Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On the Regulation on Performing Military Service | |
|---|---|
| Document number | 238 |
| Document issuer | Government of Georgia |
| Date of issuing | 18/03/2014 |
| Document type | Ordinance of the Government of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 19/03/2014 |
| Activating Date | 08/03/2014 |
| Registration code | 120260000.10.003.017853 |
| Consolidated publications | |
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system
Initial version (19/03/2014 - 17/07/2014)
|
| მუხლი 1 |
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 8 მარტიდან. |
|
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება |
თავი I
ძირითადი დებულებანი |
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის; ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის; გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის. 2. სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. 3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებზე. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო მოსამსახურის სტატუსი გააჩნია პირს, თუ იგი დანიშნულია სამხედრო მოსამსახურედ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვა უწყების სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, მისი სასურსათო კმაყოფაზე აყვანის/მოხსნის, სანივთე ქონებით და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნისა და აღმშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები. თავი II სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესი
1. სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, ხოლო დამთავრების დღედ ითვლება კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. 2. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა დადგენილია საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. 3. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები დებენ სამხედრო ფიცს, მათ ენიჭებათ სამხედრო წოდებები და განთავსდებიან ყაზარმებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის მთელ პერიოდში ეძლევა ორკვირიანი შვებულება, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მე-12 თვისა. 5. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით შეიძლება დამატებით მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით, რომელიც ამ თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 6. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს თავის სამხედრო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ან სამხედრო ნაწილში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან სამხედრო ნაწილის მეთაურმა (უფროსმა) უნდა შეატყობინოს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს (უფროსს). 7. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნული/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა: ა) ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით; ბ) დროებითი შტატის თანამდებობის ანალოგიური ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ სამხედრო მოსამსახურე დროებით შტატზე ინიშნება ძირითად შტატზე გადაყვანამდე ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე.
თავი III სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებები 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან იმ სამხედრო ნაწილებში, რომლებშიც ჩარიცხული არიან საშტატო თანამდებობებზე მათი სპეციალობისა და სამხედრო წოდების მიხედვით. 2. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები შეიძლება გაიგზავნონ სამსახურებრივ მივლინებაში: ა) სამხედრო სასწავლებელში შესვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე, სამხედრო შეკრებებსა და კურსებზე სასწავლებლად; ბ) სამხედრო შეკრებებისა და საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მომსახურების მიზნით; გ) სამხედრო ტვირთის, საბრძოლო ტექნიკისა და ქონების დასაცავად და გასაცილებლად; დ) მართლმსაჯულების ორგანოებში გამოსაცხადებლად; ე) სპორტულ და კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; ვ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში. 3. მივლინებაში გაგზავნა და დაბრუნება ფორმდება უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) ბრძანებით. მისავლინებელ პირს მიეცემა სამივლინებო ფურცელი და შესაბამისი სამივლინებო ხარჯები. 4. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული არიან დროულად გამოცხადდნენ მივლინების პუნქტში, მოახსენონ შესაბამისი სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) მეთაურს (უფროსს) თავიანთი გამოცხადების შესახებ, დადგნენ აღრიცხვაზე, ფულად და სასურსათო კმაყოფაზე, ხოლო მივლინების ვადის დამთავრების შემდეგ დადგენილ ვადაში დაბრუნდნენ თავიანთ სამხედრო ნაწილში. თუ მივლინებისას სამხედრო მოსამსახურე დგება სამხედრო ნაწილის (დაწესებულების) ფულად და სასურსათო კმაყოფაზე, სამივლინებო ხარჯებიდან ანაზღაურდება მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები. ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება, თუ სამხედრო მოსამსახურის ტრანსპორტირება ხდება შესაბამისი უწყების სატრანსპორტო საშუალებით. თავი IV სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის რეზერვში ჩარიცხვა 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს მიეცემათ სათანადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის წარმოქმნისას. ამასთან, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) თუ სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოიყენეს აღკვეთის ღონისძიება, გარდა პატიმრობისა და/ან გამოიყენეს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა (გარდა განსაკუთრებით მძიმე, ან მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისა), სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე დადგენილი ვადით აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს; ბ) თუ სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: ბ.ა) სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი, გარდა თავისუფლების აღკვეთისა (გარდა განსაკუთრებით მძიმე, ან მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისა), სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამასთან, პატიმრობის პერიოდი სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში არ ჩაითვლება; ბ.