საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ

საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 16/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
386
27/09/2001
სსმ, 110, 16/10/2001
010.340.000.05.002.002.
საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/10/2001 - 30/07/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №386

2001 წლის 27 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის თანდართული წესი.

2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს ყველა უწყებისათვის, ორგანიზაციისა და ცალკეულ თანამდებობის პირთათვის.

ე. შევარდნაძე

საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესი

თავი I

საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების, მთავრობათა მეთაურებისა და პარლამენტთა თავმჯდომარეების, საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი ხელმძღვანელობით სახელმწიფო, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები

მუხლი 1. ვიზიტების კატეგორიები

1. ვიზიტები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) სახელმწიფო ვიზიტი;

ბ) ოფიციალური ვიზიტი;           

გ) სამუშაო ვიზიტი;

დ) გავლითი ვიზიტი;

ე) არაოფიციალური ვიზიტი.

2. სახელმწიფო ვიზიტი. სახელმწიფო ვიზიტი ეწოდება უმაღლესი დონის ვიზიტს, რომლის დროს სტუმრის დახვედრა, გაცილება და პროგ­რამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იმართება სრული საპროტოკოლო ცერემონიის დაცვით. სახელმწიფო ვიზიტი ეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის საქართველოში პირველი სტუმრობისას (ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ) ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებში.

3. ოფიციალური ვიზიტი. ოფიციალური ვიზიტის დროს სტუმრის დახვედრა, გაცილება და პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება იმართება სრული საპროტოკოლო ცერემონიის დაცვით. ოფიციალური ვიზიტის ყურადღების ცენტრშია პოლიტიკური მოლაპარაკება. საპროტოკოლო ცერემონიის ღონისძიებებით გათვალისწინებულია ოფი­ციალური სადილი (ვახშამი), დასწრება კონცერტზე ან თეატრალურ წარმოდგენაზე, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება, ზოგ შემთხვევაში – პარლამენტში გამოსვლა, შეხვედრა პოლიტიკური პარტიების, საქმიანი წრეების ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობა, საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონია. ოფიციალური ვიზიტისას, როგორც წესი, გათვალისწინებულია შემაჯამებელ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

4. სამუშაო ვიზიტი. სამუშაოა ისეთი ვიზიტი, როდესაც მაღალი დონის უცხოელი სტუმრები ეწვევიან ქვეყანას მოლაპარაკებისა და პოლი­ტიკური კონსულტაციებისათვის, აგრეთვე ხელშეკრულებების ხელმოსაწერად, საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად და სხვ.

5. გავლითი ვიზიტი. გავლით ვიზიტს განეკუთვნება მაღალი დონის უცხოელი სტუმრების სატრანზიტო ვიზიტი ქვეყანაში.

6. არაოფიციალური ვიზიტი. არაოფიციალური ვიზიტების რიცხვს განეკუთვნება მაღალი დონის უცხოელი სტუმრების ვიზიტები გამოფენების ან რაიმე სხვა ობიექტების გახსნაზე, საზოგადოებრივ, საერთაშორისო ღონის­ძიებებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, დასასვენებლად, სამკურნალოდ, სპორტულ შეჯიბრებებსა და კონკურსებზე დასასწრებად.

    მუხლი 2. ვიზიტის ვადების შეთანხმება

ვიზიტის ხასიათისა და ვადების შესახებ მხარეები თანხმდებიან წინას­წარ. ვიზიტის ვადების შეთანხმებისას საქართველოს მხარე ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ მაღალი დონის სტუმრის (დელეგაციის) ჩამოსვლა საქართველოში (და მისი გამგზავრება თბილისიდან) უქმე დღეებში, დღესასწაულების დროსა და ღამის საათებში იწვევს დახვედრის (გაცილების) დონის დაწევას.

თავი II

საზღვარგარეთის ქვეყნის პრეზიდენტის, სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტები საქართველოში

მუხლი 3. ოფიციალური ვიზიტი

1. დახვედრა

ა) საქართველოში სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს (მეუღლითურთ) ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ), პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, ქალაქის მერი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთი­ერთობების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსები. დახვედრაში მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვა­ლისწინებით. მინისტრები, პარლამენტის წევრები, უწყებების ხელ­მძღვანელები, ქალაქის ხელისუფლების ხელმძღვანელები აეროპორტში მიბრძანდებიან თვითმფრინავის ჩამოსვლამდე 30 წუთით ადრე, მთავარი დამხვედრი პირები – 15 წუთით ადრე. თვითმფრინავის ჩამოფრენამდე 10 წუთით ადრე ოფიციალური დამხვედრი პირები და საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები იკავებენ თავიანთ ადგილებს აეროდრომის ტერიტორიაზე (იხ. სქემა 1);

ბ) თბილისის აეროპორტში გამოიფინება მარცხნივ სტუმრის ქვეყნისა და მარჯვნივ საქართველოს (თუ შევხედავთ საფრენი მინდვრიდან) სახელმწიფო დროშები და მისასალმებელი ტრანსპარანტი სტუმრისა და ქართულ ენებზე. აეროპორტის მეორე სადგომზე დაეფინება წითელი ფიანდაზი შესაბამისი სქემის მიხედვით და დაიდგმება პოდიუმი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი აბრძანდებიან სახელმწიფო ჰიმნების შესრულების დროს (მიკროფონებით აღჭურვილი პოდიუმი გამოიყენება სტუმრების მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმის შემთხვევაში). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. ცერემონიით გათვალისწინებულია შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ჯარისაგან შემდგარი საპატიო ყარაულის გამწკრივება და აღლუმი;

გ) მთავარი სტუმრის თვითმფრინავი ჩერდება ქ. თბილისის აეროდ­რომის მე-3 სადგომზე. თვითმფრინავის გაჩერების შემდეგ მას მიადგება №2 ტრაპი (იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავს აქვს ერთი გამოსასვლელი, დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები ჩამობრძანდებიან თვითმფრინავიდან მთავარი სტუმრის ჩამოსვლის შემდეგ), რომლითაც ჩამობრძანდებიან სტუმრის თანმხლები პირები და ჟურნალისტები. მათ ტრაპთან ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურისა და საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიუძღვებიან სტუმრებს მათთვის განკუთვნილი ადგილისაკენ. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები თანმხლებ პირებს მიაცილებენ ავტომანქანების სადგომამდე და სთხოვენ დაიკავონ მათთვის განკუთვნილი ადგილები ავტომობილებში. №2 ტრაპიდან ჩამობრძანდებიან აგრეთვე ოფიციალური დელეგაციის წევრები, რომლებსაც ტრაპთან ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები და საქართველოში სტუმრის ქვეყნის საელჩოს თანამშრომლები. დელეგაციის წევრებს აცილებენ მათთვის გამოყოფილი სექტორისაკენ, რომელიც განლაგებულია საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ;

დ) საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) უახლოვდება თვით­მფრინავს, რომელსაც მიადგება ფიანდაზით დაფარული №1 ტრაპი. ოფიციალური დამხვედრი პირები და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრები იკავებენ ადგილს საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ. №1 ტრაპზე აბრძანდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მთავარი სტუმრის ქვეყნის ელჩი საქართველოში, რომლებიც ესალმებიან სტუმარს და მიიწვევენ გასასვლელისაკენ. ისინი ჩამოუძღვებიან მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) ტრაპზე. სახელმწიფო პროტოკოლის უფროსი წარუდგენს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) საქართველოს პრეზიდენტს (მეუღ­ლითურთ). მთავარი სტუმრის მეუღლეს ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ქალ-ვაჟი მიართმევენ ყვავილების თაიგულს;

ე) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემართებიან ორკესტრისა და საპატიო ყარაულისაკენ. საპატიო ყარაულის უფროსი პატაკს აბარებს მთავარ სტუმარს. მთავარი სტუმარი თავის დახრით პატივს მიაგებს საქართველოს სახელმწიფო დროშას;

ვ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის თან­ხლებით უახლოვდებიან დამხვედრ ოფიციალურ პირებსა და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრებს. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ჩაუვლის მათ მწკრივს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი აცნობს სტუმარს დამხვედრ ოფიციალურ პირებს. სტუმრის პროტოკოლის უფროსი აცნობს საქართველოს პრეზიდენტს (მეუღლითურთ) დელეგაციის ოფიციალურ წევრებსა და მთავარი სტუმრის ქვეყნის საელჩოს თანამშრომლებს;

