On the approval the procedure for joint action during alarms caused by detection of nuclear and radioactive materials at border checkpoints, airports, ports and maritime spaces of Georgia

On the approval the procedure for joint action during alarms caused by detection of nuclear and radioactive materials at border checkpoints, airports, ports and maritime spaces of Georgia
Document number 397
Document issuer Government of Georgia
Date of issuing 24/12/2010
Document type Ordinance of the Government of Georgia
Source and date of publishing LHG, 172, 31/12/2010
Registration code 360090000.10.003.016149
Consolidated publications
397
24/12/2010
LHG, 172, 31/12/2010
360090000.10.003.016149
On the approval the procedure for joint action during alarms caused by detection of nuclear and radioactive materials at border checkpoints, airports, ports and maritime spaces of Georgia
Government of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (31/12/2010 - 18/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 397

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1.    ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №954 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 2.7. პუნქტისა და ,,ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბირთვული და სხვა რადიაქტიური მასალის უკანონო კონტრაბანდის თავიდან აცილებაში თანამშრომლობის თაობაზე საიმპლემენტაციო შეთანხმების“ შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების თანდართული წესი.

მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შეიმუშაონ და 2011 წლის 1 აპრილამდე ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ ,,საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისას განგაშზე რეაგირების სქემა“.

მუხლი 3.     დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

 

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას და გადაადგილებისას კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ერთობლივი მოქმედებების განხორციელების წესს.

2. ამ წესის მიზანია ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის აღკვეთა, რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვების სამართლებრივი რეგულირება და საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემმოწმებელი ჯგუფი – შემმოწმებელი ჯგუფი შედგება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – ცვლაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებისა და პორტალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ორგანოს (შემდგომში – საგადასახადო ორგანო) წარმომადგენლებისაგან, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება და აღჭურვილნი არიან ინდივიდუალური რადიაციული პეიჯერებითა და ხელის რადიაციული დეტექტორებით;

ბ) ცენტრალური განგაშის სადგური (შემდგომში – ცგს) – სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან არსებული სპეციალური აპარატურით აღჭურვილი სადგური, რომელიც მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. სადგურის სამორიგეო ოთახში ხდება ხმოვანი და ვიზუალური სიგნალის მიღება ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმომჩენი მონიტორებისა და ტელეკამერებისაგან. ნავსადგურებში ცგს, როგორც წესი, შეიძლება განთავსდეს ნავსადგურის უსაფრთხოების მონიტორინგის ცენტრში;

გ) სპეციალისტი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი და საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელთან მუშაობის მიმართულებით და აქვს მისი აღმომჩენი ხელსაწყოსა და იდენტიფიკატორის მოხმარების შესაბამისი კვალიფიკაცია;

დ) ცრუ განგაში განგაში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკურ საშუალებათა გაუმართაობამ ან ბუნებრივმა რადიაციულმა ფონმა;M

ე) უსაფრთხო განგაში – ძირითადად გამოწვეულია I და II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებებით, რომელებიც არ წარმოადგენს საშიშროებას, ან გამოწვეულია II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებებით, თუ მათი მატარებელია ცოცხალი ორგანიზმი;

ვ) რადიოაქტიური იზოტოპის ამომცნობი (რია) – პორტატული (გადასატანი) ტიპის ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება რადიონუკლიდის ძებნისა და ამოცნობისათვის (იდენტიფიკაციისათვის), გამა და ნეიტრონული გამოსხივების აღმოჩენა-იდენტიფიკაციისა და რადიაციული ექსპერტიზის ჩატარებისათვის;

ზ) დროებითი სადგომი – სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში, აეროპორტებსა და ნავსადგურებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც შესაძლებელია რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის (მათ შორის, ბარგის, ხელბარგის) ან/და მისი გადამტანი ან შემცველი სატრანსპორტო საშუალებების დროებით უსაფრთხო განთავსება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემდგომ იზოლირებამდე ან მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე. დროებითი სადგომის ადგილს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) შეთანხმებით;

თ) ბირთვული იარაღი – ხელსაწყო, რომელიც ქმნის ატომურ ენერგიას აფეთქების გზით, ატომის გაყოფის ან სინთეზის რეაქციის შედეგად. რადიოაქტიური ნივთიერებების IV ჯგუფში მოცემული მასალები გამოიყენება ბირთვულ მექანიზმებში;