ბ) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამასთან პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში; გ) თუ სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა (მათ შორის, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის), მიუხედავად თავისუფლების აღკვეთის ვადისა, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე; დ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტისას სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს დარჩენილი ვადით. ამასთან, პატიმრობის პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში არ ჩაითვლება. თავი V სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთო-საჯარისო წესდებებით. 2. თუ წვევამდელი, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას, ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით. თუ ასეთ სამხედრო მოსამსახურეს კვლავ წარმოექმნება სამხედრო სამსახურის გადავადების კანონით დადგენილი სხვა საფუძველი, სამხედრო მოსამსახურე, მისი სურვილის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი რეზერვში ჩარიცხვით. თავი VI საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახური 1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები, რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე. 3. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად კონტრაქტის ფორმას და ვადას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, კონტრაქტი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმეჯერ. 4. საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან: ა) რეზერვის რიგითებისა და კაპრალების, სერჟანტებისა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა; ბ) სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირები; გ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან; დ) ქალები 18 წლის ასაკიდან. 5. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ჩარიცხვამდე ამ თავის მე-4 პუნქტში აღნიშნული პირები გადიან შერჩევას, ხოლო სამხედრო საკონტრაქო (პროფესიულ) სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ – სპეციალურ კურსს/კურსებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული შერჩევა და სპეციალური კურსის/კურსების გავლა ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროგრამის შესაბამისად. სპეციალური კურსის/კურსების გავლას არ ექვემდებარებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის პირები. 6. ამ თავის მე-4 პუნქტში აღნიშნული პირი, შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ჩაირიცხება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და სპეციალური კურსის/კურსების გავლის შემდეგ ან უამისოდ ინიშნება თავისი კვალიფიკაციის და წოდების მიხედვით შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, თავისი თანხმობით, დაბალ თანამდებობაზე. 7. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინური წესით თანამდებობიდან ჩამოქვეითება ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ხდება იმ თანამდებობის პირთა მიერ, რომლებმაც ეს სამხედრო მოსამსახურეები დანიშნეს თანამდებობაზე ან მიანიჭეს სამხედრო წოდება. 8. თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით და კონტრაქტი ვადამდე შეუწყდა თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით: ა) მისი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, იგი ჩაირიცხება სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევიდან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ნამსახურობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილ ვადას; ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თაობაზე მისი ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება და სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში იგი დაექვემდებარება კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი სრული ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას; გ) იგი დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხება რეზერვში, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე გასულია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილი ვადა. 9. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, პასუხისმგებლობა და სოციალური დაცვის საკითხები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. 10. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის პერიოდი ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის საერთო სტაჟში. 11. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის თავისებურებანი 1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. პირს, საკუთარი სურვილის შესაბამისად, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის უფლება აქვს იმ შემთხვევებში, თუ იგი: ა) ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა.ა) ექვემდებარება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას – სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე; ა.ბ) სარგებლობს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების ან გათავისუფლების უფლებით და კანონმდებლობა არ ზღუდავს მის მიერ საკუთარი სურვილით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას; ბ) არის სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის გათვალისწინებულზე მეტი ასაკის. თავი VIII საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი 1. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ანალოგიურია. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები სამხედრო ფიცის ნაცვლად კისრულობენ წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის შესრულების შესახებ. დადგენილია წერილობითი ვალდებულების შემდეგი ტექსტი:
„მე ______________________________________________________________ სახელი, მამის სახელი და გვარი
შევდივარ რა საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ვკისრულობ ვალდებულებას პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება, შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთო-საჯარისო წესდებისა და კონტრაქტის ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად.
„_____“ _______________ _______________________ (თარიღი, თვე, წელი) (ხელმოწერა)“.