ზ) მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი აბრძანდებიან პოდიუმზე (მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს პოდიუმის გვერდით). სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული;

თ) დახვედრის ცერემონიის დამთავრებისთანავე მთავარ სტუმარს მიართმევენ ავტომობილს. მთავარი სტუმარი ავტომობილში იკავებს საპატიო ადგილს უკანა მარჯვენა განაპირა მხარეს. მის გვერდით დაბრძანდება საქართველოს პრეზიდენტი. ავტომობილში აგრეთვე იმყოფება დაცვის თანამშრომელი (საჭიროების შემთხვევაში თარჯიმანი). საქართველოს პრეზიდენტი მთავარ სტუმარს მიაცილებს სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისამდე“. მთავარი სტუმრის ავტომობილის უკან ჩამწკრივებულია სტუმრების მომსახურებისათვის განკუთვნილი დანომრილი ავტომობილები. მეორე ავტომობილში სხდებიან მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე. მათთან ერთად სხდებიან დაცვის თანამშრომელი და თარჯიმანი. სტუმრები სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის მიერ მომზადებული სქემის შესაბამისად (რომელსაც წინასწარ აცნობენ სტუმართა მხარის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებს) სხდებიან დანარჩენ ავტომობილებში. მათთან ერთად ავტომობილებში სხდებიან მხოლოდ ის დამხვედრი ოფიციალური პირები, რომლებიც სტუმრობის დამტკიცებული პროგრამის თანახმად მუდმივად თან უნდა ახლდნენ სტუმრებს;

ი) ქალაქის ქუჩებში, აეროპორტიდან რეზიდენციამდე, სტუმართა ავტოკოლონის მოძრაობის მარშრუტის შესაბამისად და პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გამოიფინება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან პრეზიდენტის შტანდარტი (მარჯვნივ) და საქართველოს სახელმწიფო დროშა (მარცხნივ). ქალაქში მოძრაობისას მთავარი სტუმრის ავტომანქანას დაჰყვება 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი.

2. გაცილება.

ა) გაცილების ცერემონიის ორგანიზაცია ხორციელდება ძირითადად იმავე წესით, როგორც დახვედრისას. თუ მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) აეროპორტში რეზიდენციიდან მიემგზავრება, საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) გაუვლის მას და თან ახლავს გამგზავრებამდე. მთავარი სტუ­მა­რი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემგზავრებიან მაღალი რანგის სტუმრების მისაღებ დარბაზში. გამცილებელი ოფიციალური პირები აეროპორტში მობრძანდებიან დროის ისეთივე ინტერ­ვალით, როგორც დახვედრისას. გასაცილებლად მოსული ოფიციალური პირები გაბრძანდებიან აეროდრომზე და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს (იხ. სქემა 2);

ბ) მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები, აეროპორტში მიემგზავრებიან 30 წუთით ადრე. დელეგაციის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ გაცილების ცერემონიაში, სახელმწიფო პროტო­კოლის სამსახურის თანამშრომელი მიაცილებს მათთვის განკუთვნილი სექტორისაკენ, რომელიც განლაგებულია საფრენ მინდორზე აეროპორტის შენობის პარალელურად დაფენილი წითელი ფიანდაზის გასწვრივ. დელეგაციის დანარჩენი წევრები და თანმხლები პირები სხდებიან თვითმფრინავში;

გ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) შებრძანდებიან მაღალი რანგის სტუმრების მისაღებ დარბაზში (იმავე დროს მთავარი სტუმრის თანმხლები პირები მიემართებიან მათთვის განკუთვნილი ადგილისაკენ);

დ) გაცილების ცერემონიის დასაწყისში საპატიო ყარაულის უფროსი პატაკს აბარებს მთავარ სტუმარს. მთავარი სტუმარი თავის დახრით პატივს მიაგებს საქართველოს დროშას. შემდგომ მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანხლებით მიემართებიან იმ ადგილისაკენ, სადაც დგანან გამცილებელი ოფიციალური პირები და სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრები. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ჩაუვლის მათ მწკრივს. მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ემშვიდობება გამცილებელ ოფიციალურ პირებს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) – მთავარი სტუმრის ოფიციალური დელეგაციის წევრებს;

ე) მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი აბრძანდებიან პოდიუმზე (მთავარი სტუმრის მეუღლე და საქართველოს პრეზიდენტის მეუღ­ლე იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს პოდიუმის გვერდით). სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული;

ვ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) მიემართებიან №1 ტრაპისაკენ. ტრაპთან მთავარი სტუმრის მეუღლეს ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული ქალ-ვაჟი მიართმევენ ყვავილების თაიგულს. იმავდროულად სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები აბრძანდებიან თვითმფრინავში №2 ტრაპით (იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავს აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, სტუმრის დელეგაციის წევრები და თანმხლები პირები აბრძანდებიან თვითმფრინავში იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) და მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) ემშვიდობებიან ერთმანეთს);

ზ) მაღალი რანგის სტუმარი დახვედრა-გაცილებისას მოძრაობს წითელ ფიანდაზზე;

თ) დახვედრისა და გაცილების ცერემონია, მისი დეტალები წინასწარ არის შეთანხმებული სტუმრის ქვეყნის პროტოკოლის სამსახურთან.

3. დახვედრისა და გაცილების ცერემონიათა გაშუქება. საზღვარგარეთის ქვეყნის პრეზიდენტის (სახელმწიფოს მეთაურის) სახელმწიფო (ოფიცი­ალური) ვიზიტების დროს დახვედრისა და გაცილების ოფიციალური ცერემონიები გადაიცემა საქართველოს ტელევიზიითა და რადიოთი პირდაპირ ეთერში.

4. რეზიდენციაში დაბინავება. მთავარი სტუმრის, დელეგაციის წევ­რებისა და თანმხლები პირების დაბინავება ხდება სამთავრობო რეზიდენციასა და სასტუმროში. სახლზე, სადაც დაბინავებულია მთავარი სტუმარი, აღმარ­თულია მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან პრეზიდენტის შტანდარტი.

5. საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და პრესკონფერენცია.

ა) საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთან საუბარსა და მოლაპარაკებას, როგორც წესი, უძღვება საქართველოს პრეზიდენტი. საქარ­თველოს მხრიდან საუბრის (მოლაპარაკების) მონაწილეთა შემადგენლობა შეზღუდულია და განისაზღვრება იმ სიით, რომელიც წინასწარ მტკიცდება სტუმართა დელეგაციის შემადგენლობის გათვალისწინებით. დროის იმ მონაკვეთისათვის, როდესაც სტუმრობის პროგრამით გათვალისწინებულია ოფიციალური შეხვედრები (საუბრები, მოლაპარაკება), მთავარი სტუმრის მეუღლისა და მისი თანმხლები პირებისათვის ცალკე დგება პროგრამა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტთან მიღების ცერემონია მიმდინარეობს შემდეგნაირად: სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის წინ გამოფენილია სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის ავტომობილი ჩერდება ცენტრალურ შესასვლელთან. კარის მარჯვნივ და მარცხნივ დგანან სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაულის ჯარისკაცები. ისინი მხედრულ სალამს აძლევენ მთავარ სტუმარს. სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის შესასვლელის ზღურბლზე მთავარ სტუმარს ხვდება საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი აბრძანდებიან რეზიდენციის მე-2 სართულზე „ბუხრიან” დარბაზში, სადაც იმართება საუბარი პირისპირ (იხ. სქემა 3). საუბრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი იღებენ სამახსოვრო ფოტოსურათს საქართველოსა და სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშების ფონზე;

გ) მოლაპარაკების მონაწილე საქართველოს წარმომადგენლები მობ­რძანდებიან სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და იკრიბებიან მე-2 სართულზე. მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში მობრძანდებიან 15 წუთით ადრე;

დ) პირისპირ საუბრის დასრულების შემდეგ „ბუხრიან“ დარბაზში მიიწვევენ მოლაპარაკების მონაწილე პირებს, რომლებიც საქართველოს პრე­ზიდენტთან და მთავარ სტუმართან ერთად უსხდებიან მაგიდას (იხ. სქემა 4). პრესის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ გადაიღონ მოლაპარაკების დასაწყისი, რის შემდეგაც ისინი ტოვებენ დარბაზს და მიემართებიან მე-3 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში;

ე) მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, მთა­ვარი სტუმარი და დელეგაციის წევრები აბრძანდებიან მე-3 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია;