ი) I ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებები (NORM) – გარემოში ბუნებრივად არსებული რადიოაქტიური ნივთიერებები. ყველა მინერალი და ქანი შეიცავს მცირე რაოდენობით ურანს, თორიუმისა და კალიუმის რადიოაქტიურ იზოტოპს. თუ NORM-ი კონცენტრირებულია რაიმე საგანში, მისმა რადიაციულმა დონემ შეიძლება მიაღწიოს იმ ზღვარს, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელია რადიაციის მონიტორის გამოყენებით. ხელის დეტექტორების საშუალებით ხშირად ხდება სხვა იზოტოპების – რადიუმ-226-ის, თორიუმ-232-ისა და კალიუმ-40-ის აღმოჩენა. ბუნებრივ რადიოაქტიურ ნივთიერებებს ასევე შეიცავს კერამიკული ფილები, ხრეში, კალიუმიანი სასუქები და აირპროპანის ცილინდრები;

კ) II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებები – ძირითადად მედიცინაში გამოყენებული იზოტოპები. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან იზოტოპები – CS-137, AM-241, CO-60 და სხვ. მათი გამოყენება ტერორისტული მიზნით ნაკლებად შესაძლებელია;

ლ) III ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებები – ინდუსტრიულ წარმოებასა და კვლევებში გამოყენებადი რადიოაქტიური ნივთიერებები. ამ ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებებია: ცეზიუმ-137, Aმ-241, კობალტი-60 და სხვ. ეს ნივთიერებები ძირითადად გვხვდება სამრეწველო მასალებში. ზოგჯერ მათ გამოიყენებენ რადიოაქტიური გამოსხივების მექანიზმის შესაქმნელად. ზოგიერთი ამ ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვა კანონით არ არის აკრძალული. არსებითი მნიშვნელობა აქვს ფორმას, რომელშიც ეს ნივთიერება არის აღმოჩენილი, რაც, ხშირ შემთხვევაში, იძლევა წარმოდგენას მათი გამოყენების მიზნის შესახებ. ამ სახის ნივთიერების გადაზიდვის შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური დაფასოება და გადაზიდვისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების პირობების შესრულება;

მ) IV ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებები (SNM) – პლუტონიუმი, გარდა იმ პლუტონიუმისა, რომელიც შეიცავს 80%-ზე მეტ პლუტონიუმ-238-სა და ურან-233-ს, გამდიდრებულს ურან-235-ით ან ურან-233-ით. მადნისაგან განსხვავებული ფორმის ურანი, რომელიც შეიცავს იზოტოპებს ბუნებრივი კონცენტრაციით. ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს მოცემული იზოტოპების ნარევს;

ნ) რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი – ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ~ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ბირთვული მასალები, რადიოაქტიური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნარჩენები და მინერალები (წიაღისეული), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, აგრეთვე ნებისმიერი ნივთი, რომელიც დამზადებულია ბირთვული მასალის ან რადიოაქტიური ნივთიერებისაგან ან/და შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ;

ო) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;

პ) საქონელი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონელი;

ჟ) ბუნებრივი რადიაციული ფონი – გამოსხივების დოზა, გამოსხივების დოზის სიმძლავრე ან რადიოაქტიური აქტივობის დონე, რომელიც განპირობებულია გარემოში მყოფი ბუნებრივი ან სხვა რადიოაქტიური წყაროებით, რომლებზეც არ ვრცელდება მარეგულირებელი კონტროლი;

რ) რადიაციული ფონი – ადამიანზე მოქმედი ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ხელოვნური წარმოშობის მაიონებელი გამოსხივება დედამიწაზე;

ს) მაიონებელი გამოსხივება – გამოსხივება, რომელიც მიიღება ბირთვული გარდაქმნების ან ნივთიერებაში დამუხტული ნაწილაკების დამუხრუჭებისას, რომლის ზემოქმედების შედეგად ფიზიკურ ან ბიოლოგიურ სხეულში წარმოიქმნება სხვადასხვა სახის იონები;

ტ) რადიონუკლიდი – რადიოაქტიური ატომები მოცემული მასური რიცხვითა და ატომური ნომრით, ხოლო იზომერული ატომებისათვის – ატომის ბირთვის ენერგეტიკული მდგომარეობით;

უ) ხვედრითი (მოცულობითი) აქტივობა – აქტივობა რადიოაქტივობის საზომი ძირითადი ფიზიკური სიდიდეა განსაზღვრულ ენერგეტიკულ მდგომარეობაში მყოფი რადიონუკლიდის განსაზღვრული რაოდენობისათვის მოცემული დროის მომენტში და იზომება ბეკერელებში (ბკ), ხოლო ხვედრითი აქტივობა არის რადიოაქტიური ნივთიერების აქტივობა, გამოსახული წონით (მოცულობით) ერთეულებში (ბკ/კგ ან ბკ/ლ);

