On Approval of the Procedures for Removing Aliens from Georgia

On Approval of the Procedures for Removing Aliens from Georgia
Document number 525
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 01/09/2014
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing Website, 02/09/2014
Activating Date 01/09/2014
Registration code 010120000.10.003.018145
Consolidated publications
525
01/09/2014
Website, 02/09/2014
010120000.10.003.018145
On Approval of the Procedures for Removing Aliens from Georgia
Government of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Initial version (02/09/2014 - 16/07/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №525

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

უცხოელის საქართველოდან გაძევების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ქვეყნიდან გაძევების ფორმასა და პროცედურას, აგრეთვე, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო უწყებათა ურთიერთთანამშრომლობის ფორმებს.

მუხლი 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი გარანტიები

1. იკრძალება საქართველოდან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მიმართ არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოპყრობა.

2. უცხოელის საქართველოდან გაძევების (შემდგომში - გაძევება) თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ძალის გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თითოეული მოწყვლადი ჯგუფის  (არასრულწლოვნები, ორსული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და სხვა) განსაკუთრებული საჭიროებები.

3. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების მთელი პროცესის განმავლობაში უნდა განხორციელდეს დაკვირვება გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

4. გაძევების პროცესში უცხოელისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.

5. ამ წესით გათვალისწინებული მატერიალურ და ელექტრონულ ბაზაში განთავსებული დოკუმენტები ინახება 5 წლის ვადით. დოკუმენტი ინახება მუდმივად, როდესაც გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ - „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო თუ ამავე საფუძვლებით  გაძევებულმა უცხოელმა არ გადაიხადა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაკისრებული ჯარიმა - ჯარიმის გადახდამდე.

6. უცხოელის გაძევება არ განხორციელდება:

ა) თუ მას ემუქრება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სასიკვდილო განაჩენის, რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის, შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

მუხლი 3.  ინფორმაციის გაცვლა

შესაბამის უწყებებთან ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, კომპეტენეციის ფარგლებში.

მუხლი 4. გადაწყვეტილება გაძევების თაობაზე

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  შემთხვევებში, გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე;

ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს გაძევების გადავადების საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე.

3. გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე;

ბ) სათაური;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ადგილი;

დ) სარეგისტრაციო ნომერი;

ე) სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დასახელება;

ვ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა;

ზ) გაძევების/გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძველი;

თ) იმ უცხოელის სახელი, გვარი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება;

ი) ქვეყანა, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება;

კ) ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა;

ლ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აკრძალული ექნება ქვეყანაში შემოსვლა იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დატოვებს ქვეყანას ნებაყოფლობით;

მ) გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

5. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განხილვის პროცესში სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს პირთან გასაუბრებას, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

7. გასაუბრებაზე დაბარება ხორციელდება ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იმ  შემთხვევაში, თუ პირთან დაკავშირება ვერ ხერხდება, გასაუბრებაზე დაბარება ხორციელდება მისთვის შეტყობინების ხელზე ჩაბარებით.

8. გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შესახებ კეთდება აღნიშვნა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

9. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მოქალაქეობის დადგენის მიზნით, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ გასაუბრებას ახორციელებს იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა, რომლის მოქალაქედაც, სავარაუდოდ, ითვლება უცხოელი.

10. უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი უნდა იქნეს გასაუბრების ოქმი, რომელიც აიტვირთება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

11. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისთანავე სათანადო აღნიშვნა კეთდება სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

12. გაძევების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყება/შეწყდება იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელი ნებაყოფლობით მიდის საქართველოდან და აღნიშნული დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მითითებული შემთხვევის შესახებ, სამინისტროს კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გამოვლენის ელექტრონულ პროგრამაში  კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

13. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების ძირითადი (უფლებრივი) ნაწილი ნათარგმნი უნდა იქნეს უცხოელისათვის გასაგებ ენაზე. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს განუმარტავს გადაწყვეტილების შინაარსს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულს უცხოელი ადასტურებს წერილობით.

14.  უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება, 24 საათის განმავლობაში, ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.

მუხლი 5. სასამართლოსათვის შუამდგომლობა გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შესახებ

1. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს გაძევების საკითხის განხილვის მიზნით.

2.  სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, გაძევების/გაძევების გადავადების საფუძვლების აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს.

3.შუამდგომლობაში, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა მიეთითოს:

ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და სხვ.;

ბ) გაძევების შესაძლო საფუძველი/გაძევების გადავადების შესაძლო საფუძველი;

გ) სავარაუდო მიმღები ქვეყანა;

დ) თანდართული მასალები;

ე) შედგენის თარიღი;

ვ) უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.

მუხლი 6. ოჯახის წევრების  გაძევება

1.  გაძევების ყველა ეტაპზე, როგორც გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისას, დაცული უნდა იქნეს ოჯახის ერთიანობის პრინციპი. ოჯახის წევრების განცალკევება ხორციელდება, მხოლოდ, განსაკუთრებულ  შემთხვევებში.

2.ოჯახის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისას, არასრულწლოვანი წევრების არსებობის შემთხვევაში, ყურადღება ექცევა უმეთვალყურეოდ დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროებას.