ვ) ხელმოწერის ცერემონიისას დარბაზში მაგიდის უკან გამოიფინება მთავარი სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები (იხ. სქემა 5);

ზ) ქართულ და სტუმრის ენებზე ცხადდება ხელმოსაწერ დოკუმენტთა ნუსხა და დოკუმენტებზე ხელმომწერთა ვინაობა. ხელმოწერის ცერემონიის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს მიართმევენ შამპანურს;

თ) ხელმოწერის ცერემონიას ესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კანცე­ლარიის უფროსი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა ოფიციალური პირები ხელშეკრულებათა ხასიათის მიხედვით;

ი) ვიზიტის ოფიციალური მხარის დამთავრების შემდეგ სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის საკონფერენციო დარბაზში იმართება პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მონაწილე ოფიციალური პირები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს, იკავებენ შესაბამის ადგილებს სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის საკონფერენციო დარბაზში. პრესკონფერენციას უძღვება პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი;

კ) პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ მთავარი სტუმარი და საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო პროტოკოლის უფროსის თან­ხლებით ჩაბრძანდებიან რეზიდენციის პირველ სართულზე. შენობის ზღურ­ბლზე პრეზიდენტი ემშვიდობება მთავარ სტუმარს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი აცილებს მთავარ სტუმარს მანქანამდე.

6. ოფიციალური სადილი (ვახშამი)

ა) სტუმრის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტი მართავს ოფიციალურ სადილს (ვახშამს). სადილს (ვახშამს) ესწრებიან ოფიციალური პირები სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით: მინისტრები, პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის­მგებელი პირები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ისინი, ვინც მონაწი­ლეობს სტუმრების მიღების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. სადილზე (ვახშამზე) სასურველია იმ პირთა დასწრება, რომლებიც ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობენ საქართველოსა და შესაბამისი ქვეყნის თანამ­შრომლობაში. სადილზე (ვახშამზე) მოწვეულ პირთა სია განისაზღვრება სტუმართა პერსონალური შემადგენლობის გათვალისწინებით. ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) მოწვეულთა შებრძანება წარმოებს მოსაწვევი ბარათის წარდგენის საფუძველზე. თუ სტუმარს მოსაწვევი ბარათი თან არა აქვს, მან უნდა მიმართოს დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც შეამოწმებს შესაბამის გვარს მოწვეულთა სიაში;

ბ) მიწვეულთა ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) დასწრება სავალ­დებულოა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოუცხადებლობა და დაგვიანება ეტიკეტის უხეშ დარღვევად ითვლება.

გ) ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) ჩაცმულობის ფორმაა: მამაკაცებისათვის – მუქი კოსტიუმი, მანდილოსნებისათვის – საღამოს კაბა;

დ) მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლში მიდის სადილის (ვახშმის) დაწყებამდე 5 წუთით ადრე, სადაც მას სახლის ზღურბლზე ხვდება საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ) და მიიწვევს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) მე-4 სარ­თულზე საბანკეტო დარბაზში. სხვა მიწვეული სტუმრები 15 წუთით ადრე იკრიბებიან სამთავრობო რეზიდენციის II სახლის მე-4 სართულზე, საბანკეტო დარბაზში;

ე) სტუმრები შებრძანდებიან საბანკეტო დარბაზში და კუვერტული სქემით მათთვის განკუთვნილ ადგილებთან ელოდებიან მთავარი სტუმრისა (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტის (მეუღლითურთ) შემობ­რძანებას დარბაზში. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან სტუმრებს ადგილის მონახვაში. საბანკეტო დარბაზში შებრძანდებიან მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ). მას შემდეგ რაც მთავარი სტუმარი (მეუღლითურთ) და მასპინძელი (მეუღლითურთ) მიუსხდებიან მაგიდას, სადილზე (ვახშამზე) მოწვეული სტუმრები იკავებენ თავიანთ ადგილებს;

ვ) სადილის (ვახშმის) დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი და მთავარი სტუმარი წარმოთქვამენ სიტყვებს (საჭიროების შემთხვევაში თარგმნილი ტექსტები დაიდება მაგიდებზე). ოფიციალურ სადილზე (ვახშამზე) სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იწყება მუსიკალური ნომრების შესრულება.

ზ) სადილის (ვახშმის) დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზი­დენტი (მეუღლითურთ) აცილებს მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) II სახლის ზღურბლამდე;

7. დასწრება თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე).

ა) თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე) დასწრების შემთხვევაში მთავარ სტუმართან (მეუღლითურთ) ერთად ცენტრალურ ლოჟაში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი (მეუღლითურთ);

ბ) სცენის თავსა და საპრეზიდენტო ლოჟაზე გამოიკიდება სტუმრის ქვეყ­ნის (მარცხნივ, თუ პარტერიდან ვუყურებთ) და საქართველოს (მარჯვნივ) სახელმწიფო დროშები. წარმოდგენის (კონცერტის) დაწყების წინ სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები (თითო კუპლეტი);

გ) წარმოდგენის (კონცერტის) დამთავრების შემდეგ მსახიობებს მთავარი სტუმრისა და საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიართმევენ ყვავილების თაიგულებს.

8. მოგზაურობა საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. სტუმრის სურვილისამებრ ოფიციალური ვიზიტის პროგრამით შეიძლება საქართველოში მოგზაურობის გათვალისწინება. საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში მოგზაურობისას საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურს თან დაჰყვებიან სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საქარ­თველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, სახელმწიფო პროტოკოლის თანამშრომლები. დელეგაციის შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვა­ლისწინებით დელეგაციას შეიძლება თან გაჰყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები, უწყებათა ხელმძღვანელები (ან მათი მოადგილეები).

9. სამახსოვრო საჩუქრები. ოფიციალური ვიზიტის დროს გათვალისწინებულია მთავარ სტუმარს (მეუღლითურთ) და მის თანმხლებ პირებს საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადაეცეს სამახსოვრო საჩუქრები, რომლებსაც სტუმრებისათვის შეარჩევს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 4. სამუშაო ვიზიტი

1. სამუშაო ვიზიტის დროს ოფიციალურ ვიზიტთან შედარებით საპროტოკოლო ცერემონია გამარტივებულია და შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური სადილით (ვახშმით). ძირითადად ყურადღება ეთმობა საქმიან მოლაპარაკებას.

2. სამუშაო ვიზიტის დროს აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. მწკრივდება საპატიო ყარაულის კორიდორი (იხ. სქემა 6, 7). საპროტოკოლო ცერემონია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებას. ქუჩებში სახელმწიფო დროშები არ გამოიკიდება. მთავარ სტუმარს არ დაჰყვება მოტოციკლეტების ესკორტი, მის ავტომობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა ან სახელმწიფო მეთაურის შტანდარტი და საქართველოს სახელმწიფო დროშა. მას თან დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები.

3. საქართველოს პრეზიდენტი (ერთ ავტომობილში) აცილებს მთავარ სტუმარს რეზიდენციამდე, რომელთანაც აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა (ან პრეზიდენტის შტანდარტი). ოფიციალურ მოლა­პარაკებასა და საუბრებზე დამსწრეთა სია წინასწარ თანხმდება მხარეებს შორის. საპროტოკოლო სადილს (ვახშამს) ესწრებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში ან საუბრებში. სადილზე (ვახშამზე) გათვალისწინებულია მოკლე მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმა.

მუხლი 5. გავლითი ვიზიტი

1. გავლითი ვიზიტია საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის სატრანზიტო ვიზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით. სტუმ­რებს აეროპორტში ხვდებიან საქართველოს პრეზიდენტი, სხვა ოფიციალური პირები. დროშები აეროპორტში არ გამოიფინება.

2. თუ პრეზიდენტი გავლითი ვიზიტით ჩადის საქართველოს სხვა ქალაქში, მას აღნიშნულ ოფიციალურ პირთა გარდა ხვდებიან და აცილებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

3. ვიზიტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, სტუმართა პატივსაცემად იმართება არაოფიციალური სადილი (ვახშამი). საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართება.

მუხლი 6. არაოფიციალური ვიზიტი

არაოფიციალური ვიზიტის დროს საპროტოკოლო ღონისძიებები, როგორც წესი, არ იმართება. სტუმრების მიღების პროგრამა დგება ყოველ ცალკე შემთხვევაში პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით. დროშები არ გამოიფინება. დახვედრასა და გაცილებაში მონაწილეობენ საქართველოს პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები.

