On the Establishment of a Legal Entity under Public Law - the Institute of Technology

On the Establishment of a Legal Entity under Public Law - the Institute of Technology
Document number 4558-Iს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 25/11/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 09/12/2015
Registration code 040030000.05.001.018003
Consolidated publications
4558-Iს
25/11/2015
Website, 09/12/2015
040030000.05.001.018003
On the Establishment of a Legal Entity under Public Law - the Institute of Technology
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (09/12/2015 - 01/11/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი), როგორც ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო საგანმანათლებლო კომპლექსის, შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივ თავისებურებათა განსაზღვრა.

მუხლი 2. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება და სხვა სამართლებრივი აქტები.

2. განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 3. ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.

2. ტექნოლოგიური ინსტიტუტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით, რომელსაც ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან (შემდგომ – საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან (შემდგომ – სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომ – აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზებულად ითვლება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.

მუხლი 4. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზნები და საქმიანობის სფეროები

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზნებია: საქართველოში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ეფექტიანი მოდელის არსებობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა; უმაღლესი განათლებისა და დარგთაშორისი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება; მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისა და ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

2. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებია: კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველზე მრავალპროფილური, მრავალმეთოდური, დარგთაშორისი სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

3. ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და სხვა საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

მუხლი 5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციები

ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფუნქციებია:

ა) ადრონული თერაპიის მეთოდის გარშემო სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფილური მიმართულებიდან გამომდინარე ფუნდამენტური კვლევების მიმართულებების განსაზღვრა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება; სტუდენტების ხელშეწყობა პიროვნული პოტენციალის რეალიზებაში, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი კომპეტენციების მიღებაში;

გ) მკვლევართა მომზადება და მათთვის თანამედროვე სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევების განხორციელების პირობების შექმნა;

დ) განათლებისა და მეცნიერების ხარისხის უწყვეტი ამაღლებისათვის პირობების შექმნა;

ე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამების განხორციელება;

ვ) ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინირებული საქმიანობის წარმოება;

თ) დარგობრივი და დარგთაშორისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და სამეცნიერო კვლევების ახალი მიმართულებების განსაზღვრა;

ი) უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო საქმიანობის წარმოება, სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

მუხლი 6. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვის ორგანოები

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.

მუხლი 7. აღმასრულებელი დირექტორი

1. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. აღმასრულებელი დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას;

ბ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

დ) შეიმუშავებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;

ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;

ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს;

ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახსრებსა და ქონებას;

მ) ახორციელებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 8. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.

2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო არის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სწავლების და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც:

ა) აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირების და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) ითანხმებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას;

გ) ახორციელებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობების პერიოდულ მონიტორინგს და მის შედეგებს კონფერენციებზე განიხილავს.

3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.

4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილების ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს.

მუხლი 9. სამეცნიერო საბჭო

1. სამეცნიერო საბჭო არის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.

2. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო.

3. სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;

ბ) ითანხმებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას;

გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;

დ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

ე) ახორციელებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 10. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი.

2. ტექნოლოგიური ინსტიტუტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს.

3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით.

4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირების და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება.

5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული.

6. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უფლება აქვს, დააწესოს ინსტიტუტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისათვის, აგრეთვე დოქტორანტობისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის.

7. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.

8. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 11. ტექნოლოგიური ინსტიტუტის ქონება

ტექნოლოგიურ ინსტიტუტს დაფუძნებისას სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.

მუხლი 12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფინანსება

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტები;

დ) შემოწირულებები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიზნების განხორციელებას და მისი ფუნქციების შესრულებას.

მუხლი 13. ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი

1. ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. აღმასრულებელი დირექტორი წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

მუხლი 14. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტის და მისი ლიკვიდაციის წესი

ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობის შეწყვეტა და მისი ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე;

ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში დანიშნოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე;

გ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებამდე.

2. საქართველოს მთავრობამ აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნიდან 3 თვის ვადაში აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით დაამტკიცოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცებამდე.

3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ მისი შემადგენლობის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში დაამტკიცოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულება.

4. ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა:

ა) ავტორიზაციიდან 2 წლის ვადაში დაამტკიცოს და განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები და შექმნას საბაზისო ლაბორატორიები;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების და საბაზისო ლაბორატორიების შექმნიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს ადრონული ამაჩქარებლის დაპროექტება, მონტაჟი და ფუნქციონირების დაწყება.

5. სახელმწიფო ქონების მმართველმა უზრუნველყოს ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვის შესაბამისი ქონების გადაცემა მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში.

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 ნოემბერი 2015 წ.

N4558-Iს