On Approval of the Statute of the Chief Prosecutor’s Office of Georgia

On Approval of the Statute of the Chief Prosecutor’s Office of Georgia
Document number 38
Document issuer Minister of Justice of Georgia
Date of issuing 10/07/2013
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing Website, 11/07/2013
Expiration Date 25/12/2019
Registration code 110060010.22.027.016439
Consolidated publications
38
10/07/2013
Website, 11/07/2013
110060010.22.027.016439
On Approval of the Statute of the Chief Prosecutor’s Office of Georgia
Minister of Justice of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (11/07/2013 - 13/08/2013)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №38

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ და „ დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის  თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) სამართლებრივი აქტებით.

2. მთავარი პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №24.

3. მთავარი პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. მთავარი პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და მინიჭებული აქვს სახაზინო კოდი  26 02 01, გააჩნია ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და მთავარი პროკურატურის დასახელებით.

5. მთავარ პროკურატურას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც გამოიყენება მთავარი პროკურატურის მუშაკთა სავიზიტო ბარათებზე, მთავარი პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებს და საგნებზე.

    მუხლი 2. მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

მთავარი პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის მთავარი პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

    მუხლი 3. მთავარი პროკურატურის საქმიანობის სფერო

მთავარი პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;

ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს;

მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. მთავარი პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

4. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მთავარი პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 5. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა

1. მთავარი პროკურატურის სტრუქტურა შედგება მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

2. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) მთავარი პროკურატურის აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;

გ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

დ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ე) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ვ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ზ) შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

თ)  თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის     დეპარტამენტი;

ი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

კ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ლ) სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტი;

მ) ადამიანის უფლებათა დაცვის  სამმართველო;

ნ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.

3. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 6. მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) ამოცანებია: საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მთავარი პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს; მთავარი პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებზე რეაგირება; პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგება; საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოების შესყიდვა და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.

2. საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია: საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან (მათ შორის, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ) სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; კორუფციასთან და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

4. საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანებია: პროკურატურის ორგანოების მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკების პირადი საქმეების წარმოება, მათი სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტა; კანონით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის კონტროლი; დადგენილი წესით პროკურატურის მუშაკთათვის კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება; სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია; პროკურატურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა; პროკურატურის ორგანოებში შრომის დისციპლინის კონტროლი; ცალკეულ შემთხვევებში შრომით დავებთან დაკავშირებით სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; პროკურატურის მოხელეთათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება; სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება; დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.

6. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; აღნიშნული დეპარტამენტების მიერ განხორციელებული გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებაზე ზედამხედველობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და  შინაგან  საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;  დანაშაულის გამოძიების მეთოლოგიის შემუშავება და დახვეწა, მათი სისტემატიზაცია და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება; მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოსთვის (შემდგომში – ანალიტიკური სამმართველოს) საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაცია; მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით, ანალიტიკური სამმართველოსათვის შესასწავლი საკითხების ინიციირება.

8. თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: თავდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; თავდაცვის სამინისტროში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; თავდაცვის სამინისტროს ორგანოებისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და დაზვერვის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;  შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურების (გარდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

10. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია: ფინანსთა სამინისტროში (გარდა  რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა)  ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;  ფინანსთა სამინისტროში (გარდა  რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;  ფინანსთა სამინისტროს რეგიონულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით; ფინანსთა სამინისტროს (გარდა რეგიონული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

11. სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია: პროკურატურის თანამშრომელთა შორის ტრენინგის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ინფორმაციის ანალიზი; სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის განვითარების ხელშეწყობა; პროკურორთა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; უცხოური პრაქტიკის გაანალიზება და აღნიშნულის მიხედვით ახალი პროექტების ინიციირება, მისი მოწონების შემთხვევაში კი იმპლემენტაცია; პრაქტიკაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნა; დანაშაულის ანალიზი; კვლევების ორგანიზება დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად; კვლევების ორგანიზება ვიქტიმოლოგიის დონის განსაზღვრის მიზნით; უცხოური პრაქტიკის შესწავლა დანაშაულის პრევენციის მიზნით; სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მუშაობის კონტროლი; პროკურატურის საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა; მოქალაქესა და პროკურორს შორის კომუნიკაციის გამარტივება-გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების ინიციირება და მათი იმპლემენტაცია; პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტების ინიციირება და იმპლემენტაცია.

12. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია: პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან; მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება; შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობა.

13. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის კომპეტენციის ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;  მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება საქართველოს პროკურატურის მუშაკებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით:

ა)   მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და სხვა ღონისძიებები) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და  გავრცელება;

ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

გ)   ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; 

დ)  საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ე)   მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.

მუხლი 7. საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი

პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.