თავი IX საქართველოს სამხედრო ძალებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურს გადის კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. 2. სამხედრო მოსამსახურე გადის სამხედრო სამსახურს კონტრაქტით დადგენილი პირობების დაცვით. იგი ინიშნება, როგორც წესი, სამეთაურო, საშტაბო თანამდებობაზე ან კონსულტანტად. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გადის სამხედრო სამსახურს საქართველოს სამხედრო ძალებში, ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საერთო-საჯარისო წესდებები და კონტრაქტის მოთხოვნები. 4. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამსახური ეთვლება წელთა ნამსახურობაში. 5. სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგოები განესაზღვრება თანამდებობრივი, სამხედრო წოდების, კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით. 6. სამხედრო მოსამსახურეს პენსია ენიშნება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 7. სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის ვადის გასვლამდე სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამხედრო ძალებში ჩარიცხვისას კისრულობს შემდეგ წერილობით ვალდებულებას:
„მე __________________________________________________________________ სახელი, მამის სახელი და გვარი
შევდივარ რა საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ვკისრულობ ვალდებულებას პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება, შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთო-საჯარისო წესდებების მოთხოვნები და მეთაურის (უფროსის) ბრძანება, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად. „______“ _____________________ _____________________________ (თარიღი, თვე, წელი) (ხელმოწერა)“.
9. ამ თავით დადგენილი პროცედურები ვრცელდება აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეზე, რომლის საქართველოს სამხედრო ძალებში ჩარიცხვა ხდება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის გადაწყვეტილებით. თავი X ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი 1. ოფიცერთა შემადგენლობა, მათი სამხედრო წოდებები, სამხედრო სამსახურში გაწვევა, თანამდებობებზე დანიშვნა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, უფლება-მოვალეობანი და სოციალური გარანტიები განსაზღვრულია საქართველოს კანონებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, ამ დებულებით და საერთო-საჯარისო წესდებებით. 2. საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცერთა შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის სამხედრო წოდება; ბ) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც გაიარეს სამხედრო მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში ან სასწავლო შეკრებებზე და მიენიჭათ ოფიცრის სამხედრო წოდება; გ) კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული ოფიცრებით; დ) სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან გადმოყვანილი ოფიცრებით; ე) რეზერვიდან გაწვეული ოფიცრებით. 3. უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‑სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) და გენერლის (ადმირალის) – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 4. სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ შეიძლება მიეცეს კუთვნილი შვებულება ან/და მოთხოვნის შემთხვევაში გაიგზავნოს სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებით მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. 5. ოფიცრებს, რომლებმაც იმსახურეს უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში სამხედრო სამსახურის პერიოდი ეთვლებათ სამხედრო სამსახურად ბრძოლებში მონაწილეობისა და რთულ პირობებში სამსახურისათვის ნამსახურობის წელთა დანამატის გათვალისწინებით და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი შეღავათები. 6. ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევათ შვებულებები. იმ შემთხვევაში, თუ ოფიცერმა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურემ ვერ ისარგებლეს მორიგი შვებულებით, მათ, პირდაპირი უფროსის ნებართვით, ეძლევათ გასული წლის შვებულებით სარგებლობის უფლება მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 7. სამხედრო ნაწილებისა და მართვის ორგანოების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით არ შეიძლება ერთდროულად ოფიცერთა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობაში შემავალი პირების ერთ მესამედზე მეტის შვებულებაში გაშვება. 8. ოფიცერთა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა გამოძახება შვებულებიდან დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი სამსახურებრივი აუცილებლობით, პირდაპირი უფროსის ბრძანებით. ამ შემთხვევაში შვებულების გამოუყენებელი ნაწილი მათ, როგორც წესი, მიეცემათ მიმდინარე წელს. 9. ოფიცრებსა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით წელიწადში ერთხელ, რომელიც არ ჩაითვლება მორიგი შვებულების ანგარიშში. 10. შვებულება ავადმყოფობის გამო ოფიცრებს ეძლევათ სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე. შვებულების ხანგრძლივობა ავადმყოფობის გამო დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ეს ვადა შეიძლება ორი თვით გაგრძელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო სამსახურისთვის ოფიცრის ვარგისიანობის საკითხს. შვებულება ავადმყოფობის გამო მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 11. ოფიცერ ქალებს შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ეძლევათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. 12. ოფიცერი შეიძლება სამხედრო სამსახურს გადიოდეს სხვადასხვა თანამდებობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში. ამ შემთხვევაში სამსახურის პერიოდი ითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში. 13. ამ თავის მიზნებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში კონტრაქტის შესრულების ადგილად ითვლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ქვედანაყოფი, რომელშიც სამსახურს გადის სამხედრო მოსამსახურე. 14. ამ თავში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XI ატესტაცია 1. ოფიცერთა კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველყოფის მიზნით, იმართება ოფიცერთა ატესტაცია. 2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა თითოეული ოფიცრის საქმიან და პიროვნულ თვისებებს, განისაზღვრება მისი შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და მისი სამსახურებრივი პერსპექტივა, ხდება სამსახურში დასაწინაურებელ კანდიდატურათა გამოვლენა. 