ფ) დამხმარე პერსონალი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენტური თანამშრომლები, ასევე სხვა კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლები, რომელთა გამოძახება ხდება შემმოწმებელი ჯგუფის მიერ (მაგ: ევაკუატორის, სასწრაფოს გამოძახება და ა.შ.) იმ შემთხვევაში, თუ მეორადი შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ საჭიროა აღმოჩენილი მასალის სიღრმისეული შემოწმება, ლოკალიზაცია, შემდგომი ტრანსპორტირება და სხვა ღონისძიებების გატარება, რომელთა მიზანია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა;

ქ) მეორადი შემოწმება – შემოწმება, რომელიც განმეორებით ხორციელდება შემმოწმებელი ჯგუფის მიერ;

ღ) ზივერტი – ეკვივალენტური და ეფექტიანად ეკვივალენტური დოზის ერთეული, რომელიც უჩვენებს ადამიანის სხეულის მიერ შთანთქმული რადიოაქტიური დასხივების ენერგიის სიდიდეს მისი რადიომგრძნობელობის გათვალისწინებით;

ყ) რენტგენი – რენტგენის სხივები, რომლებიც წარმოადგენს მოკლე ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებითაც შესაძლებელია გაუმჭვირვალე საგნის გაშუქება. რენტგენი, როგორც საზომი ერთეული, იხმარება ელექტრული მუხტის არმქონე მაიონებელი გამოსხივების ექსპოზიციური დოზის შესაფასებლად.

თავი II

რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენის, შეჩერების, შეფასების, რეაგირების, გაუვნებელყოფის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, იზოლირების, შენახვისა და აღნიშნული პროცესების მონიტორინგისათვის პასუხისმგებელი ორგანოები

    მუხლი 3. პასუხისმგებელი ორგანოები

რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენის, შეფასების, რეაგირების, გაუვნებელყოფის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, იზოლირების, შენახვისა და აღნიშნული პროცესების მონიტორინგისათვის, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელი ორგანოები არიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები;

ბ) საგადასახადო ორგანო;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური);

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია);

ე) აეროპორტების საავიაციო უშიშროებისა და ნავსადგურების უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სამსახურები;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ფიზიკის ინსტიტუტი).

    მუხლი 4. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენა და შეჩერება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგადასახადო ორგანო, აეროპორტების საავიაციო უშიშროების და ნავსადგურების უსაფრთხოების დაცვის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენას, შეჩერებასა და რეაგირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარებას.

2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ შეტყობინებების დღე-ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიღებას და აღნიშნულ შეტყობინებათა მიღებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 10 საათის განმავლობაში, შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას გამოვლენილი მასალის იდენტიფიკაციასა და იზოლირებაში.

3. რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი სისტემისა და აპარატურის გამართულ მუშაობას და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი და/ან სხვა შესაბამისი დანაყოფი.

4. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენის მიზნით:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმომჩენი სისტემებისა და აპარატურის კალიბრაციას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს ფიზიკის ინსტიტუტის ან სხვა შესაბამისი óორგანოს/დაწესებულების წარმომადგენლებს, ან მიმართავს შესაბამის ლაბორატორიას;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რადიოაქტიური წყაროების შენახვასა და გამოყენებას, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ფიზიკის ინსტიტუტის ან/და სხვა შესაბამისი ორგანოს/დაწესებულების რესურსებს, რაზეც შესაბამის ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;

გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია მიაწოდოს მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსა და საგადასახადო ორგანოს ცალკეული კატეგორიის საქონლის რადიაციული ფონის ზღვრული სანიტარიული ნორმების თაობაზე, რომლებიც გამოთვლილი იქნება საქონლის სხვადასხვა მოცულობით (წონით) პარამეტრებზე გადაანგარიშებით;

დ) საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური პირი, მისი კუთვნილი ბარგი, ხელბარგი, საქონელი და მათი თანმხლები დოკუმენტაცია (სასაქონლო დეკლარაცია, სატრანსპორტო ზედდებული, ინვოისი, სანებართვო მოწმობა და სხვ.), ასევე გახსნას სატრანსპორტო საშუალება და შეამოწმოს მასში ჩატვირთული საქონელი (ტვირთი) შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, გაატაროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები; აუცილებლობის შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები ფიზიკური პირის, მისი კუთვნილი ბარგის ან/და ხელბარგის, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესამოწმებლად; საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახოს შემმოწმებელი ჯგუფი ან/და დამხმარე პერსონალი; რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული დეკლარირებული საქონლის ხვედრითი აქტივობის სიდიდის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო შემოწმებისას უფლებამოსილია მოითხოვოს შემმოწმებელი ჯგუფის ჩართვა (შენიშვნა: საქონლის გადაადგილებისას საქონლის მიმართ შემოწმების პროცედურა შეიძლება დასრულდეს მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ შემოწმების შედეგად გამოვლენილი რადიაციული ფონი არ აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებს).