თავი III

საზღვარგარეთის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის (მთავრობის თავმჯდომარის) ვიზიტი საქართველოში

მუხლი 7. ოფიციალური ვიზიტი

1. დახვედრა (გაცილება)

ა) საქართველოში სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს (მეუღლითურთ) ხვდება (აცილებს) საქართველოს პრეზი­დენტი (პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით) (მეუღლითურთ) ან სახელმწიფო მინისტრი (მეუღლითურთ). სტუმარს აგრეთვე ხვდებიან (აცილებენ) საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, ქალაქის მერი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურისა და პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელები. დახვედრაში (გაცილებაში) მონაწილეობენ აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული სტუმრის ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით;

ბ) თბილისის აეროპორტში გამოიფინება მარცხნივ სტუმრის ქვეყნისა და მარჯვნივ საქართველოს (თუ შევხედავთ საფრენი მინდვრიდან) სახელმწიფო დროშები და მისასალმებელი ტრანსპარანტი სტუმრისა და ქართულ ენებზე. აეროპორტში დაიფინება წითელი ფიანდაზი და დაიდგმება პოდიუმი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. ცერემონიით გათვალისწინებულია შეიარაღებული ძალების სამი სახეობის ჯარისაგან შემდგარი საპატიო ყარაულის გამწკრივება და აღლუმი;

დ) სტუმრის დახვედრა-გაცილების ცერემონია იმართება იმავე სქემით, როგორც სახელმწიფოს მეთაურის მიღება-გაცილებისას;

ე) მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება მისი ქვეყნის დროშა (მარჯვნივ) და საქართველოს დროშა (მარცხნივ). ქალაქში მოძრაობისას მთავარი სტუმრის ავტომობილს დახვედრისას და გაცილებისას დაყვება 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი;

ვ) საქართველოში სტუმრობის განმავლობაში მთავარ სტუმარსა და დელეგაციას მუდმივად თან დაჰყვებიან ოფიციალური პირები, რომელთა სია განისაზღვრება დელეგაციისა და თანმხლებ პირთა პერსონალური შემად­გენლობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

2. რეზიდენციაში დაბინავება. მთავარი სტუმრის, დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების დაბინავება ხდება სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისსა“ და სასტუმროში. სახლზე, სადაც დაბინავდება მთავარი სტუმარი, აღიმართება მისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

3. საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა და პრესკონფერენცია. საზღვარგარეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან საუბრები, მოლაპარაკება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და პრესკონფერენციები იმართება იმავე სქემით, როგორც სახელმწიფოს მეთაურისათვის.

4. ოფიციალური სადილი (ვახშამი). სტუმრის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართული ოფიციალური სადილი (ვახშამი) იმართება იმავე სქემით, როგორც ქვეყნის მეთაურისათვის.

5. დასწრება თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე). თეატრის წარმოდგენაზე (კონცერტზე) ოფიციალური დასწრებისა და საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში მოგზაურობისას საპროტოკოლო ღონისძიებები იგივეა, რაც სახელმწიფოს მეთაურის სტუმრობის შემთხვევაში.

6. სამახსოვრო საჩუქრები. ოფიციალური ვიზიტის დროს გათვალისწინებულია მთავარ სტუმარსა და მის თანმხლებ პირებს სახელ­მწიფოს მეთაურის სახელით გადაეცეთ სამახსოვრო საჩუქრები, რომლებსაც სტუმრებისთვის შეარჩევს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 8. სამუშაო ვიზიტი

1. სამუშაო ვიზიტის დროს, ოფიციალურ ვიზიტთან შედარებით, საპროტოკოლო ცერემონია გამარტივებულია და შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური სადილით ან ვახშმით. ყურადღება ძირითადად ეთმობა საქმიან მოლაპარაკებას.

2. აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. საპროტოკოლო ცერემონია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებასა და საპატიო ყარაულის მონაწილეობას. ქუჩებში სახელმწიფო დროშები არ გამოიფინება. მთავარი სტუმრის ავტომობილს არ დაჰყვება მოტოციკლეტების ესკორტი. სტუმრის ავტო­მობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო დროშა. მას თან დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები.

3. სახელმწიფო მინისტრი (ერთ მანქანაში) აცილებს მთავარ სტუმარს რეზიდენციამდე, რომელთანაც აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა. ოფიციალურ მოლაპარაკებასა და საუბრებზე დამსწრეთა სია წინასწარ თანხმდება მხარეებს შორის. საპროტოკოლო სადილს (ვახშამს) ესწრებიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ მოლაპარაკებაში ან საუბრებში. სადილზე (ვახშამზე) გათვალისწინებულია მოკლე მისასალმებელი სიტყვების წარმოთქმა.

მუხლი 9. გავლითი ვიზიტი

გავლით ვიზიტებს განეკუთვნება საზღვარგარეთის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სატრანზიტო ვიზიტები საქართველოს ტერიტორიის გავლით. სტუმრებს აეროპორტში ხვდებიან სახელმწიფო მინისტრი, სხვა ოფიციალური პირები. დროშების გამოფენა აეროპორტში არ ხდება. თუ პრემიერ-მინისტრი გავლითი ვიზიტით ჩადის საქართველოს სხვა ქალაქში, მას აღნიშნულ ოფიციალურ პირთა გარდა ხვდებიან და აცილებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრის პატივსაცემად იმართება არაოფიციალური სადილი (ვახშამი), თუ დრო იძლევა ამის საშუალებას. საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართება.

მუხლი 10. არაოფიციალური ვიზიტი

არაოფიციალური ვიზიტის დროს საპროტოკოლო ღონისძიებები, როგორც წესი, არ იმართება. სტუმრების მიღების პროგრამა დგება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით. დროშები არ გამოიფინება. დახვედრასა და გაცილებაში მონაწილეობენ სახელმწიფო მინისტრი ან მისი მოადგილეები.

თავი IV

საზღვარგარეთის ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის (სპიკერის) ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები საქართველოში

მუხლი 11. ოფიციალური ვიზიტი

1. პარლამენტის თავმჯდომარის (სპიკერის) ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის დახვედრისას და გაცილებისას აეროპორტში გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები, დაიფინება ფიანდაზი.

2. დელეგაციას ხვდებიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუ­ტატები, შესაბამისი ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით.

3. მთავარი სტუმრის ავტომობილზე მაგრდება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. სტუმრების მანქანებს დაჰყვებიან საგზაო პოლიციის ავტომობილები და 7 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი დახვედრა-გაცილებისას.

4. რეზიდენციის იმ სახლთან, რომელშიც დაბინავებულია მთავარი სტუმარი, აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

5. თუ მთავარი სტუმარი საქართველოს ეწვევა მეუღლითურთ, მთავარი დამხვედრი პირი ხვდება და აცილებს მეუღლესთან ერთად.

მუხლი 12. სამუშაო ვიზიტი

1. მთავარ სტუმარს ხვდებიან პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის საგარეო ურთი­ერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

2. აეროპორტში გამოიფინება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.

3. გაცილების ცერემონია იგივეა, რაც დახვედრისა.

მუხლი 13. გავლითი ვიზიტი

მთავარ სტუმარს ხვდებიან და აცილებენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (ან მისი მოადგილე) და პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები. საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართება.

მუხლი 14. არაოფიციალური ვიზიტი

დელეგაციას ხვდებიან და აცილებენ პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომი­ტეტის თავმჯდომარე (ან მისი მოადგილე), პარლამენტის აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები. საპროტოკოლო ღონისძიებები არ იმართება.

თავი V

საზღვარგარეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

მუხლი 15. ოფიციალური ვიზიტი

1. საზღვარგარეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს აეროპორტში დახვედრისას და გაცილებისას გამოიფინება შესაბამისი ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები, დაიფინება ფიანდაზი.

2. აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებიან და აცილებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი სტუმრის ქვეყანაში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარ­ტამენტის დირექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები, შესაბამისი ქვეყნის ელჩი საქართველოში (თუ სტუმარი ჩამობრძანდება მეუღლითურთ, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება და აცილებს მას მეუღლესთან ერთად). დახვედრაში მონაწილეობენ საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოს დიპლომატები. სხვა დამხვედრ პირთა შემადგენლობა განისაზღვრება დელეგაციის წევრთა და თანმხლებ პირთა შემადგენლობისა და პოლიტიკურ მოსაზრებათა გათვალისწინებით.