3. ოფიცერთა ატესტაციას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაო (საორგანიზაციო და აღმზრდელობითი ღონისძიებები, ინდივიდუალური საუბრები და სხვ.). 4. მშვიდობიან დროს ატესტაცია ეწყობა სამ წელიწადში ერთხელ. მთლიანად ოფიცერთა შემადგენლობის ან მისი ცალკეული კატეგორიების ატესტაცია შეიძლება გაიმართოს სხვა ვადებში. უფროსები, რომლებიც აწყობენ თავიანთი ხელქვეითების ატესტაციას, პირადად აგებენ პასუხს ატესტაციის ობიექტურობისათვის, მისი დასკვნებისა და რეკომენდაციებისათვის. 5. ატესტაციის შედეგებს უშუალო უფროსები უცხადებენ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც გაიარეს ეს ატესტაცია. საჩივარი ატესტაციის წესის დარღვევისა და მისი არაობიექტურობის გამო შეიძლება შეტანილ იქნეს დადგენილი წესით მისი გამოცხადებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. საბოლოო გადაწყვეტილებას საჩივართან დაკავშირებით იღებს ის პირი (უფროსი), რომელმაც დაამტკიცა ატესტაცია. საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში, ატესტაციაში შეაქვთ შესაბამისი ცვლილებები ან იმართება ახალი ატესტაცია. 6. პირდაპირი უფროსები ოფიცრებისაგან უნდა ითხოვდნენ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას და დახმარებას უწევდნენ მათ ამ საქმეში, აგრეთვე, უნდა უზრუნველყოფდნენ საატესტაციო დასკვნების რეალიზაციას. თავი XII ატესტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 1. სამხედრო მოსამსახურის ატესტაცია არის სამხედრო მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ატესტაციას სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს: ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა, რა პერიოდია გასული სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ბოლო გაწვევიდან, ასევე, მნიშვნელობა არ ენიჭება 3 კალენდარული წლის განმავლობაში რა პერიოდი აქვს სამხედრო მოსამსახურეს ნამსახურები; ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას. 3. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე. 4. ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის, სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ. 5. სამხედრო მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 6. საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე მათი თანხმობით. 7. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 8. ატესტაციის ჩატარების ფორმატს, ტესტირების მეთოდს და თემატიკას, სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს. 9. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასა და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, საატესტაციო კომისია ისმენს მოსამსახურის ანგარიშს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას სამსახურებრივ მოვალეობასა და/ან მინიჭებულ წოდებასთან მიმართებით. 10. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. 11. საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე. 12. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა. 13. საატესტაციო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 14. საატესტაციო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 15. ატესტაციის შედეგების მიხედვით საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) სამხედრო მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) სამხედრო მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას; გ) სამხედრო მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას. 16. საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული სამხედრო მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 17. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაცო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 18. სამხედრო მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი. 19. ამ თავის მე-16 და მე-18 პუნქტებში მითითებული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად. 20. ატესტაციის შედეგების შესახებ საატესტაციო კომისია მოახსენებს საქართველოს თავდაცვის მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება: ა) ამ თავის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის დაწინაურების შესახებ; ბ) ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; ან ბ.ბ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ. თავი XIII სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს 1. სამხედრო მოსამსახურეები საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო სამსახურს გადიან არსებული სამართლებრივი აქტების შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით: ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა; ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო). შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს; გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქალაქენი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ სამობილიზაციო მიწერილობის თანახმად სამხედრო კომისარიატში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაბრუნდებიან სამსახურში, რეზერვისტები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს სამხედრო კომისარიატებში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცრებით დაკომპლექტება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ხორციელდება: ა) სამხედრო სამსახურში გაწვეული ოფიცრებით; ბ) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის წოდება; გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული ქალებით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამხედრო სპეციალობის მონათესავე უმაღლესი განათლება ან საშუალო სპეციალური განათლება და მიენიჭათ ოფიცრის წოდება. 4. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით, მგზავრობისათვის საჭირო დროის ჩაუთვლელად. 5. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა გრძელდება სამკურნალო დაწესებულებებში. განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სამხედრო ნაწილის მეთაურს უფლება აქვს სამხედრო მოსამსახურეს მისცეს შვებულება 30 დღის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნით შვებულება შეიძლება გაუგრძელოს ამავე ვადით, ხოლო გარკვეული სამედიცინო მაჩვენებლების არსებობისას, შვებულება შეიძლება გაუგრძელდეს კიდევ ერთხელ. ავადმყოფობის გამო შვებულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ. 6. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილი არიან სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან ავადმყოფობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც უვარგისი არიან სამხედრო სამსახურისათვის და ექვემდებარებიან გადამოწმებას 6 ან 12 თვის გასვლის შემდეგ, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო. თავი XIV ზღვრულ ასაკს მიღწეულ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებანი
სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის გაგრძელების საკითხი რეგულირდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. თავი XV საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამშვიდობო ძალებში სამსახურის გავლის სპეციალური წესები
1. ამ თავში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეიარაღებული კონფლიქტის ზონა – საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ის ტერიტორია, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები წარგზავნილები არიან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და მის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოების ზონა; ბ) სამშვიდობო ოპერაციები – მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და/ან აღდგენის ოპერაციები; გ) სამშვიდობო ძალები – სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი სამხედრო დანაყოფები (ოცეული, ასეული, ბატალიონი, ბრიგადა და სხვა) და სამშვიდობო ძალების შტაბი (მათ შორის, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობები). 2. სამხედრო დანაყოფი, რომელსაც დაეკისრება სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების ვალდებულება, იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რიცხოვნობისა და ჯარის სახეობების ფარგლებში. მითითებულ ბრძანებაში აისახება დანაყოფის რიცხოვნება და მისი დაკომპლექტების წესი, ამ დანაყოფის დანიშნულების ადგილი და უფლებამოსილების პერიოდი. დანაყოფის შემადგენლობის როტაცია ხდება პერიოდის დასრულებისთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 3. სამშვიდობო ძალებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდის განმავლობაში ნამსახურობის ერთი დღე ჩაეთვლება ორ დღედ. ეს პერიოდი გამოითვლება შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, ზონაში გამგზავრებისა და ზონიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. 4. სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში გამგზავრება, როგორც წესი, ხდება მისთვის სამსახურის გავლის ადგილად შეიარაღებული კონფლიქტის ზონის განსაზღვრის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სამშვიდობო ძალების შტაბის წარმომადგენლების გამგზავრება – მივლინების საფუძველზე. 5. ამ თავის მე-3 პუნქტში მითითებული სამხედრო მოსამსახურეების ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XVI საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების, შრომის ანაზღაურების, სამუშაო დროის და სამსახურის გავლის სხვა თავისებურებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სახის სამხედრო მოსამსახურის მივლინება ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ დებულებით ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის აქტით. მივლინების ბრძანებით განისაზღვრება მივლინების ვადა, მივლინების პერიოდში სადღეღამისო ნორმა, სასურსათო კმაყოფაზე აყვანის, მგზავრობისა და განთავსების საკითხი. 2. თუ მივლინების ბრძანებით განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ობიექტში ფულად ან/და სასურსათო კმაყოფაზე დადგომის ან/და განთავსების საკითხი, სამხედრო მოსამსახურეს არ აუნაზღაურდება შესაბამისი სამივლინებო (სადღეღამისო ან/და საცხოვრებელი ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული) ხარჯები. ეს პუნქტი არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებზე. 3. გარდა მივლინების ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურის ფულად, ასევე, სხვა სახის კმაყოფაზე დადგომა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურე შესაბამისი თანამდებობის პირის ბრძანებით დაინიშნება თანამდებობაზე ან ჩაირიცხება სამხედრო ნაწილში. დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ფულადი ანაზღაურება მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დღიდან, რაზეც გამოიცემა უშუალო უფროსის ან მეთაურის ბრძანება. ბრძანებაში უნდა აისახოს სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ადგილზე გამოცხადებისა და მის მიერ სამხედრო სამსახურის ფაქტობრივად დაწყების თარიღი. 4. სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე, მის განსაზღვრაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამხედრო ქვედანაყოფებში და ამავე აქტით განსაზღვრულ დროის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება 3 დღე-ღამეში ერთხელ, 24 საათით გამოცხადდეს სამხედრო ნაწილში სამხედრო ვალდებულების შესასრულებლად. 6. სამხედრო სამსახურის ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს: ა) სამხედრო თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს; ბ) სამხედრო შეკრებებზე ყოფნის პერიოდს (მათ შორის, სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობას); გ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე, სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს; დ) სსრკ-ს ჯარში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე; ე) სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლის პერიოდს, თუ სპეციალური წოდება გათანაბრდა სამხედრო წოდებასთან და სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვალა სამხედრო სამსახურის სტაჟში; ვ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად; ზ) სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს; თ) კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა. 7. სამხედრო მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში: ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ბ) წვრთნების პერიოდში; გ) საყარაულო განწესის დროს; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 8. სამხედრო მოსამსახურის სასურსათო კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. 9. სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს) სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ავადმყოფობის გამო შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში – სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე, სარეაბილიტაციო მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – 90 თვეს. შვებულების ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორულ მკურნალობას, აგრეთვე, სარეაბილიტაციო მკურნალობას, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას; ბ) თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი ოდენობით; გ) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება: გ.