On approval of child protection referral procedures

On approval of child protection referral procedures
Document number 152/ნ
Document issuer Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Date of issuing 31/05/2010
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing LHG, 64, 07/06/2010
Expiration Date 25/01/2017
Registration code 470230000.22.035.014719
Consolidated publications
152/ნ
31/05/2010
LHG, 64, 07/06/2010
470230000.22.035.014719
On approval of child protection referral procedures
Minister of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.
Document has some visual gaps

Initial version (07/06/2010 - 24/01/2017)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.719

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №152/ნ–№496–№45/ნ

2010 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ

სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

1. დამტკიცდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები (დანართი №1);

ბ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვის ბარათის ფორმა (დანართი №2);

გ) სამედიცინო დაწესებულებასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მიტოვებული ბავშვის შესახებ შეტყობინების ფორმა (დანართი №3).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

ი. მერაბიშვილი

დ. შაშკინი

დანართი №1

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები

    მუხლი 1. პროცედურების მიზნები და რეგულირების სფერო

1. ამ პროცედურების მიზანია ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის ხელშეწყობა საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გზით.

2. ეს პროცედურები განსაზღვრავს ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინირებულად მუშაობის წესს, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებს, კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებს, ურთიერთობებს, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა დაცვასთან.

    მუხლი 2. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის №869 განკარგულება, ეს ბრძანება და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ პროცედურების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბავშვი – 18 წლამდე ასაკის პირი;

ბ) ძალადობა – პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;

გ) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის და განვითარების მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

დ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას და რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს;

ე) იძულება – ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

ვ) სექსუალური ძალადობა – ბავშვთან სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება ბავშვის მონაწილეობით;

ზ) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;

თ) გადაუდებელი მდგომარეობა – მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან დაინვალიდება;

ი) ბავშვის ოჯახის წევრი – ბავშვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), დედინაცვალი/მამინაცვალი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მეურვე/მზრუნველი;

კ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

    მუხლი 4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი

1. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტებია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – საპატრულო პოლიცია) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები (შემდგომში – საუბნო სამსახურები), სააგენტო, სკოლები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, ბავშვთა სახლები, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები), სამედიცინო დაწესებულებები და სოფლის ექიმები.

2. საპატრულო პოლიციისა და საუბნო სამსახურების უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში არის ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა, შესაბამისი სამართალწარმოება, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, სააგენტოს ინფორმირება. საუბნო სამსახურები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩართულნი არიან ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე ზედამხედველობის პროცესში.

3. სააგენტოს უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში არის ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასება, შემთხვევის მართვა, კონსულტირება, საჭირო მომსახურებებში ბავშვის განთავსება და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.

4. სკოლების და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში არის ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე შემთხვევის გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში პოლიციისა თუ სააგენტოს ინფორმირება; აგრეთვე, სააგენტოსთან თანამშრომლობით ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.

5. სამედიცინო დაწესებულებების და სოფლის ექიმების უფლებამოსილება ამ პროცედურების ფარგლებში არის ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე შემთხვევის გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში პოლიციისა თუ სააგენტოს ინფორმირება.

    მუხლი 5. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს:

ა) ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას;

ბ) ბავშვის მდგომარეობის შეფასებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში ბავშვის განთავსებას მომსახურებაში ან მომსახურებებში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებას და რეაბილიტაციას;

დ) შემთხვევაზე ზედამხედველობას.

    მუხლი 6. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

1. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებას, სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას.

2. სკოლების, სამედიცინო და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების ადმინისტრაცია და სოფლის ექიმები ვალდებული არიან ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე მოახდინონ ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობისა და ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში.

3. ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ერთ-ერთი:

ა) ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები, გაძნელებული სიარული, შეშუპებული სხეულის ნაწილები, მოტეხილობები);

ბ) ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული, არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება, ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნა, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).

4. ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები აწარმოებენ გამოკითხვას, რათა დადგინდეს, საფუძვლიანია თუ არა წარმოქმნილი ეჭვი.

5. ეჭვი ითვლება საფუძვლიანად შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;

ბ) ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;

გ) ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მშობლის არაადეკვატური ქცევა, როგორიცაა:

გ.ა) ბავშვის ტრავმის სიმძიმე არ შეესაბამება ტრავმის მიღების შესახებ მშობლის მონათხრობს;

გ.ბ) მშობლის მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება;

გ.გ) მშობელი არაადეკვატურად რეაგირებს ბავშვის ტრავმაზე – ტრავმას აფასებს უფრო მსუბუქად, ვიდრე არის;

გ.დ) ტრავმის მიზეზის ახსნა არ ხდება;

დ) ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;

ე) ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორი: მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;

ვ) ბავშვის განცხადება, რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;

ზ) მოწმის განცხადება, რომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს.

6. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში ვალდებულნი არიან ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ეჭვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო დახმარება, ხოლო ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ვალდებულნი არიან შეავსონ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიმართვის ბარათი (დანართი №2), რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით ან ფაქსით.

7. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესები.

    მუხლი 7. სამედიცინო დაწესებულებისა და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ ამ დაწესებულებებში მიტოვებული ბავშვის შესახებ სააგენტოსათვის შეტყობინება

სამედიცინო დაწესებულებაში ან ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვის მიტოვების შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) დაწესებულებაში ბავშვის მიტოვებიდან 24 საათში, აცნობოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

ბ) შეავსოს „სამედიცინო დაწესებულებასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მიტოვებული ბავშვის შესახებ შეტყობინების ფორმა“ (დანართი №3) და გადასცეს აღნიშნული ფორმა სააგენტოს სოციალურ მუშაკს, მისი სამედიცინო დაწესებულებაში/ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მისვლისთანავე.

    მუხლი 8. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის ადგილზე შეფასება

1. საპატრულო პოლიციაში ინფორმაციის მიღებისთანავე, საპატრულო პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე. იმ ტერიტირიულ ერთეულებში, სადაც განსაზღვრული არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნული ფუნქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ საუბნო სამსახურები.

2. ადგილზე მისვლისას საპატრულო პოლიციამ/საუბნო სამსახურმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) შეისწავლოს და შეაფასოს მდგომარეობა; გაესაუბროს სავარაუდო მსხვერპლს, მოძალადეს, ოჯახის წევრებს, მოწმეებს და, საჭიროების შემთხვევაში, მეზობლებს;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვთან დაკავშირებით. საპატრულო პოლიციის ქმედებები კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში ხორციელდება. ეს ქმედებები უპირველესად ბავშვის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვას უნდა უკავშირდებოდეს და ასახავდეს მის ინტერესებს;

გ) გამოიძახოს სასწრაფო დახმარება ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავად გადაიყვანოს ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით (თუ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება);

დ) ბავშვი გადაიყვანოს უსაფრთხო გარემოში მშობელთან ან ოჯახის წევრთან ერთად ან მარტო და გამოწეროს შემაკავებელი ორდერი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) აღნიშნული შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს სატელეფონო ზარის საშუალებით. ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერს უზრუნველყოფს და პოლიციას აცნობებს სააგენტო. სატელეფონო ზარით გადაცემული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ე.ა) პოლიციელის სახელს, გვარს, თანამდებობას;

ე.ბ) ბავშვის სახელსა და გვარს; ასაკს, მისამართს; გამოძახების ადგილს, თუ იგი განსხვავდება ბავშვის საცხოვრებელი მისამართისგან;

ე.გ) ძალადობის ან ძალადობის ეჭვის მოკლე აღწერას;

ე.დ) პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს;

ვ) შეადგინოს შემთხვევის ადგილზე გასაუბრების ოქმი ბავშვზე ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ.

    მუხლი 9. ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა

1. ბავშვის ოჯახიდან გაყვანა მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარმოადგენს უკიდურეს ზომას. ბავშვის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული.

2. პოლიციის მიერ ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მშობელთან/ოჯახის წევრთან ერთად ან მის გარეშე, შესაძლოა განხილული იქნეს შემდეგი ალტერნატივები:

ა) ბავშვი განთავსდეს ბავშვის ოჯახის წევრთან, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობს;

ბ) ბავშვი განთავსდეს ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში, რომელთა ჩამონათვალს პოლიციას მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) ბავშვი განთავსდეს სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულში – თავშესაფარში (მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქმე ეხება ოჯახში ძალადობას), რომელთა შესახებ ინფორმაციას პოლიციას მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი;

დ) თუ ძალადობა მოხდა ოჯახის გარეთ არა ოჯახის წევრის მიერ, ბავშვი უნდა დაბრუნდეს სახლში პოლიციის თანხლებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებსა და თავშესაფრებში უნდა არსებობდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ცხოვრების, მოვლისა და რეაბილიტაციისთვის ყველა საჭირო პირობა.

4. ოჯახში ძალადობის დროს ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის საფუძველს წარმოადგენს პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.

    მუხლი 10. რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და თავშესაფრებში განთავსებული ბავშვების რეგისტრაცია და ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება

1. რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვის სპეციალიზებულ ან სამედიცინო დაწესებულებაში ან თავშესაფარში განთავსებისთანავე დაწესებულება ვალდებულია დაარეგისტრიროს ბავშვი რეგისტრაციის ჟურნალში.