3. სტუმრის ავტომობილზე მაგრდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები. მთავარი სტუმრის ავტომანქანას დახვედრა-გაცილებისას დაჰყვება 3 მოტოციკლეტისაგან შემდგარი ესკორტი.

4. რეზიდენციის იმ სახლთან, სადაც დაბინავებულია სტუმარი, აღმართულია სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო დროშა.

მუხლი 16. სამუშაო ვიზიტი

სამუშაო ვიზიტის დროს მთავარ სტუმარს აეროპორტში ხვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი მუშაკები. აეროპორტში გამოიფინება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები.

მუხლი 17. გავლითი ვიზიტი

გავლითი ვიზიტისას მთავარ სტუმარს ხვდებიან და აცილებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი მუშაკები. საპროტოკოლო ღონისძიებები არ ეწყობა.

მუხლი 18. არაოფიციალური ვიზიტი

მთავარ სტუმარს ხვდებიან და აცილებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს სხვა პასუხისმგებელი მუშაკები. საპროტოკოლო ღონისძიებები არ ეწყობა.

თავი VI

ცერემონიები

მუხლი 19. საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ თბილისში, გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონია

1. გვირგვინი ცერემონიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მოაქვთ საქართველოში სტუმრის საელჩოს წარმომადგენლებს. მემორიალის მარჯვნივ და მარცხნივ განლაგდება საპატიო ყარაულის 4-4 ჯარისკაცი.

2. ცერემონიას ესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც სტუმარს მიაცილებს რეზიდენციიდან გამარჯვების პარკამდე. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები სტუმრებს მიაცილებენ მათთვის განკუთვნილ ადგილზე - მემორიალის კიბეებთან, საიდანაც იწყება მოძრაობა მემორიალის მიმართულებით.

3. გვირგვინი მიაქვს საპატიო ყარაულის 2 ოფიცერს, მათ უკან მიჰყვება მთავარი სტუმარი. მთავარი სტუმრის დელეგაციის წევრები და ოფიციალური თანმხლები პირები საქართველოს მხრიდან რჩებიან მემორიალის ასასვლელ კიბეებთან. საპატიო ყარაულის ოფიცრების მიერ მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მთავარი სტუმარი უახლოვდება გვირგვინს, ასწორებს გვირგვინზე ლენტს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. სრულდება სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ეროვნული ჰიმნების შესრულების შემდეგ მთავარი სტუმარი და დელეგაციის წევრები შემობრუნდებიან სახით კიბეებისაკენ. საზეიმო მარშით ჩაივლის საპატიო ყარაული (იხ. სქემა 8).

მუხლი 20. საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების მიერ რწმუნების სიგელების გადაცემის წესი

1. რწმუნების სიგელის გადაცემამდე ელჩი ესტუმრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, შემდეგ კი – საგარეო საქმეთა მინისტრს. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ელჩს გააცნობს რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიას. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ელჩი გადასცემს მას რწმუნების სიგელის ასლს, მისი წინამორბედის გამოთხოვის სიგელის ასლსა და რწმუნების სიგელის გადაცემისას წარმოსათქმელი სიტყვის ტექსტს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი უთანხმებს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს საქართველოს პრეზიდენტისათვის რწმუნების სიგელის გადაცემის თარიღსა და დროს. შემდეგ ატყობინებს მიღებულ ინფორმაციას შესაბამის საელჩოს.

2. რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში

ა) დადგენილ დღეს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრება საელჩოს (ან ელჩის რეზიდენციას) და აცილებს ელჩს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამდე, სადაც გაიმართება რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია. ელჩის მანქანას აცილებს 3 მოტოციკლეტისა და ერთი საგზაო პოლიციის ავტომობილისაგან შემდგარი ესკორტი. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შესასვლელთან დგას სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული. რეზიდენციის შესასვლელთან ელჩს ხვდებიან საპატიო ყარაულის უფროსი და სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი, რომლებიც მიაცილებენ მას დარბაზში, სადაც გაიმართება ცერემონია;

ბ) დარბაზში შებრძანდებიან საელჩოს დიპლომატიური პერსონალი და ოფიციალური პირები საქართველოს მხრიდან. ელჩს მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარ­ტამენტის დირექტორი;

გ) დარბაზში შებრძანებისას საქართველოს პრეზიდენტს მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო მარცხნივ – სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი უახლოვდებიან ერთმანეთს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ელჩს. საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი ხელის ჩამორთმევით ესალმებიან ერთმანეთს. ელჩი მიმართავს მოკლე მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრეზიდენტს. თარჯიმანი თარგმნის ელჩის მისალმებას;

დ) ელჩი გადასცემს რწმუნების სიგელებს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს ელჩს მოკლე სიტყვით. თარჯიმანი თარგმნის საქართველოს პრეზიდენტის სიტყვას. თარგმნის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ელჩი ართმევენ ერთმანეთს ხელს;

ე) ელჩი წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საელჩოს მხრიდან ცერემონიის დამსწრე დიპლომატიურ პერსონალს, ხოლო სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი წარუდგენს ელჩს საქართველოს მხრიდან ცერემონიაზე მოწვეულ ოფიციალურ პირებს;

ვ) საქართველოს პრეზიდენტსა და ელჩს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან სამახსოვრო ფოტოსურათის გადასაღებად. ფოტოსურათის გადაღების შემდეგ დამსწრეთ მიართმევენ შამპანურს. ცერემონიის შემდეგ, როგორც წესი, შედგება ხანმოკლე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბრის დამსწრეთა შემადგენლობა განისაზღვრება წინასწარ შედგენილი სიით.

3. რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისში“. შესაძლებელია საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ელჩმა გადასცეს რწმუნების სიგელები დადგენილი თანმიმდევრობის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში ცერემონია იმართება სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის „ბუხრიან“ დარბაზში შემდეგი წესით:

ა) დადგენილ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის თანამშრომლები ესტუმრებიან საელჩოებს (ან ელჩების რეზიდენციებს) და მიაცილებენ მათ სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისამდე“, სადაც გაიმართება რწმუნების სიგელების გადაცემის ცერემონია. ელჩების მანქანებს აცილებს 3 მოტოციკლეტისა და ერთი საგზაო პოლიციის ავტომობილისაგან შემდგარი ესკორტი. სამთავრობო რეზიდენცია „კრწანისის“ II სახლის შესასვლელთან დგას სააღლუმო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაული. რეზიდენციის შესასვლელთან ელჩს ხვდება სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც მიაცილებს ელჩს მე-2 სართულზე “ბუხრიან” დარბაზში, სადაც გაიმართება ცერემონია;

ბ) დარბაზში შებრძანდებიან ოფიციალური პირები საქართველოს მხრიდან და იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს. ელჩები იკავებენ ადგილებს ფიანდაზის გასწვრივ აგრემანის მოთხოვნის თარიღის შესაბამისად დადგენილი თანამიმდევრობის მიხედვით;

გ) დარბაზში შემობრძანდება საქართველოს პრეზიდენტი. მას მარჯვნივ მიჰყვება საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო მარცხნივ – სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. აგრემანის მოთხოვნის თარიღის შესაბამისად დადგენილი თანამიმდევრობის მიხედვით მიკროფონში ცხადდება ელჩების ტიტულები და გვარები. თითოეული გამოცხადების შემდეგ ელჩები მიკროფონში ცალ-ცალკე წარმოთქვამენ მოკლე მისასალმებელ სიტყვას, მიემართებიან პრეზიდენტისაკენ და გადასცემენ რწმუნების სიგელებს. ყველა ელჩის მიერ რწმუნების სიგელების გადაცემის შემდეგ მათ სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი;

დ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს პრეზიდენტსა და ცერემონიის მონაწილე ელჩებს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან სამახსოვრო ფოტოსურათის გადასაღებად. ფოტოსურათის გადაღების შემდეგ დამსწრეთ მიართმევენ შამპანურს.  

4. საქართველოს მხრიდან ცერემონიის დამსწრე პირები.  

საქართველოს მხრიდან ცერემონიას ესწრებიან:

ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

ბ) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

გ) საქართველოს სახელმწიფო კაცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი;

დ) საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი;

ე) საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსი;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი;

ზ) თარჯიმანი;

თ) პრესის წარმომადგენლები.