ა) ფულადი სარგო და დანამატები (არსებობის შემთხვევაში), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ.ბ) კვების კომპენსაცია. 10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში: ა) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირზე ვრცელდება ამ თავის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები (მათ შორის, მკურნალობის ვადებისა და მათი გაგრძელების თაობაზე), გარდა შვებულებასთან დაკავშირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა; ბ) თუ საკონტრაქტო (პროფესიული) ან კადრის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ამ თავის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში ამოიწურა ან სამხედრო მოსამსახურე მიაღწევს ზღვრულ ასაკს, ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოქმედების ვადა ან ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ თავის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით; გ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს მისი სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადას. ამასთან, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, მასზე ვრცელდება ამ თავის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები (მათ შორის, მკურნალობის ვადებისა და მათი გაგრძელების თაობაზე), გარდა შვებულებასთან დაკავშირებული და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა. 11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამხედრო მოსამსახურის, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ავადმყოფობის გამო გათავისუფლება არა უმეტეს 7 დღის ვადით არ საჭიროებს სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნას. 12. პირი სამხედრო სამსახურში გაიწვევა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება შემდეგი თანამდებობის პირების მიერ: ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა გაწვევისა); ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის მოსამსახურე (გარდა უმაღლესი ოფიცრის გაწვევის/დათხოვნისა და პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) გაწვევისა) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ; გ) უმაღლესი ოფიცრის გაწვევა/დათხოვნა და პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის) გაწვევა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ. 13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ხორციელდება: ა) სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე (გარდა იმ თანამდებობებისა, რომელზეც დანიშვნა/გათავისუფლების უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს) გადაადგილება (დანიშვნა/გათავისუფლება, დაწინაურება/დაქვეითება); ბ) სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის, იმ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურისა, რომლის დანიშვნის/გათავისუფლების უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს) თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრება, გარდა ამ თავის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური შტაბის უფროსის დავალებით, გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. თავი XVII საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) გავლის ზოგიერთი თავისებურებანი 1. სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში გადაიყვანება იმ თანამდებობის პირის მიერ, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენს შესაბამისი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობის დამტკიცება ან გაუქმება. 2. ეს დებულება არ ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული მოსამსახურეების კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დასათხოვი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ზღვრული ასაკის მიღწევის ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დასათხოვი ან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად მისი მოთხოვნის შემთხვევაში. 4. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას სამხედრო მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. 5. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამხედრო სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ. 6. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან ავადმყოფობის გამო დათხოვნა არ საჭიროებს მოსამსახურის გაფრთხილებას შესაძლო დათხოვნის შესახებ. 7. კადრების განკარგულებაში ყოფნისას სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა აღნიშნული თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება. 8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ყოფნისას, ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე, ამ თანამდებობისათვის დადგენილი მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული მოვალეობების საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტური თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნულია/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა: ა) ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით; ბ) დროებითი შტატის თანამდებობის ანალოგიური ძირითადი შტატის თანამდებობის საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ სამხედრო მოსამსახურე დროებით შტატზე ინიშნება ძირითად შტატზე გადაყვანამდე ან სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე. 9. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას, დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან გაწვეულ იყოს სხვა პირი, რომელიც სამხედრო სამსახურში მიიღება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით. 10. ნებისმიერი სახის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული შტატის შემცირების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ითვლება კადრების განკარგულებაში გადაყვანილად დროებით არყოფნის საფუძვლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მას შეეთავაზება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის ან შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს, რის შესახებაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას. შეთავაზებაზე თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის დღიდან. 