5. მონაცემები ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენის და დაკავების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს უნდა მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

    მუხლი 5. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეფასება, გაუვნებელყოფა, შეფუთვა, გადაადგილება (ტრანსპორტირება), იზოლირება, შენახვა და აღნიშნული პროცესების მონიტორინგი

1. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეფასებას, გაუვნებელყოფას, შეფუთვას, გადაადგილებას (ტრანსპორტირებას), იზოლირებასა და შენახვას უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური, რომელიც აღნიშნულ სფეროში იმავდროულად ახორციელებს პასუხისმგებელი ორგანოების მოქმედებების კოორდინირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ არ დაფიქსირდა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების გატანისათვის პასუხისმგებელი პირი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია ორგანიზება გაუკეთოს (ან თვითონვე განახორციელოს) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების გაუვნებელყოფას (შეფუთვას, უსაფრთხო გატანას ან/და მის განთავსებას შესაბამის საცავში).

3. რადიაციული უსაფრთხოების პირობების დაცვის, მათ შორის, აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებების იზოლირების, ადგილზე დროებით შენახვის, გადატანისა და საცავში განთავსების ზედამხედველობას ახორციელებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური.

4. რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენის, შეფასების, რეაგირების, გაუვნებელყოფის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, იზოლირებისა და შენახვის საერთო მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 6. სპეციალისტების სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება

1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ორგანოები ან/და დაწესებულებები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზება გაუწიონ რადიოაქტიური კონტროლის განმახორციელებელი პირების (სპეციალისტების) სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია სწავლების დასრულების შემდეგ შეაფასოს გადამზადების პროცესში ჩართული სპეციალისტების (ექსპერტების) მომზადების დონე, გარდა ,,მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის“ პროგრამით მომზადებული სპეციალისტებისა.

თავი III

ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენისას განგაშზე რეაგირების პროცედურები (ფაზები)

    მუხლი 7. რეაგირების ძირითადი პროცედურები

ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენისას განგაშზე რეაგირება მოიცავს შემდეგ ძირითად პროცედურებს (ფაზებს):

ა) მასალის აღმოჩენა და შემოწმება;

ბ) შეფასება;

გ) მეორადი შემოწმება;

დ) რეაგირება;

ე) გაუვნებელყოფა;

ვ) შეფუთვა და ტრანსპორტირება;

ზ) იზოლირება;

თ) შენახვა.

    მუხლი 8. განგაშზე რეაგირება რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის აღმოჩენისას

1. რადიოაქტიური მონიტორის მეშვეობით რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება ხმოვანი სიგნალი, რომელიც ვიდეოგამოსახულებასთან ერთად გადაეცემა ცგს-ს.

2. ცგს-ში არსებული რადიოაქტიურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების აღმომჩენი სისტემა ავტომატურ რეჟიმში უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული მასალის იდენტიფიცირებას, რის შესაბამისადაც ცგს-ს ოპერატორი ახდენს შესაბამისი დონეების მიხედვით განგაშის კლასიფიცირებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების აქტივობის დონე აღემატება დადგენილ ზღვარს, მაშინ ცგს-ის ოპერატორი გამოიძახებს შემმოწმებელ ჯგუფს, რომელიც ახდენს აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური მასალის მეორად შემოწმებას, რათა მოხდეს მისი სიღრმისეული შემოწმება, აღმოჩენილი მასალის კლასიფიკაციის განსაზღვრა და ლოკალიზება. მეორადი შემოწმების დროს ხდება ასევე საეჭვო წყაროს სკანირება.

4. გამოძახების შემთხვევაში, შემმოწმებელმა ჯგუფმა უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ორგანოების დახმარებით შეაჩეროს სატრანსპორტო საშუალება, საქონელი ან ის მგზავრი, რომელმაც გამოიწვია განგაშის სიგნალის ჩართვა.