მუხლი 7. არასრულწლოვანთა გაძევება

1. არასრულწლოვანთა გაძევების დროს, დაცული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ პრინციპის დაცვით, არასრულწლოვანთა გაძევების დროს, უფლებამოსილი პირების გარდა, შეიძლება ჩართულ იქნენ პირები, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს პედაგოგიკას ან/და ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, შესაბამისი  ორგანიზაციები.

2.უმეთვალყურეოდ მყოფი 16 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ გაძევების გადაწყვეტილების გამოტანის შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას არასრულწლოვნის ნებაყოფლობით დაბრუნების მიზნით, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები.

3. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვანი (არასრულწლოვანი, რომელსაც არ ჰყავს მეურვე, მზრუნველი ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენელი) უცხოელის გაძევება დასაშვებია, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მიმღებ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი იქნება მისი ცხოვრებისათვის შესაბამისი პირობები.

მუხლი 8. ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება

1. უცხოელის მიერ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას ენიჭება უპირატესობა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებასთან მიმართებით. უცხოელს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა განისაზღვრება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: უცხოელის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა, ოჯახური ან სოციალური კავშირები საქართველოსთან, უცხოელის მზადყოფნა ითანამშრომლოს უფლებამოსილ ორგანოსთან, შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტების არსებობა.

3. უცხოელი, რომელმაც მოითხოვა ნებაყოფლობითი დაბრუნება, ვერ დატოვებს დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

4. უცხოელის მიერ ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება არ ათავისუფლებს მას საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.

5. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო თანამშრომლობს შესაბამის  ორგანიზაციებთან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 9. გაძევების გადავადება

1.  გაძევების გადავადება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში, ასევე - გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.

2. გაძევების გადავადების საფუძვლის არსებობისას, გაძევების გადავადება ხორციელდება უცხოელის მიმართვის ან სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.

3. გაძევების გადავადების საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში, უცხოელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გაძევების გადავადების თხოვნით.

4. უცხოელის მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო განიხილავს გაძევების გადავადების საკითხს და  გადაწყვეტილებას ატყობინებს უცხოელს.

5. გაძევების გადავადების საკითხის განხილვისას, სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უცხოელს მოსთხოვოს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.

მუხლი 10. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება

1.უცხოელს, რომლის გაძევებაც შეუძლებელია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოჩენისას, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ მისცემს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებას.

2.საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემისას, გაგრძელებისას ან ჩამორთმევისას სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო წერილობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, განმეორებით გაცემის ან გაუქმების თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდება უცხოელს.

4. თუ უცხოელის მიერ საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის განმავლობაში აღმოიფხვრა საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოებები, მის მიმართ განახლდება გაძევების შესაბამისი პროცედურები.

5.საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის, გაგრძელების ან ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებული უნდა იქნეს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

მუხლი 11.  საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

1.  გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო საქართველოდან გაძევებულ უცხოელს უდგენს საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას, 2-დან 5 წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც ნებაყოფლობით დატოვებს საქართველოს.

3. საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ხანგრძლივობის დადგენისას გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: უცხოელის ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობას, ოჯახურ ან სოციალურ კავშირებს ქვეყანასთან, უცხოელის მზადყოფნას ითანამშრომლოს უფლებამოსილ ორგანოსთან.

4. ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვისა და ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებული უნდა იქნეს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.

მუხლი 12. უცხოელთა საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

1. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გამოყენებისას, სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ, შეძლებისდაგვარად, უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი დაბრკოლებები.

3.სასამართლოს მიერ უცხოელის მიმართ გაძევების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ, ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვის შემდეგ.

4. თუ სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია, გაძევებისათვის განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრამდე.

5. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია განხორციელდეს ესკორტით ან ესკორტის გარეშე, საზღვაო, სახმელეთო ან საჰაერო გზით.

6. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, უცხოელის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, ახორციელებს:

ა) გაძევების შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების შესწავლას (მათ შორის, არგაძევების პრინციპთან დაკავშირებული გარემოებები);

ბ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შესაბამისი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მოპოვებას;

ე) მგზავრობის მიზნით უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის ცნობის მიღებას;

ვ) უცხოელის ფსიქოლოგიური კონსულტაციით უზრუნველყოფას;

ზ) უცხოელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების დაცვის უზრუნველყოფას;

თ) ესკორტის წევრების შერჩევასა და გამოყოფას;

ი) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშის მომზადებას.

7. იმ შემთხვევაში, თუ გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში უცხოელი გამოთქვამს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების სურვილს, მას, შეძლებისდაგვარად, უნდა მიეცეს ამის საშუალება.

8. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, მოამზადოს და გააკონტროლოს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის:

ა) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება;

ბ) სამგზავრო დოკუმენტები, როგორც უცხოელის, ასევე, ესკორტის ჯგუფისათვის;

გ) უცხოელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ე) გადამყვანი კომპანიის დასტური უცხოელის გადაყვანისათვის;

ვ) საჭირო ვიზები და სხვ.

9. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებამდე, გონივრულ ვადაში, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ატყობინებს, სად (რომელ ქვეყანაში), როდის (თარიღი და დრო) და რა პირობებში (ესკორტით თუ ესკორტის გარეშე) მოხდება მისი გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი გაძევების პროცესის განმავლობაში არ იმყოფება დროებითი განთავსების ცენტრში, ხორციელდება შეტყობინების ხელზე ჩაბარება.

10. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ყველა ხარჯს (დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების, გაჩერებისა და გამგზავრების ხარჯები) გაიღებს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელი ან მომწვევი პირი. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად ანაზღაურება შეუძლებელია, ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება, სასამართლოს გზით, რეგრესის წესით მოითხოვოს ანაზღაურება.

მუხლი 13. გადამყვან კომპანიებთან ურთიერთობა

სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის გამგზავრებამდე გადამყვან კომპანიასთან ათანხმებს მგზავრობის დეტალებს, აცნობს მას უცხოელის მგზავრობასთან დაკავშირებულ რისკებს და მიმართავს მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თხოვნით.

მუხლი 14. ესკორტი

1. უცხოელის ესკორტით გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

ა) აქვს თუ არა უცხოელს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, გაუწევია თუ არა წინააღმდეგობა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისათვის;

ბ) არსებობს თუ არა ვარაუდი, რომ უცხოელი წინააღმდეგობას გაუწევს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას;

გ) არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოელის მიერ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით;

დ) აქვს თუ არა უცხოელს ჯანმრთელობის პრობლემა, ან გადამდები ინფექციური დაავადება, რომელიც მოითხოვს სამედიცინო პერსონალის თანხლებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ესკორტის დანიშვნის შესახებ.

3. უცხოელთა ესკორტირება გამგზავრების პუნქტამდე ხდება სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით.

4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ესკორტის ჯგუფის წევრებს ქვეყნის ფარგლებში უცხოელთა ესკორტირებისას აქვთ სპეციალური საშუალებების ტარების უფლება.

5. გამგზავრების პუნქტამდე ესკორტირების განხორციელებამდე უცხოელს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. სამედიცინო შემოწმებას უნდა ერთოდეს სამედიცინო შემოწმების ფარგლებში უცხოელისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო დიაგნოზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მედიკამენტები.

6. სამედიცინო შემოწმების შედეგები უნდა გადაეცეს ესკორტის ჯგუფის ხელმძღვანელს.

7. სამედიცინო პერსონალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი დასაბუთების/დასკვნის საფუძველზე იღებს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

8. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, დროულად შეატყობინოს გადამყვან კომპანიას და მიმღებ მხარეს (შესაბამისი საკონსულო დაწესებულება) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ.

9. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს ესკორტის წევრები მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებითა და მიმღებ/ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვით (საჭიროების შემთხვევაში).

10. ესკორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის განსაკუთრებული საჭიროებები (სქესი, ასაკი, რელიგიური შეხედულებები და სხვ.).

11. ესკორტის ჯგუფის აღჭურვილობას ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

12. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრები პასუხისმგებელი არიან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირებასა და დანიშნულების სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის მის გადაცემაზე.

13. უცხოელის ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, ესკორტირების შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელთაც თან უნდა ჰქონდეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას და ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების დადასტურება.

14. ესკორტის ჯგუფის წევრები ვალდებული არიან, დაიცვან მიმღები მხარის კანონმდებლობა. ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირების ან ტრანზიტით გადაყვანის დროს, მათი უფლებამოსილებები შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. მიმღებ სახელმწიფოში იმ ოფიციალური პირების მიუწვდომლობის შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ აუცილებელი ზომები, ან დახმარება გაუწიონ ესკორტის ჯგუფის წევრებს დაუყოვნებელი და სერიოზული რისკის შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ყველა გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ დაუშვან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გაქცევა, მის მიერ საკუთარი თავისთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის ზიანის მიყენება ან ქონების დაზიანება.

15. ესკორტის ჯგუფის წევრები პასუხისმგებელნი არიან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობასა და აღნიშნული დოკუმენტების მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის გადაცემაზე. ესკორტის ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გადაცემისათვის შეთანხმებული ადგილის დატოვება ამ პირის გადაცემის პროცედურის დასრულებამდე.

მუხლი 15. უცხოელის პირადი ნივთებისა და ბარგის დაცვა

1. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს, უცხოელის პირადი ნივთები და ბარგი ექვემდებარება უსაფრთხოებისათვის დადგენილი შემოწმების პროცედურას.

2. გამგზავრებამდე სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის ბარგზე  კეთდება შესაბამისი საიდენტიფიკაციო აღნიშვნა.

3. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს თან აქვს ფული ან/და ძვირფასეულობა, მათი მოთავსება ხდება შესაბამის გამჭვირვალე პაკეტში, ილუქება და ინახება ესკორტის ჯგუფის ხელმძღვანელთან დანიშნულების ქვეყანაში უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემამდე.

4. გამგზავრებამდე უცხოელს სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო აწვდის ინფორმაციას პირადი ნივთებისა და ბარგის გადატანასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ.

5. ბარგთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ევალება გაძევებას დაქვემდებარებულ უცხოელს.