11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი გადაადგილებისას სხვა თანამდებობის დაკავებამდე (შეთავაზებამდე) თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში. შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე. 12. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან. 13. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის მიმართ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ. 14. სამხედრო სამსახურში შეიძლება გაწვეულ იქნეს პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. 15. სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თუ მას გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა. თავი XVIII საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი 1. სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ: ა) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში) ქვეპუნქტების საფუძველზე; ბ) სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების საფუძველზე; გ) სახეზეა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით ან ამ დადგენილების VI თავის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. თუ სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე: ა) აღნიშნული ვალდებულება წყდება შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებისას; ა.ბ) თუ სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში; ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოქმნილია 2012 წლის 1 იანვრამდე და არ არის გადახდილი ან გადახდევინებული იძულებითი აღსრულების წესით; ბ) ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. იმ პირებს, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, დაკისრებული პირგასამტეხლო უმცირდებათ სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში გაფორმებული მორიგების სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში. აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება უკვე გადახდილ თანხებთან დაკავშირებით; გ) ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება გადავადდება/განწილვადდება და/ან შემცირდება, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მათ გადავადებას და/ან შემცირებას, იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხიმგებელი პირი აცხადებს თანხმობას სასამართლოში დავის წარმართვის გარეშე ნებაყოფლობით გადაიხადოს შეთანხმებული თანხა და წარმოადგენს სათანადო უზრუნველყოფას; დ) თუ პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მიმღებ პირს, მას გადაუვადდება ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდა 2 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსით ყოფნის ვადისა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადავადება შესაძლებლია მხოლოდ ორჯერ, ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში მითითებული სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ფინანსური პასუხისმგებლობისაგან. 3. ამ თავის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, თუ დარღვეული კონტრაქტის საფუძველზე პირს წარმოექმნა სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება, იგი ამ ვალდებულებისაგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამსახურში დაბრუნებისას გაფორმებული კონტრაქტის სრული ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ. 4. ფინანსურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება: ა) ამ თავის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, გადახდის გადავადებისა და განწილვადების მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება; ბ) ამ დებულების XIX თავის მე-2 პუნქტის, ამ თავის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე, ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირების მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება; გ) ამ თავის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის (გარდა დანაშაულით ან განზრახი მოქმედებით მიყენებული ზიანისა), სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება. 5. სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან. 6. ამ თავის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების ოდენობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ წარმოქმნილი ვალდებულებების ოდენობის 1/4-მდე, ხოლო გადავადების/განწილვადების გრაფიკი არ შეიძლება იყოს 2 კალენდარულ წელზე მეტი. ჯარიმის თანხის შემცირება შესაბამისი პროპორციით იწვევს ჯარიმაზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. თავი XIX გარდამავალი დებულებები 1. XVIII თავის (გარდა პირველი პუნქტისა) მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე წარმოქმნილ ფინანსურ ვალდებულებებზე. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად 2009 წლის 2 აპრილამდე გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტში განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა არ წარმოიქმნება, ხოლო წარმოქმნილი ვალდებულება წყდება, თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში. 3. ამ დებულების VI თავის მე-2 პუნქტისა და X თავის მე-13 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს აგრეთვე 2008 წლის პირველი ნოემბრიდან გაფორმებულ კონტრაქტებზე. 4. თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდიდა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, კონტრაქტი ვადამდე შეუწყდა თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 22 ივნისამდე: ა) სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვალოს, თუ: ა.ა) იგი ჩაირიცხა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევიდან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ნამსახურობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადების ჯამი არანაკლებია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილი 12‑ ან 18‑თვიანი ვადისა; ა.ბ) იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა რეზერვში, თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე გასულია მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილი 12‑ ან 18‑თვიანი ვადა; ბ) აყვნილ იქნეს სამხედრო აღრიცხვაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად და დაექვემდებაროს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი სრული ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, თუ იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე, მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილი 12‑ ან 18‑თვიანი ვადის გასვლამდე. |
Return back
Document comments