5. განგაშის შემთხვევაში, შემმოწმებელმა ჯგუფმა უნდა შეამოწმოს როგორც განგაშის გამომწვევი სატრანსპორტო საშუალება, ისე მასში მყოფი ფიზიკური პირები, მათი ბარგი ან/და ხელბარგი და საქონელი.

6. განგაშის შემთხვევაში, მიზანშეწონილია განხორციელდეს განგაშის გამომწვევი კონკრეტული რადიოაქტიური ნუკლიდის იდენტიფიცირება ან/და რადიოაქტიური იზოტოპის ამომცნობი ხელსაწყოს საშუალებით (საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა ხელსაწყოებით/საშუალებებით) იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მოცემული რადიონუკლიდი.

7. თუ შემოწმების პროცესში ერთი მეტრის მანძილზე ხელის დეტექტორი დააფიქსირებს რადიაციის 0.1 მილიზივერტი საათს (მზვ/სთ) და მეტ დონეს, შემოწმება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა მომსახურე პერსონალი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას შემოწმებაში, ევაკუირებულ იქნეს საეჭვო სატრანსპორტო საშუალებიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე ან რადიაციულად უსაფრთხო სხვა მანძილზე, ხოლო საეჭვო ტრანსპორტი, საქონელი/პირი გაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.

8. მეორადი შემოწმების შედეგად გამოვლენილი რადიაციული ფონის ანალიზის შედეგად შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია დაასრულოს შემოწმების პროცედურა ან მოითხოვოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან დამატებითი პროცედურების ჩატარება.

9. ბარგი, ხელბარგი და საქონელი, რომელშიც აღმოჩნდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერება, შემოსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით და დაუწესდეს დაცვა, ხოლო მათი მფლობელი ფიზიკური პირები, ასევე ის პირები, რომელთაც შეხება ჰქონდათ აღნიშნულ ბარგთან, ხელბარგთან ან საქონელთან, შესაბამისი შემოწმებისათვის გადაყვანილ უნდა იქნენ იზოლირებულ ოთახში.

10. შესაბამისი სპეციალისტების გამოცხადებამდე ან რადიოაქტიური ნივთიერების გასატანად მომზადებამდე (დამზადებამდე ან შესაბამისი კონტეინერის შეძენამდე) სატრანსპორტო საშუალება ან/და საქონელი უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიძლება განთავსდეს სპეციალურად გამოყოფილ დროებით სადგომზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი პირები – იზოლირებულ ოთახში.

11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება/საქონელი შემოსაზღვრულ უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებულ უნდა იქნეს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ უნდა აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და შეძლებისდაგვარად განთავსებულ უნდა იყოს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების განთავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან წინასწარი შეთანხმებით.

12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას.

13. ცგს-ის ოპერატორი ვალდებულია მონაცემთა ბაზაში შეიტანოს დეტალური ინფორმაცია განგაშის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

14. იმ შემთხვევაში, თუ არ დაფიქსირდება ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გატანისათვის პასუხისმგებელი პირი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია ორგანიზება გაუკეთოს (ან თვითონვე განახორციელოს) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების უსაფრთხო შენახვას, გატანასა და საცავში მის განთავსებას.

15. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების გადაზიდვის მარშრუტის, მისი საბოლოო განთავსების ადგილის და გაუვნებელყოფის შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს.

    მუხლი 9. რეაგირება I და II ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენისას

1. ხელის დეტექტორის მეშვეობით I და II ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისას უნდა შემოწმდეს გამოსხივების დონის სიმძლავრე.

2. თუ I ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენის შემთხვევაში რადიონუკლიდის აქტივობა აღემატება რუნ-200-ში მოცემულ დონეს, ხოლო II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერების აღმოჩენისას – რუნ-2000-ით დადგენილ ზღვარს, საქონლის გადამზიდავმა (მფლობელმა) შემმოწმებელი ჯგუფის საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს აღნიშნული ნივთიერების ან მისი შემცველი საქონლის გადაზიდვის ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შემმოწმებელი ჯგუფი აუქმებს განგაშს და ამის თაობაზე აცნობებს ცგს-ის ოპერატორს.

