ე) საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი;

  ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

  მუხლი 4. მოხალისისა და მასპინძელი ორგანიზაციის უფლებები და მოვალეობები

   1. მოხალისე ვალდებულია:

ა) თავისი საქმიანობა სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად განახორციელოს;

ბ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხისა თუ რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს;

გ) იზრუნოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს;

დ) მასპინძელ ორგანიზაციას დროულად აცნობოს ავადმყოფობის ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

2. ეს კანონი არ ზღუდავს მოხალისის უფლებას, ისარგებლოს იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომლებიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

3. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მოხალისეობითი ურთიერთობის დაწყებამდე განუმარტოს მოხალისეს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.

 მუხლი 5. მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება

  1. მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია აუნაზღაუროს მას მოხალისეობის განხორციელებისათვის გაწეული აუცილებელი ხარჯები, მათ შორის:

ა) საკონსულო მომსახურების (შესაბამისი ვიზის გაფორმების, ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების) ხარჯები;

ბ) მგზავრობის ხარჯები;

გ) საცხოვრებლის დაქირავების (ადგილის დაჯავშნის და ცხოვრების) ხარჯები;

დ) კვების, კომუნიკაციისა და სადღეღამისო ხარჯები.

2. მოხალისე უფლებამოსილია მასპინძელ ორგანიზაციასთან დადებული მოხალისეობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას ისარგებლოს მასპინძელი ორგანიზაციის ქონებით.

3. მასპინძელი ორგანიზაცია უფლებამოსილია იზრუნოს მოხალისის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება არ ცვლის მოხალისეობის უანგარო ხასიათს.

მუხლი 6. მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მოხალისე მოხალისეობის განხორციელებისას უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოს.

2. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მოხალისეს დროულად, გონივრულ ვადაში, გასაგები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

3. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია დანერგოს მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და მოხალისეს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკისა და მისი თავიდან აცილების ღონისძიებების თაობაზე, საფრთხის შემცველი აღჭურვილობისადმი მოპყრობის წესების შესახებ, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს მოხალისე პერსონალური დამცავი აღჭურვილობით და მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა მოხალისის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

  4. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მოხალისეს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისეობის განხორციელებისას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიადგა, აგრეთვე მკურნალობისათვის აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

მუხლი 7. მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა

  1. მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია მესამე პირს აუნაზღაუროს ზიანი, რომელიც მას მოხალისის მიერ მოხალისეობის განხორციელებისას მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა. მასპინძელ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ მოხალისე ბრალის გარეშე მოქმედებდა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

  2. მასპინძელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სახე და პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

მუხლი 8. მოხალისეობითი ხელშეკრულება

1. მოხალისეობითი ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) იდება წერილობით ან ზეპირად, განსაზღვრული ვადით ან საქმიანობის განხორციელების ვადით. ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით იდება, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა 1 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.

2. ხელშეკრულება მხარეთათვის გასაგებ ენაზე იდება. ხელშეკრულება შეიძლება რამდენიმე ენაზე დაიდოს. თუ ხელშეკრულება რამდენიმე ენაზე იდება, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულების დებულებათა შორის განსხვავების შემთხვევაში.

 3. ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს მოხალისის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სახე, მისი განხორციელების ხანგრძლივობა და ადგილი, არსებობის შემთხვევაში – მოხალისის სტატუსთან დაკავშირებული შეღავათები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობანი.

  4. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

  ა) ხელშეკრულების ვადის გასვლა;

  ბ) მოხალისის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის სრულად განხორციელება;

  გ) ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების უხეში დარღვევა;

  დ) მხარეთა შეთანხმება;

  ე) მასპინძელი ორგანიზაციის მიერ ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

  ვ) მოხალისის გარდაცვალება;

  ზ) სხვა ისეთი გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის მოხალისის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას.

  5. მოხალისის მოთხოვნის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია ვალდებულია გასცეს მოხალისის შესახებ ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობის და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე.

მუხლი 9. მოხალისის სამუშაო დრო

  1. მოხალისის სამუშაო დროის ხანგრძლივობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება და ხელშეკრულებაში აღინიშნება.

  2. 16 წლიდან 18 წლამდე მოხალისის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 36 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

  მუხლი 10. კანონის ამოქმედება

  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 დეკემბერი 2015 წ.

N4717-რს

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.