2. დაწესებულება, სადაც მოხდება ბავშვის განთავსება, ვალდებულია ინფორმაცია ახალშემოსულ ბავშვზე ტელეფონით აცნობოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს იმავე სამუშაო დღეს ან, თუ განთავსება მოხდა არასამუშაო საათებში, მომდევნო სამუშაო დღეს.

    მუხლი 11. ბავშვის მდგომარეობის შეფასება და შემთხვევის მართვა

1. სააგენტო ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალადობის ეჭვის განხილვას იწყებს სააგენტოში შემოსული წერილობითი შეტყობინებისა ან/და პოლიციის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. იგი ასეთი შემთხვევების მართვის დროს მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესის მიხედვით.

2. სააგენტო მიმართვიანობის სისტემაში ერთვება იმ შემთხვევებში, თუ:

ა) ფაქტი ძალადობის შესახებ დადასტურებულია და ბავშვი მოთავსებულია დროებით საცხოვრებელში მისი სახლის გარეთ;

ბ) ინფორმაცია, რომელიც მიღებულია სხვადასხვა წყაროდან, იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა.

3. თუ სააგენტოში შემოსული სატელეფონო ზარის მიხედვით აღწერილი მდგომარეობა შეესაბამება გადაუდებელ მდგომარეობას, სააგენტო აცნობებს საპატრულო პოლიციას შემოსულ ინფორმაციას.

    მუხლი 12. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ფაქტი ძალადობის შესახებ დადასტურებულია და ბავშვი განთავსებულია უსაფრთხო გარემოში

1. სააგენტოს სოციალური მუშაკი მიდის ბავშვის განთავსების ადგილზე და ახდენს ბავშვის პირველად შეფასებას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს მიერ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

2. პირველადი შეფასების შემდეგ, არა უმეტეს 15 დღის განმავლობაში ჩატარებული სრული შეფასების საფუძველზე და არსებული მომსახურებების გათვალისწინებით, სააგენტოს სოციალური მუშაკი ადგენს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას. ინდივიდუალური განვითარების გეგმა მოიცავს იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს მის მომავალ რეაბილიტაციას და სოციალურ ინტეგრაციას.

3. საკითხი დროებითი მოთავსების ადგილას მყოფი ბავშვის შესაბამის მომსახურებაში განთავსების შესახებ წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოს უახლოეს სხდომაზე, რომელიც ჩატარდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ.

4. თუ საქმისწარმოების პროცესში გაჩნდა აუცილებლობა, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია სასამართლოს მიმართოს ბავშვის მშობლისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შესახებ.

5. რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას და ზედამხედველობას უწევს ბავშვის მდგომარეობას. გარდა ამისა, ბავშვის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს მის ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში და აღრიცხავს ადგილობრივ პოლიკლინიკაში.

    მუხლი 13. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია, რომელიც მიღებულია სხვადასხვა წყაროდან, იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა

1. სააგენტოში ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ შეტყობინების შემოსვლისთანავე სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში.

2. თუ ოჯახი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან, სოციალური მუშაკი აფასებს ბავშვს, ადგენს ინდივიდუალური განვითარების გეგმას, უწევს ოჯახს კონსულტირებას და რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ განათავსებს ბავშვს საჭირო მომსახურებებში. ეს ქმედებები იმავე ვადებში ხორციელდება, რაც მე-12 მუხლშია ჩამოთვლილი.

3. თუ ოჯახში ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას.

4. თუ ოჯახში ვიზიტის დროს ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვი დადასტურდა, ოჯახი კი უარს ამბობს ითანამშრომლოს სააგენტოსთან და საქმე არ ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, სააგენტოს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. დამცავი ორდერის გამოწერის შემდეგ, სოციალურ მუშაკს რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია განათავსოს ბავშვი უსაფრთხო გარემოში.

5. თუ შემთხვევის მართვისას, თავი იჩინა ახალმა გარემოებებმა და სოციალურმა მუშაკმა ჩათვალა, რომ საჭიროა პროცესში პოლიციის თანამონაწილეობა, იგი მიმართავს პოლიციას. სააგენტო და პოლიცია იწყებენ მოქმედებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბავშვის ინტერესების დასაცავად.

    მუხლი 14. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები სამედიცინო დაწესებულებისა და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულების ადმინისტრაციისაგან ამ დაწესებულებებში მიტოვებული ბავშვის შესახებ მიღებული შეტყობინების შემთხვევაში

სამედიცინო დაწესებულებისა და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულების ადმინისტრაციისაგან აღნიშნულ დაწესებულებაში მიტოვებული ბავშვის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს ნაპოვნი ბავშვის აღმოჩენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

    მუხლი 15. ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა

1. ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. ზედამხედველობის პროცესში ერთვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სკოლა, ასევე კერძო სკოლა, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სწავლობს ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება. ზედამხედველობის ფუნქცია ასევე აკისრია საუბნო სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. სააგენტო რეგულარულად (სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე) აწარმოებს ზედამხედველობას ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციის პროცესზე. თუ ზედამხედველობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ბავშვი საჭიროებს ინდივიდუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებულ მომსახურების შეცვლას ან გაუქმებას, სააგენტო გადახედავს გეგმას და უზრუნველყოფს მიმდინარე მომსახურებების შეჩერებას, ახალ მომსახურებაში ბავშვის განთავსებას ან ბავშვის დაბრუნებას ოჯახში (თუ იგი განცალკევებულია ოჯახიდან).