3. ფიზიკური პირის შემოწმების დროს II ჯგუფის რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც პირის კუთვნილი ბარგი, ხელბარგი, საქონელი ან სატრანსპორტო საშუალება არ შეიცავს ასეთ ნივთიერებას და რადიაციული ფონის არსებობა განპირობებულია პირის (ან მისი ოჯახის წევრის) მიერ ჩატარებული მკურნალობის კურსით, პირი ვალდებულია შემმოწმებელ ჯგუფს წარუდგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ პირის (ან მისი ოჯახის წევრის) მიერ რადიოაქტიური ნივთიერების გამოყენებით მკურნალობის კურსის ჩატარების ფაქტს (შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დოკუმენტის წარდგენა საქართველოს მოქალაქისათვის სავალდებულოა საქართველოდან მისი გასვლის, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის – საქართველოში მისი შემოსვლის შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქის შემოსვლის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია ზემოაღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი, მაშინ შესაბამის მონაცემთა ბაზაში დეტალურად უნდა დაფიქსირდეს ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამგზავრების მარშრუტი და საბოლოო დანიშნულების ადგილი.).

4. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადამზიდავს (მფლობელს) არ გააჩნია I და II ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერებების გადატანის/გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი (ნებართვა), მაშინ შემმოწმებელი ჯგუფი შესაბამისი რეაგირებისთვის იძახებს დამხმარე პერსონალს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებს, რაც ეცნობება ცგს-ის ოპერატორს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფისათვის შემდგომი რეაგირების მიზნით.

    მუხლი 10. რეაგირება III და IV ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში

1. ფიზიკური პირის ბარგში, ხელბარგში, საქონელში ან/და სატრანსპორტო საშუალებაში III და IV ჯგუფების რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში შემმოწმებელი ჯგუფის საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ამოწმებს წარდგენილ სასაქონლო დეკლარაციას, სხვა თანმხლებ დოკუმენტაციას (სატრანსპორტო ზედდებული, ინვოისი, სანებართვო მოწმობა და სხვ.) და მასალის გადაზიდვის ლეგალურობის დადასტურების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ფიზიკური პირის ბარგის, ხელბარგის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დამატებითი შემოწმებისაგან გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც შემმოწმებელი ჯგუფი აუქმებს განგაშს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ცგს-ის ოპერატორს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერების/მასალის გადაზიდვის ლეგალურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შემმოწმებელი ჯგუფი შესაბამისი რეაგირებისთვის იძახებს დამხმარე პერსონალს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლებს, რაც ეცნობება ცგს-ის ოპერატორს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფისათვის შემდგომი ინფორმირების მიზნით.

    მუხლი 11. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით საქართველოს ნავსადგურებსა და აეროპორტებში გასატარებელი ღონისძიებები

1. ნავსადგურებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან კოორდინაციით და ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელშეწყობით უზრუნველყოფს:

ა) ნავსადგურის ტერიტორიაზე ავტომანქანის ქვეითად მოსიარულეთა და მატარებლის შემოსვლა-გასვლის კონტროლს;

ბ) შიდა ტერიტორიისა და ობიექტების დაცვას, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში შენობებიდან ხალხის ევაკუაციას;

გ) განგაშის გამომწვევი საავტომობილო ტრანსპორტის, მატარებლის შემადგენლობის, ასევე ქვეითად მოსიარულე მგზავრების შეჩერებას და მეორადი შემოწმების მიზნით შემმოწმებელი ჯგუფის გამოძახებას;

დ) ნავსადგურის ტერიტორიაზე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტისათვის დროებითი სადგომის გამოყოფას;

ე) მატარებლის ვაგონის/შემადგენლობისა და საავტომობილო ტრანსპორტის დროებითი სადგომის ადგილზე გადაყვანას;

ვ) ქვეითად მოსიარულეთა დაკავების შემთხვევაში იზოლირებული ოთახის გამოყოფას;

ზ) აღმოჩენილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერების დაცვას ან/და შენახვას (შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით), სანამ არ მოხდება აღნიშნული ნივთიერებების საცავში ან სხვა ადგილას გადატანა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი óორგანო ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციასთან კოორდინაციითა და აეროპორტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით უზრუნველყოფს:

ა) აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვო ბარგისა და ხელბარგისათვის სპეციალური (დროებითი) სადგომის გამოყოფას;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალურ სათავსოში საეჭვო ბარგის გადატანას;

გ) დაკავებული ან/და საეჭვო ბარგის მფლობელი მგზავრებისათვის იზოლირებული ოთახის გამოყოფას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, შემმოწმებელი ჯგუფისათვის დახმარების აღმოჩენას;

ე) შიდა ტერიტორიისა და ობიექტების დაცვას, ხოლო ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, შენობებიდან ხალხის ევაკუაციას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.