მუხლი 21. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპატიო მოქალაქისათვის პასპორტის, სიგელისა და ოქროს მედლის გადაცემის ცერემონია

1. პრეზიდენტის მიერ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია იმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მე-11 სართულზე „ცერემონიათა“ დარბაზში. დარბაზში გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ცენტრალურ კედელს ამშვენებს საქართველოს სახელმწიფო გერბი.

2. ცერემონიას ესწრებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი, მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი და თარჯიმანი. ცერემონიას აგრეთვე ესწრება დასაჯილდოებელი პირის ქვეყნის ელჩი, თუ იგი აკრედიტებულია საქართველოში, რეზიდენციით თბილისში. ცერემონიას იღებს ტელეოპერატორი და ფოტოკორესპონდენტი.

3. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს სტუმრებს. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი კითხულობს ბრძანებულებას სტუმრისათვის საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. მთავარი სტუმარი წარდგება პრეზიდენტის წინაშე. სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე აწვდის პრეზიდენტს საპატიო მოქალაქის პასპორტს, სიგელსა და ოქროს მედალს, რომლებსაც პრეზიდენტი გადასცემს საქართველოს საპატიო მოქალაქეს და მიმართავს სიტყვით. იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი მანდილოსანია (ან ახლავს მანდილოსანი), სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი მათ გადასცემს ყვავილების თაიგულს. საქართველოს საპატიო მოქალაქე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.

4. საქართველოს საპატიო მოქალაქე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს თავის თანმხლებ პირებს. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი იწვევს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავარ სტუმარს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან, სადაც იღებენ სამახსოვრო ფოტოსურათს. ცერემონიის მონაწილეებს მიართმევენ შამპანურს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ პრეზიდენტი დარბაზში ემშვიდობება სტუმრებს.

მუხლი 22. საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია

1. სახელმწიფო ჯილდოების გადაცემა ხდება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის მე-12 სართულზე „საკონფერენციო“ დარბაზში. დაჯილდოებული პირები პრეზიდენტის რეზიდენციაში შემობრძანდებიან მე-3 შესასვლელიდან ცერემონიის დაწყებამდე 30 წუთით ადრე. დარბაზის ცენტრალურ ადგილას გამოფენილია საქართველოს სახელმწიფო დროშა. დანიშნულ დროს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელი სტუმრებს შეუძღვება დარბაზში და აცნობს აღნიშნული ცერემონიის საპროტოკოლო დეტალებს.

2. საქართველოს პრეზიდენტს დარბაზში შემობრძანებისას თან ახლავს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსი. ცალკეულ შემთხვევებში ცერემონიას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულები და სხვა ოფიციალური პირები. ცერემონიას იღებს ტელევიზია და ფოტოკორესპონდენტი.

3. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი დამსწრეთ აცნობს შესაბამის განკარგულებას მოწვეული პირისათვის სახელმწიფო ჯილდოს მიკუთვნების შესახებ. სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე აწვდის პრეზიდენტს აღნიშნულ ჯილდოს, რომელსაც პრეზიდენტი გადასცემს დასაჯილდოებელ პირს. იმ შემთხვევაში, თუ დასაჯილდოებელი პირი მანდილოსანია, სახელ­მწიფო კანცელარიის მოქალაქეობის საკითხთა, სახელმწიფო ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭების განყოფილების უფროსი გადასცემს ყვავილების თაიგულს. ცერემონიის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი დაჯილდოებულთ მიმართავს სიტყვით და მათთან ერთად იღებს სამახსოვრო ფოტოსურათს.

მუხლი 23. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია

1. თანამდებობის დაკავების წინ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წარმოთქვამს საპროგრამო სიტყვას და დებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცერემონიალი იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს.

3. ფიცის დადებამდე შემოაქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს საქართველოს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. ცერემონიალში მონაწილეობენ საქართველოს შეიარაღებული ძალები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცერემონიალს ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები. ცერემონიალს შეიძლება ესწრებოდნენ საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებიდან მოწვეული სხვა პირები.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 13 დეკემბრის ბრძანებულება №510 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.

მუხლი 24. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან – 26 მაისთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებები

1. 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაში.

2. საღამოს იმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღის აღსანიშნავად.

თავი VII

ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს სამინისტროები და უწყებები

მუხლი 25. ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს სამინისტროები და უწყებები საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და პარლამენტების თავმჯდომარეების, საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი ხელმძღვანელობით სახელმწიფო,            საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების მიღების უზრუნველყოფის მიზნით

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევალება:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის მეთაურის დახვედრისას და გაცილებისას სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისა და საპატიო ყარაულის აღლუმის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესში მითი­თებულ ღონისძიებებში საპატიო ყარაულის მონაწილეობის უზრუნ­ველყოფა.         

2. პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენელთა მუშაობის ორგანიზაცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

ა) პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გასაშუქებლად ჟურნალისტები (მთავარი სტუმრის თანმხლები ჟურნალისტების გარდა) დაიშვებიან პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათებით;

ბ) როგორც დამხვედრ, ისე მთავარ სტუმართან ერთად ჩამოსულ ფოტო-ტელე- და კინოოპერატორებს დახვედრისა და გაცილების ცერემონიის გადაღება შეუძლიათ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სექტორებიდან. აქვე შეიძლება დაიდგას საფეხურებიანი ბაქანი ან კინოგადამღები ამწე, საიდანაც ტელე- და კინოოპერატორები შეძლებენ ცერემონიის გადაღებას;

გ) პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები წინასწარ ეცნობიან მუშაობის ზემოაღნიშნულ პირობებს;

დ) გაცილებისას ჟურნალისტები აეროპორტში მიბრძანდებიან წინასწარ, მთავარი ავტოკოლონის მისვლამდე და იკავებენ თავიანთ ადგილებს;

ე) ამ წესის განხორციელებისათვის ზრუნავენ საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურები.

3. აეროპორტის ადმინისტრაციას ევალება:

ა) მაღალი რანგის სტუმრის ჩამობრძანებამდე და გამგზავრებამდე 3 საათით ადრე საფრენ მოედანზე ზონრების საშუალებით შემოღობოს სექტორი, სადაც განლაგდებიან პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები;

ბ) უზრუნველყოს, რომ ჩამოსვლისა და გამგზავრების დროს თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობს მთავარი სტუმარი, გაჩერდეს ერთსა და იმავე, წინასწარ განსაზღვრულ სადგომზე;

გ) მოამზადოს ფიანდაზით დაფარული ტრაპი, დააფინოს წითელი ფიანდაზი და ხალიჩები;

დ) უზრუნველყოს წესრიგი და სისუფთავე აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე. სტუმრის დახვედრისა და გაცილების დროს მინიმუმამდე შეამციროს საფრენ მინდორზე აეროპორტის თანამშრომელთა რაოდენობა;

ე) მიიღოს ზომები, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი მიზეზი, რითაც შესაძლოა დაგვიანდეს მაღალი რანგის სტუმრის თვითმფრინავის დროზე გამგზავრება, წინასწარ შეადგინოს მოსალოდნელი ხარჯების ნუსხა (სტუმართა მხარესთან ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით).

4. ქ. თბილისის მერიას ევალება:

ა) უზრუნველყოს სტუმრის ქვეყნისა და საქართველოს სახელმწიფო დროშების გამოფენა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე სტუმრის ჩამობრძანებამდე და გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათისა;

ბ) სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის ჩამოსვლის შემთხვევაში მოამზადოს პოდიუმი, რომელზეც დადგებიან მთავარი სტუმარი და მთავარი დამხვედრი პირი სახელმწიფო ჰიმნების შესრულებისა და საპატიო ყარაულის მარშის დროს (აეროპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით);

გ) მოამზადოს სტუმრობის პროგრამით გათვალისწინებული ყველა ობიექტი. შეუფერხებლად უზრუნველყოს ისინი გათბობით, ელექტროენერგიით, ცივი და ცხელი წყლით;

დ) მოამზადოს საჭირო რაოდენობის ყვავილების თაიგულები.

5. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ევალება უზრუნველყოს მაღალი რანგის სტუმრები და ჟურნალისტები საკომუნიკაციო საშუალებებით (ტელეფონი, ფაქსი), ადგილობრივი და უცხოეთის პრესით.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება:

ა) უზრუნველყოს სამედიცინო პუნქტის გახსნა სტუმრების საცხოვრებელ ადგილას, საჭიროების შემთხვევაში მთავარ სტუმარს, დელეგაციის წევრებსა და თანმხლებ პირებს აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს კორტეჟის სასწრაფო დახმარების ავტომობილის თანხლება ვიზიტის განმავლობაში.