3. სკოლა და ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება ვალდებული არიან:

ა) სააგენტოსთან შეთანხმებით თვალყური ადევნონ ბავშვის მდგომარეობას და რეგულარულად მიაწოდონ სააგენტოს სოციალურ მუშაკს წერილობითი ანგარიში ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბავშვის დასწრება; ბავშვის ქცევა (განსაკუთრებით უჩვეულო ქცევა); აკადემიური მოსწრება; ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა; სასკოლო/სააღმზრდელო აქტივობებში ჩართულობის ხარისხი;

ბ) მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის შესახებ აცნობონ პოლიციას, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაცვის მიზნით გამოწერილია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი და სკოლა ან ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება გახდა მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე.

4. ძალადობის შესახებ უბნის პოლიციაში შესული ინფორმაციის შესაბამისად, უბნის ინსპექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თვალყურს ადევნებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს და მდგომარეობას მის ოჯახში, თუ ძალადობა ოჯახში განხორციელდა.

    მუხლი 16. ინფორმაციის გაცვლა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემაში

1. ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხორციელდება აღნიშნულ პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს შორის ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. თუ შესაძლებელია, ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით.

2. ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ფარგლებში ხდება შემდეგი სახის ინფორმაციის აღწერა, შეგროვება და გადაცემა:

ა) პოლიციის თანამშრომელი ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ სატელეფონო შეტყობინებას აწვდის სააგენტოს;

ბ) პოლიცია აწარმოებს ბავშვზე ძალადობის შემთხევევების რეესტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტებისთვის;

გ) სკოლა, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულება ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ წერილობით აცნობებებს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;

დ) სკოლა ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება, სააგენტოსთან შეთანხმებული პერიოდულობით წერილობით აცნობებს სოციალურ მუშაკს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობის შესახებ;

ე) ყველა მომსახურება, სადაც განთავსდება ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვი უსაფრთხო გარემოს შექმნისა ან/და რეაბილიტაციის მიზნით, არეგისტრირებს ბავშვს რეგისტრაციის ჟურნალში და აწარმოებს ბავშვის პირად საქმეს;

ვ) სააგენტო აღრიცხავს წერილობით შემოსულ ან პოლიციისგან სატელეფონო ზარით მიღებულ ინფორმაციას ბავშვის ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ;

ზ) სოციალური მუშაკი აფასებს ძალადობის მსხვერპლ ან სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს შეფასების ფორმის მიხედვით და წერს ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმას;

თ) თუ სააგენტოს ინიციატივით ბავშვის დასაცავად სასამართლოს მიერ გამოწერილია დამცავი ორდერი, სააგენტო აცნობებს სკოლას, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას და საუბნო სამსახურს ბავშვის დაცვასთან დაკავშირებით გამოცემული ორდერის თაობაზე;

ი) სოციალური მუშაკი წერილობით აღწერს ბავშვზე ზედამხედველობის შედეგებს.

    მუხლი 17. ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვის, თუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება, ასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის.

 

 


 


დანართი №3

 

        სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს

 

                –––––––––––––––––––––––––––––––––

 

შ  ე  ტ  ყ  ო  ბ  ი  ნ  ე  ბ  ა

 

სამედიცინო დაწესებულებაში/ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მიტოვებული ბავშვის შესახებ

 

ადგილი –––––––––––––––––––––––                                    თარიღი –––––––––––––––––––                                                                                                                                                

 

 

1. სამედიცინო დაწესებულების/ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულების დასახელება

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

 

2. მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია

_________________________________________________________________________________

 

3. ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში/ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მიტოვებული ბავშვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

სახელი –––––––––––––––––––

 

გვარი––––––––––––––––––––––––––––––

 

დაბადების თარიღი ––––––––––––––––––––––––

 

საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით ––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში/ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში     მიტოვების დრო ––––––––––––––––––––––––––––

 

გატყობინებთ სამედიცინო დაწესებულებაში/ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში       მიტოვებული ბავშვის შესახებ (ხაზი გაუსვით შესაბამის დაწესებულებას).

 

დაწესებულების უფლებამოსილი (კომპეტენტური) საკონტაქტო პირი და თანამდებობა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

ხელმოწერა––––––––––––––––––––––––––                                                              ბეჭდის ადგილი