7. საქართველოს კულტურის სამინისტროს ევალება:

ა) უზრუნველყოს კონცერტის პროგრამის შედგენა და გამართვა მთავარი სტუმრის პატივსაცემად ოფიციალური სადილის (ვახშმის) დროს;

ბ) ორგანიზება გაუწიოს მთავარი სტუმრის პატივსაცემად თეატრის წარმოდგენას (კონცერტს).

8. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ევალება:

ა) ორგანიზება გაუწიოს ოფიციალურ სადილს (ვახშამს) მთავარი სტუმრის (მეუღლითურთ) პატივსაცემად;

ბ) სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურთან შეთანხმებით ორგანიზება გაუწიოს სადილს (ვახშამს) მთავარი სტუმრის (მეუღლითურთ) პატივსაცემად საქართველოს რაიონებსა და ქალაქებში მოგზაურობის დროს;

გ) უზრუნველყოს უცხოელი სტუმრებისა და დელეგაციების მიღება სამთავრობო რეზიდენციაში, საჭიროების შემთხვევაში – დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების ნაწილის დაბინავება სასტუმროში;

დ) უზრუნველყოს სამთავრობო რეზიდენციაში მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების, კერძოდ: სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების (მათი ოჯახის წევრებისა და თანმხლები პირების); სახელმწიფო დელეგაციის წევრების; სამთავრობო დელეგაციის წევრების; საპარლამენტო დელეგაციის წევრების; საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების და თანმხლები პირების; თავდაცვის მინისტრის, მისი მოადგილისა და თანმხლები პირების; გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების დაბინავება;

ე) უზრუნველყოს სტუმრები ავტოტრანსპორტით.

9. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური სტუმრის ქვეყნის საელჩოსთან ნაცვალგების პრინციპით ათანხმებს ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის საკითხს, რომლის მოსაგვარებლად სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური წინასწარ ადგენს საზღვარგარეთის ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის, მთავრობის თავმჯდომარის საქართველოში მიღებასთან დაკავშირებულ საორიენტაციო ხარჯთა ნუსხას და წყვეტს სათანადო უწყებებთან შეთანხმებით ამ ხარჯების ანაზღაურების წყაროების საკითხს.

10. უცხოეთის ქვეყნების სხვა დანარჩენ დელეგაციებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს ხვდებიან და აცილებენ შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, რომლებსაც ევალებათ სტუმართა ვიზიტის ორგანიზება.

11. თითოეული სამინისტროს, უწყებისა და დაწესებულების ხელმძღვანელმა, რომელსაც დაევალა ვიზიტის ორგანიზაცია, უნდა შეადგინოს სტუმართა მიღებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების გეგმა და ვიზიტის პროგრამა, განურჩევლად იმისა, თუ რა არხით ჩამობრძანდება მაღალი რანგის სტუმარი. საჭიროა წინასწარ განისაზღვროს სტუმრის დახვედრასთან დაკავშირებით საკითხები, დეტალები და კონკრეტული დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, რათა ვიზიტი მოეწყოს შეუფერხებლად, მაღალ ორგანიზაციულ დონეზე.

12. გეგმა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგი საკითხების გადაწყვეტას:

ა) აეროპორტის (ვაგზლის) სათავსების, საფრენი ბილიკის, ტრაპის მომზადება. სტუმრებისათვის თბილისიდან გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნა;

ბ) სამთავრობო რეზიდენციაში სახლების მომზადება;

გ) სასტუმროში ოთახების მომზადება;

დ) რეზიდენციასა და სასტუმროში მორიგე თარჯიმნების გამოყოფა;

ე) სტუმრებისა და მასპინძლების ავტომობილებში განაწილების სქემის შედგენა. ავტომობილების მომზადება. მათზე, სქემის შესაბამისად, რიგითი ნომრების დამაგრება;

ვ) სტუმრების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ზ) დელეგაციის საქართველოში სტუმრობის გაშუქება საქართველოს ტელევიზიით, რადიოთი და პრესით;

თ) სტუმართა საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოსურათების კომპლექტების მომზადება;

ი) სტუმრობის პროგრამის, ავტომობილებში, რეზიდენციაში, სასტუმროში სტუმართა განთავსების სიის (ტელეფონების ნომრების მითითებით), წვეულებაზე მოსაწვევი და კუვერტული ბარათების, წვეულების მენიუს დაბეჭდვა;

კ) ყვავილების თაიგულებისა და კალათის მომზადება;

ლ) დახვედრა-გაცილებისას სტუმრების ბარგის გადატანის უზრუნველყოფა;

მ) კვების ორგანიზაცია, სტუმართა კვების თავისებურებათა გათვალისწინებით რეზიდენციასა და სასტუმროში მენიუს მომზადება;

ნ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა რეზიდენციაში, სასტუმროსა და აეროპორტში;

ო) სამახსოვრო სუვენირების მომზადება;

პ) პროგრამით გათვალისწინებულ ობიექტებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სტუმრების უშიშროების უზრუნველყოფა;

ჟ) აეროპორტის, რეზიდენციის, სასტუმროს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ობიექტის უზრუნველყოფა ცივი და ცხელი წყლით, ელექტროენერგიით, კონდიცირებით, გათბობით (ცივ ამინდში);

რ) სტუმრების მიღების საორიენტაციო ხარჯთა ნუსხის შედგენა, ხარჯების დაფინანსების წყაროების დადგენა;

ს) საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის ურთიერთობათა განვითარების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება; მთავარი სტუმრისა და დელეგაციის მთავარი წევრების შესახებ ცნობების მომზადება; საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, პარტნიორული, ჰუმანიტარული და სხვა სახის ურთი­ერთობათა განვითარების შესახებ სათანადოდ დასაბუთებული წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება, იმ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება, რომლებიც შესაძლოა დაიდოს აღნიშნულ ქვეყანასთან;

ტ) პროგრამით გათვალისწინებული ყველა დასათვალიერებელი ობიექტის მზადყოფნის უზრუნველყოფა.

მუხლი 26. ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს სამინისტროები და უწყებები საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და უცხოელი სტუმრების მიღების უზრუნველყოფის მიზნით

1. საქართველოს სამინისტროები, უწყებები და სხვა იურიდიული პირები საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციებისა და უცხოელი სტუმრების მიღების მიზანშეწონილობის საკითხს წინასწარ, მიღებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა, უთანხმებენ სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და შესაბამის დარგობრივ სტრუქტურებს.

2. სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა მიღებამდე არა უგვიანეს სამი დღისა სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს უნდა წარუდგინონ ხელმძღვანელი პირის მიერ შემდეგი ვიზირებული მასალები:

ა) უცხოელ სტუმართა საქართველოში ყოფნის პროგრამის პროექტი;

ბ) უცხოელ სტუმართა სია, რომლებიც უნდა დაესწრონ საუბარს;

გ) საქართველოს მხრიდან საუბრის მონაწილეთა სია.

3. სამინისტროებმა, უწყებებმა, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისმა სტრუქტურებმა და სხვა იურიდიულმა პირებმა მიღებამდე არა უგვიანეს სამი დღისა სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურს უნდა წარუდგინონ ხელმძღვანელი პირის მიერ შემდეგი ვიზირებული მასალები:

ა) უცხოელ სტუმართა მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;

ბ) მასალები დელეგაციისა და უცხოელი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლის მიზნების შესახებ;

გ) სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები შესაბამისი თემატიკის მიხედვით, აგრეთვე მოსაზრებანი იმ საკითხთა გარშემო, რომლებიც შეიძლება წამოჭრან დელეგაციის წევრებმა საუბრებისას;

დ) გარდა ზემოაღნიშნული მასალებისა, სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახური და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურა საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებებისაგან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

4. საქართველოს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მიერ უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) მიღების საკითხს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცე­ლარიის უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელობის მოსაზ­რებათა გათვალისწინებით უთანხმებს საქართველოს პრეზიდენტს (ან სახელმწიფო მინისტრს), ხოლო უცხო სახელმწიფოთა სამხედრო, სამართალდაცვისა და სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა ვიზიტის საკითხს საქართველოს პრეზიდენტს უთანხმებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

5. დელეგაციებისა და უცხოელი სტუმრების სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მიღებისას მთავარი სტუმრისა და მისი თანმხლები პირების ავტომობილები შედიან სახელმწიფო კანცელარიის ეზოში მარცხენა ჭიშკრიდან და ჩერდებიან მეორე შესასვლელთან, სადაც მათ ხვდებიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მიაცილებენ სტუმრებს პრეზიდენტის ან სახელმწიფო მინისტრის მისა­ღებამდე. აუდიენციის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო პროტოკოლის თანამშრომლები აცილებენ სტუმრებს ავტომობილებამდე. სამინისტრომ, უწყებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც მასპინძლობს სტუმრებს, უნდა უზრუნველყოს მათი მიყვანა სახელმწიფო კანცელარიის შენობის შესაბამის შესასვლელთან შეხვედრის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

6. სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურს ევალება:

ა) სამინისტროების, უწყებების, სახელმწიფო კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურებისა და სხვა იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური და სარეკომენდაციო მასალების შეჯერებისა და შემდგომი დამუშავების საფუძველზე მოამზადოს საკითხის მკაფიოდ დასმის და წინადადებების დასაბუთების ამსახველი სასაუბრო, სხვა საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტები და გადასცეს საქართველოს პრეზიდენტის (სახელმწიფო მინისტრის) სამდივნოს შეხვედრამდე არა უგვიანეს ერთი დღისა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროების, უწყებებისა და სხვა იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი მასალები წინასწარი ექსპერტიზისათვის გადასცეს სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის სტრუქტურებს;

გ) გააკეთოს საუბრის ჩანაწერი და შეხვედრიდან არა უგვიანეს ერთ კვირაში სათანადო წესით გაფორმებული და დამოწმებული სახით გადასცეს ოფიციალურ კორესპოდენციებზე მუშაობის განყოფილების საიდუმლო საქმეთა წარმოების ჯგუფს.

7. სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს ევალება:

ა) აცნობოს დაინტერესებულ სამინისტროებს, უწყებებსა და სხვა იურიდიულ პირებს საქართველოს პრეზიდენტთან (სახელმწიფო მინისტრთან) უცხოელი სტუმრის (ან დელეგაციის) შეხვედრის ზუსტი დრო პროგრამის საბოლოო ვარიანტის შემუშავებისათვის;

ბ) დააზუსტოს შეხვედრებზე როგორც სტუმრების, ისე საქართველოს მხრიდან დამსწრეთა სია;

გ) მიაწოდოს ცნობა შეხვედრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს;

დ) მიაწოდოს ცნობა შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს;

ე) მიაწოდოს ცნობა სტუმრების მიღების შესახებ ერთი დღით ადრე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს.

8. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ევალება უზრუნველყოს საქართველოს პრეზიდენტთან (სახელმწიფო მინისტრთან) უცხოელი სტუმრის შეხვედრის მსვლელობის თარგმნა.

9. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ევალება:

ა) მოამზადოს მოლაპარაკების დარბაზი (კაბინეტი) შეხვედრისათვის;

ბ) უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება;

გ) მოამზადოს სტუმრებისათვის სამახსოვრო საჩუქრები.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 ივლისის ბრძანებულება №370-სსმ III, №77, 30.07.2003წ; მუხ.703

მუხლი 27. ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ საქართველოს სამინისტროები და უწყებები საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგანიზებისა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით

1. ოფიციალური ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მასპინძელი ქვეყნის საქართველოში აკრედიტებულ საელჩოსთან ერთად ათანხმებს ვიზიტის ვადებს. მუშავდება პროგრამის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც მიმწვევი, ისე საქართველოს მხარის მოთხოვნები და წინადადებები.

2. ოფიციალური ვიზიტის გამართვამდე ერთი თვით ადრე მასპინძელ ქვეყანაში მიემგზავრება მოსამზადებელი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე ის ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროგრამით გათვალისწინებულ ღონის­ძიებათა უზრუნველყოფაში (ხელშეკრულებების ტექსტების შეჯერება, პროგრამის საბოლოო ვარიანტის შემუშავება, წინასწარი კონსულტაციები და ა.შ.).

3. მოსამზადებელ ჯგუფს ევალება:

ა) შეიმუშაოს და შეათანხმოს ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთან ერთად საათობრივი პროგრამა, დაათვალიეროს ის ობიექტები, სადაც სავარაუდოა საქართველოს პრეზიდენტის მისვლა;

ბ) შეათანხმოს მასპინძელი ქვეყნის მხარესთან ხელშეკრულებების ტექსტები;

გ) უზრუნველყოს ადგილობრივ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ოფიციალური დელეგაციის წევრებისა და თანმხლები პირების რეზიდენციასა და სასტუმროში დაბინავება, ავტომობილებში განაწილების სქემის შედგენა;

დ) გაეცნოს პროგრამით გათვალისწინებული საპროტოკოლო ცერემონიების სქემებს.

4. სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ევალება:

ა) მოამზადოს და თარგმნოს საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლების ტექსტები იმ პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალის­წინებით, რომლებიც დასახულია მოცემული ოფიციალური ვიზიტისათვის და იმ აუდიტორიის შემადგენლობის გათვალისწინებით, რომლის წინაშე უნდა შედგეს გამოსვლა. გამოსვლის ტექსტი უნდა წარედგინოს ვიზიტის დაწყებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა;

ბ) ვიზიტის მომზადების პერიოდში და მის განმავლობაში უზრუნ­ველყოს თანამიმდევრული და სინქრონული თარგმნა;

გ) მოამზადოს და დაბეჭდოს პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტები და ვიზიტის მსვლელობის დროს პრეზიდენტის სახელით გასაგზავნი წერილები.

5. სამინისტროებსა და უწყებებს, სახელმწიფო კანცელარიის სტრუქ­ტურებს ევალებათ საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურის მოთხოვნიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა წარმოადგინონ ანალიტიკური და სარეკომენდაციო მასალა.

6. სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურს ევალება წარმოდგენილი ანალიტიკური და სარეკომენდაციო მასალების შეჯერებისა და შემდგომი დამუშავების საფუძველზე ვიზიტის დაწყებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა მოამზადოს ოფიციალურ მოლაპარაკებაზე საკითხებისა და წინადადებების დაყენების ამსახველი სასაუბრო.

7. სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს ევალება:

ა) შეიმუშაოს ვიზიტის პროგრამის საბოლოო ვარიანტი;

ბ) მოავლინოს ვიზიტის მოსამზადებლად სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლები.

8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება:

ა) დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად მოამ­ზადოს იმ ხელშეკრულებათა ტექსტები, რომელთა ხელმოწერა გათვალის­წინებულია ვიზიტის პროგრამით. ხელშეკრულებათა პროექტები უნდა წარმოადგინოს მოსამზადებელი ჯგუფის გამგზავრებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა;

ბ) უზრუნველყოს ოფიციალური დელეგაციის წევრები შესაბამისი ქვეყ­ნის ვიზებითა და პასპორტებით;

გ) მიიღოს საჰაერო დერეფნით სარგებლობის დიპლომატიური ნებართვა იმ ქვეყნებისაგან, რომელთა საჰაერო სივრცეს გადაკვეთს თვითმფრინავი.

9. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს ევალება:

ა) უზრუნველყოს ვიზიტი საჭირო ტექნიკური მომსახურებით;

ბ) მოამზადოს საჩუქრები.

10. სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო სამსახურს ევალება:

ა) გამოყოს სამივლინებო ხარჯები სახელმწიფო კანცელარიიდან მივლინებული მოსამზადებელი ჯგუფისათვის;

ბ) აანაზღაუროს მოსამზადებელი ჯგუფის მგზავრობასთან დაკავ­შირებული სატრანსპორტო ხარჯები;

გ) აანაზღაუროს სპეცთვითმფრინავის ხარჯები;

დ) გამოყოს საზღვარგარეთ დელეგაციის მივლინებასთან დაკავში­რებული თანხა და მოახდინოს ანგარიშსწორება.

11. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს ევალება:

ა) მოამზადოს თვითმფრინავი ოფიციალური დელეგაციის გასამ­გზავრებლად;

ბ) დაამტკიცოს ფრენის გეგმა და შეუთანხმოს იგი ყველა იმ ქვეყანას, რომელთა საჰაერო სივრცესაც გადაკვეთს თვითმფრინავი.

12. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ევალება უზრუნ­ველყოს სპეცთვითმფრინავის შეკვეთა სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურთან შეთანხმებით.